საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის, ჯემალ ინაიშვილის გამოსვლა აზიური ბიზნეს ფორუმის საქართველოში გახსნის ცერემონიალზე
ძვირფასო სტუმრებო და კოლეგებო,
ქალბატონებო და ბატონებო
ნება მიბოძეთ, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის სახელით მოგესალმოთ და მადლობა მოგახსენოთ პირველ აზიურ ბიზნეს ფორუმში მონაწილეობისათვის.
განსაკუთრებელი მადლობა მსურს ვუთხრა აზია-წყნარი ოკეანეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატების კონფედერაციის ხელმძღვანელობას, მის საპატიო პრეზიდენტს, ბატონ ჯეფრი კუს და პრეზიდენტს, ბატონ კრიშან მოდის. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა აზია-წყნარი ოკეანეთის ქვეყნების პალატების კონფედერაციაში შარშან გაერთიანდა და მით უფრო დასაფასებელია CACCI-ს კომიტეტის არჩევანი, რომ თავისი 70-ე სხდომა გამართულიყო საქართველოში.
უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა პორველად მასპინძლობს ასეთ წარმომადგენლობით ფორუმს, რომელშიც მონაწილეობს 17 ქვეყნის საპატივცემულო დელეგაცია: ჩინეთის რესპუბლიკა ტაივანი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჰონკონგის ტერიტორია, ინდოეთი, ინდონეზია, იაპონია, კორეა, მონღოლეთი, ნეპალი, ფილიპინები, სინგაპური, შრი ლანკა, თურქეთი, უზბეკეთი, ბანგლადეში და ჩვენი მეზობლები, აზერბაიჯანი და სომხეთი.
ბიზნეს ფორუმს მიესალმება საქართველოს პრეზიდენტი, ბატონი მიხეილ სააკაშვილი. ფორუმის მუშაობაში მონაწილეობენ საქართველოს მთავრობის წევრები, პარლამენტის დეპუტატები, საერთაშორისო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, მასმედია.
პირველ აზიურ ბიზნეს ფორუმში მონაწილეობს 78, თითქმის ყველა წამყვანი ქართული კომპანია. დღის წესრიგი დარიგებული გაქვთ. ჩვენ გველის საკმაოდ დაძაბული, მაგრამ სასიამოვნო სამუშაო დღე.
საქართველო უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში საკმაოდ დინამიკური განვითარების გზაზეა. ეს განპირობებულია ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს და საინვესტიციო კლიმატის შექმნით. ჩვენთან ჩატარდა მთელი რიგი რეფორმები, რამაც გამოაცოცხლა ეკონომიკური ცხოვრება, შეამცირა ჩრდილოვანი სექტორი და კორუფცია. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოსტ-საბჭოთა სივრცეში დღეისათვის საქართველოში მოქმედებს ბეგარების ყველაზე დაბალი განაკვეთები, ყველაზე ლიბერალური კანონმდებლობა საბანკო-საფინანსო სფეროში, უძრავ-მოძრავი ქონების შეძენის და განკარგვის საქმეში; ძალზე დაბალია ინფლაციის დონე, მყარი და სტაბილურია ეროვნული ვალუტა. ყოველივე ამაზე თქვენ მიიღებთ დაწვრილებით ინფორმაციას ფორუმის მსვლელობისას.
იმედს გამოვთქვამ, რომ პირველი აზიური ბიზნეს ფორუმი ჩაივლის ნაყოფიერად, წარმატებულად და როგორც საქართველოს ბიზნესმენები, ასევე უცხოელი სტუმრები დაამყარებენ პერსპექტიულ საქმიან კონტაქტებს.