არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბუღალტრული აღრიცხვის დროებითი სტანდარტი

რედაქციისაგან

აღნიშნული სტანდარტი სპეციფიკურია და შეიცავს არაკომერციული იურიდიული პირებისათვის დამახასიათებელ თავისებურებებს. სწორედ ამ თავისებურებათა განხილვას შემოგთავაზებთ რუბრიკით – საბუღალტრო მაცნე.

სტანდარტის თანახმად, ფინანსური ანგარიშგების მომზადება და წარდგენა ევალება ორგანიზაციის ხელმძღვანელს. ორგანიზაციის ფინანსური ანგარიშგების სრული პაკეტი უნადა მოიცავდეს ბუღალტრულ ბალანსს; ანგარიშგებას საქმიანობის შედეგების შესახებ; ანგარიშგებას ფონდებში ცვლილების შესახებ; ფულადი ნაკადების ანგარიშგებას; სააღრიცხვო პოლიტიკას და განმარტებით შენიშვნებს.
გამგეობის გადაწყვეტილებით, ორგანიზაციას შეუძლია ფინანსურ ანგარიშგებასთან ერთად წარმოადგინოს ხელმძღვანელობის მიერ მომზადებული ფინანსური მიმოხილვა, რომელშიც აღწერილი იქნება მის მიერ განხორციელებული პროექტების შედეგები და ფინანსური მდგომარეობის ძირითადი საკითხები. ფინანსურ ანგარიშგებაში უტყუარად უნდა იქნეს წარმოდგენილი ორგანიზაციის საანგარიშო პერიოდის საქმიანობის ფინანსური შედეგები და ფულადი ნაკადები, რის უზრუნველსაყოფადაც შეიძლება გაკეთდეს ისეთი დამატებითი განმარტებები, რასაც არ მოითხოვს მოცემული სტანდარტი. ანგარიშგება ორგანიზაციამ უნდა წარმოადგინოს საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის.
ფინანსურ ანგარიშგებაში დაიშვება, ორგანიზაციის სპეციფიკიდან გამომდინარე, სტანდარტით დადგენილი ნორმების შეუსაბამობა. ამ შემთხვევაში მასში უნდა გაცხადდეს სტანდარტიდან გადახვევის ფაქტი და მოტივი.
ფინანსური ანგარიშგების მომზადების პროცესში უნდა შეფასდეს, აქვს თუ არა ორგანიზაციას საქმიანობის გაგრძელების უნარი. ფინანსური ანგარიშგება უნდა მომზადდეს ფუნქციობადობის პრინციპის გათვალისწინებით, რაც გულისხმობს მის მომზადებასა და წარდგენას მოცემული სტანდარტის მიხედვით მხოლოდ მაშინ, როდესც ორგანიზაცია ინარჩუნებს ფუნქციობადობის უნარს.
ორგანიზაციის ფინანსური ანგარიშგება, გარდა ფულადი ნაკადების შესახებ ანგარიშგებისა, უნდა მომზადდეს დარიცხვის მეთოდის გამოყენებით.
ბუღალტრულ აღრიცხვაში დარიცხვის მეთოდის გამოყენებისას ოპერაციები და მოვლენები უნდა აღიარდეს მათი განხორციელებისთანავე. ისინი უნდა აისახოს იმ პერიოდის ბუღალტრულ რეგისტრებსა და ფინანსურ ანგარიშგებაში, რომელთაც მათი მოხდენის თარიღი შეესაბამება.
შესადარისობის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად ფინანსური ანგარიშგების მუხლების კლასიფიკაცია და წარდგენის ფორმა უნდა შენარჩუნდეს ყოველ მომდევნო საანგარიშგებო პერიოდში.
აუცილებელია ყველა არსებითი მუხლის ფინანსურ ანგარიშგებაში განცალკევებით წარდგენა. არაარსებითი თანხები უნდა გაერთიანდეს ფუნქციების ან შინაარსის ერთგვაროვნების მიხედვით და საჭირო არ არის მათი ცალ-ცალკე წარდგენა.
დაუშვებელია აქტივებისა და ვალდებულებების ურთიერთგადაფარვა, თუ ამას არ მოითხოვს მცირე საწარმოთა ბუღალტრული აღრიცხვის გამარტივებული სტანდარტის რომელიმე ნორმა.
