მენეჯმენტის სამეცნიერო კვლევისა და საგნის სწავლების კონცეფცია
ევგენი ბარათაშვილი ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის დეპარტამენტის უფროსი
მეოცე საუკუნის ოთხმოციანი წლების ბოლოდან საქართველოში დაწყებულმა გლობალურმა პოლიტიკურმა, ეკონომიკურმა და სოციალურმა გარდაქმნებმა გამოიწვიეს საწარმოო, კომერციული და სხვა სახის სამეურნეო საქმიანობის განხორციელებაში არსებითი ცვლილებები. საბჭოთა პერიოდში მართვის სფეროში, როგორც მაკრო, ისე მიკროეკონომიკურ დონეზე, ძირითადი ყურადღება ექცეოდა მართვის მბრძანებლურ-ადმინისტრაციული მეთოდების გამოყენებას, რაც სავსებით შეესაბამებოდა იმდროინდელი სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ფორმაციის მოთხოვნებს.
თანამედროვე ეტაპზე სიტუაცია ძირფესვიანად შეიცვალა. დღეისათვის ნებისმიერი ორგანიზაცია, საკუთრების ფორმების, საქმიანობის მიზნებისა და სფეროების მიუხედავად, იძულებულია იფუნქციონიროს მუდმივად ცვალებად და ურთიერთსაწინააღმდეგო გარემოს პირობებში. ამ შემთხვევაში, ორგანიზაციისათვის მთავარია ბაზარი და მისი რეგულირების საკითხები. ამიტომ ორგანიზაციის საქმიანობა ძირითადად უნდა განხორციელდეს მართვის ეკონომიკური მეთოდების გამოყენებით. ცხადია, ამ მიზეზით ევროპისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში უდიდესი ყურადღება ექცევა მენეჯმენტის სწავლებას, რომელიც საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში აღიარებული დისციპლინაა ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში. უცხოეთის ცნობილ უნივერსიტეტებში მენეჯმენტის სასწავლო პროგრამები შემუშავებულია იმ დაშვებით, რომ სტუდენტები თავიანთი სპეციალობის ეფექტიანი გამოყენებისათვის უნდა ფლობდნენ მართვის არა მხოლოდ თეორიულ დებულებებს, არამედ სრულად უნდა ჰქონდეთ ათვისებული პრაქტიკული მართვის უნარ-ჩვევები. ამ თვალსაზრისით, არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაა საქართველოში, რომელიც პირველ ნაბიჯებს დგამს საბაზრო ეკონომიკის ფორმირებისათვის. ბიზნესის განვითარება კი, წარმოუდგენელია მართვის თანამედროვე კონცეფციების გამოყენების გარეშე. ეკონომიკურ ურთიერთობათა პროგრესული განვითარება მმართველობითი ურთიერთობებს უპირველეს ადგილს მიუჩენს ყველა საწარმოო-ეკონომიკურ ფაქტორთა შორის. მმართველობითი საქმიანობა კი, თანამედროვე, პირობებში ნებისმიერი ორგანიზაციის მაღალეფექტური ფუნქციონირების უმნიშვნელოვანესი პირობაა.
ამოცანა მდგომარეობს საქართველოს ეკონომიკის მართვის სისტემის, განსაკუთრებით, ორგანიზაციის დონეზე მენეჯმენტის სრულყოფის ძირითადი თეორიული და მეთოდოლოგიური პრინციპების გამომუშავებასა და ჩვენს სამეურნეო ცხოვრებაში დანერგვაში. ეს არ უნდა წარმოადგენდეს მხოლოდ დასავლეთის გამოცდილების მექანიკურ გადმოტანას, არამედ ადგილობრივ პირობებთან და თანამედროვე სიტუაციებთან მისადაგებული მეურნეობის სისტემის ახალ მიმართულებათა და მიდგომათა შემოქმედებით ძიებას. ეჭვგარეშეა, რომ საქართველოში საბაზრო ეკონომიკის ფორმირება გააძლიერებს მენეჯმენტის როლს არამარტო მიკრო, არამედ მაკროეკონომიკის სფეროშიც. მენეჯმენტის საფუძვლიანი შესწავლა სტუდენტებს მრავალ ცხოვრებისეულ სიტუაციაში გარკვევის, მისი რეკომენდაციების გამოყენებისა და წარმატებული ეკონომიკური ქმედების შესაძლებლობას მისცემს. აღნიშნულის გათვალისწინებით, სამამულო საწარმოები და ორგანიზაციები დღეისათვის უკვე აცნობიერებენ თანამედროვე მენეჯმენტის კონცეფციის გამოყენების აუცილებლობას, თუმცა, ისინი პროფესიონალ მენეჯერთა სიმცირეს განიცდიან. სამწუხაროდ, მსგავსი მდგომარეობა თვალშისაცემია სამეურნეო საქმიანობის ნებისმიერ სფეროში. არადა, მოთხოვნა ასეთ სპეციალისტებზე საქართველოს შრომის ბაზარზე საკმაოდ მაღალია. ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და ბიზნესის გონივრულად წარმართვას კი, ესაჭიროება პროფესიონალიზმი მენეჯმენტის სფეროში. ამ საქმეში კი დიდი როლი ენიჭება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის დეპარტამენტს, რომელმაც უნდა მოამზადოს როგორც ბაკალავრები, ისე მაგისტრები და დოქტორები აღნიშნული მიმართულებით. მენეჯმენტის სწავლება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-სოციალურ ფაკულტეტზე უნდა განვითარდეს უმაღლესი განათლების სამივე საფეხურისათვის შესაბამისი თანამედროვე საგანმანათლებლო პროგრამების საფუძველზე. პროგრამები უნდა ითვალისწინებდნენ საქართველოში არსებულ ტრანსფორმაციულ პერიოდს. ყოველივე ეს საშუალებას მისცემს სტუდენტებს გაანალიზონ გარემო და იფიქრონ თავიანთი პროფესიის ეფექტიან გამოყენებაზე, შეაფასონ ის შესაძლებლობები, რომლებიც არსებობს და შესაძლოა, განვითარდეს საქართველოს შრომის ბაზარზე. ასეთ პირობებში ბიზნესისა და მართვის სფეროში მაღალკონკურენტული პროფესიონალის მომზადება გულისხმობს თანამედროვე მენეჯმენტის ცოდნის დამკვიდრებას, ამ ცოდნის მიღებაში უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებას. აღნიშნულ სფეროში მიმდინარე მოვლენების თავისებურებათა შესწავლას კი არსებითი როლი ენიჭება ჰუმანიტარულ-სოციალურ ფაკულტეტზე არსებულ მიმართულებებში სპეციალისტთა მომზადების სისტემაში.
დისციპლინის სწავლების მიზანია ღრმა საბაზო ცოდნის მიღება, უნარ-ჩვევების გამომუშავება ფირმის ეკონომიკური საქმიანობის მართვის განხორციელებაში, დაოსტატება მენეჯმენტის საკითხებზე, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარის გამომუშავება და განვითარება მართვის სფეროში მიმდინარე პროცესებზე.
ბაკალავრიატის დონეზე ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ყველა სპეციალობისათვის სავალდებულოა “მენეჯმენტის საფუძვლების” კურსი. ბაკალავრიატში მენეჯმენტის სწავლებისათვის სტუდენტებს მოეთხოვებათ ფართო ფუნდამენტური, სამეცნიერო და პრაქტიკული მომზადება საბაზრო ეკონომიკის პირობებში. მათ უნდა გააჩნდეთ სათანადო თეორიული ცოდნა ეკონომიკური თეორიის, მიკრო და მაკროეკონომიკის, უმაღლესი მათემატიკის, სტატისტიკის, მარკეტინგის სფეროებში. ისინი უნდა ფლობდნენ უცხოურ ენას და თანამედროვე კომპიუტერულ ტექნოლოგიებს. ბაკალავრმა უნდა შესძლოს მმართველობითი საქმიანობის ანალიზი და მისი წარდგენა ხელმძღვანელობისათვის. ამისათვის მან თანმიმდევრულად უნდა შეისწავლოს მმართველობითი აზრის ევოლუცია, მართვის თეორიისა და პრაქტიკის განვითარების ეტაპები, მართვის თანამედროვე თეორიები, მენეჯმენტის ფუნქციები, მართვის სისტემები, ორგანიზაციული სტრუქტურის როლი მართვაში, მმართველობითი ურთიერთობების ფსიქოლოგიური ასპექტები, მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღების მოდელები და მეთოდები, მართვის ინფორმაციული უზრუნველყოფის საკითხები, სტრატეგიული დაგეგმვის პრინციპები, ფირმების ორგანიზაციული ფორმები, მოტივაციის, ხელმძღვანელობისა და კონფლიქტების მართვის საწყისები, აგრეთვე, შრომითი რესურსებისა და წარმოების მართვის თანამედროვე მეთოდები. დისციპლინის სწავლების შედეგად სტუდენტებს წარმოდგენა უნდა შევუქმნათ მართვის საკითხისადმი სხვადასხვა სკოლის წარმომადგენელთა სამეცნიერო-მეთოდოლოგიურ მიდგომებზე და თეორიულ შეხედულებებზე და მენეჯმენტის მიმართულებებზე. ეს შესაძლებელია წარმოვაჩინოთ მენეჯმენტის განვითარების ეტაპებად განხილვის კვალობაზე.
