მარცვლეულის როლი სასურსათო პრობლემის გადაწყვეტაში
ვ. ალთუნაშვილი
მარცვლეულის წარმოება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ეროვნული მეურნეობის წარმოების სისტემაში. მას მემცენარეობის დარგებს შორის როგორც ფართობების, ისე საერთო პროდუქციის წარმოების მოცულობის მიხედვით ყველაზე მეტი ხვედრითი წონა აქვს. ამასთან ერთად უნდა აღინიშნოს მარცვლეულის როლი და მნიშვნელობა სასურსათო ურთიერთობის სისტემაში.
საერთაშორისო სასურსათო უსაფრთხოების ორი ძირითადი მაჩვენებელია და ორივე მათგანი მარცვლეულის წარმოებას უკავშირდება. ესენია: მარცვლის გარდამავალი მარაგები და მარცვლის წარმოების მონაცემები მთლიანად და ერთ სულზე გაანგარიშებით.
კაცობრიობისათვის მარცვლეულის მნიშვნელობას მრავალი ფაქტორი განაპირობებს. უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ მარცვლეული მთელ მსოფლიოში არის ძირითადი სასურსათო პროდუქტი, მარცვლეული კულტურების მოყვანა შეიძლება თითქმის ყველგან, სადაც კულტურული მიწათმოქმედების თუნდაც რაიმე შანსია. ის არის ყველაზე იაფი და ამავე დროს ერთ-ერთი ყველაზე ყუათიანი საკვები პროდუქტი, რომელსაც არამარტო უშუალოდ მოიხმარს ადამიანი, არამედ ცხოველური წარმოშობის კვების პროდუქტების უმთავრესი საფუძველსაც წარმოადგენს. მარცვლეულის სიიაფის გამო, ის არის ყველაზე უფრო ხელმისაწვდომი სურსათი ანუ ადამიანი-შემოსავლების, დეფიციტის, სიღარიბის პირობებში როდესაც იძულებულია შეზღუდოს ძვირადღირებული საკვები პროდუქტების მოხმარება, არ ამცირებს ან უკიდურეს მომენტამდე ინარჩუნებს მთელ რიგ შემთხვევებშიც კი ზრდის მარცვლეულის მოხმარებას, რამდენადაც ცნობილია დედამიწაზე არსებული თითქმის ყველა რელიგია გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს მორწმუნეებს საკვების მიღების მხრივ. უმთავრესად აღკვეთილია სხვადასხვა სახის ცხოველური წარმოშობის საკვების მიღება, მარცვლეულის საკვებად გამოყენებას კი არ კრძალავს არცერთი რელიგია, პირიქით ამგვარი შეზღუდვების პირობებში მისი მნიშვნელობა უფრო იზრდება, მაგალითად, ინდუიზმის მიმდევრები ვეგეტარიანელები არიან, ბუდიზმი კრძალავს ოთხფეხა პირუტყვის გამოყენებას საკვებად, ისლამი და იუდაიზმი – ღორის ხორცისას, ქრისტიანებისათვის დაწესებულია მარხვა წლის გარკვეულ პერიოდში, როდესაც მათ ცხოველური წარმოშობის საკვების მიღება ეკრძალებათ და ა.შ. ამ შემთხვევებში მარცვლეული არის საკვები ნივთიერებების და ენერგის უმთავრესი მიმწოდებელი ადამიანის ორგანიზმისათვის. ყოველივე ზემოთაღნიშნულმა განსაზღვრა ის, რომ ნებისმიერი ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფების კვების ტრადიციები მარცვლეულს მოიაზრებს როგორც კულინარიის” საფუძველს. მარცვლეულის უმთავრესი ღირებულებაა ისიც, რომ იგი არის ყველაზე უფრო ტრანსპორტაბელური და ადვილად ხანგრძლივი ვადით შესანახი პროდუქცია ტრანსპორტაბელურობა იძლევა იმის საშუალებას, რომ საერთაშორისო მასშტაბით ფართოდ გაიშალოს ვაჭრობა, ხოლო ადვილად და ხანგრძლივი ვადით შენახვადობა კი გარანტიაა ამ პროდუქციის დიდი მარაგებით შექმნისა და რაც სასურსათო სიტუაციის სტაბილურობას უზრუნველყოფს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ მარცვლეული სასურსათო უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტიაა, მაგრამ მსოფლიოს სასურსათო ბაზრის სტაბილურობაზე სხვა პროდუქტების წარმოების დონეც მოქმედებს. კვების ფიზიოლოგიურ ნორმების ჩამონათვალში კვების პროდუქტები ათ ძირითად ჯგუფშია