კიდევ ერთხელ სამეგრელოს ეკონომიკური პოტენციალის უკეთ გამოყენების საკითხებზე
ფატი შენგელია, ეკ. მეცნ. კანდიდატი
საქართველოში განვითარებულმა რევოლუციურმა მოვლენებმა განაპირობა ქვეყნისა და მისი რეგიონების ეკონომიკის მდგრად და უსაფრთხო განვითარებაზე გადასვლა, რაც ფაქტობრივად ნიშნავს ეროვნული მეურნეობის ჭრილში ჩვენი რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის უფრო ეფექტურად გამოყენებასა და მისი სტაბილური განვითარების უზრუნველყოფას.
სამეგრელო-ზემო სვანეთში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის, ტერიტორიული ერთეულების მმართველობითი და თვითმმართველობითი ორგანოების მიერ გაწეულია სერიოზული მუშაობა, რის შედეგადაც მიღწეულია ეკონომიკური განვითარების შედარებით მაღალი ტემპები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ეკონომიკური რეფორმების თანმიმდევრული გატარებისა და საგადასახადო საქმიანობის ეფექტურობის ამაღლებისათვის ღონისძიებების გატარებამ ხელი შეუწყო საბიუჯეტო-საფინანსო მდგომარეობის რადიკალურად გაუმჯობესებას, ზრდის ტემპების დაჩქარებას მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, ვაჭრობის და მომსახურების სფეროში.
სტატისტიკური მონაცემებით, 2005 წელს წარმოებულია მოქმედ ფასებში 29925,4 ათასი ლარის სამრეწველო პროდუქცია, ანუ 2004 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის ტემპმა 137,4% შეადგინა. მაღალი მაჩვენებლები აქვთ წალენჯიხის (ზრდის ტემპი 253,5%), ზუგდიდის (153,7%), სენაკის (134,7%), მარტვილის(124,7% რაიონებს. შესადარ ფასებში პროდუქციის მოცულობამ შეადგინა 26,2 მლნ. ლარი (ზრდის ტემპი 124,1%)%. მრეწველობაში საერთო ტენდენციის გაუმჯობესების მიუხედავად, ჯერ კიდევ არსებული რესურსული პოტენციალი მთლიანად არ არის ამოქმედებული. საწარმოთა დიდი ნაწილი მუშაობს მცირე დატვირთვით, განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაშია ჩაის გადამამუშავებელი მრეწველობა. 52 ჩაის ფაბრიკიდან მუშაობს მხოლოდ 17 მცირე საწარმო, ისიც ნაწილობრივი დატვირთვით.
რეგიონის სამრეწველო საწარმოთა უმეტესი ნაწილი ფიზიკურად და მორალურად გაცვეთილი მანქანა-დანადგარებითა და მოძველებული ტექნოლიგიით ფუნქციობს, რაც უშუალოდ აისახება მათ მიერ წარმოებული პროდუქციის ხარისხსა და თვითღირებულებაზე. თუ ასეთი საწარმოების მიმართ სახელმწიფო გაატარებს შეღავათიანი საპროცენტო განაკვეთით სესხების გაცემის პოლიტიკას, მაშინ მათ მიერ წარმოებული პროდუქცია კონკურენტუნარიანი იქნება და დიდ მოგებას მოუტანს როგორც საწარმოს, ისე ქვეყნის ეკონომიკას.
რეგიონში საბაზრო ურთიერთობის დამკვიდრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა კერძო მეწარმეობისა და მცირე ბიზნესის განვითარება. კერძო მეწარმეობის სტიმულირების მიზნით უნდა დაიხვეწოს ქვეყნის საგადასახადო პოლიტიკა, მეტი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ უცხოელ თუ ადგილობრივ ინვესტორებს კონკრეტული საინვესტიციო პროგრამის თაობაზე, რაც ხელს შეუწყობს უცხოური ინვესტიციების მასშტაბების გაზრდას და კერძო ბიზნესის განვითარებას.