მენეჯმენტის განვითარების პირველი ეტაპი დაიწყო მეოცე საუკუნის დასაწყისში და დაკავშირებულია ფ. ტეილორის სწავლებასთან მისი წიგნის “მეცნიერული მართვის პრინციპები” პუბლიკაციის შემდეგ, რომელშიც მან პირველად განიხილა მართვის სისტემების აგების მეცნიერული მიდგომები და პრინციპები. ფ. ტეილორის მიერ შემუშავებული მართვის სისტემის გამოყენებით, ამერიკულმა ფირმებმა თვალსაჩინოდ დაგვანახეს მისი პრაქტიკული მნიშვნელობა და გავლენა ეკონომიკის განვითარებაზე. თუმცა, ფ. ტეილორის მიერ შემოთავაზებულმა მართვის მოდელებმა გვიჩვენა, რომ ტეილორის ეს სისტემა შეზღუდულად გამოიყენებოდა იმის გამო, რომ მისი არსი არ ესმოდათ საბაზრო სტრუქტურებს, ფირმებს და მათ ხელმძღვანელებს. სტუდენტები აუცილებლად უნდა იცნობდნენ ფ. ტეილორის მეცნიერული მენეჯმენტის მთავარ იდეებს. სწორედ ტეილორის კონცეფციის ზემოქმედებით, ცოტა მოგვიანებით გაჩნდა ფრენკის, გილბერტის, განიტის მეცნიერული შრომები მენეჯმენტში.
მენეჯმენტის განვითარების მეორე ეტაპი გამოირჩევა ახალი მიდგომებით მენეჯმენტის შესახებ სწავლების განვითარებაში, ფ. ტეილორის მეცნიერული კონცეფციის საფუძველზე, მაგრამ პრინციპულად ახალი მიდგომებით. პრაქტიკაში ხდება ე. წ. მართვის კლასიკური (ადმინისტრაციული) სკოლის აპრობაცია, რომლის მამამთავრებიც იყვნენ ა. ფაიოლი, პ. ურვიკი, დ. მუნი, პ. სლოუნი. კერძოდ, ა. ფაიოლმა პირველად შემოგვთავაზა მენეჯმენტის ახალი კონცეფცია, რომელშიც მოცემული იყო მისი ფუნქციები, პრინციპები და თეორიული შესწავლის აუცილებლობა.
მენეჯმენტის განვითარების მესამე ეტაპი ჩამოყალიბდა “ნეოკლასიკურის” სახელწოდებით და განვითარდა “ადამიანური ურთიერთობების” სკოლა, რომლის განვითარებაც დაკავშირებულია ცნობილი მეცნიერების: ა. ფაიოლის, დ. მუნის, პ. სლოუნის, ე. მეიოს სახელებთან. ამ ეტაპზე აპრობირდება ჯგუფური გადაწყვეტილებების სოციოლოგიური კონცეფცია.
მენეჯმენტის განვითარების მეოთხე ეტაპი მიეკუთვნება 1940-1960 წლების პერიოდს. ამ წლებში ხდება მმართველობითი აზროვნების ევოლუცია, რომელიც დაკავშირებულია მენეჯმენტის ორგანიზაციის კონცეფციის განვითარებასთან, ფსიქოლოგიური და სოციოლოგიური მეცნიერებების მიღწევების საფუძველზე, რომელიც გადამწყვეტ ზემოქმედებას ახდენს ადამიანზე მართვის სისტემაში.
მმართველობითი აზროვნების განვითარების მეხუთე ეტაპი ყველა წინანდელი ეტაპებისაგან იმით განსხვავდება, რომ ხდება დასაბუთებული მმართველობითი გადაწყვეტილებების თანამედროვე რაოდენობრივი მეთოდების ჩამოყალიბება, პრაქტიკაში ეკონომიკურ-მათემატიკური მეთოდებისა და ელექტრონულ-გამომთვლელი ტექნიკის ფართოდ გამოყენების საფუძველზე. მაგალითად, დ. მაკ-გრეგორმა პირველად დაასაბუთა თავისი კონცეფცია და დაამტკიცა, რომ მენეჯერების დამოკიდებულება თავისი ქვეშევრდომების მიმართ არსებით გავლენას ახდენს მათ ქცევაზე და ორგანიზაციაში სამუშაო კლიმატზე. თეორია “X”-ში მტკიცდება მაკონტროლებელი მენეჯერის პრიორიტეტი, თეორია “Y”-ში კი – ობიექტურობის განაწილების პრინციპი (ამ კონცეფციის განვითარების წლებია – 1950-1960წწ.).
მენეჯმენტის განვითარების მეექვსე ეტაპი მიეკუთვნება 1970-1980 წლების პერიოდს. მეცნიერების მიერ მუშავდება ახალი მიდგომები მართვის თეორიის განვითარებაში, რომელთა აზრიც დაიყვანება იქამდე, რომ ორგანიზაცია ღია სისტემაა, რომელიც მიესადაგება, როგორც შიგა, ისე გარე გარემოს. აქედან გამომდინარე, ყურადღება გადატანილ იქნა გარემოს ტიპებსა და მართვის სხვადასხვა მოდელებს შორის ურთიერთკავშირის დადგენაზე. ამ პერიოდს მიეკუთვნება ი. ანსოფის “სტრატეგიული მენეჯმენტის” კონცეფცია, გ. სალინჩიკის “ორგანიზაციებს შორის ძალაუფლებრივი სტრუქტურების კონცეფცია”, მ. პორტერის კონკურენტუნარიანობის კონცეფცია და ა.შ.