ფინანსურ ანგარიშგებაში ფორმულირებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:
ორგანიზაციის დასახელება ან სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემები;
ბალანსის შედგენის თარიღი ან ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული პერიოდი, რომელიც შეესაბამება ფინანსური ანგარიშგების შესაბამის კომპონენტს;
საანგარიშო ვალუტა;
ფინანსურ ანგარიშგებაში წარდგენილი რიცხვების სიზუსტის ხარისხი.
სტანდარტით მიზანშეწონილია, მაგრამ არა სავალდებულო, გრძელვადიანი და მოკლევადიანი მუხლების ბალანსში განცალკევებულად ასახვა. თუ ორგანიზაცია ბალანსში არ მიჯნავს აქტივებისა და ვალდებულებების გრძელვადიან მუხლებს მოკლევადიანი მუხლებისაგან, მაშინ მათი წარდგენა ხდება ლიკვიდობის ზრდის მიხედვით.
ვალდებულება, რომლის დაფარვაც 12 თვეზე მეტ პერიოდს მოიცავს, ითვლება გრძელვადიან ვალდებულებად.
ბალანსში ორგანიზაციამ უნდა ასახოს ძირითადი საშუალებების, ინვესტიციების, მატერიალური მარაგების, დებიტორების ფულადი სახსრები და მათი ეკვივალენტები, საოპერაციო და სხვა ვალდებულებები, საგადასახადო ვალდებულებები და აქტივები, ანარიცხები, გრძელვადიანი და პროცენტიანი ვალდებულებები, ფონდები და რეზერვები შესაბამისი თანხებით.
თუ ორგანიზაცია ფინანსურ ანგარიშგებაში განაცალკევებს გრძელვადიან და მოკლევადიან მუხლებს, მაშინ ბალანსი, ჩამოთვლილი მუხლების გარდა, უნდა მოიცავდეს ქვეჯგუფების სახელწოდებებს და ჯამურ თანხებს.
საანგარიშგებო პერიოდის საქმიანობის შესახებ ორგანიზაციის ანგარიშგებაში უნდა აისახოს მოცემულ პერიოდში აღიარებული შემოსავლებისა და ხარჯების ყველა მუხლი. მათ მიეკუთვნება: ჩვეულებრივი საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები და ხარჯები და განსაკუთრებული მუხლები.
საქმიანობის შესახებ ორგანიზაციის ანგარიშგებაში უნდა განცალკევდეს შეუზღუდავ, დროებით შეზღუდულ და მუდმივად შეზღუდულ ფონდებთან დაკავშირებული ხარჯები აუცილებელია თითოეულ მათგანში აისახოს შემდეგი მუხლების შესაბამისი თანხები: შემოსავალი; ხარჯების სტრუქტურა; მიმდინარე საოპერაციო საქმიანობის შედეგები; ფინანსური ხარჯები; საგადასახადო ხარჯები; შემოსავლების მეტობა ხარჯებზე ან დეფიციტი; განსაკუთრებული მუხლები; საანგარიშგებო პერიოდის წმინდა შედეგი.
თუ ორგანიზაცია საქმიანობას ახორციელებს მიღებული გრანტების საშუალებით, იგი ვალდებულია, გახსნას დამატებითი ინფორმაცია ხარჯების ფუნქციების შესახებ. დამატებითი ინფორმაცია წარდგენილი უნდა იქნეს გრანტით დაფინანსებული პროექტების მიხედვით. ცალკე მუხლით უნდა იყოს წარდგენილი საანგარიშო პერიოდის წმინდა შედეგი.
რაც შეეხება ზემოთ აღნიშნულ განსაკუთრებულ მუხლებს, მოვლენის განსაკუთრებულობის დასადგენად არ გამოდგება მისი მოხდენის სიხშირე. განსაკუთრებული მუხლების წარმომშობ გარემოებებად უმეტეს შემთხვევაში გვევლინება აქტივების ექსპროპრიაცია; მიწისძვრა ან სხვა სტიქიური უბედურება; სხვა ტიპური ან ანალოგიური ორგანიზაციის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით მიღებული აქტივები.
ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში ცალ-ცალკე აისახება განსაკუთრებული მუხლის შინაარსი და თანხა, ხოლო განსაკუთრებული მუხლის საერთო თანხა აისახება საქმიანობის შედეგების ანგარიშგებაში.
