რედაქტორისგან

ჯემალ ინაიშვილი

ხვავიანი აღმოჩნდა ოქტომბერი პოლიტიკურადაც და ეკონომიკაშიც. არა მხოლოდ იმიტომ, რომ არნახული რთველი გვქონდა. ქვეყანაში დაიწყო მთავრობის და მეღვინე ბიზნესმენების თანამშრომლობა ამ სტრატეგიული საექსპორტო დარგის ასაღორძინებლად.

19 ადგილდასახელების ღვინის ჯიშიდან სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2-ის პასპორტიზაცია უკვე მოახდინა, ყველა მარანს თავისი ჟურნალი გაუჩნდა, გადავედით მეღვინეობის ცივილურ მეთოდებზე, როცა ფალსიფიკაცია თითქმის არ იქნება ჩვენი მეწარმეების თუ მევენახე გლეხებისგან და არა მარტო ვალუტას შემოიტანს ქვეყანაში ეს დარგი, არამედ ვიამაყებთ უცხოეთში, რომ ჩვენ ასეთი პროდუქტი გვაქვს. ბუნებრივია, ამაში ბიზნეს სამყაროც თავის სიტყვას იტყვის, რადგან ახლა მათზეა უცხოეთის ბაზარზე ამ საქმის პრომოუშენი და ამ მიზნით ასოციაციას ქმნიან, რათა ყველა ბრენდს შესაბამისი ერთობლივი რეკლამა ჰქონდეს. ამიტომ მიუხედავად ფასების ზრდისა, განსაკუთრებით თეთრ ყურძენზე, წლეულს გლეხობამ და ფერმერებმა სოლიდური შემოსავალი მიიღეს. მიხარია, სავაჭრო პალატის ძალისხმევამ ამ დარგში ფუჭად რომ არ ჩაიარა და სერიოზულ შედეგებამდე მივდივართ. თითქოს გუშინ დაიწყო ბაქო – ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობა და დღეს უკვე საქართველოს ტერიტორიაზე პირველი ნავთობი იტვირთება. ამასთან, ყაზახეთის პრეზიდენტ ნაზარბაევის ვიზიტი ნათელს ხდის, რომ ეს მილსადენი სინამდვილეში აქტაუ-ჯეიჰანი იქნება და ყაზახური ნავთობიც წამოვა ამ მაგისტრალით. მიუხედავად იმისა, რომ არც გაზის და არც ნავთობის საბადოები არა გვაქვს, რეალურად გაზის და ნავთობის საერთაშორისო ბაზრის ნაწილი ვხდებით. ამიტომ ამ ნომრის საერთაშორისო მიმოხილვაში სწორედ ამ პრობლემებზე შექმნილ სიტუაციას გავაანალიზებთ.

აგრეთვე დავიწყეთ მსჯელობა ეკონომიკის თავისუფლების ინდექსზე, რაც მეტად აქტუალური ხდება იმ ფონზეც, როცა ოქტომბრის ბოლოს აზია – წყნარი ოკეანეთის ბიზნეს ფორუმი შეიკრიბა საქართველოში და აზიის წამყვანი ქვეყნების ინვესტორები გვესტუმრნენ. ამ ფორუმს ჩვენი ჟურნალის შემდგომ ნომერს ვუძღვნით, ამ ნომერში კი აქცენტი ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების საკითხებზე გავაკეთეთ. კერძოდ, პარლამენტში მთავრდება ახალი საბაჟო კოდექსის პროექტის შექმნა, რომლის განხილვასაც დავიწყებთ ჩვენს ფურცლებზე ისევე, როგორც პირველი პრეცედენტი შევქმენით პარლამენტში საგადასახადო კოდექსის ნაკლოვანებების განხილვისა. გარწმუნებთ, ნებისმიერი კონსტრუქციული რეალური წინადადება, რომელსაც ჩვენი მკითხველი ან მეწარმე წარმოადგენს, მიღებული და გათვალისწინებული იქნება. ამდენად, მეტად მნიშვნელოვანია თითოეული მსხვილი თუ მცირე ბიზნესის ამ საქმეში ჩართვა ისევე, როგორც მცირე ბიზნესის საბუღალტრო აღრიცხვის გამარტივების საკითხებში, რასაც ტრადიციულ რუბრიკაში გთავაზობთ პროფესორი ლალი ჩაგელიშვილი. ამასთან, ქვეყნდება სრული ქეისი სტატისტიკური ინფორმაციისა როგორც ჩვენი ეკონომიკის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე, ისე საერთაშორისო ბაზარზე.

ტრადიციულად, გთავაზობთ ოქტომბრის ბიზნეს კალენდარს და ჩვენი მეცნიერების ნაშრომებს ეკონომიკის აქტუალურ პრობლემებზე.