მეშვიდე ეტაპი მიეკუთვნება მეოცე საუკუნის 80-იან წლებს, რომელიც გამოირჩევა მართვაში ახალი ქვესახეობების გამოჩენით და ბევრისთვის მოულოდნელი “ორგანიზაციული სტრუქტურის, როგორც მართვის მძლავრი მექანიზმის აღმოჩენით”. ეს უკანასკნელი განსაკუთრებული წარმატებით იქნა გამოყენებული იაპონიაში.
მენეჯმენტის განვითარების მერვე ეტაპზე (XX საუკუნის 90-იან წწ.) გამოიკვეთა სამი ძირითადი ტენდენცია:
1) წარსულისაკენ დაბრუნება – თანამედროვე წარმოების მატერიალური, ტექნიკური ბაზრის მნიშვნელობის გაცნობიერება;
2) სოციალური ქცევითი ელემენტების შექმნა – ესაა ყურადღების გაძლიერება არა მხოლოდ ორგანიზაციული სტრუქტურების, არამედ, მართვის დემოკრატიზაციის სხვადასხვა ფორმების მიმართაც. რიგით მუშაკთა მონაწილეობა მოგებაში, მმართველობითი ფუნქციების განხორციელებაში და საქმიანობის სხვა სფეროებში;
3) მართვის საერთაშორისო ხასიათის გაძლიერება. ბევრი ქვეყნის გადასვლა ღია ეკონომიკაზე, კონკურენციულ ბრძოლაში მონაწილეობა, თანამედროვე საქმიანობის ორგანიზაცია.
მ. მესკონის კონცეფციის თანახმად, მართვის სისტემების ევოლუციის მთელი ისტორიის მანძილზე კაცობრიობამ გამოიმუშავა მართვის, ანუ ადამიანებზე ზემოქმედების მხოლოდ სამი ინსტრუმენტი: 1) იერარქია – ესაა ორგანიზაცია, სადაც ადამიანებზე ზემოქმედების ძირითადი საშუალებაა ძალაუფლება – დაქვემდებარება, ადამიანზე ზეწოლა იძულების გზით, მატერიალური კეთილდღეობის განაწილებაზე კონტროლით;
2) კულტურა, ანუ საზოგადოების მიერ აღიარებული და გამომუშავებული ორგანიზაციები, ჯგუფური ფასეულობები, სოციალური ნორმები, განწყობები, ქცევის შაბლონები, რიტუალები, რომლებიც ადამიანს აიძულებენ მოიქცეს ასე და არა სხვანაირად;
3) ბაზარი, ანუ თანასწორუფლებიანი ურთიერთობების ჰორიზონტალური ქსელის არსებობა, რომელიც ეფუძნება პროდუქციისა და მომსახურების ყიდვა-გაყიდვას, საკუთრების ურთიერთობებს, მყიდველისა და გამყიდველის ინტერესების წონასწორობას.
მენეჯმენტის განვითარების თითოეულ ეტაპზე ფორმირდებოდნენ მართვის შესაბამისი სკოლები. მ. მესკონი გამოყოფს ოთხ ისეთ სკოლას, რომლებშიც ნაჩვენებია მათი ფორმირების მეთოდები და პრინციპები:
1. მეცნიერული მართვის სკოლა;
2. მართვის კლასიკური, ანუ ადმინისტრაციული (ბიუროკრატიული) სკოლა;
3. ადამიანური ურთიერთობების და ქცევითი მეცნიერების სკოლა;
4. რაოდენობითი (სისტემოტექნიკური) სკოლა.
თითოეული მეცნიერული სკოლისათვის დამახასიათებელია მენეჯმენტის სამეცნიერო კვლევების საკუთარი კონცეფციის შემუშავება. ამ კონცეფციებმა დიდი გავლენა იქონიეს მენეჯმენტის განვითარებაზე.
მეცნიერული მართვის სკოლა, რომლის ავტორებიც არიან ფრედერიკ ტეილორი, ფრენკ და ლილიან გილბერტები, ჰარინგტონ ემერსონი, ჰენრი ფორდი, ჰენრი ჰანტი, გამოირჩევა მართვის ახალი კონცეფციის შექმნით, რაც შემდეგში გამოიხატება:
ა) მენეჯმენტის მეცნიერების საგნის განსაზღვრის ძირითადი ნიშნებია – მენეჯმენტის, როგორც დამოუკიდებელი მეცნიერებისა და საქმიანობის სახეობის ჩამოყალიბება: ობიექტი – საწარმოო ქვესისტემა, საგანი – წარმოების ორგანიზაცია მაქსიმალური მოგების მიღების მიზნით; დაგეგმვის, როგორც წარმოების მართვის ცალკე პროცესად გამოყოფა.
ბ) კვლევის მეთოდოლოგიის დამუშავება წარმოების, როგორც სამართავი პროცესისადმი მიდგომა, მუშათა შრომის მწარმოებლურობის ამაღლების კანონზომიერებების გამოვლენა.
