რედაქტორისაგან

ჯემალ ინაიშვილი

გასული თვე მეტად მნიშვნელოვანი და დაძაბული იყო ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში. გარდა იმისა, რომ ქვეყნის ეკონომიკურ გუნდში მოხდა ცვლილებები (ეკონომიკის მინისტრის, ალექსი ალქსიშვილის გადაყვანა ფინანსთა მინისტრად და ირაკლი ჩოგოვაძის გადმოყვანა ეკონომიკის მინისტრად), ძირითადი აქცენტები კეთდებოდა ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის ზრდის საკითხებზე.

ამას ემსახურებოდა მეღვინეებთან სავაჭრო პალატის ეგიდით პრემიერის შეხვედრა, სადაც დაისახა კონკრეტული გზები ამ პრობლემების გადასაჭრელად და ამიტომაც ამ საკითხს ამ ნომერში მეტად მნიშვნელოვანი ადგილი დავუთმეთ, ისევე, როგორც ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტის საგარეო-საშინაო ნაბიჯებს, რომელსაც მოჰყვა აფხაზეთში რუსეთის ბანკების მუშაობის შეჩერება, ყბადაღებულ სახაზინო ვალდებულებებთან მიმართებაში ახალი პოლიტიკის შემუშავება და სხვა ნაბიჯები, რომლებზეც ამ ნომერში რომან გოცირიძე თავის ინტერვიუში საუბრობს. მეტად მნიშვნელოვანი იყო ეს თვე იმითაც, რომ ბოლო ზარის თვე იყო და ახალი საგანმანათლებლო რეფორმა როგორც უმაღლეს სასწავლებლებში, ისე სკოლებში თავად აბარებს გამოცდას და, აქედან გამომდინარე, გთავაზობთ მასალას ეკონომიკური განათლების პრობლემების შესახებ, რომელიც დღეს ერთ-ერთი უპირველესი პრობლემაა.

ნომერში განვათავსეთ ექსკლუზივი ბელორუსის ეკონომიკაზე და სოციალიზმის ერთ-ერთი ფორპოსტის თავისებურებებზე, სადაც საინტერესოდ არის გადმოცემული, რითი ცხოვრობს ეს სოციალიზმისა და დიქტატურის ოაზისი, რა ბედი ეწევა “ევრაზეს” და რატომ ეძახიან ლუკაშენკოს “ბატკას”. მნიშვნელოვანია აგრეთვე ჩაის და ტურიზმის თემის განხილვა. სავაჭრო პალატა გეგმავს, ამ მოკლე ხანში სერიოზული კონფერენციები მოაწყოს მეცნიერების, ექსპერტების და ბიზნესმენების მონაწილეობით ამ მეტად მტკივნეულ და პრობლემატიკურ საკითხებზე.

ნომერში გთავაზობთ ბიზნეს წინადადებებს ინვესტიციებისათვის და, როგორც შეგპირდით, საგადასახადო-საბუღალტრო საკითხების კომენტარებს, რაც ჩვენს მეწარმეებს წაადგებათ ბიზნესის მართვაში, წარმოგიდგენთ ივლისის ბიზნეს კალენდარს და საერთაშორისო ეკონომიკის მიმოხილვას. ივნისი მსოფლიო ბაზარზე რეკორდების თვე იყო. ევროკონსტიტუციის კრიზისის და ერაყში, ასევე უგანდაში სიტუაციის გამწვავების შემდგომ საწვავზე ფასების რეკორდი მოიხსნა და ბარელზე 60 აშშ დოლარი შეადგინა. ჩვენი ანალიტიკოსები ისაუბრებენ მსოფლიო ბაზრის და შიდა ბაზრის ძირითად პერიპეტიებზე და იმაზე, თუ რა შეიძლება მოხდეს ხვალ.

ამასთან, ამ ნომრიდან მკითხველს ახალ ფორმატს ვთავაზობთ. არ იქნება რუსული ნაწილი. დარჩება ინგლისურ-ქართული. ამასთან, ინგლისური ნაწილი გაიზრდება, რათა ინვესტორებს და დონორებს მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს ეკონომიკაზე და ბიზნეს ინტეგრაციას ახალ ბაზრებზე შევუწყოთ ხელი. იმედია, ჩვენი ერთგული მკითხველი, და ბიზნესი კმაყოფილი დარჩებიან და ჩვენ ერთად შევძლებთ, ოდნავ მაინც გავაუმჯობესოთ ბიზნეს-საინვესტიციო სამყარო საქართველოში.
ჯემალ ინაიშვილი
პრაქტიკულ-ანალიტიკური
ნაწილის რედაქტორი