2005 წლის მონაცემებით, რეგიონში სოფლის მეურნეობის პროდუქცია 209 მლნ ლარამდე გაიზარდა, რაც 2004 წლის მაჩვენებლების 107,6% შეადგენს. ამ მაჩვენებლის მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნებოდა ზუგდიდის (120,6%), სენაკის(150,6%), წალენჯიხის (111,1%) რაიონებში.
სამეგრელოს რეგიონში სტუმრობისას საქართველოს პრეზიდენტმა ბრძანა: ზუგდიდი ტურიზმის ცენტრი უნდა გახდესო, მართლაც ერთ-ერთი ძირითადი დარგი, რომლის აღორძინებაც, ჩვენი აზრით, რეგიონს დიდ შემოსავალს მოუტონს, არის ტურიზმისა და საკურორტო მეურნეობის განვითარება. მართალია, ამ მიმართულებით დაწყებულია სამუშაოები, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია იმ უამრავი პრობლემის გადასაჭრელად, რაც ამ ბოლო წლებში დაგროვდა ამ დარგში. რეგიონს უნიკალური პოტენციალი აქვს ტურიზმის განვითარებისათვის – მდიდარი რეკრეაციული რესურსები, ისტორიული ძეგლები, ეკლესიები, მღვიმეები, ჩანჩქერები, მინერალური და ბალნეოლოგიური წყლები, კურორტები: ცაიში, ლებარდე, ოცინდალე, მუხური,მენჯი, ანაკლია. თუ ზემოთ ჩამოთვლილი კურორტები თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად მოეწყობა, ეს ფაქტორი ხელს შეუწყობს დამსვენებელთა ნაკადების მოზიდვას და ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტის გაზრდას. სათანადო ეკონომიკურმა სამსახურებმა მთელი ძალისხმევა უნდა მიმართონ ამ სფეროში სახსრების მოზიდვის მიმართულებით.
სამწუხაროდ, ისევ ყურადღების მიღმა დარჩა ერთ დროს გახმაურებული ანაკლიის პორტის საქმე, რომელსაც საქართველოს გეოეკონომიკური და გეოპოლიტიკური ხელსაყრელი მდებარეობიდან გამომდინარე, რეგიონის ეკონომიკის განვითარებაში თვალსაჩინო წვლილის შეტანა შეეძლო. სპეციალისტთა გაანგარიშებით, ანაკლიაში შესაძლებელია 5 მლნ. ტონა ტვირთბრუნვის საპორტო კომპლექსის აშენება, პრაქტიკულად შეუზღუდავი სამეურნეო ტერიტორიით. რაც ჩვენი აზრით, მრავალ პრობლემურ საკითხს მოაგვარებს ქვეყანაში, კერძოდ: გაიზრდება საქართველოს საპორტო პოტენციალი, ვინაიდან პორტის აშენება ნავარაუდევია ღრმაწყლიანი ნავსადგურებისთვის დამახასიათებელი ტვირთების გათვალისწინებით. ამასთან, დასაქმდება რეგიონის სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალი; მოგვარდება რეგიონიდან უცხოეთში გასატანი და უცხოეთიდან შემოსატანი პროდუქციის ტრანსპორტირების საკითხი; კეთილმოეწყობა პორტის მიმდებარე ტერიტორია, აღორძინდება კურორტი ანაკლია და, რაც მთავარია, მნიშვნელოვნად გაიზრდება ბიუჯეტის შემოსავლები, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ აღმავლობას.