გ) მეცნიერული კვლევის ხერხების (წესების) დამუშავება (დაკვირვება, ექსპერიმენტი, ქრონომეტრაჟი, ეკონომიკური გაანგარიშებები).
დ) წარმოების ორგანიზაციის პრინციპების (წესების) გამოვლენა (მუშაკთა შერჩევა კონკრეტული ოპერაციების შესრულების შესაძლებლობების მიხედვით), მუშაკთა უზრუნველყოფა საკმარისი საწარმოო რესურსებით, შრომის პროცესის ოპერაციებად დაყოფა, შრომითი ოპერაციების რაციონალიზაცია.
მეცნიერული მართვის სკოლის კონცეფციის სისუსტეა შეხედულებათა მექანიკურობა:
ა) ორგანიზაცია განიხილება, როგორც მატერიალური წარმოების სფეროში ცალკეული შრომის პროცესების ერთობლიობა;
ბ) შრომის პროცესის ყველა ელემენტი (დაზგა, ინსტრუმენტი, მუშაკი, მასალა) – მექანიკურად, ზუსტი ინჟინრული გაანგარიშებების საფუძველზე ფუნქციონალურად დაიყვანება ერთმანეთზე;
გ) მუშაკი განიხილება, როგორც საწარმოო პროცესის ტექნიკური ელემენტი, ზედმეტი კავშირების, არაწარმოებითი მოძრაობების გარეშე, რაც მანქანისთვისაა დამახასიათებელი.
ჩამოთვლილი საკითხების ცოდნა ბაკალავრს საშუალებას მისცემს მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება, განსაზღვროს მართვის ძირითადი მიმართულებები ორგანიზაციაში. ბაკალავრიატში სწავლისას სტუდენტმა უნდა გაიაროს პროფესიული პრაქტიკა და შეასრულოს საკურსო და საბაკალავრო შრომები, რაც მას შესაძლებლობას მისცემს გაიღრმავოს თეორიული მასალის ათვისებისას მიღებული ცოდნა, ჩამოუყალიბდეს საჭირო ლიტერატურის ძიების, დამუშავებისა და ანალიზის ჩვევები.
მაგისტრატურაში მენეჯმენტის სფეროში, ჩვენი აზრით, უნდა გადაწყდეს ორი ძირითადი ამოცანა: განხორციელდეს მართვის სფეროში სამეცნიერო-პედაგოგიური კადრების სპეციალიზებული ფუნდამენტური მომზადება; განხორციელდეს მართვის სფეროში კადრების კონკრეტულ-გამოყენებითი სპეციალიზებული მომზადება.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მაგისტრანტები ორი წლის მანძილზე გაღრმავებულად შეისწავლიან საბაზო ფუნდამენტურ დისციპლინებს, დიდი ყურადღება მიექცევა კონკრეტულ სფეროში მათ მომზადებას. მათ უნდა შეეძლოთ ღრმა ანალიტიკური მიდგომა მართვის ნებისმიერი საკითხის შესწავლისას;
გარდა ზემოთაღნიშნული მენეჯმენტის სამეცნიერო სკოლების მიერ შემოთავაზებული კონცეფციებისა, ბოლო პერიოდში გაჩნდა ახალი კონცეფციებიც, რომლებიც ახლებურად უდგებიან მენეჯმენტის საკითხებს. ამ მხრივ, ყურადღების ღირსია მენეჯმენტის ახალი ორიგინალური კონცეფცია ორგანიზაციის სასიცოცხლო ციკლის შესახებ.
ი. ადიზესის მიერ შემოთავაზებული ორგანიზაციის სასიცოცხლო ციკლის (ოსც) კონცეფცია მიეკუთვნება სერიოზულ კვლევას და წარმოადგენს კონსალტინგურ ინსტრუმენტს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ორგანიზაციის პრობლემების დიაგნოსტიკა და მათი დაძლევისათვის ორგანიზაციული ცვლილებების გატარება. კონცეფციის ძირითადი დანიშნულებაა, ორგანიზაციაში მიმდინარე ცვლილებების ახსნა დროის მსვლელობასთან ერთად. თანამედროვე პირობებში მეცნიერებმა დაამუშავეს და წარადგინეს ოსც-ს საკმაოდ ბევრი მოდელი, თუმცა დღემდე სხვადასხვა მკვლევარებს შორის არ არსებობს ერთიანი შეხედულება მისი განსაზღვრისადმი საფეხურების რაოდენობისა და მიდგომის შესახებ. ასეთი მრავალფეროვნების მიზეზები შეიძლება აღმოჩენილ და შერჩეულ იქნას მეცნიერების მიერ შერჩეულ კვლევის ობიექტებში.
