მსოფლიო ომის თანამედროვე სცენარი

რედაქციისაგან
წამყვანი 8 ქვეყნის ლიდერის შეხვედრის შედეგი უნდა ყოფილიყო ირანზე ზეწოლის გაძლიერება, მსოფლიო ეკონომიკის ზრდის შემცირების პრობლემების განხილვა, აზიის სწრაფად მზარდი ბაზრების თანაცხოვრების დაბალანსება და რუსეთის გამოთიშვა დასავლეთის მიერ დემოკრატიისათვის დიქტატორული რეჟიმების (და იმავდროულად რესურსებით მდიდრების) წინააღმდეგ ჯვაროსნული ომიდან. მთავარი ლეიტმოტივი ამჟამად არის ნავთობისა და გაზის რესურსების სრული და ტოტალური კონტროლი. ბოლო თვე ნავთობზე ფასი ბარელზე 70 დოლარის ირგვლივ მერყეობს, ხოლო ბენზინისა – 730-840 დოლარი/ტონაზე.
რა ხდება მსოფლიო ნავთობბიზნესში, როგორია მარაგებისა და მოხმარების დინამიკა, საით მიდის ნავთობის ფასი და მასთან ერთად კი მსოფლიო ეკონომიკური პოლიტიკა უახლოეს პერიოდში?
როგორია მსოფლიო ომის თანამედროვე სცენარი და ლიბრეტო?
ეს მეტად მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკისათვის, რომელიც ძირითადად იმპორტირებული თეთრი დისტილატების ხარჯზე ცხოვრობს და რომელიც მულტიპლიკატორია მთლიანად სასაქონლო და მომსახურების ბაზრისა, მაგრამ იმიტომაც, რომ საქართველო ივნისში სანავთობო ქვეყანა გახდა.
მსოფლიოს დღიური მოპოვება 2002 წლის 77 მილიონ ბარელიდან დღესდღეობით 82 მილიონამდე გაიზარდა (იხ. ცხრილი #1). ექსპერტთა აზრით, ის 2010 წელს 89-მდე გაიზრდება და 2015 წელს 100 მილიონ ბარელს მიაღწევს. ანალოგიურად იზრდება მოხმარებაც (იხ. ცხრილი #2).
ამის პარალელურად იზრდება ბუნებრივი აირის მოხმარებაც (იხ. ცხრილი #3). მარაგების მიხედვით, კვოტები ასე ნაწილდება (ცხრილი #4). ძირითადი მოპოვების ზრდა მოსალოდნელია მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში (ვიყენებთ BP-ის მონაცემებს, რომელიც ამ სფეროში ოფიციალურ მონაცემებადაა მიჩნეული. იხილეთ სქემები).
ყველა ამ მონაცემიდან ერთი ნათელია: რეზერვები იწურება ჩრდილოეთ ევროპაში, ამერიკასა და რუსეთის დიდ ნაწილში. ის მზარდი ოდენობით რჩება ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკის ზოგიერთ რეგიონში. ამიტომ, გადამწყვეტი ომია ძირითადად ამ მუსლიმური რეგიონის გაკონტროლებაზე. ვისი ზეგავლენის ქვეშაც იქნებიან ეს რეგიონები – ირანი, ერაყი და მთლიანად არაბეთი, მუსიკის შემკვეთიც ის იქნება მომავალი ასი წლის განმავლობაში.
მეორე მეტად მოცულობითი რეგიონებია: შუა აზია, თურქმენეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი და მათ შორის საქართველო, რომლებიც წარმოადგენენ მნიშვნელოვან სატრანსპორტო დერეფნებს დასავლეთის ენერგო უსაფრთხოებისთვის.
