საინვესტიციო პროექტების შემუშავების გადაწყვეტილებები და ფაზები
ნათია ზედგინიძე, ეკ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი
ანამედროვე გაგებით, საინვესტიციო პროექტი ურთიერთშეკავშირებულ
ღონისძიებათა კომპლექსია, რომელიც მიმართულია დასახული საინვესტიციო მიზნების მისაღწევად შეზღუდული ფინანსური, დროისა და სხვა რესურსების პირობებში. ხშირად საინვესტიციო საქმიანობის სფეროში საინვესტიციო დაბანდების გეგმას ან პროგრამას საინვესტიციო პროექტსაც უწოდებენ. თანამედროვე ინვესტიციური საქმიანობის პრაქტიკაში გამოიყენება მრავალი ტიპის (სოციალური, ეკონომიკური, ორგანიზაციული, ტექნიკური და შერეული) ინვესტიციური პროექტები, რომლებიც თავიანთი სტრუქტურით, შემადგენლობით, მასშტაბით, ხანგრძლივობით, დაფინანსების წყაროებით და სხვადასხვა მიზნობრივი დანიშნულებით ერთი მეორისაგან პრინციპულად განსხვავდებიან. მიუხედავად ამისა, როგორიც არ უნდა იყოს პროექტი, იგი რეალიზაციის გარეშე არაფერს ნიშნავს. ყოველ პროექტს აქვს თავისი სასიცოცხლო ციკლი, ანუ პროექტის შემქნისა და ლიკვიდაციის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ხორციელდება სხვადასხვა სახის სამუშაოები. ხშირად მას საპროექტო ციკლს უწოდებენ. პროექტის სასიცოცხლო ციკლი საწყისი ცნებაა საპროექტო სამუშაოების დაფინანსების პრობლემების კვლევისა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად. პრაქტიკაში არსებობს დიდი რაოდენობა ინვესტიციური პროექტებისა, რომლებიც განსხვავდებიან ერთმანეთისაგან მრავალი პარამეტრებით. რეალიზაციის ფაქტორებითა და პირობებით ის, რაც მიუღებელია ინვესტორისათვის ერთ სიტუაციაში, შეიძლება მისაღები იყოს სხვა პროექტის დაფინანსების გადაწყვეტილებების მიღების დროს. მსგავს ფაქტორებს შეიძლება მივაკუთნოთ: პროექტის მასშტაბი; კაპიტალდაბანდებათა და შრომითი დანახარჯები; რეალიზაციის ვადები; სახელმწიფოს მონაწილეობა; დარგი, რეგიონი; მონაწილეების ან ინვესტორების კონკურენტული უპირატესობა ქმედების მოცემულ სფეროში და ა.შ.
საინვესტიციო სფეროში პროექტის ანუ პროგრამის მომზადება – ეს არის საკმაოდ ხანგრძლივი, ძვირადღირებული და შრომატევადი პროცესი, რომელიც რიგი ეტაპებისაგან და სტადიებისაგან (ფაზებისაგან) შედგება, ისინი შეიძლება დაიყოს: წინასაინვესტიციო, საინვესტიციო, საექსპლუატაციო და სალიკვიდაციო ეტაპები. პრაქტიკულად, პროექტის ყველა სახის სამუშაოები პირობითად იყოფა ორ ძირითად საქმიანობად: პროექტის ძირითადი საქმიანობა და პროექტის უზრუნველყოფა. პროექტის მიხედვით ძირითადი საქმიანობა გულისხმობს ინვესტიციამდელ გამოკვლევებს, პროექტის დაგეგმვას, საპროექტო დოკუმენტაციის შედგენას, სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს, ამწყობ-გამშვები სამუშაოების შესრულებას, შემკვეთისათვის პროექტის ჩაბარებას, მოწყობილობის რემონტს, პროექტის ექსპლუატაციასა და პროდუქციის ჩაბარებას, მოწყობილობის დემონტაჟსპროექტის დახურვა). მეორე – ინვესტიციური პროექტის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საქმიანობა კი მოიცავს ორგანიზაციულ-ეკონომიკურ, სამართლებრივ, საკადრო, ფინანსურ, მატერიალურ-ტექნიკურ, კომერციულ (მარკეტინგული), ინფორმაციულ სამუშაოებს.