მაგალითად, ოსც-ს ერთ-ერთი პირველი მოდელი მიეძღვნაGსამთავრობო ორგანიზაციის სასიცოცხლო ციკლს. შემდეგი კვლევები წარიმართა, როგორც კომერციული, ისე არაკომერციული ორგანიზაციების ოსც-ს მოდელების შექმნაზე. რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში სამრეწველო საწარმოების სასიცოცხლო ციკლი იყო სამეცნიერო კვლევების ცენტრი, ბოლო წლებში კი, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მცირე და საშუალო საწარმოების სასიცოცხლო ციკლის ფორმირების თავისებურებებს.
ორგანიზაციის სასიცოცხლო ციკლის შესახებ, შედარებით ადრინდელი ლიტერატურა ატარებდა უფრო თეორიულ, ვიდრე ემპირიულ ხასიათს, მკვლევართა შეხედულებები კი, ოსც-ს საფეხურების რაოდენობის შეფასების შესახებ მკვეთრად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან. მაგალითად, სხვადასხვა ავტორები გვთავაზობდნენ სამ-, ოთხ, ხუთ, ექვს-, შვიდ, რვა-, ცხრასაფეხურიან მოდელებს, ი. ადიზესის მოდელი კი, ათ საფეხურს მოიცავს. სხვადასხვა ავტორი ყურადღებას ამახვილებს მათი მოდელების თითოეული საფეხურის უნიკალური მახასიათებლების ნაკრებზე. თუმცა, საფეხურების რაოდენობის მიუხედავად, მკვლევართა დასკვნებში არის საერთო. პირველ რიგში, საფეხურების თანმიმდევრულობა კანონზომიერია. მეორე რიგში, თითოეული საფეხური – წინა საფეხურების შედეგია და უკუსვლა არცთუ ისე ადვილია. მესამე რიგში, ყველა მოდელი განიხილავს ორგანიზაციული მახასიათებლებისა და ცვლადების საკმაოდ ფართო სპექტრს.
სასიცოცხლო ციკლის საფეხური წარმოადგენს ორგანიზაციული საქმიანობის სხვადასხვა მახასიათებლების ფართო ნაკრებს. ოსც-ს არსი მდგომარეობს ამ მახასიათებლების დროში ცვლილების გაცნობიერებაში. საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ორგანიზაცია არა მხოლოდ შეიძლება დარჩეს განვითარების ერთიდაიგივე საფეხურზე, არამედ დაბრუნდეს კიდეც შედარებით ადრეულ სტადიებზე, ან გაკოტრდეს ადრეულ სტადიებზე, ზოგჯერ კი სწრაფად წინ წავიდეს დაცემისა და გაუქმების საფეხურისკენ.
თანამედროვე პირობებში შეიძლება მკაფიოდ გამოვყოთ ორი მიდგომა, ორგანიზაციის სასიცოცხლო ციკლების კვლევებისადმი. პირველი მიდგომა ემპირიულ ხასიათს ატარებს და მოიცავს კვლევებს რაოდენობრივი მეთოდების გამოყენებით კონკრეტული კეისების შესწავლას. ხშირ შემთხვევაში, ეს კვლევები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან შესწავლის ობიექტებით, ან ორგანიზაციის ტიპებით. მეორე მიდგომა, ნაკლებად მრავალრიცხოვანი, გულისხმობს ოსც-ს კონცეფციის გამოყენებას, ორგანიზაციის მენეჯმენტის კვლევის სხვა სფეროებთან მისი ინტეგრაციის მიზნით.
მაგისტრს უნდა განვუმარტოთ, რომ გლობალიზაციის პროცესების გაღრმავებასთან დაკავშირებით, მენეჯმენტის განვითარების არსებული კონცეფციები შემდგომ სრულყოფას განიცდიან და საჭიროა შემუშავდეს მენეჯმენტის ახალი სამეცნიერო კონცეფცია, რომელიც ყოველმხრივ გაითვალისწინებდა მენეჯმენტის სამეცნიერო სკოლების მიერ მოცემული კონცეფციების ნაკლოვანებებს, მაქსიმალურად იქნებოდა მისადაგებული გლობალიზაციისა და რეგიონალიზაციის პროცესებთან.
სამაგისტრო პროგრამის ძირითადი მიზანია მაგისტრებში ანალიზური აზროვნებისა და ჩვევების ფორმირება, რაც დაკავშირებულია მართვის სფეროში ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღებასთან. ამიტომ სწავლებისას მაგისტრანტები დაეუფლებიან, როგორც თეორიულ, ისე კონკრეტულ დისციპლინებს. სამაგისტრო პროგრამა უნდა იყოს მოქნილი, ფუნდამენტური შინაარსისა და მომზადების ხარისხის თვალსაზრისით. მაგისტრმა უნდა შეიძინოს თეორიული და პრაქტიკული მუშაობის ჩვევები ბიზნესის მართვის სფეროში. ამისათვის მაგისტრანტი უნდა დაეუფლოს მეცნიერული კვლევის თანამედროვე მეთოდებს, განავითაროს პრობლემის დასმისა და მეცნიერული კვლევის უნარი, შეიძინოს მაღალი პროფესიული ცოდნა, რომელიც უზრუნველყოფს მის მუშაობას ბიზნესის ადმინისტრირებისა და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის სფეროში. მაგისტრატურაში მენეჯმენტის სწავლებისათვის აუცილებელია შემდეგი სავალდებულო დისციპლინების გავლა: საინოვაციო მენეჯმენტი; საინვესტიციო მენეჯმენტი; რეგიონული მენეჯმენტი; პერსონალის მენეჯმენტი; მარკეტინგ-მენეჯმენტი; საფინანსო მენეჯმენტი; პროექტების მენეჯმენტი; სტრატეგიული მენეჯმენტი; ადამიანური რესურსების მენეჯმენტი.
