რუდიმენტის გაცოცხლება
შოთა მაქაცარია
უკვე ორი თვეა კომპანიები აღრიცხვიანობის ჟურნალს ავსებენ. აღინიშნება ყოველი შემოსული და გაყიდული ფანქარი, ლურსმანი, აბი თუ ჭიკარტი. ეს ხდება ყველა საწყობში, სავაჭრო ობიექტზე, სადაც ფირმებს მოუწია დამატებით აღმრიცხველების აყვანა.
ვერ ვიტყვით, რომ ამ ჟურნალის შემოღებამდე ეს საქმე ქართულ კომპანიებში მიშვებული იყო. არც ერთ კაპიტალისტს არ აწყობს განუკითხაობა ამ სფეროში. პირიქით, ბევრ კომპანიაში, სადაც ტვირთბრუნვის მრავალსახეობა და მძლავრი ნაკადებია დიდი ხანია დანერგილია კომპიუტერული აღრიცხვა. მაგალითად, “ავერსის” ან “პსპ”-ეს პრეზიდენტი თავის კაბინეტში მონიტორზე იმ წამსვე ხედავს თუ რამდენი აბი გაიყიდა ლანჩხუთის საფირმო აფთიაქში. ეს 21-ე საუკუნეა.
ხოლო ჟურნალი, რომელიც ინერგება ახალი კოდექსის შესაბამისად, მოგვიხმობს გადავეშვათ შუა საუკუნეებში, როდესაც ბუღალტერია ყალიბდებოდა.
საქმე იმაშია, რომ რეალიზაციის ყველა ობიექტზე სავალდებულოა საკასო აპარატი, ხოლო როდესაც გასაღება ხდება ბითუმის ოდენობით, იწერება სასაქონლო-სატრანსპორტო ზედნადები ან ანგარიშ-ფაქტურა, ან ორივე ერთად.
ისმება კითხვა – აღრიცხვიანობის ამდენ ფორმასთან ერთად, ჟურნალის შემოღების რა საჭიროება გაჩნდა? თურმე, ჟურნალის არსებობა უადვილებს საქმეს შემმოწმებელს. მაგრამ ისმება შემხვედრი კითხვა – როგორ უნდა შეადაროს ის, რაც ჟურნალში წერია იმას, რაც ობიექტზე იმყოფება? დიახ, ისევ და ისევ აღწერის მეშვეობით. ამას ვერც შემმოწმებელი და ვერც კონტროლქვემდებარე ვერ გაექცევა. და თუ ეს გარდაუვალია, მაშინ ორმაგი ძალით ისმება კითხვა – რაღა საჭიროა ჟურნალი?
მახე დევს იმაში, რომ თუ ჟურნალში ერთი ერთეულითაც კი შეცდომაა დაშვებული, ობიექტი (ფირმა) ჯარიმდება 1000 ლარით. საინტერესოა, ვინც ამას ადგენდა, ესმოდა თუ არა, რომ მაგალითად მცირე ბიზნესის პატრონი მთელ წელიწადში თუ შოულობს ამ თანხას?!
სადისტური ნორმა ისახავს მიზნად აღმოფხვრას: თვალის ახვევა, ანგარიშგების დამახინჯება და ბეგარებისგან თავის არიდება.
ბიზნესმენი გამმნაღვმელს ემსგავსება, რომელსაც შეცდომის უფლება არ აქვს, ხოლო მეწარმეობა – დანაღმულ მინდორზე სიარულს. ასე უადვილებს საქმეს ახალი საგადასახადო კოდექსი მეწარმეებს.
ვინაიდან, შედარების გარეშე სინამდვილის დადგენა შეუძლებელია, კოდექსი უშვებს წელიწადში სამი ინვენტარიზაციის ჩატარებას, შესაბამისი სანქციების გამოყენებით. უკანასკნელი, როგორც აღვნიშნეთ, ძალზედ მტკივნეულია და დარღვევის არაადეკვატური, მაგრამ, ეს კოდექსის ავტორებს არც დაწერისას და არც მოქმედებაში მოყვანისას არ აწუხებდათ.
მთავარია, დაუსჯელი არავინ დარჩეს!