რედაქტორისაგან

ჯემალ ინაიშვილი

მეტად მნიშვნელოვანი პერიოდი იწყება აგვისტოდან საქართველოში, ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენში წამოსული შავი ოქროს ნაკადი ჩვენამდე მოვიდა. საუკუნის პროექტი შედგა და ნავთობისა თუ გაზის ტრანზიტის თემა მით უფრო აქტუალური ხება არა იმიტომ, რომ საქართველოსთვის ტრანზიტი მნიშვნელოვანია, არამედ იმიტომ, რომ ჩვენი ენერგეტიკის უსაფრთხოების და რუსეთისგან დამოუკიდებლობის შანსი გვეძლევა.

ამიტომაც გთავაზობთ სენსაციურ მასალას ახალ გაზსადენზე: ირანი-სომხეთი-საქართველო-უკრაინა-ევროპა. მნიშვნელოვანია ასევე მსოფლიო ეკონომიკის ძირითადი მიმართულებები და პერსპექტივები, რამეთუ რეალური უნდა იყოს პროგნოზი, თუ საით და როგორ მივდივართ. მავანთა და მავანთა აზრით, ასეთები კი ხელისუფლებაში მრავლად არიან, პროგნოზები და სტრატეგიული მონახაზის შემუშავება უმადური საქმეა და საერთოდ არ გვჭირდება. მთავარია მოქმედება, მაგრამ ეს ნიშნავს, შეაგდო გემი ოკეანეში და არ გქონდეს კურსი, ენდო მხოლოდ დინებას. მგონია, რომ ცოცხალ ექსპერიმენტებს ვატარებთ და ბოლომდე არ ვიცით, რას მივიღებთ, ან რას ვეძებთ. ხან გავყიდით რაღაცას და ხმამღლა ამაყად ვაცხადებთ. ხან რაღაცას ვაშენებთ, მერე კი აღმოჩნდება, რომ ვერ გაგვიყიდია, არც ინვესტირება ყოფილა და ბოდიშს ვიხდით. ხან ახალ ველოსიპედს ვიგონებთ. მიმაჩნია, რომ ერთიანი მწყობრი პროგრამაა საჭირო. ასე მაგალითად, სახელმწიფო ბიუროკრატიული აპარატი შემცირდა (ბიუროკრატია არა), მაგრამ სად მიდიან ეს ადამიანები, რით საქმდებიან. არის აქ სადმე სახელმწიფოს ვალდებულება, სჭირდებათ მათ ხელისუფლების დახმარება? ბაზარი, საბაზრო ეკონომიკა საოცრებებს ახდენს, მაგრამ არა ყველაფერში. ამიტომ ამ ნომერში გთავაზობთ უმუშევრობის სიტუაციის ანალიზს საქართველოში და პერსპექტივებს.

ასევე ვბეჭდავთ როგორც საფინანსო, ისე სასაქონლო სტატისტიკას, თუ რა პროცესები მიმდინარეობდა სქართველოს მაკროეკონომიკაში. ტრადიციულად, გთავაზობთ საბუღალტრო და საგადასახადო მაცნეს; მცირე და საშუალო ბიზნესში აღრიცხვის თავისებურებებს.

საინტერესოა ფასების ინსპექციის ლიკვიდაციის თემა, რომელიც წლების განმავლობაში ერთ-ერთი მაკონტროლებელი სისტემა იყო ბიზნესისათვის, თანაც არც ისე უანგარო. ასევე ანტიმონოპოლიური სამსახურის გარდაქმნა თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის საგენტოდ, რომელიც ჩამოყალიბდა როგორც თვისობრივად ახალი ინსტიტუტი და ანალოგი არ ჰყავს მსოფლიოში. რა არის ეს – სასიამოვნო ნოვაცია თუ ახალი ველოსიპედი? ამ თემაზე სადისკუსიოდ გიწვევთ ამ ნომრიდან. ტრადიციულად, გთავაზობთ ბიზნეს კალენდარს აგვისტოს თვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენებით. თუმცა აგვისტო მაინც შვებულებების და დასვენების თვეა, Dამიტომაც ნაკლებია ეკონომიკური აქტივობა. ყველა პროექტი სექტემბრიდან იწყება და რაღა დარჩა სექტემბრამდე.

ჯემალ ინაიშვილი