აღნიშნული კურსები უნდა იყოს საბაზო მოცემული პროგრამისათვის და უნდა აითვისოს ყველა მაგისტრანტმა მათი შემდგომი სპეციალიზაციის მიუხედავად. სპეციალიზაცია კი, განხორციელდება არჩევითი კურსების საფუძველზე. ასეთი არჩევითი კურსები შეიძლება იყოს: მენეჯმენტი ტურიზმსა და საკურორტო მეურნეობაში; მენეჯმენტი მრეწველობაში, ტრანსპორტში, მშენებლობაში, აგრარულ სექტორში, აგრეთვე სოციალური სფეროს (განათლება, ჯანდაცვა, კულტურა) მენეჯმენტი. ასეთი სპეციალიზაცია უზრუნველყოფს მაგისტრანტების ორიენტაციას შემდგომი სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისათვის, ან სამეურნეო საქმიანობის კონკრეტულ სფეროში მათ დაოსტატებას.
სამაგისტრო პროგრამის რეალიზაცია მოითხოვს სასწავლო პროცესის სწორად ორგანიზებას. მენეჯმენტის მიმართულებით მაგისტრატურაში სწავლება მიზანშეწონილია განხორციელდეს როგორც “მცირე”, 3-5 კაციან ჯგუფებში (სპეციალიზაციისათვის), ისე 30 კაცამდე ჯგუფში (მთელი პროგრამისათვის). თითოეული კურსის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ერთ სემესტრს. ლექტორმა, არსებული სასწავლო-მეთოდური ლიტერატურისა და მაგისტრანტთა მომზადების დონის გათვალისწინებით, თვითონ უნდა გადაწყვიტოს სწავლების ორგანიზაციის საკითხი კონკრეტულ დისციპლინაში. მენეჯმენტის მაგისტრის მომზადებაში დიდი როლი უნდა მიენიჭოს პროფესიულ პრაქტიკას, რომელიც უზრუნველყოფს უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნის განმტკიცებას, აგრეთვე, მმართველობითი გამოცდილების შეძენას. სამაგისტრო პროგრამის სტრუქტურაში ასევე, განსაკუთრებული ადგილი უნდა დაიკავოს საკურსო და სამაგისტრო ნაშრომების მომზადებამ, რომლებმაც უნდა გამოავლინონ მაგისტრანტის უნარი, გადაწყვიტონ მმართველობითი ამოცანები რეალური საქმიანობის პირობებში.
დოქტორანტურაში მიზანშეწონილად გვესახება ვასწავლოთY”მენეჯმენტი და ადმინისტრირება” და “კონკურენტუნარიანი მენეჯმენტი”. ამასთან მათი სწავლების კონცეფცია უნდა დაეყრდნოს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში ამ სტრუქტურის ფუნქციონირების მოწინავე გამოცდილებას. სამწუხაროდ, საქართველოში, მენეჯმენტისა და ადმინისტრირების სფეროში დღეისათვის ასეთი სტრუქტურა ჯერ არ მოქმედებს, თუმცა, ცნობილია ის ზოგადი პრინციპები, რომელთაც უნდა დაეყრდნოს დოქტორანტურა. მენეჯმენტისა და ადმინისტრირების სფეროში დოქტორანტურის მიზანი უნდა იყოს ისეთი სპეციალისტების მომზადება, რომლებსაც ექნებათ უნარი შემოქმედებითად შექმნან ახალი ცოდნა, კრიტიკულად გაანალიზონ არსებული ინფორმაცია და მიღებული ახალი შედეგები გაავრცელონ პუბლიკაციების, სწავლებისა და პრაქტიკაში დანერგვის გზით. ჩვენს მიერ ქართულ ენაზე გამოცემული სახელმძღვანელოები “მენეჯმენტი და ადმინისტრირება” (2007წ.) და “მენეჯმენტისა და ადმინისტრირების პრინციპები” (2009წ.) სწორედ ამ მიზნის განხორციელებას შეუწყობს ხელს. მიუხედავად იმისა, რომ დისერტაციების მომზადების თვალსაზრისით, ჩვენში დაგროვდა საკმარისი გამოცდილება, აქ უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოება, რომ დოქტორანტურის აკადემიური შინაარსი პრაქტიკულად განსხვავებული იქნება ადრე არსებული სტრუქტურებისაგან. უმთავრესია ის, რომ დოქტორანტურა არის სასწავლო-სამეცნიერო პროცესების ერთობლიობა და არა მხოლოდ სამეცნიერო კვლევა. ამიტომ, უმაღლესი განათლების მესამე საფეხური მენეჯმენტსა და ადმინისტრირებაში პრაქტიკულად ახლადაა ჩამოსაყალიბებელი. აქ უნდა გავითვალისწინოთ საზღვარგარეთის წამყვანი უნივერსიტეტების გამოცდილება და მათი შეთანაწყობა ჩვენს პირობებთან. დოქტორანტებთან მუშაობა უნდა მიმდინარეობდეს ძირითადად სემინარების ფორმატით, სადაც მათ ექნებათ თემების დამოუკიდებლად წარმოდგენის, დისკუსიის, აზრთა გაცვლის საშუალება. დოქტორანტურაში სწავლება და კვლევის პროცესი პარალელურად უნდა მიმდინარეობდეს. კვლევა უნდა მოიცავდეს დოქტორანტურაში სწავლების 60 ან 70%-ს. სწავლებისას დოქტორანტებმა რამდენჯერმე უნდა წარმოადგინონ რეფერატი, რითაც შემოწმდება მათი უნარი, მოახდინონ მიღებული ინფორმაციის ანალიზი და სინთეზი, ფაქტების შედარება და დაპირისპირება, კრიტიკული აზროვნება. დოქტორანტი რეგულარულად უნდა მონაწილეობდეს კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში, აქვეყნებდეს სამეცნიერო სტატიებს. მისი კვლევის შედეგი იქნება სადისერტაციო ნაშრომი, რომელშიც აისახება პრიორიტეტული პრობლემების კვლევის შედეგად მიღებული შედეგები.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში მენეჯმენტის წარმატებით სწავლებისათვის აუცილებელია მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალის არსებობა, ახალგაზრდა სპეციალისტთა მომზადება და მათი სტაჟირება უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებში, აგრეთვე სტუდენტების უზრუნველყოფა ლიტერატურით და კომპიუტერული ტექნიკით. ასევე, მნიშვნელოვანია აკადემიური პერსონალისათვის სპეციალური ტრენინგების მოწყობა უნივერსიტეტში, რომლებსაც ჩაატარებენ პრაქტიკული გამოცდილების მქონე ქართველი და უცხოელი ექსპერტები. მენეჯმენტის საკითხებით სტუდენტების დაინტერესების მიზნით, მიზანშეწონილია სპეციალური ტრენინგების ჩატარება, ხოლო სწავლება უნდა მიმდინარეობდეს თანამედროვე მოთხოვნების დონეზე. აუცილებელია შუალედური და საბოლოო გამოცდების ტესტებით ჩატარება, რომელიც შეიძლება იყოს ტესტისა და ანალიზური ქეისის ერთობლიობა. პრაქტიკული მეცადინეობები უნდა მიმდინარეობდეს ქეისების განხილვის საფუძველზე. მათი საშუალებით, შემოწმდება სტუდენტთა მიერ მასალების ათვისების დონე. ქეისები უნდა მოიცავდეს საკითხებს მენეჯმენტის აქტუალურ თემებზე. ქეისების ანალიზით, სტუდენტებს გამოუმუშავდებათ რეალური სიტუაციების აღქმისა და ადეკვატური გადაწყვეტილებების მიღების უნარ-ჩვევები. ქეისების ანალიზში მთავარი ყურადღება უნდა მიექცეს ლოგიკურობას და არგუმენტთა თანმიმდევრულობას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის დაინერგოს ბიზნეს-იმიტაციური თამაშები, რომლებიც გადაწყვეტილების მიღების უნარს განუვითარებს სტუდენტებს.
ამრიგად, მენეჯმენტის მიმართულებით დისციპლინის სწავლების უმთავრეს ფაქტორს წარმოადგენს ის, რომ სტუდენტებს ჩამოუყალიბდეთ დისციპლინის ფარგლებში მონაცემების მოპოვების, შეკრებისა და ინტერპრეტაციის უნარი, სამეცნიერო მოხსენებების მომზადებისა და პრეზენტაციის ჩვევები, აგრეთვე მეცნიერული ცოდნისა და ინფორმაციის კრიტიკული გამოყენებისა და პრობლემის გაანალიზების უნარი. ყოველივე ეს სტუდენტებს განუვითარებს კრიტიკული აზროვნების, რესურსების ოპტიმალური გამოყენების, რეალობის ადეკვატური გადაწყვეტილების მიღების უნარს.
ვფიქრობთ, რომ შემოთავაზებული კონცეფციის რეალიზაცია საშუალებას მოგვცემს მაღალ დონეზე წარვმართოთ სწავლების პროცესი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-სოციალურ ფაკულტეტზე და მენეჯმენტის სფეროში უზრუნველვყოთ კონკურენტუნარიანი მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით.