რედაქტორისაგან

ჯემალ ინაიშვილი

წინა ნომერში ჩვენს მკითხველს შევთავაზეთ ინფორმაცია აზია – წყნარი ოკეანის რეგიონის სავაჭრო პალატის თბილისის შეხვედრისა და აზიური ბიზნეს ფორუმის შესახებ. ვფიქრობ, ეს მეტად მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ქვეყნის ცხოვრებაში და ძალზე საჭირო ბიზნეს – საინვესტიციო სიტუაციებისათვის.

ჩვენი ჟურნალის ეს ნომერი ამ წელიწადში ბოლოა და შემაჯამებელი. ამიტომ პირველ რიგში საჭიროდ ჩავთვალეთ, გამოგვექვეყნებინა ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ძირითადი პარამეტრების დინამიკაზე. აგრეთვე მსოფლიო ეკონომიკის შედეგები და 2006 წლის პერსპექტივები. ვიმედოვებთ, ჩვენი პროგნოზები და მომავალი წლის ეკონომიკურ ტენდენციებზე ყურადღების გამახვილება გამოადგება მმართველ ეკონომიკურ გუნდს და ბიზნესს, ოპტიმალურად დაგეგმონ მომავალი წელი.
ამასთან, მთავარ სტატიად გთავაზობთ კომუნიკაციის ბიზნესში არსებულ სიტუაციას. ეს მეტად მზარდი და სათუთი სფეროა. ჩვენ ვცდილობთ მისი რეგულირების რეფორმირებას, მაგრამ მეჩვენება, ბოლომდე არა გვაქვს გააზრებული მთელი რიგი საკითხები და თავისებურებები და შევეცადეთ, კიდევ ერთხელ მიგვექცია თქვენი ყურადღება ამ ფართო მოხმარების სერვისისათვის, რომელთანაც ყოველი ქართველი უშუალოდაა დაკავშირებული და ასევე არის უცხოელი ინვესტორების გაზრდილი ინტერესის საგანი, რათა ერთად დაგვენახა რა ვითარებაა ამ მეტად ჩაკეტილ სფეროში, საით მიდის მსოფლიო ტექნოლოგიები და საქართველო. რა ხდება ტარიფებში, როდის გაუიაფდება და რის ხარჯზე რიგით მომხმარებელს თუ კორპორატიულ კლიენტს კომუნიკაცია.
აქვე გთავაზობთ რკინიგზის ტრანსპორტში შექმნილი პრობლემების ანალიზს და ამ სახის ტრანსპორტის ტვირთბრუნვის თავისებურებებს.
საინტერესო დებატები დაიწყო მთავრობაში საბანკო-საფინანსო სფეროში ახალი რეგულატორის შექმნაზე, კერძოდ, ეროვნული ბანკისათვის ბანკებზე ზედამხედველობის ფუნქციის ჩამორთმევაზე. SOS! საკითხავია, რამდენად გააზრებულია ეს რეფორმა, რამდენად არის ვადებში გაწერილი, როგორი გამოცდილებაა ამ სფეროში და ხომ არ ელოდება ქაოსის საშიშროება ერთ – ერთ ყველაზე სტაბილურ უბანს ჩვენი ეკონომიკისა – რას უპირებს მთავრობა ეროვნულ ბანკს.
ტრადიციულად, გთავაზობთ საბუღალტრო და საგადასახადო მაცნეს საშუალო და მცირე ბიზნესის დასახმარებლად, მეცნიერების რუბრიკას და სტატისტიკური ციფრების კოლაჟს. ბომონდს კი – მეტად საინტერესო მასალას ბერმუდის სამკუთხედზე, კარიბის ზღვის ამ საიდუმლოებაზე, რომელსაც ერთგვარი იუბილე აქვს.
მინდა, ყველას მოგილოცოთ შობა-ახალი წელი და გულწრფელად გითხრათ, ჩემო საყვარელო მკითხველო, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ამისათვის ერთად უნდა ვიყოთ და ჩვენ უნდა ვშვათ და შევქმნათ ჩვენი მომავალი. საქართველოს დღეს არნახული პერსპექტივები აქვს.
ბედნიერ შობა – ახალ წელს გისურვებთ!