საბაზრო ეკონომიკის პირობებში პრინციპულად შეუძლებელია მაკროეკონომიკურ დონეზე არსებობდეს ინვესტიციური პროექტების შედგენის რაიმე ერთიანი დირექტიული ხასიათის მქონე მეთოდოლოგია, ვინაიდან, საინვესტიციო საქმიანობა მჭიდრო კავშირშია საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებასთან, საინვესტიციო გადაწყვეტილება კი საქმიანი ადამიანის ობიექტური ქმედებაა და არა მექანიკური პროცესი. ინვესტორების ერთი ნაწილი საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებისას იყენებს პროექტების ეფექტიანობის შეფასების იმ მაჩვენებლებს და მეთოდებს, რომლებიც ყველაზე მეტად შეესაბამებიან მათი მიზნებისა და ამოცანების რეალიზაციას და მაქსიმალურად აკმაყოფილებენ გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ზოგიერთი ინვესტორი კი ინვესტიციური პროექტების შეფასებისა და ანალიზის დროს საჭირო დასკვნების გასაკეთებლად იყენებს ერთობ მარტივ მიდგომას და ნაკლებ ყურადღებას უთმობს ამ სფეროში ახალი იდეების ძიებასა და საინფორმაციო პროცესის შემდგომ კონტროლს.
იმისათვის, რომ ინვესტორმა მიიღოს ოპტიმალური საინვესტიციო გადაწყვეტილება დასახული მიზნის მისაღწევად, უნდა შესრულდეს სამი ამოცანა: 1. ზუსტად დადგინდეს ფულადი სახსრების მომავალი ნაკადი; 2. შეფასდეს კაპიტალის ღირებულება ან საჭირო მოგების ნორმა და 3. შეფასდეს საწარმოსათვის ინვესტიციური პროექტის ავკარგიანობა.
თავის მხრივ საინვესტიციო სფეროში გადაწყვეტილებები შეიძლება იყოს მრავალფეროვანი, რომლებიც პირობითად შეიძლება დაიყოს ორ ჯგუფად: პირველ ჯგუფში ძირითადად თავს იყრის ტაქტიკური ხასიათის გადაწყვეტილებები, როგორც წესი, ასეთი ფორმის გადაწყვეტილებები არ არის დაკავშირებული საწარმოს (ფირმის) საქმიანობის კარდინალურ ცვლილებებთან და, შესაბამისად მათი განხორციელება საჭიროებს შედარებით მცირე სახსრებს. მაგალითად, თუ რომელიმე საწარმო განიხილავს პროდუქციის წარმოების მიზნით ახალი დანადგარის ან საწარმოო ხაზის შეძენას ან იჯარით აღების საკითხს, მაშინ ასეთი გადაწყვეტილება ჩაითვლება ტაქტიკურ გადაწყვეტილებად. მეორე ჯგუფში გაერთიანებულია ძირითადად სტრატეგიული ხასიათის გადაწყვეტილებები, რომლებიც საჭიროებენ დიდ თანხებს და შეიძლება გამოიწვიონ საწარმოს (ფირმის) ჩვეული საქმიანობის არსებითი ცვლილებები. ბუნებრივია, რომ სტრატეგიული გადაწყვეტილებები დაკავშირებულია მაღალ რისკთან, მით უმეტეს, რომ მოსალოდნელი შემოსავლების მიღება მხოლოდ ხანგრძლივ დროსთანაა დაკავშირებული. ხშირად ინვესტორი არსებული ალტერნატიული ვარიანტების საგულდაგულო ანალიზის გარეშე მხარს უჭერს წარმოდგენილ საინვესტიციო პროექტს და მიდის მაღალ რისკზე. არის შემთხვევები, როდესაც ალტერნატიული პროექტის ან პროგრამის შემდეგ მიღებული ინფორმაცია არ განაპირობებს ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღებას, ვინაიდან შესაძლოა მენეჯერებმა ვერ შეძლონ ინფორმაციის ისეთი გადამუშავება, რაც შემდგომში ხელს შეუწყობს ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღებას.
