დაჯგუფების თავისებურებანი სოციალური კვლევის პროცესში
რუსუდან ქინქლაძე
სოციალურ სტატისტიკაში, სადაც საქმე გვაქვს მასობრივ საზოგადოებრივ მოვლენებთან და პროცესებთან, სოციალური კლასების, ფენებისა და ხალხთა კოლექტივებისაგან შემდგარ სტატისტიკურ ერთობლიობასთან, რომლის ცალკეული ერთეულების თვისებები აღიწერება ერთი ან ნიშანთა რიგის მეშვეობით, პირველადი მონაცემები სათანადოდ მოწესრიგებული, ცხადად წარმოდგენილი და შინაარსობრივი ანალიზისა და დასკვნების დასაბუთებისათვის ხელსაყრელი უნდა იყოს.
ამისთვის გამოიყენება სტატისტიკური დაჯგუფების მეთოდი, რომელიც მასალების დამუშავებისა და ანალიზის ყველა სახის სტატისტიკური მეთოდის გამოსაყენებლად აუცილებელ მოსამზადებელ საშუალებას წარმოადგენს. მისი გამოყენება პირველადი სოციალურ-სტატისტიკური ინფორმაციის ანალიზის დროს მრავალი თავისებურებით ხასიათდება.
დაჯგუფების დროს მნიშვნელოვანია, სწორად შევარჩიოთ ძირითადი ნიშნები ერთობლიობიდან ცალკეული ჯგუფების გამოსაყოფად და მათში თვისებრივად ერთგვაროვან ერთეულთა გასაერთიანებლად. სწორედ ამ ნიშანთა შერჩევა განსაზღვრავს დასკვნების სისწორეს და ამიტომაც ჯერ შევჩერდეთ მათ ბუნებაზე.
ნიშნების საყოველთაოდ მიღებულ კლასიფიკაციასთან ერთად სოციალურ სტატისტიკაში გვხვდება ნიშანთა ისეთი კლასიფიკაცია, რომელთა გარეშე შეუძლებელია სოციალურ მოვლენათა სტატისტიკური შესწავლის ამოცანათა გადაწყვეტა.
ცნობილია, რომ სოციალურ სტატისტიკაში უფრო ფართოდ გამოიყენება არარაოდენობრივი, ატრიბუტული ნიშნები, ვიდრე რაოდენობრივი. რაოდენობრივ ნიშანს, რომელიც იყოფა წყვეტილ (დისკრეტულ) და უწყვეტ ნიშნებად, სოციალურ სტატისტიკაში წარმოადგენს დროითი ნიშანი. პირველ რიგში, ეს არის მოქმედების მდგომარეობის ხანგრძლივობა (მაგალითად, ქორწინებაში ყოფნა, სწავლის ხანგრძლივობა და ა. შ.), მეორეც, დროში შესასწავლი მოვლენის ისტორიული დახასიათება, დინამიკა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ყველა უწყვეტი ნიშანი სოციალურ სტატისტიკაში წარმოდგენილია დისკრეტული სახით.
სოციალურ სტატისტიკაში განიხილავენ ნიშანთა ასეთი სახის კლასიფიკაციას:
– გამოსახვის ფორმის მიხედვით;
– დამახასიათებელი თვისების მიხედვით;
– დროში ცვლილების უნარისა და ცალკეული ადამიანის მიერ ნიშნის შეძენის წესის მიხედვით.
გამოსახვის ფორმის მიხედვით დაჯგუფება ხდება ალტერნატიული ნიშნების საშუალებით, რომლებსაც ორი ურთიერთგამორიცხავი მნიშვნელობა აქვთ.
სოციალურ სტატისტიკაში გამოყოფენ დემოგრაფიულ და სოციალურ-ეკონომიკურ ნიშნებს. დემოგრაფიულ ნიშნებს მიეკუთვნება – სქესი, ასაკი, ოჯახური მდგომარეობა, ოჯახში ინდივიდის სტატუსი. ისინი მოსახლეობის ბუნებრივი მოძრაობის დამახასიათებელი ნიშნებია და რადგანაც მჭიდროდ არის დაკავშირებული მოსახლეობის სოციალურ ცხოვრებასთან, საჭიროა მათი სოციალურ სტატისტიკაში განხილვა.