ფინანსურმა ანგარიშგებამ უნდა უზრუნველყოს ორგანიზაციის ფონდების წარდგენა დონორის მხრიდან დაწესებული შეზღუდვების მიხედვით: მუდმივად შეზღუდული ფონდები; დროებით შეზღუდული ფონდები და შეუზღუდავი ფონდები.
დონორის შეზღუდვამ შეიძლება მოითხოვოს, რომ რესურსები გამოიყენებოდეს შემდგომ პერიოდში ან მითითებული თარიღის შემდეგ, ანაც გამოყენებული იყოს მითითებული მიზნებისათვის ან ორივე ერთად. მაგალითად, ფულის ან სხვა აქტივის ჩუქება დაბანდების ისეთი პირობით, რომ უზრუნველყოს შემოსავალი მითითებული ვადისათვის და იგი გამოყენებული იქნეს მითითებული მიზნისათვის, წარმოადგენს დროით და მიზნით შეზღუდულ ფონდს.
სტანდარტში საინტერესოა საანგარიშგებო პერიოდის ფულადი ნაკადების ასახვა, რომლებიც ანგარიშგებაში უნდა აისახოს საოპერაციო, საინვესტიციო და საფინანსო ფულად ნაკადებად დაჯგუფებით. ფულადი ნაკადების ამ სახით დაჯგუფების მიზანია, დადგინდეს თითოეული საქმიანობის ფულადი ნაკადების როლი.
საოპერაციო საქმიანობასთან დაკავშირებული ფულადი ნაკადები ორგანიზაციამ უნდა წარადგინოს პირდაპირი მეთოდით, რომელშიც ნაჩვენები იქნება ფულადი სახსრების შემოსავლისა და გასავლის მთლიანი ნაკადები ძირითადი კატეგორიების მიხედვით.
ცალ-ცალკე უნდა იქნეს წარდგენილი საინვესტიციო და საფინანსო საქმიანობასთან დაკავშირებული ფულადი სახსრების შემოსვლა და გასვლა ძირითადი კატეგორიების მიხედვით.
უცხოური ვალუტით შესრულებულ სამეურნეო ოპერაციებთან დაკავშირებული ფულადი ნაკადები წარდგენილი უნდა იქნეს ორგანიზაციის საანგარიშგებო ვალუტით. გადასაანგარიშებლად გამოყენებული უნდა იქნეს საანგარიშგებო ვალუტასა და უცხოურ ვალუტას შორის გასაცვლელი სავალუტო კურსი ფულადი სახსრების მოძრაობის დღისათვის.
განსაკუთრებულ მუხლებთან დაკავშირებული ფულადი ნაკადები უნდა დაჯგუფდეს საოპერაციო, საინვესტიციო და საფინანსო საქმიანობის მიხედვით და აისახოს განცალკევებით.
გრანტების, პროცენტებისა და დივიდენდების სახით მიღებული და გაცემული ფულადი ნაკადები კლასიფიცირდება საოპერაციო საქმიანობად და აისახება განცალკევებით.
გადასახადებთან დაკავშირებული ფულადი ნაკადები კლასიფიცირდება საოპერაციო საქმიანობად და ცალკე აისახება.
ფინანსურ ანგარიშგებას თან ერთვის განმარტებითი შენიშვნები, სადაც უნდა აისახოს: ფინანსური ანგარიშგებისათვის არსებული საბაზისო ინფორმაცია და მნიშვნელოვანი სამეურნეო ოპერაციებისა და მოვლენების ასახვისათვის შერჩეული და გამოყენებული შესაბამისი სააღრიცხვო პოლიტიკა; მუდმივად შეძღუდული ფონდების ცალკეული კომპონენტები; დროებით შეზღუდული ფონდები.
ორგანიზაციამ უნდა გაამჟღავნოს მისი ადგილმდებარეობა, ქვეყანა, სადაც იგი არის რეგისტრირებული და ოფისის მისამართი; ორგანიზაციის წევრთა და მუშაკთა რაოდენობა საანგარიშგებო პერიოდის დასასრულს ან მათი საშუალო რაოდენობა საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში და რეგისტრიებულ შემომწირველთა სია.
სტანდარტში გადმოცემულ მატერიალურ მარაგებზე, სესხით სარგებლობასთან დაკავშირებულ დანახარჯებზე; სააღრიცხვო პოლიტიკასა და შეცდომებზე და ასევე შემოსავლებზე შემდეგ ნომერში ვისაუბრებთ.