მსოფლიო პოლიტიკის ბედსა და, ბუნებრივია, დიდი 8-იანის შეხვედრის ქვეტექსტსაც დღეს ძირითადად ეს მამოძრავებელი ძალა განსაზღვრავს. რუსეთს, რომელმაც დიდი ფული იშოვნა ნავთობში, არ სურს უბრალო მონაწილის როლში ყოფნა და თხოულობს მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერის პოსტს, თანაც ისეთს, რომელსაც ანგარიშს გაუწევენ, მათ შორის, ზოგიერთ ქვეყანაზე კოტროლის კუთხითაც. მაგალითად, როგორც აკონტროლებს ენერგეტიკის კუთხით მთლიანად თურქმენეთს, ასევე უზბეკეთს და ნაწილობრივ ყაზახეთსაც. ამისათვის რუსეთს ამ ქვეყნებში დიქტატორული რეჟიმი სჭირდება. ცხადია, ამ ქვეყნის ხელისუფალთაც ხელს აძლევთ არადემოკრატიული და, საერთოდ, უსირცხვილო პოლიტიკის დერჟავული ამბიციის მქონე რუსეთის მხარდაჭერა. უფრო მეტიც – ეს მათი ერთადერთი დასაყრდენია.
გამოდის, რომ ეს ომი მარტო ნავთობსა და მსოფლიო ბაზარზე ჰეგემონიისათვის კი არა, არამედ დიქტატურასა და დემოკრატიას შორისაც არის. ბუნებრივია, აქ აშშ და დასავლეთი, მიუხედავად დიპლომატიური ვარიაციებისა, ვერ დათმობენ ვერაფერს და. . . და რითი გადაწყდება დაპირისპირება? აი, მთავარი საკითხი დღეს მსოფლიოში. ეს არ არის ადვილი კითხვა, რადგან რუსეთი ატომური ქვეყანაა და საკმაოდ მძლავრიც. ამას ისიც ემატება, რომ მან ბოლოდროინდელი ნავთობის ფასებით დიდძალი კაპიტალი დააგროვა – 250 მილიარდი დოლარის რეზერვი, – ეს რეკორდია მთელი მისი არსებობის მანძილზე და ეს მაჩვენებელი კიდევ გაიზრდება. ამასთან, მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების გაერთიანება და პრეტენზია უბრალოდ ენერგეტიკული ნედლეულის მიწოდებაზე კი არა, არამედ დასავლეთის ბაზრების გაკონტროლებაზეა და, როგორც ეტყობა, აქ ის სერიოზულ წარმატებას მიაღწევს, რადგან ევროპისათვის ის უალტერნატივოა, ხოლო, თავის მხრივ, ალტერნატიული ბაზარი ჩინეთის სახით აქვს. ამიტომ ირანის წინაღმდეგ ომი არ არის მარტო ირანის ომი. ის მომავლის ომია. რუსეთის წინაღმდეგ დიპლომატიური ომიც არ არის მარტო ორი დიდი ქვეყნის ჭიდილი, – ის დემოკრატისა და მომავლისათვის ომია. მესამე იქნება რამდენიმე წელიწადში – ჩინეთისა და დასავლეთის ომი მსოფლიო ბაზრის გადასანაწილებლად, რადგან ჩინეთი, რომელიც სერიოზული პროტექციონიზმის, დემპინგისა და სუბსიდირების პოლიტიკას ახორციელებს, თავის მხრივ, აქტიურად იყენებს დასავლეთის ღია ბაზრის პოლიტიკას და სერიოზულ ეკონომიკურ წარმატებებს აღწევს. ის მთლიანად შეღავათიან რეჟიმში აფორმებს ინვესტორებს, ვიეტნამთან ერთად არის საგადასახდო ოაზისი და, ამავდროულად, მოხსნილი აქვს რეგულირების უმეტესი მექანიზმი, მათ შორის, შრომის კანონმდებლობაში, ეკოლოგიაში და ა.შ.
ამიტომ ვითარდება წარმოება ჩინეთში და უსწრაფესად იზრდება ნავთობპროდუქტების მოხმარება. შეფასების ერთ-ერთი ძირითადი კატალიზატორი ჩინეთ-ინდოეთში სწორედ მოხმარების დონე ხდება.