საინვესტიციო პროექტების ერთობლიობა ქმნის ქვეყნის ინვესტიციების პროგრამას, რომელიც თავისი მასშტაბით შეიძლება იყოს სახელმწიფო, რეგიონალური და დარგობრივი ხასიათის. საწარმოს დონეზე საინვესტიციო პროექტი მუშავდება ინვესტირების ქმედებათა შემდეგი თანმიმდევრობის დაცვით: 1. ინვესტირების წინასწარი პირობების განსაზღვრა, ე.ი. პირველი პირობა არის ის, რომ ფული უნდა იქნეს დაბანდებული არა მხოლოდ მიმდინარე, არამედ მომავალი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლადაც. 2. ინვესტირების მიზნების დადგენა – იგი გულისხმობს კაპიტალური დაბანდებების ვადის, მოცულობის, ფორმების და რისკების დონის განსაზღვრას. 3. ინვესტირების კონკრეტული ვარიანტის არჩევა, ანუ ამ დროს ხდება არა იმ ვარიანტის არჩევა, რომელიც უბრალოდ მაქსიმალურ შემოსავალს იძლევა, არამედ უნდა იქნეს გათვალისწინებული რისკის და გადასახადების დონე. 4. დივერსიფიცირებული პორტფელის ფორმირება. საინვესტიციო პორტფელი არის ფინანსური ინსტრუმენტების ერთობლიობა, რომელიც ირჩევა ერთი ან რამდენიმე მიზნის მიღწევის მიხედვით.
ყველა საქმიანობა, რომელიც სრულდება პროექტის რეალიზაციის პროცესში, ერთმანეთისაგან მოედინება დროსა და სივრცეში. ამასთან, პროექტის რეალიზაცია მოითხოვს საჭირო რაოდენობის რესურსებს, რომლებიც განსხვავდებიან ერთმანეთისაგან პროექტის ფაზების მიხედვით. პირველ ფაზებში საჭიროა ახალი საქმიანობისათვის საჭირო სხვადასხვა სახის რესურსები. პროექტის რეალიზაციის ფაზაში კი მატერიალური რესურსები, სამუშაო ძალა, მასალა, ნედლეული, ფულადი სახსრები და ა.შ. ინვესტიციები სამეწარმეო პროექტების რაელიზაციის აუცილებელი პირობაა, ჩვეულებრივ იგი გვევლინება ფულადი სახით. თავის მხრივ კი ინვესტირების ყველა წყარო იყოფა ორ ჯგუფად: ინვესტირების შიდა, ანუ საკუთარი და გარეშე ხასიათის წყარო.
მსოფლიო გამოცდილების მიხედვით, ინვესტიციური პროექტის შემუშავება-რეალიზაცია მოიცავს ოთხ ეტაპს:
1. საინვესტიციო პროექტის კონცეფციის შემუშავება. იგი ითვალისწინებს მის წინასწარ დასაბუთებას, პროექტის მიზნის განსაზღვრას და მისი მიღწევის გზებს, ტექნიკური გადაწყვეტის ინოვაციურ და ეკოლოგიურ ანალიზს. ინვესტირების იდეის ადგილობრივ მმართველობით ორგანოსთან შეთანხმებას და ინფორმაციულ მემორანდუმის მომზადებას.
2. პროექტის წინასწარი მომზადება. ამ ეტაპზე წარმოებს პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება. ჩვეულებრივად, განიხილება წინამდებარე ეტაპზე შემუშავებული ერთი-ორი ალტერნატივა. თითოეული ალტერნატივა ფასდება ღირებულებისა და მოგების კრიტერიუმების მიხედვით, ფორმდება კონკრეტული მიზნები და შეზღუდვები. წყდება ბიზნეს-გეგმის შედგენის ამოცანა, რომელიც აღწერს მომავალი კომერციულ საწარმოს მთელ რიგ ძირითად ასპექტებს, აანალიზებს ყველა შეზღუდვებს, რომლებმაც შეიძლება თავი იჩინონ პროექტის რეალიზაციის მომენტში.
