27 ოქტომბერს სასტუმრო თბილისი-მარიოტში გაიმართა სექციური მუშაობა
2005 წლის 27 ოქტომბერს სასტუმრო “თბილისი მარიოტში აზიური ტექსტილისა და ტანსაცმლის საბჭოს კონფერენცია გაიმართა. მას ესწრებოდნენ CACCI-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები.
კონფერენციის თავმჯდომარემ, რაჯ დაკალმა მისალმების შემდეგ აღნიშნა, რომ ტექსტილისა და ტანსაცმლის სექტორი ნეპალში და ზოგიერთ განვითარებად ქვეყანაში არის ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორი. Mმას არა მარტო შემოაქვს ვალუტა ქვეყანაში, არამედ ამავდროულად ასაქმებს ბევრ ადამიანს.
კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს წარმომადგენლები, რომელთაც წარმოადგინეს საკუთარი საქმიანობა. მათ იმედი გამოთქვეს, რომ CACCI დაეხმარებათ ბიზნესის განვითარებაში და ისინი ითანამშრომლებენ.
რაჯ დაკალმა აღნიშნა: ..ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ როგორც გუნდმა. ჩვენ გვჭირდება ახალი და შესაფერისი ტექნოლოგიები, ახალ იდეებთან ერთად, რაც მიგვიყვანს ნამდვილ მოგებამდე აზია წყნარი ოკეანის რეგიონში.
მან აგრეთვე განაცხადა, რომ შესაძლებელია ბიზნეს შეხვედრის მოწყობა, სადაც დაწვრილებით განიხილავენ თითოეული ქართველი ბიზნესმენის საქმიანობას და მოახსენებენ ქართულ მხარეს, თუ რის გაკეთება შეუძლია CACCI-ს საქართველოსთვის.
კონფერენციაზე აგრეთვე აღინიშნა, რომ CACCI-ს ერთ-ერთი მთავარი მიზანია, დაეხმაროს განვითარებად ქვეყნებს და მხარი დაუჭიროს მათ. Yყველა განვითარებადი ქვეყანა, მათ შორის საქართველოც, უნდა ეცადოს ექსპორტის გაზრდას და იმპორტის შემცირებას, როგორც ამას აკეთებენ ბანგლადეში, შრი ლანკა და სხვა ქვეყნები.
რაჯ დაკალმა განაცხადა, რომ პატარა, ღარიბი და განვითარებადი ქვეყნები უნდა გაერთიანდნენ და ისე აწარმოონ ექსპორტი, რათა ფეხი მოიკიდონ ბაზარზე.
“ჩვენ მხარს დავუჭერთ მათ. თუ თქვენ გჭირდებათ რაიმე რეკომენდაცია, ჩვენ შეგვიძლია დავსხდეთ მაგიდასთან და ვისაუბროთ.��
კონფერენციაზე ასევე აღინიშნა, რომ შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო ტექსტილისა და ტანსაცმლის წარმოების სტატუსის გამორკვევა თითოეული ქვეყნისათვის, რისთვისაც კიდევ არის შეხვედრები საჭირო.
რაჯ დაკალმა თქვა, რომ თავის ქვეყანაში დასაქმებული ჰყავს 3000-ზე მეტი ადამიანი ტექსტილისა და ტანსაცმლის წარმოების საკუთარ ბიზნესში. მოცემული მომენტისათვის ნეპალის ექსპორტი 60%-მდე ჩამოვიდა.
“ჩვენ უნდა განვიხილოთ პრობლემები ერთად და დავეხმაროთ ერთმანეთს. CACCI უნდა დაეხმაროს იმ ქვეყნებსაც, რომელთაც არა აქვთ ნედლეული, რათა აწარმოონ საქონელი,” – აცხადებს რაჯ დაკალი.
აზიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე – პრეზიდენტმა რუდი ჯ. პესიკმა შეშფოთება გამოთქვა იმის თაობაზე, რომ აზიურ ბაზარზე საქონელი ძალიან ძვირდება. ჩინეთი მსოფლიოში ცნობილია, როგორც ყველაზე იაფი ქვეყანა, მაგრამ ამ მომენტისთვის ჩინეთშიც კი ტექსტილისა და ტანსაცმლის ფასები ძალიან მაღალია.
კონფერენციაზე შეთანხმდნენ, რომ კიდევ უნდა მოეწყოს შეხვედრა, სადაც უფრო დაწვრილებით ისაუბრებენ ყველა პრობლემის შესახებ.
შეხვედრას არ ესწრებოდნენ იაპონიის, ვიეტნამის და ტაილანდის წარმომადგენლები. თავმჯდომარემ იხუმრა, მათ არა აქვთ პრობლემები და ამიტომ არ ესწრებიან კონფერენციასო.