რა აერთიანებთ დიდი რვიანის ქვეყნებს? საერთო აქვთ რამე? კი, – სურვილი, გააკონტროლონ ბაზარი. ისინი ძირითადი მეტოქეები არიან მსოფლიო ბაზარზე. ტრანსნაციონალური კომპანიების მეშვეობით, ძირითადად ისინი აკონტროლებენ მსოფლიო ბიზნესის 70 პროცენტს და მთავარი კონკურენტები არიან. ევროპისა და აშშ-ის ურთიერთჭიდილს ბოლო არ უჩანს. ეტყობა, აქ ევროპა უიმედოდ მარცხდება. მისი ეკონომიკური ზრდა სერიოზულად დაბალ დონეზეა. გაფართოებამ მას დიდი პრობლემები მოუტანა, ისევე, როგორც მყარმა ევრომ. ამას დაემატა საგადასახდო ტვირთის არნახული სიმძიმე და უდიდესი სოციალური პასუხისმგებლობა – ევროპიდან კაპიტალი გარბის.
ამ მომენტში ნაწილობრივ აშშ-ის მოკავშირეა, რადგანაც ცალკე დიქტატურულ რეჟიმებს ვერ გაუმკლავდება და ვერ აიძულებს მათ, გახსნან ბაზარი ევროპელებისათვის. ევროპა სხვას სთხოვს ბაზრის გახსნას და თავისუფალ ეკონომიკას, მაგრამ როგორც კი რუსებმა ინგლისს გაზმომარაგების განაწილების ბიზნესის წილი მოითხოვეს, ნაციონალურ ინტერესებზე ალაპარაკდნენ და ბაზარი დაავიწყდათ. ასე მოხდა ფოლადის ბიზნესშიც უკანასკნელი მსოფლიო გიგანტების შერწყმისას და ა.შ. ანუ, ღია ბაზრის პროპაგანდა გარკვეულწილად მატყუარაა დაბალგანვითარებული და ნედლეულით მდიდარი ქვეყნებისათვის. იგივე იყო, როცა აშშ-ში პორტები არ მიყიდეს დუბაის მხარეს, შეეშინდათ და ნაციონალურ ინტერესებზე ალაპარაკდნენ, ამ დროს საკითხავია დუბაიში მთელი ბიზნესი ვის ეკუთვნის? თქვენთვის მომინდვია და რომელი ქვეყნის მოქალაქები არიან უვიზო რეჟიმში ემირატებში.
დიდი რვიანის ყველა წევრს საბოლოო ჯამში თავისი ინტერესი აქვს და ისინი მოქიშპეები არიან, მაგრამ აერთიანებთ დიქტატურის წინაღმდეგ ბრძოლა და ის, თუ როგორ მოახდინონ ამ ომში რუსეთის ნეიტრალიზაცია.
რას შესთავზებს რუსეთს ახლა დასავლეთი, რას დაუთმობს ამ ვაჭრობაში ან რა დაუთმო უკვე, ეს გამოჩნდება მომავალი ერთი წლის განმავლობაში, იგივე საქართველოსა თუ ე.წ. რუსეთის ინტერესში შემავალი სხვა რეგიონების მიმართ.
ფაქტი ერთია, მსოფლიოში ასე კორექტულად დაძაბული სიტუაცია ჯერ არ ყოფილა. კაცობრიობის მომავალი იმაზეა დამოკიდებული, როგორ განიმუხტება ის და რა სტილის ბალანსი შედგება? რათა დიქტატურის წინაღმდეგ ომით არ მივიღოთ სუპერ და უალტერნატივო დახვეწილი დიქტატურა და დედამიწაზე მცხოვრებლებს საერთოდ არ დაავიწყდეთ, რა არის ნამდვილი თავისუფლება. თუ საბანკო კომუნიკაციების სფეროს ხერხემალს სვფტს ვაკონტროლებთ, ვკითხულობთ მეილებს და ვისმენთ ყველა ტელეფონს, რაღა დარჩა???
ყველაფრის მიზეზი ნავთობია, მიზანი – ჰეგემონია, ხოლო ნებისმიერ უალტერნატივო ჰეგემონიას რთულ შედეგებამდე მივყავართ, როგორც ამას ისტორია გვასწავლის.
