ზამთარი უკან იხევს, ნავთობზე ფასები კი შეტევაზე გადადის

რედაქციისაგან

ნავთობი კვლავ ძვირდება ლონდონი – აშშ-ის მთავრობის მიერ მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, სადაც ნაჩვენები იყო, რომ მანქანების საწვავის შიდა მომარაგება შემცირებულია, გადაუმუშავებელი ნავთობის ფიუჩერსმა ბარელზე 74 აშშ დოლარს გადააჭარბა. მონაცემების თანახმად, შარშანდელთან შედარებით უკანასკნელი ოთხი კვირის მანძილზე ბენზინზე მოთხოვნა 1%-ით გაიზარდა. ნიუ იორკის ბირჟაზე Light sweet crude-ის მაისის მისაღებმა ფასმა 84 ცენტით მოიმატა და 74 დოლარს მიუახლოვდა ბარელზე, ანუ შარშანდელთან შედარებით 20%-ით გაძვირდა.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ერთი ბარელი ნავთობის ფასი 80 დოლარს მიუახლოვდება. Nymex-ის საწვავის ფიუჩერსმა 5.16 ცენტით მოიმატა და გალონზე 1.9471 დოლარი შეადგინა, გასათბობი ნავთობი 1.3 ცენტით გაძვირდა და 1.8688 დოლარს მიაღწია გალონზე. ბუნებრივი აირის ფიუჩერსი 7.069 დოლარია 1 000 კუბურ ფუტზე. გასაყიდი ბენზინი 2.59 დოლარია ერთ გალონზე, რაც 37 ცენტით ძვირია შარშანდელთან შედარებით. გადაუმუშავებელი ნავთობის მიწოდების საკითხი ბურუსითაა მოცული, რადგან დასავლეთსა და ირანს შორის კვლავ დაძაბულობაა, ნიგერიაში კი არეულობა, რაც ნავთობის წარმოებას აფერხებს, ნიგერია გადაუმუშავებელი ნავთობის სიდიდით მეხუთე ექსპორტიორია აშშ-ში.
(Reuters, 05.04.06-06.04.06)

ბანგლადეშს არარეალურად იაფი ფასები აქვს ენერგეტიკაზე – აცხადებს მაჰმუდარ რაჰმანი
ბანგლადეშის მთავრობის მრჩეველი ენერგეტიკის დარგში მაჰმუდარ რაჰმანი ამბობს, რომ ბანგლადეშს ენერგეტიკაზე დაბალი ფასები აქვს. ხოლო თუ ბიზნესმენებს სინგაპურის მსგავსი საინვესტიციო კლიმატი სურთ, მაშინ მათ სინგაპურის ენერგეტიკის ფასებიც უნდა გადაიხადონ. იგი ამბობს, რომ ენერგეტიკის ფასების ხელოვნურად შემცირებით მთავრობამ ბიზნესმენებს კომფორტული გარემო შეუქმნა. ამის შემდეგაც კი ბიზნესმენები ამბობენ, რომ ქვეყნის საინვესტიციო კლიმატი სინგაპურისას არ ჰგავს. მაჰმუდი კი დაჟინებით იმეორებს, რომ ბანგლადეში ამ მხრივ სინგაპურს სჯობს. იგი აცხადებს, რომ თურქეთის ბუნებრივი აირის ფასი მისი ქვეყნისას 10-ჯერ აღემატება, ხოლო ბენზინი ინდოეთში ბევრად უფრო ძვირია, ვიდრე ბანგლადეშში. თანაც, მის ქვეყანაში დიზელზეც არ ყოფილა კრიზისი და არც ახლო მომავალში იქნება.
(The Independent, 04.04.06)

