საახალწლო პახმელიაზე მიღებული კანონის თავისებურება და პახმელიაზე მყოფთა დაცვის პრობლემები საქართველოში გარდამავალ ეტაპზე
ემზარ ჯგერენაია
შარშან რაღაც მორიგ კონფერენციაზე ვიყავი ბელარუსში, მინსკში. მეტად დამაინტერესა, სრული და აბსოლუტური დიქტატურის პირობებში როგორ მუშაობდა მათი ეკონომიკა და მშრომელი მასები რა პრობლემებს აწყდებოდნენ. პირველი, რაც მითხრეს, რომ არაყზე იყო სახელმწიფო მონოპოლია და ერთი და იგივე დასახელების არაყს, თუ პახმელიაზე არ მავიწყდება, კრისტალს 40 სახეობისას უშვებს მხოლოდ სახელმწიფო საწარმო.
ასორტიმენტი მეტად შთამბეჭდავია. ასევე, ყველა ე.წ. გასტრონომი ფუნქციონირებს ქალაქში ძველი ლოგოთი და დიზაინით (ჰიპერმარკეტები ქალაქგარეთაა), პროდუქტების გეგმური მოწოდებით და, რაც მთავარია, მკაცრად დამტკიცებული ასორტიმენტის ჩამონათვალით. იქვე კიდია – პრეტენზიების… …. წიგნი…………თუ მომხმარებელმა, ანუ ბელარუსმა ლოთმა ჩაწერა, რომ ამ გასტრანომში არ იყიდებოდა არყის ასორტიმენტიდან “არაყი წიწაკით” ან “დაფნის არომატით”, “შაბიამნის ფერით” – მორჩა, მაგ ობიექტის ხელმძღვანელს ლუკაშენკოს პირადი ინიციატივით შემოღებული კანონით გაანადგურებენ. ანუ სახელმწიფო აკონტროლებს ასორტიმენტსაც. ლაპარაკიც კი არაა ფასების და ხარისხის
კონტროლზე, იქ ყველაფერი ტოტალურად კონტროლდება. მაგრამ განსაკუთრებულად ასორტიმენტი. ასევე იყო სსრ კავშირში და მაშინდელ საქართველოში. მაშინ კი, მაგრამ ახლა საბაზრო ეკონომიკის პირობებში?! იქ გასაგებია, მაგრამ აქ, ჩვენთან მივიღეთ დეკემბრის ბოლოს ნოვატორული კანონი პროდუქციის მავნებლობის და ხარისხის შესახებ, სადაც პირდაპირ წერია ასეთი დეფინიცია -ფალსიფიკაცია სურსათის შემადგენლობის, მახასიათებლების, ასორტიმენტის და წარმოშობის შეუსაბამობა დადგენილ მოთხოვნებთან ან თანდართულ დოკუმენტებში და ეტიკეტში აღნიშნულ მონაცემებთან. რა არის ეს, რა შუაშია ასორტიმენტი??
მე მგონია, აქ აშკარად ტექნიკური ხარვეზია, რადგან ეს 27 დეკემბერს არის მიღებული და საზეიმო სიტუაციაში გაიპარა, არადა, მეწარმემ უნდა შეასრულოს. სხვათა შორის, ფალსიფიკაცია სისხლის სამართლის კანონით ისჯება და შეიძლება დაგიჭირონ, თუ ასორტიმენტი არ გექნებათ სრულად. ამ კანონით ჩვენ ვიცავთ მომხმარებელს. როცა მას ძალიან უნდა ნიკორას ტკაცუნა სოსისი, მაგრამ თუ ის არ იქნა, სრულიად სამართლიანად აღშფოთდება და ნიკორას დასჯის, რადგან სწორედ ამ სახეობის სოსისი ხრენთან ძალიან უხდება პახმელიას. ჰოდა, სწორია! რატომ უნდა ჩაუშხამდეს ეს სიამოვნება ადამიანს, ამიტომაც უნდა დაისაჯოს .. მაგრამ ვინ? რა თქმა უნდა – საწყალი მეწარმე! ამ შემთხვევაში ფალსიფიკატორი – ნიკორა, რომელმაც არ დაიცვა ასორტიმენტის ჩამონათვალი. აბა, ის კაცი ისედაც პახმელიაზეა, თავისი გაჭირვება ეყოფა და იმას ხომ არ დავსჯით, ისედაც დასჯილია. თუ კანონშემომქმედი გულისხმობს ეტიკეტის შAეუსაბამობას შიგთავსთან, ესევე უნდა დაეწერა. ეს იქ, ბელარუსში შეიძლება, მაგრამ აქ, საქართველოში, თავისუფალი ეკონომიკის ქვეყანაში უხერხულია და იმედია, საახალწლო პახმელიის შემდგომ, გაზაფხულის სესიაზე კანონს გავასწორებთ.