გაერთიანებული ესენია: მარცვლეული და მარცვალპარკოსნების პროდუქტები, ხორცი და ხორცის პროდუქტები, რძე და რძის პროდუქტები, თევზი და თევზის პროდუქტები, შაქარი, მცენარეული ზეთი, კვერცხი, კარტოფილი, ხილი და ბოსტნეული, მაგრამ იმის თქმა რომ ყოველი მათგანის საერთაშორისო სასურსათო უსაფრთხოების ჭრილში განხილვის საფუძველი არ არის, არ იქნება მიზანშეწონილი, იმისათვის, რომ საკვები პროდუქტის მოექცეს სასურსათო უსაფრთხოების ანალიზის სპექტრში, იგი ორ ძირითად პირობას მაინც უნდა აკმაყოფილებდეს. პირველ რიგში ის უნდა იყოს ადვილად ტრანსპორტირებადი და აქედან გამომდინარე მსოფლიოს ვაჭრობის მნიშვნელოვან ობიექტს უნდა წარმოადგენდეს და მეორე ის უნდა იყოს მაღალი კვებითი ღირებულების მქონე. ანუ აუცილებელია შეიცავდეს ძირითადი საკვები ნივთიერებიდან – ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები ერთ-ერთს მაინც სოლიდური რაოდენობით. ასეთ კატეგორიას მარცვლეულის გარდა განეკუთვნება მარცვალ-პარკოსნები, ხორიც, რძე და რძის პროდუქტები, თევზეული, შაქარი, მცენარეული ზეთი, რაც შეეხება კარტოფილს, ბოსტნეულს, კვერცხს, ხილს, აგრეთვე სხვადახსვა სახის სასმელებს, ისინი ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების განხილვის საგანია, რა თქმა უნდა ზემოთაღნიშნულ ექვს ძირითად პროდუქტთან ერთად.
მარცვლეული არის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთ-ერთი საფუძველი და იგი ზოგჯერ პოლიტიკური ზეწოლის მიზეზიც ხდება ბევრი განვითარებული ქვეყნების მიერ, რადგან იგი მიჩნეულია ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფის საფუძვლად. სწორედ სასურსათო უსაფრთხოების” ტერმინის საერთშაორისო პრაქტიკაში დანერგვა უკავშირდება მარცვლეულის წარმოებასთან წარმოშობილ კრიზისებს. იგი FAO-მ 1971-1973 წლების მარცვლეულის კრიზისთან დაკავშირებით შემოიღო. ამავე პერიოდში შეიქმნა FAO-სთან არსებული საერთაშორისო სასურსათო-უსაფრთხოების კომიტეტი. აქედან მოყოლებული, ზემოაღნიშნული და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღების ცენტრში მოექცა სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხი და მას ერთ-ერთ ძირითად საფუძვლად დაედო მოსახლეობის პურითა და პურპროდუქტებით უზრუნველყოფის დონე. ყველა ქვეყანა ამ პროდუქტების წარმოებას მიიჩნევენ სოფლის მეურნეობის დარგებისა და კულტურების გაადგილების დასახასიათებლად და მის გაადგილებას და ამ პროდუქტით მოსახლეობის უზრუნველყოფაზე აქვთ ძირითადი ორიენტირი აღებული. ამდენად მარცვლეული არის ყველა სხვა პროდუქტის განვითარების საფუძველთა საფუძველი და სასურსათო პრობლემის გადაჭრა ამ პროდუქტის წარმოებას უკავშირდება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში საბჭოთა პერიოდის დროს ამას ყურადღება არ ექცეოდა, რამაც უარყოფითად იმოქმედა ეროვნული ეკონომიკის განვითარებისა და თავი იჩინა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ.
თუ განვიხილავთ მსოფლიოში მარცვლეულის წარმოებას მსოფლიოს წამყვან განვითარებულ ქვეყნებში და რა მდგომარეობაა სასურსათო უზრუნველყოფის თვალსაზრისით დავინახავთ, რომ მარცვლეულის ყველაზე დიდი მწარმოებელია ჩინეთი, სადაც 2004 წ. 406 მლნ ტონა მარცვლეული მიიღეს, შემდეგ მოდის აშშ 300,5 მლნ ტონა, ინდოეთი 219,9 მლნ ტ. რაც შეეხება პოსტსაბჭოთა ქვეყნებს აქვთ რუსეთი პირველია – 86,6 მლნ ტ. შემდეგ უკრაინა 38,8 მლნ ტ და ყაზახეთი 16,0 მლნ ტონა. საქართველოში ამ წელს წარმოებულ იქნა 0,7 მლნ ტონა მარცვლეული.
აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მარცვლეული მეურნეობისადმი გულგრილი დამოკიდებულება ყოვლად გაუმართლებელი იყო, რაც განპირობებული იყო ე.წ. საბჭოთა პერიოდის ზეგავლენით, რაც მიჩნეული იყო, რომ საქართველოს შრომის საზოგადოებრივი დანაწილებით ეწარმოებინა მხოლოდ სამხრეთული და სუბტროპიკული კულტურები, ხოლო მარცვლეული შემოეტანა და ადგილზე არ ეწარმოებინა, რამდენადაც იგი მიეწოდებოდა საკავშირო ფონდიდან, რითაც საქართველო ფაქტიურად კარგავდა დამოუკიდებლობას. ამას აპირობებდა აგრეთვე ქვეყნის ზოგიერთი აგრარიკოს მეცნიერთა მოსაზრებაც საქართველოს სოფლის მეურნეობის გაძღოლის სისტემიდან წარმოების სპეციალიზაციის თვალსაზრისით საქართველოს არცერთ კუთხეში არ იგეგმებოდა მარცვლეულის მწარმოებული სპეციალიზებული ზომები. ამას დაერთო ისიც, რომ 40 წლებში ასეთ ზონად მიჩნეული გარე კახეთის დედოფლისწყაროსა და სიღნაღის რაიონები არასწორი დაგეგმვით გადაიქცა სამრეწველო მევენახეობისა და მეღვინეობის ზონად”, რაც ჩვენი აზრით არასწორი და მცდარი იყო.
მარცვლეულის მწარმოებელ სპეციალიზებულ ზონებად უნდა დარჩეს აღმოსავლეთ საქართველოში თავთავიანი მარცვლეულისა – დედოფლისწყაროსა და სიღნაღის რაიონები, ხოლო დასავლეთ საქართველოში (სიმინდის) – აბაშის, ხობისა და სხვა ადმინისტრაციული რაიონები. მარცვლეულის წარმოება ერთ სულზე გაანგარიშებით ნათლად ასახავს ამ ტემპის დაკარგვასა და სასურსათო პრობლემის გადაჭრაში მის უარყოფით ხასიათს, რაც მეურნეობის გაძღოლის არსებული სისტემის უვარგისობით არის განპირობებული. როგორც სათანადო მასალების ანალიზი გვიჩვენებს მარცვლის წარმოება ჩვენში ძალზე არამყარია და იგი იცვლება წლების მიხედვით – საგრძნობლად, რაც ბუნების კაპრიზებზეა ძირითადად დამოკიდებული (გვალვები, აგროტექნიკური ღონისძიებების გაუტარებლობა და ა.შ.) ქვეყანამ უნდა შექმნას უსაფრთხოების მიზნით მარცვლეულის მარაგების ის მოცულობა, რომელიც შეეხამება მსოფლიოს მარცვლეულის მოხმარების მთელი ოდენობის 17%, ანუ 60 დღის პერიოდს. ამასთან მოსავლის მარაგების ოდენობა განისაზღვრება თუ ქვეყანაში იწარმოება ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით ერთი ტონის მოცულობით. ასეთ ქვეყანა მსოფლიოში ითვლება დანია (1676 კგ.), კანადა (1229 კგ.), უნგრეთი (1163 კგ.), ავსტრალია (1009 კგ.), აშშ (132 კგ) და ა.შ. საქართველოში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 155 კგ-ია. სასურსათო მარცვლეულში მთავარია ხორბლის წარმოება. ჩვენთან ერთ სულზე გაანგარიშებით მხოლოდ 46 კგ-ია. ამას განაპირობებს ამ კულტურის დაბალი საჰექტარო მოსავლიანობა.