რეგიონში არსებული რესურსული პოტენციალი შესაძლებლობას იძლევა, განხორციელდეს შემდეგი ღონისძიებები: ორგანიზებულ იქნეს წყაროს სასმელი წყლის გადამუშავება-რეალიზაცია; ცნობილია, რომ რეგიონში წყლის მარაგი პრაქტიკულად ამოუწურავია და, როგორც ლაბორატორიული გამოკვლევებით დადგინდა, აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. მსოფლიო ბაზარზე დღევანდელი მდგომარეობით მაღალია მტკნარ წყალზე მოთხოვნა. წყლის ტრანსპორტირება შესაძლებელია ფოთის ნავსადგურის მეშვეობით. საჭირო დაფინანსების შემთხვევაში ქვეყანა მტკნარი წყლის ექსპორტიდან დიდ შემოსავალს მიიღებს. რეგიონში არსებული ტორფის, დოლომიტებისა და სხვა სახის თიხის დიდი მარაგების ბაზაზე მიზანშეწონილია ორგანული სასუქების წარმოება. მსოფლიოში დღეს გამოკვეთილი ტენდენციების თანახმად, თანდათან გამოიდევნება არაორგანული სასუქები და დაინერგება ორგანული. მათი გამოყენება მნიშვნელოვნად გაზრდის სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობას, ხოლო გარე ბაზარზე მისი რეალიზაციიდან მიღებული თანხა ხელს შეუწყობს როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის ეკონომიკურ აღორძინებას;
რეგიონის ბუნებრივი პირობების გათვალისწინებით მიზანშეწონილია, განხორციელდეს ტყის ფონდის მიწებზე კაკალნაყოფთა (თხილის), დაფნის, აკაციის, ხილკენკროვანი და სამკურნალო მცენარეების გაშენება. ამ ბოლო დროს შეინიშნება თხილის ნაყოფზე დიდი მოთხოვნა მისი ექსპორტირების მიზნით, რაც დადებითად აისახება როგორც მოსახლეობის ცხოვრების დონეზე, ასევე მთლიანად ქვეყნის ბიუჯეტზე. ამასთან, ხდება თხილის გადამამუშავებელი მცირე საწარმოების გახსნა, სადაც მართალია, მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც შეიმჩნევა მოსახლეობის დასაქმება.
დიდია მოთხოვნა სამკურნალო მცენარეებზე როგორც შიგა, ისე თანამეგობრობის ქვეყნების ბაზარზე, ამიტომ მთავრობამ უნდა გამონახოს სახსრები ამ სფეროს დასაფინანსებლად, ვინაიდან უახლოეს პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზრდება ქვეყნის სავალუტო შემოსავალი სამკურნალო მცენარეების რეალიზაციის შედეგად.
რეგიონის ტრადიციულ დარგებში – მეფუტკრეობაში, მეაბრეშუმეობაში, მეღვინეობაში (ოჯალეშის-წარმოება) დაგროვილი უდიდესი გამოცდილების რეალიზაციის მიზნით მთავრობამ მიზანშეწონილია, დააფინანსოს ამ დარგების განვითარების კონკრეტული პროგრამები, რაც დიდ შემოსავალს მოუტანს როგორც რეგიონს, ისე მთლიანად ქვეყანას.
რეგიონში არსებული ჰიდრორესურსული პოტენციალის ათვისების მიზნით, მიზანშეწონილია უცხოური ინვესტიციების მოზიდვა. ეს მოგვცემს შესაძლებლობას, გადავარჩინოთ ტყის მასივები გაკაფვა-განადგურებას და დავაკმაყოფილოთ ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნა ელექტროენერგიაზე, ხოლო უცხოეთის ბაზარზე მისი ნამეტის რეალიზაცია მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის ბიუჯეტის სავალუტო შემოსავალს.
სამეგრელოს რეგიონში ბუნებრივი რესურსების სახით არსებული უდიდესი ეროვნული საგანძურის კანონზომიერად გამოყენებისთვის აუცილებელია ბუნების დაცვისა და ეკოლოგიური სამსახურის მუშაობის გააქტიურება. რეგიონის ეკოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, უნდა გამკაცრდეს კონტროლი ტყის მასივების, ცხოველთა სამყაროსა და თევზის რესურსების მოხმარებაზე. ვინაიდან ტყის მასივების მასობრივად გაკაფვამ მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა რეგიონის მოსახლეობა.
რეგიონის ეკონომიკის დარგობრივი სტრუქტურის ცალკეული დარგების განხილვამ დაგვანახა, რომ ძალიან ბევრია გასაკეთებელი, რათა გამოიკვეთოს პრიორიტეტები, რომელთა გადაწყვეტა აუცილებელია ეკონომიკური მდგომარეობის კიდევ უფრო გაუმჯობესებისათვის.