3. პროექტის საბოლოო ფორმირება და მისი ტექნიკურ-ეკონომიკური და ფინანსური შეფასება. ამ ეტაპზე საბოლოოდ წყდება ყველა იმ პრობლემების გადაწყვეტა, რომლებიც უკავშირდება მომზადებული პროექტის მთელ ტექნიკურ, ფინანსურ და კომერციულ ასპექტებს. ამ ეტაპზე მთავრდება პროექტის შემუშავება-რეალიზაციის საბოლოო გეგმა, რომელიც მოწონებული უნდა იქნეს და უნდა გადაეცეს ყველა მონაწილეს. ექსპერტთა ჯგუფი აფასებს სახსრების მოცულობას და იწყება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შექმნის სამუშაოები და ბოლოს მტკიცდება პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება.
4. პროექტის ფინანსური განხილვისა და მასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების ეტაპი. ამ ეტაპზე იხილება ფაქტორთა კომპლექსი: პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, ეკოლოგიური დასკვნა, რომლებიც მჭიდროდ უკავშირდებიან საინვესტიციო პროცესის ფინანსურ ასპექტებს. პრინციპულ პასუხს კითხვაზე პროექტის შეფასების, მისი კომერციული ღირებულების და დაფინანსების მიზანშეწონილობის შესახებ იძლევა ეკონომიკური და ფინანსური ანალიზი, ე.ი. საინვესტიციო პროექტის რეალიზაციისათვის ფინანსური რესურსების საკმარისიანობა, ფინანსური ვალდებულებების შესრულება და ა.შ.
პროექტის შემუშავების თითოეულ ფაზას თავისი მიზნები და ამოცანები გააჩნია. ნებისმიერი ინვესტიციური პროექტის მიზანი – ესაა დამტკიცებული შედეგი და საერთო ამოცანის შესრულების პირობა. აუცილებლად უნდა განვასხვაოთ “მიზნები – შედეგები” და “მიზნები – მოქმედების სფერო”. ეს კომპონენტები ერთად ქმნიან საინვესტიციო პროექტის მიზანს, რომელიც წარმოიქმნება მოთხოვნილებების, აუცილებლობის, სურვილის, იდეის და ა.შ. საფუძველზე. პროექტის მიზნის განსაზღვრის შემდეგ, პროექტის მიზნის მისაღწევად შეუდგებიან ალტერნატიულ თვისებების ძიებას და შეფასებას. თავის მხრივ, თითოეული პროექტისათვის შეიძლება აიგოს ერთმანეთთან დაკავშირებული პროექტის სტრუქტურისა და მასში მონაწილეობის ამსახველი მრავალი მიზანი. პროექტის მიზანი, სტრუქტურა და მასში მონაწილეთა ორგანიზაცია შეიძლება აღიწეროს ერთმანეთთან დაკავშირებულ იერარქიულ სტრუქტურებით. ამრიგად, საინვესტიციო პროექტის დასაწყისად შეიძლება ჩაითვალოს იდეის დაბადების მომენტი, განსაკუთრებით, თუკი მის დაბანდებას წინ უძღვოდა ზედმიწევნითი ძიება. საქმიანი ადამიანისათვის პროექტის დასაწყისი დაკავშირებულია მისი რეალიზაციის დასაწყისსა და ფულადი სახსრების დაბანდების საწყის პერიოდთან, ხოლო პროექტის დასასრული შეიძლება იყოს: ყველა იმ სამუშაოების დამთავრება, რომელიც წინ უძღვოდა პროექტის რეალიზაციას, ანუ ამოქმედება; პროექტის შემსრულებელი პერსონალის სხვა სამუშაოზე გადაყვანა; მოცემული შედეგების მიღწევა პროექტით; პროექტის დაფინანსების შეწყვეტა; პროექტში დაწყებითი ჩანაფიქრით გათვალისწინებულ სერიოზულ ცვლილებების შეტანის სამუშაოების დაწყება (მოდერნიზაცია); პროექტის ობიექტების ექსპლუატაციიდან გამოყვანა, ანუ ლიკვიდაცია.
მაშასადამე, საინვესტიციო პროექტის შემუშავებისა და რეალიზაციის პრობლემებთან დაკავშირებული აღნიშნული სტადიების ეს პრინციპები შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ეროვნული ეკონომიკის თავისებურებათა გათვალისწინებით, რომელიც საშუალებას მოგვცემს შეიქმნას საიმედო მეთოდური ბაზა შემოთავაზებული საპროექტო გადაწყვეტილებების ოპტიმალური შეფასებისათვის.