სამთო ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში, კურორტ ბაკურიანის მაგალითზე
ვაჟა შუბლაძე, პროექტის “ბორჯომი-2014” გენერალური მენეჯერი გიგი ყუფარაძე, პროექტის “ბორჯომი-2014” მენეჯერი
მსოფლიოში ტურიზმის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, მზარდი და შემოსავლიანი სეგმენტია სამთო და სამთო-სათხილამურო ტურიზმი. იგი კარგადაა განვითარებული დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში, აზიისა და სამხრეთ ამერიკის მრავალ სახელმწიფოში, აშშ-ში, კანადაში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში და ა. შ.
საქართველოს ამ კუთხით უდიდესი ბუნებრივი პოტენციალი აქვს. იმ პირობებში, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ტურიზმი განვითარების საწყის ეტაპზეა და ქართული ტურისტული პროდუქტის მრავალფეროვნება მეტად მწირია, სამთო და სამთო-სათხილამურო ტურიზმი ერთ-ერთი მთავარი სახეა, რომელზეც დღეს მოთხოვნა არსებობს, როგორც საერთაშორისო, ისე შიდა ტურიზმის მხრიდან.
ამ კუთხით ჩვენი ქვეყნისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კურორტ ბაკურიანისა და დაბა გუდაურის განვითარება. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ბაკურიანის ბუნებრივ პირობებს, აქ არსებულ ბუნებრივ სამკურნალო რესურსებს და შედარებით ხანგრძლივ მაღალ ტურისტულ სეზონს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მის განვითარებას უფრო კარგი პერსპექტივა აქვს, ვიდრე რომელიმე სხვა სამთო კურორტს.
კურორტის დახასიათება
ბაკურიანი ქალაქის ტიპის დაბაა ბორჯომის რაიონში, 37 კმ-ზე სადგურ ბორჯომიდან. შედის ბორჯომ-ბაკურიანის კურორტების ჯგუფში. მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე მცირე კავკასიონის სისტემაში, 1700 მ-ის სიმაღლეზე ზღვის დონიდან. კურორტის ტერიტორია და მისი მიდამოები მდიდარია მცენარეულობით: მუქწიწვოვანი ჯიშების ტყის მასივებით (ნაძვი, სოჭი), ტყეების საზღვრების ზემოდან იწყება ალპური მდელოები. კურორტი ფუნქციოებს 1936 წლიდან.
ბაკურიანი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში სათხილამურო შეკრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრთაგანი იყო. აქ ხშირად ეწყობოდა საკავშირო და საერთაშორისო შეჯიბრებები სპორტის ზამთრის სახეობებში.
კურორტის კლიმატის თავისებურება განპირობებულია მისი მდებარეობით სუბტროპიკულ ზონაში მთის შედარებით მაღალ სიმაღლეზე. გაზაფხული აქ მოკლეა. შემოდგომაზე უფრო გრილა და ამინდიც არამდგრადია. ზაფხული ზომიერად გრილია (აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა +140C). სექტემბრის ბოლოს უკვე თავს იჩენს სუსხი. ზამთარი ზომიერად რბილია (იანვრის საშუალო ტემპერატურაა -5,60C). დამახასიათებელია მზიანი დღეები დიდი რაოდენობით და ზომიერად ყინვიანი დღეების სიჭარბე. თოვლი დევს 4,5 თვის განმავლობაში, დეკემბრიდან შუა აპრილამდე. ნალექების რაოდენობა წელიწადში 800 მმ-ს უახლოვდება. ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა 57-65%-ს შორის მერყეობს. მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში 2000 საათს აღემატება. აქედან ზაფხულის პერიოდზე მოდის 650 საათი. საკმაოდ მაღალია ულტრაიისფერი რადიაციის ინტენსივობა, ძლიერი ქარები, როგორც წესი, არ არის დამახასიათებელი.
მთის მშრალი ჰაერი, გაჟღენთილი წიწვოვანი ტყეების არომატით, მზის რადიაციის სიუხვე და სხვა, ქმნის ხელსაყრელ პირობებს სუნთქვის ორგანოთა ქრონიკული არატუბერკულოზური ხასიათის, მათ შორის, ბრონქული ასთმით დაავადებულთა სამკურნალოდ. კურორტის თავისებური კლიმატი გამოიყენება, აგრეთვე გამაჯანსაღებელი და პროფილაქტიკური ღონისძიების ჩასატარებლად, განსაკუთრებით მოზარდთა შორის.
მოკლე ისტორიული ექსკურსი
გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს საქართველო წლის განმავლობაში იღებდა 4-4.5 მილიონ ტურისტს. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა აფხაზეთის შავი ზღვის სანაპირო, კურორტი წყალტუბო და ბორჯომ-ბაკურიანის კურორტთა ჯგუფი.
კურორტი ბაკურიანი ყოფილ საბჭოთა კავშირში ითვლებოდა ყველაზე ცნობილ და პრესტიჟულ ზამთრის კურორტად. აქ იყო განლაგებული საკავშირო დაქვემდებარების სამინისტროებისა და უწყებების დასასვენებელი სახლები, პანსიონატები და სანატორიუმები.
სპორტის ყველა სახეობის საკავშირო ნაკრები გუნდები წინასაშეჯიბრო შეკრებებს გადიოდნენ ბაკურიანში, ეს ეხებოდა ზამთრის ყველა სახეობას და ზაფხულის სახეობათა უმეტესობას.
ფრენის შემდგომ სარეაბილიტაციო კურსს ბაკურიანში გადიოდა კოსმონავტების დიდი ჯგუფი.
რა თქმა უნდა, ამას ემატებოდა საბჭოთა და უცხოელ ტურისტთა დიდი რაოდენობა.
ყოველივე ამის გამო კურორტი ფუნქციონირებდა მთელი წლის განმავლობაში და გამოირჩეოდა დატვირთვის ძალიან მაღალი პროცენტით.
80-იან წლებში იგეგმებოდა ბაკურიანის წარდგენა 1988 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის კანდიდატურად, რასთან დაკავშირებითაც ჩატარდა გარკვეული კვლევები, მათ შორის, ფრანგი სპეციალისტების მიერ და ბაკურიანის შესაძლებლობებს მიეცა ძალზე მაღალი შეფასება.
XX საუკუნის 90-ანი წლების დასაწყისში საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა ზოგადად ტურიზმის ინდუსტრიას და, მათ შორის კურორტ ბაკურიანსაც.
მკვეთრად გაუარესდა ზოგადი ინფრასტრუქტურა, დაინგრა და გაიძარცვა სპორტულ ნაგებობათა უმეტესობა, კატასტროფულად იკლო ტურისტთა რაოდენობამ და ა. შ.
მიუხედავად ასეთი მდგომარეობისა, განსხვავებით სხვა ცნობილი კურორტებისაგან, ბაკურიანს არც ერთ წელს არ შუწყვეტია ფუნქციონირება და ამ მძიმე პერიოდშიც ზამთრისა და ზაფხულის სეზონებზე აქ გარკვეული რაოდენობის ტურისტი მაინც ისვენებდა.
1997-98 წლებიდან უკვე თავი იჩინა დატვირთვის ზრდის დადებითმა დინამიკამ, რასაც მოჰყვა შეთავაზების მატება და დაიწყო ინფრასტრუქტურისა და ტურისტთა განთავსების ახალი ობიექტების მშენებლობა.
არსებული მდგომარეობა
დღეისათვის ბაკურიანში არის მოქმედი 569 სასტუმრო ნომერი, 1281 საწოლ ადგილზე.
ბაკურიანს, საქართველოს ყველა სხვა კურორტთან შედარებით, ყველაზე ხანგრძლივი საკურორტო სეზონი აქვს, რომელიც დაახლოებით 6,5-7 თვე გრძელდება.
აქედან გამომდინარე, ბაკურიანში, სასტუმრო ბიზნესში ან სხვა ტურისტულ ინფრასტრუქტურაში ჩადებული ინვესტიციების ამოღების ხანგრძლივობა ნაკლებია, ვიდრე სხვა კურორტებზე.
ამ მხრივ ბაკურიანის მიმზიდველობაზე მეტყველებს ისიც, რომ ბოლო წლებში აქ მრავალი კერძო სასტუმრო და სასტუმრო სახლი აშენდა. ბოლო წლებამდე ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნაში ჩადებული იყო მხოლოდ ქართული ინვესტიციები, მაგრამ უკანასკნელ ხანს გამოიკვეთა რამდენიმე საერთაშორისო ინვესტორის დაინტერესებაც (ფრანგები, რუსები, გერმანელები და სხვა).
ძალზე მნიშვნელოვანია ბაკურიანის განვითარებისათვის ის ფაქტი, რომ გაკეთებულია განაცხადი 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობაზე და ბორჯომი დაფიქსირებულია ერთ-ერთ აპლიკანტ ქალაქად.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში წარდგენილი განაცხადი მაღალ პროფესიულ დონეზეა მომზადებული, მასში განხილულია მრავალი ფაქტობრივი მასალა, ჩატარებულია სერიოზული კვლევები, მოცემულია ბაკურიანის განვითარების საინტერესო და ორიგინალური კონცეფცია, რაც ინვესტორთათვის მნიშვნელოვანი მასალაა და მათ დიდ ყურადღებას იმსახურებს.
განაცხადში გააზრებულია საქართველოში ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩატარების კონცეფცია, მოტივაცია და პროექტის არსი, სატრანსპორტო მომსახურებისა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სრული სქემა, საცხოვრებლით უზრუნველყოფის კონცეფცია, შედგენილია რელიეფური რუკები და ოლიმპიურ ნაგებობათა “master-plan”-ი, გააზრებულია თამაშების უსაფრთხოება და ფინანსური უზრუნველყოფის მასშტაბი, მოცემულია სამთავრობო და პოლიტიკური მხარდაჭერის გარანტიები.
ყველაფერი გააკეთეს საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა და ოლიმპიურმა ფონდმა (თავმჯდომარე – ბ. პატარკაციშვილი), რომ ეს ოლიმპიური განაცხადი შეექმნა ქართულ ჯგუფს, ამასთან, სპეციალურად იქნა მოწვეული დიდი გამოცდილების მქონე ევროპული გუნდი, რომელის კონსულტაციების შედეგად (გერმანული კომპანია “ებერნტ-ინტერნეიშენალი”) შეიქმნა მაღალი დონის საერთაშორისო პროექტი, რომელიც დადგენილ ვადაში (2006 წლის 1 თებერვლამდე) წარდგენილ იქნა ლოზანაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაში ფრანგულ და ინგლისურ ენებზე. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ პროექტ “ბორჯომი-2014”-ის მენეჯერთა ჯგუფი მივლინებულ იქნა ტურინში ზამთრის თამაშებზე, სადაც მიღეს ჩვენი ქვეყნისთვის დღემდე არნახული გამოცდილება ოლიმპიური თამაშების, ასეთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიების, ჩატრების ორგანიზაციის მართვის პროცესების შესახებ – შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ დღეს საქართველოს ჰყავს უკვე გამზადებული მენეჯერთა ჯგუფი, სამომავლოდ დიდი საერთაშორისო მასშტაბის პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების უნიკალური გამოცდილებით.
ამას გარდა, ოლიმპიურმა განაცხადმა გამოიწვია ბორჯომის და, კერძოდ, ბაკურიანის დადებითი საერთაშორისო იმიჯის შექმნა, მისადმი ინტერესის ზრდა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე, რასაც, ბუნებრივია, მოჰყვა მოთხოვნის გაზრდა. საბაზრო ეკონომიკის პრინციპებიდან გამომდინარე, ყოველივე ამის შედეგი იქნება, გაზრდილი მოთხოვნის შესაბამისი შეთავაზების მიწოდება.
ბაკურიანისადმი ინტერესის ზრდის მაჩვენებელია ისიც, რომ წლეულს, 13 მარტს საქართველოში ჩამოვიდა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (მტო) ორი ექსპერტი ჯონ ინრაითი და ჯოზეფ ზენჰაუზერნი, რომლებიც პირადად მტო-ს გენერალური მდივნის, ბატონ ფრანჩესკო ფრანჯიალის დავალებით არიან მოვლინებულნი.
მათი ვიზიტის მიზანია საქართველოში სამთო ტურიზმის განვითარების master-plan-ის შემუშავება.
ეს არის მტო-ს მიერ ჩვენი ქვეყნისათვის გაწეული მნიშვნელოვანი დახმარება, რადგან ექსპეტთა დაფინანსება ხორციელდება მტო-ს მიერ, რაც ამ ორგანიზაციის პრაქტიკაში მეტად იშვიათი შემთხვევაა.
საქართველოში ყოფნისას ექსპერტები შეისწავლიან ბაკურიანსა და გუდაურს. ჩატარებული კვლევების ანალიზის საფუძველზე მათ მიერ დამუშავდება ჩვენს ქვეყანაში სამთო ტურიზმის განვითარების კონკრეტული გეგმა, მისი კონცეფცია.
ტურიზმის სფეროში მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ დამუშავებული მასტერ-პლან-ის არსებობა ბუნებრივად გამოიწვევს უცხოელი ინვესტორების მეტ დაინტერესებასა და ნდობის ამაღლებას საქართველოს სამთო კურორტებისადმი.
აღნიშნული კველევების პარალელურად, მიმდინარე წლის მარტში ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ბაკურიანში ჩატარდა მარკეტინგული და სტატისტიკური კვლევები, რომელთა მიზანი იყო აქ არსებული პრობლემების შესწავლა, მათი ანალიზი, სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფის გამოკვეთა, მათი წარმომავლობა, ბაკურიანში სტუმრობის მიზანი, მსყიდველუნარიანობა და იმ შეთავაზებათა გამოვლენა, რომლებისადმი ინტერესსაც გამოხატავენ ბაკურანში მყოფი ადგილობრივი თუ უცხოელი ტურისტები.
კვლევის შედეგად მიღებული ციფრები საინტერესოა და გარკვეული დასკვნებისა და რეკომენდაციების საშუალებას იძლევა.
ბაკურანში გამოკითხულ დამსვენებელთა 16% 16-24 წლის ასაკისაა, 46%- 25-34 წლისა, 33%-35-49 წლისა და მხოლოდ 5%-ია 50 წლის ზემოთ.
დამსვენებელთა 68% ისვენებს ოჯახთან, ხოლო 32%-მეგობრებთან ერთად.
პირველად იმყოფებოდა ბაკურიანში ტურისტთა 12%, ხოლო 88% ტრადიციულად ისვენებს ამ კურორტზე.
სასტუმროთი სარგებლობს დამსვენებელთა 48%, 12% ღამეს ათევს სასტუმრო სახლში, ხოლო 40% იყენებს მოსახლეობის კერძო ბინებს.
ბაკურიანში ბიზნესის მიზნით იმყოფება დამსევენებელთა 3%, დასვენების მიზნით 31%, დასვენება და სპორტი -25%, კონფერენციის მონაწილენი ტურისტთა 1%-ს შეადგენენ, პროფილაქტიკისა და მკურნალობის მიზნით კი 27 % ჩამოდის.
ბაკურიანში ვიზიტის მიზნები:
ბაკურიანში ყოფნის ხანგრძლივობა:
ერთი დღე-ღამის განმავლობაში განთავსების ხარჯი დამსვენებელთა 1%-სათვის 10 ლარზე ნაკლებია, 46% იხდის დღეში 10-30 ლარს, 18%-30-60 ლარს, ხოლო 5%-60-100 ლარს.
ვიზიტორის საშუალო დღიური ხარჯი (ღამისთევის ღირებულების გარეშე) ასე ნაწილდება:
მომხმარებელთა 3% უკმაყოფილოა განთავსების საშუალებით, დამაკმაყოფილებლად მიაჩნია 22%-ს, კარგად აფასებს 57%, ხოლო ძალიან კარგად – 18%.
დამსვენებელთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ბაკურიანში არასაკმარისია დამატებითი შეთავაზებები (ინტერნეტ-კაფეები, გასართობი ობიექტები, კულტურული ტურები, ციგურები, ფიტნეს კლუბი, სათავგადასავლო ტურები), რაშიც ისინი სიამოვნებით გადაიხდიდნენ დამატებით თანხას.
უცხოელ ექსპერტთა დასკვნები
საქართველოში ტურიზმის განვითარების ეროვნული კონცეფციის თანახმად, რომელიც ევროკავშირის ექსპერტების მიერაა შემუშავებული, შიდა ტურიზმში დომინირებს სამი ტურისტული პროდუქტი, მათგან ერთ-ერთია “ზამთრის დასვენება ძირითადად ბაკურიანსა და გუდაურში” (საქართველოში ტურიზმის განვითარების ეროვნული კონცეფცია, თავი 1.1.1), ხოლო საერთაშორისო ტურისტული ბაზრობებისათვის ძირითადად ხდება ე.წ. “აღმოჩენითი ტურიზმის” შეთავაზება. ამ ტურებში წარმოდგენილია “ლაშქრობები, სამთო ტურიზმი, ეკოლოგიური და ბუნებისგაცნობითი ტურები და მარშრუტები სპეციალური თემატიკის მიხედვით. აქედან გამომდინარე, უცხოელ მომხმარებელზე ორიენტირებულია პრაქტიკულად ერთი ტიპის ტურისტული პროდუქტი. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ტურისტული პროდუქტი მეტად მიმზიდველია, გათვლილია მაღალშემოსავლიან კლიენტურაზე და ამის გამო მნიშვნელოვან ყურადღებას იმსახურებს ყველა ტურისტულ პროგრამაში, იგი მთლიანი ტურისტული მოთხოვნის ერთ სეგმენტს მოიცავს.” (საქართველოში ტურიზმის განვითარების ეროვნული კონცეფცია, თავი 1.1.1).
ამავე კონცეფციის სტრატეგიულ ნაწილში უცხოელი ექსპერტები პირველ მარკეტინგულ სტრატეგიად სწორედ, სამთო ტურიზმის განვითარებას ასახელებენ. მათი აზრით, “საქართველოში ასეთი ტურების უპირატესობა განპირობებულია სათანადო და მდიდარი ბუნებრივი შესაძლებლობებით. ამასთან, რეგიონში არსებული არასტაბილურობისა და უსაფრთხოების პრობლემები ამ ტიპის მომხმარებლებისათვის, სვა მიზნობრივ ჯგუფებთან შედარებით, ნაკლებად ხელისშემშლელ ფაქტორად აღიქმება.
დასავლეთ ევროპა უახლოეს პერიოდში დარჩება აღმოჩენითი და სათავგადასავლო ტურისტული პროდუქტის გასაღების უპირატეს ბაზრად, თუმცა პოტენციურ ბაზრებად განხილული უნდა იყოს:
– აშშ;
– იაპონია, სამხრეთ კორეა;
– კავკასიაში მცხოვრები არარეზიდენტები (საქართველოში ტურიზმის განვითარების ეროვნული კონცეფცია, თავი 8.1.2).
იმავე ევროპელი ექსპერტების მოსაზრებით, აუცილებელია საქართველოში სამთო ტურიზმის სეგმენტის განვითარებაზე განსაკუთრებული ზრუნვა. “ასეთი ტიპის მოგზაურობები შეიძლება იყოს: ტრეკინგი, სამთო ველოტურები, მთის მდინარეებზე სწრაფდაშვება, მთამსვლელობა, კანიონინგი, მეკლდეურობა, საცხენოსნო ტურები, სათხილამურო მოგზაურობა და სხვა, მაგალითად, საქართველოში მოქმედი ჰელი-სკიინგის პროგრამის წარმატება ნათლად აჩვენებს ასეთი ტიპის ტურების ეფექტურობას.
ამ ტიპის ბაზრის სეგმენტი ვიწროა, მაგრამ ხასიათდება ზრდის მკვეთრი ტენდენციით. ასეთი ტიპის პროდუქტის რეალიზაციის წარმატებას ხელს უწყობს მისი ე.წ. “აღმოჩენითი ხასიათი.
… პროდუქტი მოითხოვს ფასი/ხარისხის მაღალ მაჩვენებლს და ხასითდება ბუნებისადმი ფაქიზი დამოკიდებულებით. (საქართველოში ტურიზმის განვითარების ეროვნული კონცეფცია, თავი 8.2, ეტაპი 2).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ საქართველოს და, კერძოდ, ბაკურიანს, აქვს სამთო ტურიზმის განვითარებისათვის უნიკალური პირობები. ტურიზმის ამ სეგმენტს ახასიათებს ზრდის მკვეთრი ტენდენცია, ორიენტირებულია მაღალშემოსავლიან და ნაკლებპრეტენზიულ მომხმარებელზე და აქვს გასაღების ფართო ბაზარი როგორც საერთაშორისო, ისე შიდა ტურიზმში.