დემოგრაფიული და სოციალური ნიშნები ერთიერთდაკავშირებული არიან და ერთმანეთს განაპირობებენ. მიუხედავად ამისა, მაინც აუცილებელია მათი დაყოფა, რადგან სხვადასხვაა მათი წარმოშობის, არსებობის ბუნება და შეძენის პირობები.
სოციალურ სტატისტიკაში ნიშნების კლასიფიკაციის მესამე ასპექტია – დროითი და ნიშნები იყოფა:
– შეძენის მომენტის მიხედვით;
– ცვლილების შესაძლებლობის მიხედვით;
– მათი წარმოქმნის გარდუვალობისა და რიგითობის მიხედვით.
შეძენის მომენტის მიხედვით ნიშნები ქმნიან დაბადებისას მიღებულ და მთელი ცხოვრების მანძილზე შეძენილი დემოგრაფიული და სოციალური ნიშნების ჯგუფს. ადამიანს არ შეუძლია, შეარჩიოს ან შეცვალოს ნიშნები, რომლებიც მიიღო დაბადებისას: დაბადების თარიღი, რომელიც მიამაგრებს მას გარკვეულ თაობასთან; ოჯახის შემადგენლობა, დაბადების ადგილი, რომლითაც მისი მოქალაქეობა განისაზღვრება; მშობელთა და ოჯახური გარემოს სტატუსი და ა.შ. ეს ნიშნები თაობის დახასიათების საფუძველია.
ადამიანი როგორც დემოგრაფიული, ისე სოციალური ნიშნების დიდ ნაწილს თავისი ცხოვრების განმავლობაში შეიძენს. შეძენილ დემოგრაფიულ ნიშნებს მიეკუთვნება ბავშვობის ასაკიდან (0-14) უფროს ასაკში გადასვლა, მშობელთა ასაკი (15-49) და წინაპართა ასაკი 50 წლის ზევით. შეძენილი ნიშნების თანმიმდევრობა კი ასეთია – ვაჟიშვილი, მამა, ბაბუა. ამასთან, შეუძლებელია ყველა დემოგრაფიულ ნიშანთა ერთდროულად შეძენა. ისინი ასაკის მიხედვით ცვალებადი დემოგრაფიული ნიშნებია და ეს მდგომარეობა დგება მეტ-ნაკლებად გარდუვალად და მკაცრი რიგითობის მიხედვით – არ შეიძლება, ჯერ იყო ბაბუა, შემდეგ მამა და ა.შ.
უფრო რთული სიტუაციაა სოციალური ნიშნების შეძენასთან დაკავშირებით. მათგან მხოლოდ ნაწილი, რომელიც ასაკთანაა დაკავშირებული, არ შეირჩევა ადამიანის მიერ. მაგალითად, ადამიანი იძენს (კარგავს) შრომისუნარიანობას. ნაწილი კი ცხოვრების მანძილზე შეიძინება პიროვნების თავისუფალი არჩევანის საფუძველზე, რა თქმა უნდა, არსებული საზოგადოებრივი მდგომარეობისა და ვითარების ფარგლებში. იგი იძენს ცოდნას, იღებს განათლებას, პროფესიას, ირჩევს სამუშაო ადგილს, საქმიანობის სფეროს, საცხოვრებელ ადგილს. ეს ნიშნები ცვალებადია, არ ხასიათდება მკაცრი რიგითობითა და გარდაუვალობით. დროთა განმავლობაში ადამიანის მიერ შეძენილი ან დაკარგული ნიშნების (ოჯახური მდგომარეობა, შრომითი მოწყობა, განათლება, პროფესია და სხვ.) ცვლილებათა სოციალური დახასიათება, განაწილებათა ტრადიციულ სტატისტიკურ ანალიზთან ერთად, დემოგრაფიული პროცესების მოდელების – დემოგრაფიული ცხრილების მეშვეობით ხდება.
როგორც დემოგრაფიული, ისე სოციალური შეძენილი ნიშნები ფლობენ შეძენის აუცილებლობისა და ცვლილებებისადმი მდგრადობის სხვადასხვა ხარისხს.
შეძენილი ნიშნები პოტენციური ნიშნებია, რომელთა მიხედვით ჯგუფების სტატისტიკურ ანალიზს ენიჭება კიდევ ერთი თვისება – ზოგიერთი გაანგარიშება ატარებს პროგნოზულ ხასიათს. უნდა აღინიშნოს, რომ შეძენილი და შენაცვლებითი ნიშნები, რომლებიც წარმოადგენენ ადამიანის პირადი არჩევანის, საქციელის შედეგს, ხასიათდება ვარიაციის მაღალი ხარისხით.
სოციალურ სტატისტიკაში დაჯგუფების ამოცანათა გადასაჭრელად გამოიყენება ყველა სახის სტატისტიკური დაჯგუფება ტიპოლოგიური, სტრუქტურული, ანალიზური. უნდა აღინიშნოს, რომ დაჯგუფების სახეებიდან სოციალურ სტატისტიკაში გამოიყოფა ტიპოლოგიური დაჯგუფება. სტრუქტურული დაჯგუფება განსხვავდება იმ თვისებით, რომ ჯგუფური ნიშანი არ არის, ან თითქმის არ არის დამუშავებული, ყველა პოზიცია ატრიბუტულია და რაოდენობრივად თანასწორუფლებიანი. მაგალითად, მოსახლეობის განაწილება ეროვნების, პროფესიის, საქმიანობის მიხედვით და ა.შ. მაგრამ სტრუქტურული დაჯგუფება თავისი ინფორმაციულობით მაინც წარმოადგენს ნედლეულს ტიპოლოგიური დაჯგუფებისათვის. ის, თავის მხრივ, საფუძვლად უდევს იმ ანალიზურ დაჯგუფებებსაც, რომლის საფუძველზეც ხდება მიზეზობრივი და შედეგობრივი ნიშნების სხვადასხვა სოციალური ურთიერთკავშირების არსებობისა და მიმართულების გამოკვლევა.
სოციალურ სტატისტიკაში დაჯგუფებებს გამოიყენებენ ნიშანთა რიცხვის მიხედვით. გამოსაკვლევ სოციალურ მოვლენათა დიფერენციაციის ძირითადი ნიშნებია: დასახლების ტიპი, სქესი, ეროვნება, სოციალური ჯგუფი. ამ ნიშნებით დაჯგუფებული ინფორმაციის მეორადი დაჯგუფება ხორციელდება უკვე კვლევის მიზნებიდან გამომდინარე.
იმისდა მიხედვით, გამოიყენება თუ არა დაჯგუფებისათვის რაოდენობრივი ან თვისებრივი ნიშანი, დაჯგუფებას ახასიათებს თავისებურებანი. რაოდენობრივი ნიშნების შემთხვევაში (ასაკი, მუშაობის სტაჟი, ხელფასი და ა.შ.) დაჯგუფება გულისხმობს ნიშნების ცვლილებათა მთლიანი დიაპაზონის ინტერვალებად დაყოფას და თითოეულ ინტერვალში საანალიზო ერთეულთა რიცხვის დადგენას. მაგალითად, რესპონდენტების დაყოფა ასაკის მიხედვით შეიძლება შემდეგ ჯგუფებად: 20 წლამდე, 21-30 წელი, 31-40, 41-50, 51-60, 60 წლის ზევით. ასეთი სახის დაჯგუფება საშუალებას გვაძლევს, კომპაქტურად, მოხერხებული სახით წარმოვადგინოთ გამოსაკვლევი ერთობლიობის განაწილება მოცემული ნიშნის მიხედვით. დაჯგუფების რაოდენობრივი ნიშნის მიკუთვნებისას დგება ინტერვალების სიდიდისა და მათი თანაბარზომიერების შერჩევის საკითხი, რომელიც განისაზღვრება საანალიზო ინფორმაციის ერთგვაროვანების ხარისხის მიხედვით.
შესაძლებელია დაჯგუფების განსხვავება ინტერვალების ტიპის – თანაბარი და არათანაბარი სიდიდისა და, შესაბამისად, ჯგუფების ოდენობის მიხედვით. როგორც წესი, ანკეტის დამუშავების ეტაპზე შეირჩევა თანაბარი ინტერვალები, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა გადაწყვეტილია მონაცემთა პირველადი დამუშავების, მთლიანად ერთობლიობის სტრუქტურის რეპრეზენტატივობის საკითხი. ამასთან, პირველი და ბოლო ინტერვალების ზღვარი ხშირად რჩება ღიად, რათა მიღებული ინფორმაცია სრულად მოვიცვათ.
