რედაქტორისაგან

ჯემალ ინაიშვილი

მოგესალმებით, ჩვენო ერთგულო მკითხველებო, და მინდა ვისურვო, რომ 2006 წელი, რომელიც ამინდისა და მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ჭირვეულობით დაიწყო, ყოფილიყოს პროდუქტიული და ბედნიერი. ჩვენ კი მათ, ვინც კვლავ დარჩა ჟურნალ საქართველოს ეკონომიკის ხელმომწერად, მრავალ სიახლეს ვთავაზობთ.

მათგან უმთავრესია ახალი ვებ გვერდები – www.geoeconomics.ge და geoeconomics.com, რომლებიც იმით გამოირჩევა, რომ ადგილობრივი პროვაიდერების გარდა, ევროპაშიც დარეგისტრირდა, რათა ადვილად ხელმისაწვდომი იყოს ჩვენი უცხოელი მკითხველებისათვის და მათთვისაც, ვისაც საქართველოს ეკონომიკაზე სიახლეების გაგება სურს. იცვლება ჟურნალის დიზაინი და ფორმატიც. 128 გვერდიდან 25% ფერადი იქნება და ახალი დიზაინით გამოვა. ჟურნალი გაუთანაბრდება დასავლურ სტანდარტებს.
ახალ დიზაინს უზრუნველყოფს დიზაინერი ალექსანდრე კასრაძე. შეიცვლება რუბრიკებიც. ძირითად მიზნად ბიზნესისა და მომხმარებლების დაცვა დავისახეთ. ამიტომაც ჩვეულ რუბრიკებს დავუმატეთ მომხმარებლების ინტერესების დაცვა. ამ ნომერში გთავაზობთ უახლეს ცვლილებებს საკასო აპარატების მოხმარებასთან დაკავშირებით, სადაც მეტად გაზრდილია საჯარიმო სანქციები და გაფართოებულია იმ მეწარმეთა წრე, რომლებიც ვალდებულნი არიან, გამოიყენონ
აპარატები და დაიცვან ტრანსპორტირების წესები. ასევე მეტად მნიშვნელოვანია რუბრიკით – ნავთობი და გაზი შემოთავაზებული სტატია, სადაც მიმოვიხილავთ მსოფლიოსა და საქართველოს ნავთობის ბაზარზე არსებულ სიტუაციას და ტენდეციებს 2006 წლისათვის. მეტად საინტერესოა მსოფლიო ეკონომიკის
მიმოხილვა და ამ სფეროში არსებული სურათი რეგიონულ ჭრილში – თუ რა ვითარებაა მოსალოდნელი ამერიკისა და ევროპის ბაზარზე, ასევე მზარდ აზიურ ბაზარზე და რას უნდა ველოდოთ მსოფლიო ეკონომიკაში ნავთობის მაღალი ფასებისა და გამწვავებული საერთაშორისო კონფლიქტების პირობებში.
გთავაზობთ მსოფლიოსა და საქართველოს ეკონომიკური მოვლენების, ჩვენი აზრით, მეტად მნიშვნელოვან მოკლე ანოტაციას. რუბრიკით – ეკონომიკური რეფორმები ამ ნომრის მთავარი თემაა სტანდარტიზაციის და მეტროლოგიის რეფორმირების საკითხები, რაც ეხება ყოველ ბიზნესმენსა და მოქალაქეს-როგორც მომხმარებელს.
რადგან ეს სფერო დავისა და კამათის საგანია, ბევრი რამე შეიცვალა 2006 წლის დასაწყისიდან. საკითხავია, რამდენად არის ჩვენი კვების მრეწველობა და საერთოდ ჩვენი ბაზარი მზად ამისათვის, რამდენად სწორი გზით მივდივართ და როგორ ვასრულებთ საერთაშორისო ვალდებულებებს. მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, შემდეგ ნომერში ჩვენ ვაპირებთ ამ თემაზე დისკუსიის გაგრძელებას. შეიძლება, თქვენი აზრების გათვალისწინებით კონფერენციაც მოვაწყოთ. რუბრიკით – საბუღალტრო და საგადასახადო მაცნე გთავაზობთ სტატიებს არაკომერციული იურიდიული პირების საბუღალტრო აღრიცხვისა და დღგ-ის გადამხდელის რეგისტრაციის პრობლემებზე. ვიწყებთ ეკონომიკური უსაფრთხოების, ფულის გათეთრების და აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ეკონომიკურ პრობლემებზე დისკუსიას. ამ წლიდან შევუდგებით ბიზნეს ეტიკეტის გამოცდილების გაზიარებას. ვფიქრობთ, დამწყებ თუ მოქმედ ბიზნესმენებს ეს საკითხი დააინტერესებთ. ტრადიციულად, გთავაზობთ ადგილობრივი
ბაზრის მიმოხილვას და სტატისტიკურ კიდობანს. ასევე რუბრიკით – მეცნიერება საქართველოს ეკონომიკის მეტად მწვავე საკითხებზე მეცნიერულ კვლევებს.
იმედია, არ დაგვზარდებით, შეგვატყობინოთ ყველა სიახლეზე თქვენი აზრი და შენიშვნა, რაც მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ საერთო საქმეს ქვეყნის ეკონომიკის აღმშენებლობას ვემსახურებით.