მერფის კანონი

ემზარ ჯგერენაია

მეცნიერების უნიკალური აღმოჩენა ქართველთა იმუნური განსაკუთრებულობის შესახებ და მერფის კანონი გინდ დაიჯერეთ, გინდ არა. ამას წინათ კოლუმბიის უნივერსიტეტის ექსპერტიზის ლაბორატორიის მეცნიერები დიდი ხნის ჯაფისა და ქანცგამომცლელი, ნერვების მომშლელი ექსპერიმენტების შემდგომ მივიდნენ სენსაციურ დასკვნამდე: ქართველები, რომლებმაც ევროპას მისცეს პირველი ადამიანი (ბოლო არქეოლოგიური აღოჩენები დმანისში) გამოირჩევიან უნიკალური თვისებებით ჭამენ, სვამენ და მოიხმარენ ყველაფერს, რაც დადის, დაბობღავს, დაფრინავს და, საერთოდ, რაც გატოკდება და შეირხევა.

ამ დასკვნამდე ისინი მივიდნენ იმ პროდუქციის ანალიზით, რაც ჩვენში იმპორტირდება და იწარმოება. მათი განცხადებით, ქართველებს იმდენად დიდი იმუნობაზა აქვთ, რომ მოხსნეს და გააუქმეს საერთოდ კონტროლის ყველა ინსტიტუტი სტანდარტი, მეტროლოგია, ტექნიკურ პირობებზე უარი თქვეს და ვეტსანიტარული სამსახური საბაჟოს შეუერთეს. არანაირი პეპელა და კიდევ მისთანები მათთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ისინი დიდი სიამოვნებით მიირთმევენ ძეხვს, რომელშიც ხორცი უკეთეს შემთხვევაში 20 პროცენტია ან საერთოდ არ არის; სვამენ ყავას, რომელშიც ძირითადად საღებავები და ქიმიკატებია და საერთოდ არ არის ყავა. ყავას ხედავენ მხოლოდ ნესკაფეს ტელერეკლამაში. ამიტომ მათ არ ემუქრებათ ხორცისაგან სიბერე და კოფეინისაგან გართულებები.

როგორც მეცნიერები ამბობენ, საქართველოში ჯერ კიდევ სსრ კავშირის დროს, 50-იან წლებში დაინერგა სტანდარტებისა და ხარისხის კონტროლის სისტემა, ხოლო 70-იანი წლებიდან მოხდა მისი სისტემატიზაცია და შემოიღეს ე.წ. “გოსსტანდარტი” და “გოსტის” სისტემა ცალკეული სამინისტროების მიმართულებების მიხედვით და შეიქმნა ქვეყნის სიამაყე ხუთკუთხედი, როგორც ხარისხის ნიშანი. ეს იყო კორუფციის და პარტიული დასჯის ბუდე. მაგრამ “გოსტი” დღემდე აწერია იქ ბევრ პროდუქტს. ისს-ის სტანდარტებზეც ფიქრობენ, მაგრამ… თავისუფალ საქართველოშიც იგივე სისტემა მუშაობდა დიდხანს. მიიღეს ახალი კანონები, ქვენორმატიული აქტები, თუმცა სისტემა იგივე იყო. ჰოდა ქართველებმა ამ სფეროს რეფორმირება გადავწყვიტეთ. დიდი ხნის მსჯელობის მერე მივედით იმ დასკვნამდე, რომ ეს რთული საქმეა და საერთოდ გავაუქმეთ სტანდარტები და ტექნიკური პირობების კონტროლი. ამას მივაყოლეთ ვეტსანიტარული კონტროლი, როგორც კორუფციის ბუდე. მერე რა, რასაც გინდა შემოიტან და შეჭამ, ქვეყანა არ იქცევა, ყველაფერი კარგადაა. მეცნიერები დიდი გულისყურით აკვირდებიან ამ პროცესს, როგორ მიირთმევენ ქართველები ლორის ნაცვლად ცხოველის ჩლიქებისაგან დამზადებულ ფარშს, 50 წლის ხორცის სოსისებს და ძეხვებს, გაურკვეველი წარმოშობის კონსერვებს და კრახმალის იოგურტს, ღვინის ნაცვლად – სპირტში გაზავებულ ფხვნილს. 50 ჰერცის მაგივრად მათი დენის სიხშირე 12.3-დან 23-მდე მერყეობს და მაინც ყველ ტექნიკა მუშაობს, მათი კუჭი უძლებს ყველაფერს, ქიმიურად ყველაზე დაბინძურებულ და არასტანდარტულ პროდუქტს. სვამენ წყალს, რომელიც ტექნიკურ საქმეშიც არ გამოიყენება და შიგ ნახევარი მენდელევიის სიტემაა ჩაყრილი. და ვითომც არაფერიო, მეცნიერებმა ორი დასკვნა გამოიტანეს: კორუფცია რომ მოვსპოთ, საერთოდ უნდა გავაუქმოთ სახელმწიფო კონტროლის და მართვის ორგანოები. უახლოეს ხანში ეკონომიკის სამინისტროს აუქმებენ (თუმცა ის დიდი ხანია, გაუქმებულია). შემდგომ ფინანსებისა მიჰყვება, რიგრიგობით კიY – სხვა ორგანოები, პოლიცია და სასამართლოც (ეს უკანასკნელი რეალურად დიდი ხნის წინ გაუქმდა). იქნება ნებაყოფლობითი. მოგინდება, გამოიძახებ და მოგინდება, უარს იტყვი. ნამდვილი დემოკრატია და სახალხო მმართველობა იქნება ყოველგვარი კორუფციის გარეშე და ბიზნესი აყვავდება. ეს მოხდება მსოფლიოში პირველად. ეს ახალი თეორია არ არის. მისი ფუძემდებელია მიურეი როტბარდი, რომელმაც სამოციან წლებში დაამუშავა თეორია, რომ სახელმწიფო საჭირო არ არის.

მეორე დასკვნა კოსმოსისათვის და მსოფლიოში კვების პროდუქტების პრობლემის გადასაჭრელად ისაა, რომ შესაძლებელი ყოფილა ხელოვნური თუ უვარგისი საჭმელების ჭამა და ეკოლოგია კაცობრიობისათვის ზედმეტი ფუფუნებაა.

ექსპერიმენტი გრძელდება და ახლა კლინიკური კვლევის სტადიაშია. სტანდარტების და სხვა ორგანოების გაუქმებით და გაურკვეველი რეორგანიზაციით მერფის ერთ-ერთი კანონი გადაუჭრელი პრობლემები.

ამ ზაფხულის გაგანია სიცხეში ერთი ძველი ანეკდოტი გამახსენდა: ექიმთან მივიდა ავადმყოფი და შესჩივლა, კუჭი მტკივაო. სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს და ახარეს, რომ თირკმლები ამოაჭრეს. როცა გაოგნებულმა პაციენტმა იკითხა, – კი მაგრამ, რატომ, მე ხომ კუჭი მტკიოდაო, – მიუგეს, – გვაცალე, ბატონო, თანდათან მივყვებით და იქამდეც მივალთო.