ინტერვალების რიცხვის განსაზღვრისას გამომდინარეობენ რიცხობრივი ნიშნისა და შინაარსობრივი მნიშვნელობით გამოყოფილი ინტერვალების საკმაოდ ზუსტი და დეტალური წარმოდგენის კრიტერიუმებიდან. მეტისმეტად მსხვილი ინტერვალების შერჩევა, როგორც წესი, იწვევს ინფორმაციის “დაკარგვას, ანალიზის შინაარსობრივად სხვადასხვა ერთეულების გადაადგილებას ერთი ინტერვალის ფარგლებში. მეტისმეტად დანაწილებული ინტერვალები კი – მცირერიცხოვანი და შინაარსობრივად არაწარმომადგენლობითი ჯფუფების გამოყოფას. აქედან გამომდინარე, ნიშნის ცვლილებას ყოფენ არაუმეტეს 15-20 ჯგუფად. ამასთან, თითოეულზე, როგორც წესი, უნდა მოდიოდეს ნიშნის ინდივიდუალური მნიშვნელობის არაუმეტეს 15-20 პროცენტისა.
რაოდენობრივი ნიშნის ინტერვალებად დაყოფის ამოცანა ისახება როგორც ანკეტის შედგენის, ასევე ინფორმაციის დამუშავების ეტაპზე. დამუშავების შედეგები საშუალებას იძლევა, გამოვლინდეს რაოდენობრივი ნიშნის ცვლილების დიაპაზონში ანალიზის ერთეულთა სიხშირის განაწილება, ობიექტების განსაზღვრული ტიპები, რომლებიც განსხვავდებიან შესასწავლი მაჩვენებლების მიხედვით. დაჯგუფების ამ ეტაპზე ხდება არა მარტო მონაცემთა რეპრეზენტატივობის, არამედ ობიექტების შინაარსობრივად მნიშვნელოვანი ტიპების გამოყოფის ამოცანის დასმა. ამასთან, შესაბამისი რაოდენობრივი ნიშნის ინტერვალები შეიძლება არ იყოს ტოლი და გამოკვლევის მიზნების მიხედვით ერთმანეთისაგან განსხვავდებოდეს.
თვისებრივი ნიშნების მიხედვით დაჯგუფების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს თითოეული საანალიზო ერთეულის ნიშნის მიკუთვნების შესაძლებლობა და უტოლდებოდეს შესასწავლი ერთობლიობის რიცხოვნობას, რაც მნიშვნელოვანია გამოთვლების კონტროლისათვის. ანკეტის ნებისმიერ კითხვაზე პასუხთა სავარაუდო ვარიანტების დაჯგუფებასთან ერთად, გამოიყოფა იმ ანკეტათა რიცხვიც, რომელშიც არ არის აღნიშნული კითხვის სავარაუდო პასუხი, ვინაიდან ვარიანტთა სიხშირეების ჯამი აუცილებლად უნდა უტოლდებოდეს ანკეტათა რიცხვს.
ისევე, როგორც რაოდენობრივი ნიშნების შემთხვევაში, დამუშავების ეტაპზე თვისებრივი ნიშნის გრადაციების მიხედვით საანალიზო ერთეულთა განაწილების შესწავლის საფუძველზე შეიძლება ჩატარდეს გადაჯგუფება, რაც გაანაწილებს საანალიზო ერთეულთა შინაარსობრივად ახლო მდგომ ტიპებს.
ცალკეული ნიშნების მიხედვით დაჯგუფება გამოიყენება ამ ნიშნების მიხედვით საანალიზო ერთეულთა ერთობლიობის განაწილების რეპრეზენტატიულობისათვის. დაჯგუფება ორი და მეტი ნიშნის მიხედვით გამოიყენება ნიშნებს შორის ურთიერთკავშირის შესაფასებლად. ამასთან, გაიანგარიშება საანალიზო ერთეულთა რიცხვი ამ ნიშნების გრადაციების კომბინაციებისათვის.