საქართველოში ანუ ამ ქვეყანაში ყველაფერი შესაძლებელია
ემზარ ჯგერენაია
სარეკლამო საოცრებები საოცარია, მაგრამ უჯიუტესი ფაქტია – საქართველოში ახალი ერა იწყება. ამ საოცრებების სანახავად სულ არ არის საჭირო ალისას ქვეყანაში წასვლა (იქნებ ეს ქვეყანაც აქაა), არამედ თქვენი პატარა ყუთი ჩართეთ დენში, თუ გაქვთ, რა თქმა უნდა, და იქ ყველაფერს აგიხსნიან.
ასე მაგალითად, თუ გინდათ, რკინის კბილები გქონდეთ, რომელიც ფრეზივით ხრავს და ჩარხივით ამუშავებს ხე-ტყეს, საჭიროა, კბილის პასტა “ქოლგეითი” იხმაროთ და მორჩა! ეს ახალი ნოუ ხაუა ტექნოლოგიური რევოლუცია; ან თუ გნებავთ, “შეაბათ” ქალი, დაღეჭეთ “ორბიტი” და მორჩა, ქალი ეცემა შენს კალთაზე. რაც ეს “ორბიტი” გამოიგონეს, ფოტომოდელებმა და აზიატმა ქალებმა, რომელთაც ეშინიათ, უცებ ვიღაცამ “ორბიტის” სურნელი არ შეაფრქვიოს, დაცვა გააათმაგეს და ახლოს არავის იკარებენ. ამბობენ, ვიაგრაზე მაგრად ჭრისო. ან თუნდაც საკმარისია, დალიო შაქრიანი ქიმიური ჯადო ფხვნილი “სპრაიტი” და იქვე იწყება საოცრებები და შენ ხდები მაგარი “კრუტოი” თავდაჯერებული. არა და რა შეძლებია ნატახტარის წყალს და აგარის შაქარს! Aარ გჯერათ? ნახეთ, ბატონო, რეკლამა. Aაი, თუნდაც საოცრება “საუნა ბელტი” გაიკეთეთ და 10 წუთში 2 სანტიმეტრით დადნებით და თუ შემთხვევით ღამე დაგრჩათ სხეულზე, დილით ოსვენციუმის ტუსაღს დაემგვანებით.
სულ არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ახალი საკაბელო არხი გამოჩნდა, “ჩათი არხი” ჰქვია და პირდაპირ წერია: სიყვარული გინდა – 20-30, კაიფი გინდა – 10-70. საოცარია, როგორ გაიაფებულა კაიფი! Gგინდა კაიფი, სმს 10-70 და მორჩა, იკაიფე რამდენიც გინდა.
აი, კიდევ ერთ სიგარეტზე წერია – იგემე ამერიკის სული (არადა, ამის მოსურნე დღეს ძალზე ბევრია) და ეწევიან ამ სიგარეტს და მერე ეძებენ ამ სულს! ვეკითხები, სოსან, იგრძენით ეს სურნელი-მეთქი? ჯერ ვერაო! მაგრამ იმედი აქვთ. ან სიგარეტი “დავიდოვის” რეკლამა – იცოდე უფრო მეტი ანუ წიგნები და კომპიუტერები საჭირო არ არის, მოწიეთ “დავიდოვი” და უფრო და უფრო მეტი გეცოდინებათ და შეიძლება, აინშტაინი გახდეთ.
ებრაელებს თორაში უწერიათ, ადამიანს, მოყვასს ფული პროცენტზე არ ასესხოო და ოი საოცრებავ, ქართულმა საბანკო სექტორმა და ზოგმა ბიზნესმა აიტაცა ეს და აცხადებენ, უპროცენტო კრედიტი ან უპროცენტო განვადებო. იმდენი თქვენ აგიდგათ გვერდი, თორაში ასეთი რამე წერია, არ მოატყუო მოძმეო, მაგრამ ვინ კითხულობს თორს ბოლომდე მაგას კი არა, სმს-ს არ კითხულობთ ბოლომდე. საქონლის ფასში შედის პროცენტის მოცულობა და აი თქვენი უპროცენტო განვადება. Aასევე ერთმა ჩემმა მეგობარმა, შუქრი თურმანიძემ ერთი წელი ქოლგეითით” იხეხა კბილები, მერე მოინდომა ალუბლის ტოტის მოტეხვა და 32-ვე კბილი დატოვა ზედ – დღემდე მკურნალობენ. ასევე ერთი მეგობარი, თავადიშვილი ჟორჟოლიანი დადის ამ “საუნა ბელტით”, დადის და მაინც ასკდება ღიპი, მოიმატა 23 სანტიმეტრი. გია რუაძე კი აქმდე “ვაისროის” ეწევა, იქნებ ბოლოს და ბოლოს გავიგო ამერიკის სულიო. არის ასე ელიოზივით და ელოდება, ოდესმე ხომ ახდება, რაც რეკლამაში უთხრეს, ჩალით ხომ არ არის დახურული ქვეყანა?!
ასეა, უყურებენ და სჯერათ, ჩემო ბატონო, ამ საოცარი სარეკლამო ფრაზების, სჯერათ და არიან ბედნიერად და მოტყუებულები.
ამას დღეს სარეკლამო ბიზნესის საოცრებები ეწოდება და დიდი, დიდი ფული იჭრება, ჩემო ძვირფასებო, რა თქმა უნდა, თქვენს ხარჯზე და ასეთი საოცარი სამყარო თვით ალისას ქვეყანაშიც არ არსებობს.
სხვათა შორის, ახალი პროდუქტი გამოჩნდა ამ ბედნიერთა ბაზარზე – ინტერნეტ საიტზე “მეილ.რუ” ახალი საოცნებო რამ გამოჩნდა – ინგლისური ერთ კვირაში ინგლისურის გარეშე ანუ სამველიანები, იდიდე, მუშავ, წამებულო, გადაიხადე სამველიანზე 150 დოლარი და ყველას მომავალი კვირიდან ინგლისურად დაელაპარაკებით. სხვათა შორის, დილერებსაც ეძებენ საქართველოში აი ეს გვაკლდა სრული ბედნიერებისათვის.
საოცარი ქვეყანაა საქართველო და სასწაულია რეკლამის ბიზნესი.
ნეტარ არიან მორწმუნენი და ბლომად მოწუწუნენი.