მსოფლიოში 60 დღის პერიოდს ქვევით მარცვლეულის მარაგების შემცირება ხდება საერთაშორისო სასურსათო კრიზისის დეტონატორი. ამგვარ მოვლენას ადგილი ჰქონდა 1972-1973 და 1995-1996 წლებში. ყველაზე დაბალი დონე 246 მილიონი ტონის ოდენობით იყო 1995-1996 წლებში. ეს მოცულობა მსოფლიოს მხოლოდ 51 დღის განმავლობაში ეყოფოდა. ჩვენთან ასეთი პერიოდი იყო 1993 წელს, როცა ქვეყანაში მარცვლის წარმოება 409,5 ათას ტონაზე ნაკლები იყო და სამარაგო ფონდი მეტად კრიტიკული იყო 5 დღის პერიოდით. 2000 წელს პლანეტაზე მიღებულ იქნა მარცვლეულის სარეკორდო მოსავალი 2064 მლნ ტონა, მაგრამ ამან მხოლოდ ჩვენთან გააუმჯობესა სასურსათო უსაფრთხოების მაჩვენებელი, რადგან ქვეყანას არ გააჩნდა სავალუტო ფონდის შესაბამისი თანხა. უკანასკნელი 10 წლის საერთშაორისო სასურსათო უსაფრთხოების მაჩვენებლები წარმოშობს ეჭვს რომ მსოფლიოს მარცვლის ბაზარი პერმანენტული კრიზისის ფაზაში შევიდა და საჭირო ხდება ქვეყნის შიგნით ვეძიოთ ამ მარაგების შექმნის აუცილებლობის შესაძლებლობანი და იგი უნდა დაემყაროს მარცვლეულის ნათესების ფართობების გაზრდისა და მისი მოსავლიანობის გადიდების აუცილებლობებს და შესაძლებლობებს. მარცვლის საერთო წარმოების ზრდაში გადამწყვეტი როლი მოსავლიანობის გადიდებამ უნდა თქვას, რადგან ჩვენთან პურეული კულტურების მოსავლიანობა 12-დან 21 ცენტნერამდე მერყეობს, ხოლო სიმინდისა 15-30 ცენტნერის ფარგლებში. ეს მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია თუმცა, საქართველოში მარცვლეულის წარმოების გადიდებისათვის არსბეობს კარგი ბუნებრივი და ეკონომიკური შესაძლებლობები. სამწუხაროდ ეს შესაძლებლობები ჩვენთან მინიმუმადაც არ არსი გამოყენებული. ეს ნათლად ჩანს იქიდან, რომ აქ არსებობს მარცვლეულის წარმოების უდიდესი შესაძლებლობები როგორც ექსტენსიური განვითარების, ისე ინტენსიური განვითარების. ექსტენსიური განვითარების შესაძლებლობა განსაზღვრულია, ხოლო ინტენსიური განვითარების შესაძლებლობები კი ამოუწურავია. კარგი მოსავლიანობის მიღების პირობებში მარცვლეულის საჰექტარო მოავლიანობა სულ მცირე 25-35 ცენტნერის ფარგლებში შეიძლება ვივარაუდოთ, ხოლო სიმინდისა 30-40 ცენტნერის ფარგლებში. ტრადიციული მეთოდებით საერთო მოსავლის ზრდის დიდი რეზერვები არსებობს დასავლეთ საქართველოს რაიონებში, ხოლო ხორბლეულისა აღმოსავლეთ საქართველოს ადმინისტრაციულ ყველა რაიონს სადაც დაბალია სოფლის მეურნეობის მექანიზაციის, ქიმიზაციის დონე თუმცა სიტუაციის გასაუმჯობესებლად ჯერჯერობით არასაკმარისია იქ არსებული ეკონომიური ზრდის ტემპები, რაც საშუალებას მისცემდა მათ გაეზარდა ინვესტირება ამ დარგში და გაედიდებინათ მათი საერთო წარმოება.
გამოყენებული ლიტერატურა:
1. დ. ბახტაძე – ქართველთა ტრადიციული საკვები პროდუქტები და სასურსათო უსაფრთხოება. გამომც. თსუ 2004.
2. დ. ბახტაძე, ნ. ნადირაძე – სასიცოცხლო უზრუნველყოფის კულტურა და სასურსათო უვნებლობის პერიპეტიები. ჟ. მაკრო მიკროეკონომიკა” 2000 წ. #10.
3. პ. კოღუაშვილი, ჰ. გიორგაძე, ყ. რამიშვილი სასურსათო პრობლემიდან სასურსათო უსაფრთხოებამდე გამომც. მერანი” 1999 წ.
4. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წელიწდეული საქართველოს სოფლის მეურნეობა”. 2005 წ.