რედაქტორისაგან

ჯემალ ინაიშვილი
მაისში, მსოფლიო უფრო მწვავედ ალაპარაკდა ენერგეტიკულ ბაზარზე. ჯერ ერთი – პირველი ტანკერი იტვირთება ჯეიჰანში, (ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენიდან) რომლის ოფიციალური გახსნაც ივნისში იგეგმება. თურქეთში მას, პროექტში მონაწილე ქვეყნების, მათ შორის აშშ-ს პრეზიდენტი დაესწრება. მეორე – მაისში, საფრანგეთში მოეწერა ხელი შვიდი ქვეყნის ევროპულ შეთანხმებას, რომელშიც ჩინეთი და ინდოეთი მონაწილეობენ. შეთანხმება თერმო-ატომურ ლაბორატორიული ცდების საბოლოო დასკვნითი ეტაპის პოლიგონის შექმნას და დაფინანსებს შეეხება. ის ალტერნატიულ, წყალბადის ენერგიის შექმნას დაიწყებს 2010 წლიდან. მისი ღირებულება 11 მილიარდი დოლარია. ამ საუკუნის პროექტზე, რომლის ეფექტურობა 100-ჯერ აღემატება ატომური ელექტროსადგურის ეფექტურობას, ივნისში პეტერბურგში იმსჯელებენ დიდი შვიდეულის ქვეყნების ლიდერები. ამასთან, ნავთობზე ფასები სერიოუზულად მაღალ დონეზე დარჩა. ის მერყეობდა 68-75 დოლარს შორის და ტონს აძლევდა მსოფლიო ეკონომიკის დინამიკას. შეშფოთებული მსოფლიოს პირველი პრობლემა ინფლაციის მართვა და წარმოების ზრდის შენარჩუნება ხდება. ბუნებრივია ეს ყველაფერი საქართველოსაც შეეხო. ჩვენ ამას ეკონომიკის პრობლემებზე მოქმედ გარე ფაქტორებს
ვუწოდებთ, რამაც სერიოზულად გააუარესა მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და დაძაბა სოციალური ფონი. ამიტომ, გთავაზობთ დისკუსიას მსოფლიო ენერგეტიკულ პრობლემებზე და საქართველოში სოციალური საკითხების მიზეზ-შედეგობრივ კავშირებზე სტატიაში – სამომხმარებლო ბაზრის ტენდენციები საქართველოში და მსოფლიო ნავთობის ბიზნესის პრობლემები.
აპრილში, ჩვენმა ჟურნალმა, სავაჭრო სამრეწველო პალატასთან და USAID-თან ერთად, სასტუმრო “მეტეხში” კონფერენცია გამართა სტანდარტიზაციის და სერტიფიცირების საკითხებზე. ივნისში ვაპირებთ ანალოგიური კონფერენციას საექსპორტო პოტენციალზე, მისი მართვის და ბიზნეს ხელშეწყობის საკითხებზე. ყველაფერი ეს და ღვინის პირველი ფესტივალი, რომელიც მაისში ეროვნულ მუზეუმთან ერთად გავმართეთ, ემსახურება საერთოდ ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის შესწავლის და გამოყენების პრობლემებს. ითვალისწინებს დახმარებას ბიზნესისადმი, რათა დავიპყროთ ახალი ბაზრები და ახალი პროდუქცია შევთავაზოთ მსოფლიოს. ამ კუთხით დავიწყეთ დისკუსია ექსპერტებთან ერთად პრეფერენციების გენერალურ სისტემაზე ევროპაში, ასევე ადგილობრივი სამკურნალო ტურიზმის განვითარების პრობლემებზე. დისკუსია გაგრძელდება შემდეგ ნომერშიც. კონფერენციაზე შევეცდებით ერთიანი მიდგომა გამოვიმუშაოთ ექსპორტის ხელშეწყობის მიმართ. ნებისმიერი თქვენთაგანის მონაწილეობა ამ დისკუსიაში – წერილის გამოგზავნა რედაქციაში თუ უშუალოდ კონფერენციაში მონაწილეობა, დიდად წადგება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. უფრო პრიორიტეტული ეკონომიკიური საკითხი, ვფიქრობთ, დღეს საქართველოში არ არსებობს. ეს საკითხები არა მარტო ნომრის მთავარი თემებია, არამედ ყველა ჩვენთაგანისთვის სასიცოცხლო აუცილებლობა.
ამავე ნომერში, გთავაზობთ სადაზღვევო ბაზრის საინტერესო მიმოხილვას – ტენდენციებს ამ ბაზარზე. და საერთოდ, რა მიმარულებებით მიდის ის. უწყობს თუ არა ბიზნესის განვითარებას ხელს და რას გვაძლევს ყველაფერი ეს ჩვენ.
ტრადიციულად გთავაზობთ, საგადასახადო და საბუღალტრო მაცნეს, სადაც იხილავთ საბაჟოზე ტვირთების გაფორმების ახალ პრობლემებს და საქართველოს ბაზრის ტენდენციებს მაისში. ასევე ეროვნული ბანკის სიახლეებს და სავალუტო ფონდის რეკომენდაციებს.
იზრდება ქვეყანა და მსოფლიოში სულ უფრო მნიშვნელოვან ადგილს ვიკავებთ. უფრო მეტიც, ჩვენ ხშირად ეპიცენტრში ვართ მსოფლიო მოვლენების. ასე მოხდა სუუამის საერთაშორისო ორგანიზაციად გაფორმებისას კიევში. ბუნებრივია, როგორც პოლიტიკურად ისე ეკონომიკურადაც ქვეყანას დაჩქარებული ტემპებით უწევს ტრანსფორმაცია. ამ სიტუაციაში ჩვენ გაძლევთ ასპარეზს, რათა არავინ დარჩეს გულგრილი, არცერთი მართებული იდეა თუ აზრი არ იყოს გაუთვალისწინებელი. ნუ იქნებით ინერტულები, ჩემო ძვირფასო მკითხველებო. ჩვენთვის ძალზე საინტერესოა თქვენი აზრი ჩვენ ჟურნალზეც, რომელიც დღითიდღე იზრდება და უფრო საინტერესო ხდება. რას ისურვებდით, რა ვაქციოთ მსჯეობის საგნად, ვისი აზრი შემოგთავაზოთ. იმედია, ჩვენ შევძლებთ თანამშრომლობას და დიდი დახმარებას გაუწევთ საქართველოს ეკონომიკის განვითარებას. უკეთეს ბიზნეს კლიმატსაც ერთად შევქმნით.