რუსეთი ბელორუსიას გაზს უძვირებს
რუსეთის გაზის ექსპორტიორი კომპანია, რომელიც ამ საკითხში პირველობას არავის უთმობს ბელორუსს უცხადებს, რომ მომავალში მან ბუნებრივი აირისათვის სამჯერ მეტი უნდა გადაიხადოს. გაზპრომი მოლაპარაკებებს ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკასთან აწარმოებს და აცხადებს, რომ სურს ბელორუსმა გაზის იმპორტისათვის ევროპული ტარიფების შესაბამისად გადაიხადოს. ბელორუსი მოსკოვის მოკავშირეა, იგი ერთადერთი ექს-საბჭოთა რესპუბლიკა იყო, რომლისთვისაც შარშან რუსეთს გაზი არ გაუძვირებია. ბელორუსში იმედოვნებენ, რომ ძველი მოკავშირეობის საფუძველზე ორივე ქვეყისთვის მისაღები კომპრომისის მიღწევას შეძლებს. გაზპრომმა უკრაინას გაზი უყოყმანოდ შეუწყვიტა, როდესაც კიევმა კომპანიის მიერ მოთხოვნილი გაზრდილი საფასურის გადახდაზე უარი თქვა. ამჟამად ბელორუსი რუსეთის გაზისთვის 46 აშშ დოლარს იხდის 1 000 კუბურ მეტრ ბუნებრივ აირზე, რაც ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე დაბალი ფასია. გაზპრომის ვიცეპრეზიდენტი ალექს რიაზანოვი აცხადებს, რომ მომავალში ბელორუსმა გაზისთვის უფრო ძვირი უნდა გადაიხადოს. მან HTV-ს არხზე გამოსვლისას განაცხადა, რომ დსთ-ის ქვეყნებისთვის გაზრდილი ფასები პოლიტიკური გადაწყვეტილება კი არ არის, არამედ რეალური ეკონომიკაა, რომელშიც ვცხოვრობთ. ექსპერტები აცხადებენ, რომ ბელორუსის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ეკონომიკა რუსეთის იაფი გაზის გარეშე პრობლემებს წააწყდება.
(bbc.co.uk, 04.04.06-06.04.06)

ვენესუელა დიდ ნავთობს ხელს კრავს
კარაკასი – ვენესუელა მსოფლიოს უძლიერეს ნავთობის კომპანიას ExxonMobil-ს პრეტენზიებს უყენებს. ნავთობით მდიდარი ვენესუელა ნავთობკომპანიებს მოგების დიდ წილს სთხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყნის დატოვებით ემუქრება. ნავთობის მინისტრი რაფაელ რამირესი აცხადებს, რომ ExxonMobil-ი იმ კომპანიებიდან ერთ-ერთია, რომელიც უკანასკნელ ხანებში პოლიტიკური ცვლილებების მიღებას ქვეყნის დატოვებას ამჯობინებს. ვენესუელა დიდ ნავთობს ხელს კრავს ნავთობის მზარდი ფასების, შუა აღმოსავლეთში, ნიგერიაში პოლიტიკური არეულობის და აზიაში ახალი მყიდველების გამოჩენის ფონზე. რის შედეგადაც, მსოფლიოს მეხუთე ნავთობის ექსპორტიორი მომგებიან პოზიციაზე აღმოჩნდა. რამირესი კი აცხადებს, რომ მათ სხვა აქტიური პარტნიორებიც ყავთ რუსეთის სახელმწიფოს კომპანიის, ირანის, ჩინეთისა და ინდოეთის ჩათვლით.
(Associated Press, 30.03.06-07.04.06)

რუსეთი სომხურ გაზს გააკონტროლებს
რუსეთის გაზპრომი სომხურ გაზსადენსა და მის სადგურებს გააკონტროლებს. სამაგიეროდ, გაზისთვის სომხები 2009 წლამდე ევროპული ტარიფების ნახევარს გადაიხდიან. ეს რუსეთის მონოპოლისტის ფართო გეგმის ნაწილია, რომელიც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების გაზმომარაგების ფლობას გეგმავს. რუსეთი აცხადებს, რომ ბუნებრივი აირის ფასი 1 000 კუბურ მეტრზე 110 დოლარი უნდა იყოს. ანუ არსებულ ფასზე თითქმის ორჯერ მეტი, რაც რუსული მხარის კომენტარით, ევროპულ ტარიფებთან შედარებით ბევრად იაფია. სომხეთი გაზით რუსეთზეა დამოკიდებული. მაგრამ, მას სხვა ქვეყნიდანაც სურს ბუნებრივი აირის იმპორტი. ახალი შეთანხმების თანახმად, გაზპრომს შესაძლებლობა ეძლევა 40 კმ-ის სიგრძიანი გაზსადენი აკონტროლოს, რომლის მეშვეობითაც სომხეთს ირანიდან გაზი მიეწოდება. რუსეთს აგრეთვე ეძლევა შესაძლებლობა რაზდან 5-დან, ელექტროენერგიის ექსპორტი აწარმოოს. ამბობენ, რომ რუსეთი ენერგომატარებლებს ეკონომიკურ და პოლიტიკურ თამაშში ბოროტად იყენებს. გაზპრომი მეზობელი ქვეყნებისათვის გაზის გაძვირებას ლამობს. მაგრამ, დიდ წინააღმდეგობებს აწყდება. კომპანიის მიზანია, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკას გაზი 1000 კუბურ მეტრზე, 250 დოლარად მიყიდოს. Mმაგრამ, ასეთი ნაბიჯები დიდ ზიანს აყენებენ იმ ქვეყნებს, რომელთა ეკონომიკაც მტკივნეულად არის დამოკიდებული იაფფასიან ბუნებრივ აირზე.
(bbc.co.uk, 07.04.06-10.04.06)

ბენზინი კვლავ ძვირდება
ნიუ იორკი – აშშ-ში ბენზინის საცალო ფასმა ბოლო დროს 7%-ით მოიმატა. მაგრამ, ანალიტიკოსების მტკიცებით, მომხმარებლები მალე შვებით ამოისუნთქავენ, რადგან ბენზინით მომარაგება გაიზრდება. 7 აპრილისათვის ერთი გალონი ბენზინი 2.665 დოლარი ღირდა. მომდევნო დღეებში მან 16.51 ცენტით მოიმატა. დაახლოებით ერთი თვის მანძილზე კი 42.4 ცენტით გაძვირდა.
(Reuters, 10.04.06-11.04.06)

რა ღირს ენერგომატარებლები?
ნიუ იორკი – აპრილის დასაწყისში გაკეთებული მთავრობის მოხსენების შემდეგ, რომელიც ნავთობით მომარაგების ზრდას ეხებოდა, ნავთობი იაფდება. თანდათან მისი ფასი სარეკორდო დონის პოზიციებს თმობს. აშშ-ისlight crude-ის მაისის ფიუჩერსი 36 ცენტით გაიაფდა და ბარელზე 68.62 დოლარი შეადგინა. მაგრამ, მოსალოდნელზე მეტად მცირდება საწვავით მომარაგება. ამიტომ მისი ფიუჩერსი 3.67 ცენტით გაძვირდა. ბენზინით მომარაგება 3.9 მილიონი ბარელითაა შემცირებული. გასათბობი ნავთობისა და დიზელის საწვავის კი 4.2 მილიონი ბარელით.
ბუნებრივი აირის ფასებიც ნავთობისას მიჰყვება. წლის დასაწყისიდან გაზი 14%-ითაა გაძვირებული. მნიშვნელოვნად დიდ როლს თამაშობს არასამართლიანი ძალადობა ნავთობის მწარმოებელ ისეთ წამყვან ქვეყნებზე, როგორებიცაა ირანი, ნიგერია, ვენესუელა და რუსეთი. მაგრამ, პოლიტიკა ამბის მხოლოდ ერთი ნაწილია. ბოლო წლებში ნავთობი, რომელიც 2002 წლის შემდეგ 3-ჯერ გაძვირდა დიდი განსჯის საგანი ხდება. მოთხოვნა-მიწოდება დიდ როლს თამაშობს. დიდი მოთხოვნაა აშშ-ისა და განვითარებადი ქვეყნებიდან – ჩინეთი და ინდოეთი.
(CNN.Money.com, 12.04.06-14.0.06)

ნავთობის საშუალო ფასი წლის ბოლოს 100 დოლარი იქნება
ნიუ იორკი – გამოკვლევებმა ცხადყო, რომ აშშ-ის ნავთობის საშუალო ფასი წლის ბოლოსთვის 100 დოლარი იქნება ბარელზე. ეს კი ნავთობის მთავარი ექსპორტიორების გლობალური მოთხოვნა – მიწოდების გაურკვევლობის ფონზე მოხდება. აშშ-ში გადაუმუშავებელი ნავთობის ფასი 60 დოლარზე ქვემოთ არ ჩამოვა. 2006 წლის ჯიუტად მაღალმა ფასებმა ენერგომატარებლებზე შესაძლოა აშშ-ის კორპორაციების შემოსავლებისა და მომხმარებელთა დანახარჯების კლება გამოიწვიოს. ნავთობის ფასების ზომიერების შემთხვევაში აშშ-სა და სხვა ქვეყნებში ინფლაციაც ზომიერი იქნება. ნავთობის ექსპორტიორ ქვეყნებში, ნიგერია, ერაყი, ირანი, დესტაბილიზაციამ აშშ-ის გადაუმუშავებელი ნევთობის ფიუჩერსი 13%-ით გააძვირა. პროგნოზების თანახმად, აშშ-ში light sweet crude oil-ის საშუალო ფასი 74 დოლარი იქნება ერთ ბარელზე წლის მეორე მეოთხედში. 78 – მესამეში. მეოთხე მეოთხედში კი – 95.
ნიგერიაში წარმოების შეფერხება, პოლიტიკური არასტაბილურობა ერაყში და დაძაბულობა ირანის ატომური პროგრამის გარშემო, ისედაც შევიწროვებული წარმოების უნარიანობას ამცირებს და იქმნება ფონი, რომელიც ნავთობის გაძვირებას პროვოცირებას უწევს.
(Reuters, 11.04.06-15.04.06)

ნავთობის ფასი კვლავ შეტევაზეა
ვაშინგტონი – ნავთობის ფასმა კვლავ დიდი ნახტომი გააკეთა და ბარელზე 72 აშშ დოლარზე მაღლა აიწია. ნავთობი მას შემდეგ გაძვირდა, რაც გაკეთდა მთავრობის განცხადება ბენზინით მომარაგების შემცირების თაობაზე. მოვაჭრეებს ირანის გარშემო ატეხილი აურზაურიც აშფოთებთ.
ერაყში, ნიგერიასა და გალფის ყურეში მომარაგების შეზღუდვაც ნავთობის გაძვირების ერთ-ერთი მიზეზი ხდება. ანალიტიკოსები წინასწარმეტყველებენ, რომ ზაფხული მძღოლებისათვის, რომლებიც, როგორც ჩანს, მოთხოვნის შესამცირებლად მუხრუჭს არ მიმართავენ, კრიზისული იქნება. მაისისთვის light sweet crude-ის ფასი 72.40 დოლარს მიუახლოვდება ბარელზე, რაც წინა თვესთან შედარებით 82 ცენტითაა გაძვირებული. 2009 წლის ივლისამდე ნავთობის ფიუჩერსების კონტრაქტი 70 დოლარი ღირს ბარელზე.
აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტი აცხადებს, რომ ბენზინით ქვეყნის მომარაგება მოსალოდნელზე მეტად შემცირდა – 5.4 მლნ ბარელით და 202.5 მლნ ბარელი შეადგინა, რაც გასულ წელთან შედარებით 4.6%-ით ნაკლებია. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ზაფხულისთვის ბენზინის ფასის “მტკივნეული ზრდაა” მოსალოდნელი, ხოლო ნავთობის ფასი 80 დოლარი იქნება ერთ ბარელზე. ენერგეტიკის დეპარტამენტის მოხსენების თანახმად, წლის დასაწყისის შემდეგ ბენზინზე ყოველდღიური საშუალო მოთხოვნა 0.9%-ით გაიზარდა, 2005 წელს კი 1.4%-ით.Nymex-ის ბენზინის ფიუჩერსი 1.55 ცენტით გაძვირდა და 2.2394 დოლარი შეადგინა ერთ გალონზე, შარშანდელთან შედარებით ის 40%-ითაა გაზრდილი. 38%-ით გაძვირდა გადაუმუშავებელი ნავთობის ფასი. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ირანის გარშემო ატეხილი განგაშის დროის მოკლე მონაკვეთში შეწყვეტა მოსალოდნელი არ არის, მაგრამ ცოტა ადამიანს თუ სურს ნავთობის მომარაგების შემცირება.
მოვაჭრეები აღშფოთებულნი არიან აშშ-ის მცდელობით, გამოიწვიოს ირანის – OPEC-ის სიდიდით მეორე წევრის, უკმაყოფილება. მაგრამ ბუში აცხადებს, რომ თავიდან უნდა აიცილონ ირანში ატომური იარაღის არსებობა. ირანის მთავრობა კი აცხადებს, რომ ნავთობის ფასი მის “რეალურ ღირებულებაზე” ბევრად იაფია. ამერიკელი ანალიტიკოსი ფადელ გეითი მიიჩნევს, რომ ირანი დასავლეთს ნავთობით მომარაგებას არ შეუმცირებს, რადგან ამ ქვეყნის ეკონომიკისთვის ნავთობს საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ლონდონში ბრენტ ცრუდე-ის ფიუჩერსი 9 ცენტით გაიაფდა და მისმა ფასმა ერთ ბარელზე 72.42 დოლარი შეადგინა.
(Associated Press, 19.04.06-20.04.06)

“წყალბადის საწვავიანი მანქანები სულელური ოცნება არ გახლავთ”, აცხადებს ჯორჯ ბუში
დასავლეთ კალიფორნია – 22 აპრილს, დედამიწის დღის აღნიშვნისას პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა, რომ ტექნოლოგიის განვითარებას შეუძლია აშშ ნავთობისგან დამოუკიდებელ ქვეყანად აქციოს. დემოკრატები საწვავის გაძვირების მიზეზით თეთრი სახლის ენერგოპოლიტიკას მკაცრად აკრიტიკებენ. ნავთობის ფასი კვლავ რეკორდებს ხსნის. ბენზინი კი რამდენიმე რაიონში 3 დოლარი ღირს. ბუში მკაცრ ზაფხულს წინასწარმეტყველებს და ჯერ ამით შემოიფარგლება. ის აცხადებს, რომ ენერგომატარებლების გაძვირება სერიოზული პრობლემაა და დაუყოვნელივ გადაჭრას მოითხოვს. დემოკრატები ნოემბრის არჩევნებისათვის აშშ-ის კონგრესზე გავლენის მოპოვებას ვარაუდობენ. ისინი ხშირად პოპულისტურ განცხადებებს აკეთებენ, რაც დიდ ნავთობკომპანიებსა და მათთან რესპუბლიკელთა კავშირს ეხება. ბუშმა აშშ-ის მოსახლეობას მოუწოდა არ მიეჯაჭვონ ნავთობს. მაგრამ, პოლიტიკოსები ამბობენ, რომ მას ცოტა რამის გაკეთება შეუძლია პრობლემის მოკლე მონაკვეთში გადასაჭრელად. პრეზიდენტი წყალბადის საწვავზე დიდ იმედებს ამყარებს. მიაჩნია, რომ გარემოს ის ნაკლებად დააბინძურებს და ბენზინზე უფრო ეფექტური იქნება. მისი აზრით, წყალბადის საწვავი მომავლის საწვავია. ექსპერტთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ წყალბადის საწვავზე დამოკიდებული მანქანების გამოშვება უახლოეს ორ-სამ დეკადაში შეუძლებელია. მაგრამ, პრეზიდენტი ამას დაჟინებით მოითხოვს. ფლორიდის დემოკრატი ნელსონი აცხადებს, რომ კრიზისი ახლოვდება. ამიტომ, ამერიკის მთავრობამ უნდა იმოქმედოს, რათა გაძვირებულმა საწვავმა და უცხოურ ნავთობზე დამოკიდებულებამ აშშ-ის ეკონომიკასა და სამხედრო ძალებს პრობლემები არ შეუქმნან.
ნავთობის ფასი 75 დოლარს აღწევს ერთ ბარელზე. ასე რომ, ამერიკელებმა გამოსავალი სწრაფად უნდა მოძებნონ.
(Reuters, 22.04.06-25.04.06)