ამ დასკვნებს ისიც ადასტურებს, რომ ერაყში არეულობა ნავთობს აძვირებს
ვაშინგტონი – ივნისის პირველ დეკადაში ნავთობის ფასი 1 დოლარზე მეტად გაძვირდა. ნათელია, რომ ირანში ალ-ქაიდას ლიდერის მკვლელობა ქვეყანაში არეულობის დასასრულს არ ნიშნავდა. Dow Jones-ის სააგენტოზე დაყრდნობით, ნიგერიის მთავრობის ოფიციალური პირები იუწყებიან, რომ ქვეყანაში ნავთობის წარმოება დღეში დაახლოებით 800 000 ბარელით შემცირდა.
აშშ-ის ნავთობის ბროკერები აცხადებენ, რომ ნავთობის ბაზარი “შფოთის კედელთანაა მიმწყვდეული”, გლობალური მოთხოვნა, გეოპოლიტიკური არეულობები და ატლანტიკის ქარიშხლების სეზონი კი მდგომარეობას ამძაფრებს. ივლისის light sweet crude-ის მისაღები ფასი 1.28 დოლარით გაძვირდა და ნიუ-იუორკის ბირჟაზე ერთ ბარელზე 71.63 დოლარი შეადგინა. ლონდონში, Brent crude-ის ფასმა 1.43 დოლარით მოიმატა და მისი ფიუჩერსი 70.48 დოლარი ღირს. Nymex-ის ბენზინი 5.06 დოლარით გაძვირდა და ერთ გალონზე მისი ფასი 2.1528 დოლარია, გასათბობი ნავთობიც თითქმის 3 ცენტითაა გაძვირებული და გალონი 2.0130 დოლარი ღირს. რაც შეეხება ბუნებრივ აირს, მისი ფასი 10 ცენტით გაძვირდა და 1 000 კუბური ფუტი 6.294 დოლარი ღირს.
გასულ წელთან შედარებით, 30%-ზე მეტითაა გაძვირებული გადაუმუშავებელი ნავთობის ფასი. ბენზინზე მოთხოვნა ზრდას განაგრძობს, თუმცა ნორმალურთან შედარებით ოდნავ ნაკლებია, ყოველ შემთხვევაში, მთავრობის სტატისტიკა ამ ინფორმაციას გვაწვდის.
ნავთობზე ფასების ზრდა გამოიწვია გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომლის თანახმადაც ბაღდადში მოიტაცეს ერაყის ნავთობის წარმომადგენელი მუთანა ალ-ბადრი, როდესაც ის სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა.
ანალიტიკოსები დიდ სიფრთხილეს იჩენენ აშშ-ის საჰაერო თავდასხმაზე საუბრისას, რასაც აბუ მუსაბ ალ-ზარქავი შეეწირა – სამხედრო პირი, რომელიც თვითმკვლელი ტერორისტებისა და ერაყის წინააღმდეგ განხორციელებული სხვა ძალადობრივი კამპანიების ხელმძღვანელად მოიაზრებოდა. ქვეყნის ნავთობის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა, ნავთობსადენების დამატებით, მის მკვლელობასთან პირდაპირ კავშირში არ ყოფილა. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ბაზარს სიტუაციის შესაცვლელად, ფასების შესამცირებლად და მდგომარეობის დასარეგულირებლად რამდენიმე კვირა ან თვე დასჭირდება. ვენის ნავთობის ასოციაციის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ალ-ზარქავის მკვლელობის მიუხედავად, ერაყის პოლიტიკური არეულობა და ახალი ჩარჩო-კანონის არარსებობა ერაყში ნავთობთან დაკავშირებული ინვესტიციებისა და გადაუმუშავებელი ნავთობის ექსპორტის კლების ტენდენციას განაგრძობს.
კვლავ ბურუსითაა მოცული ირანის ინიციატივისა და დასავლეთის წინააღმდეგობის საკითხი. ირანი და დასავლეთი ერთმანეთის ინიციატივებს გმობენ, თუმცა ირანის პრეზიდენტმა დასავლეთს მოლაპარაკების გზით საკითხის გადაჭრისკენ მოუწოდა.
ახლოვდება ქარიშხლების სეზონიც. მოვაჭრეები ღელავენ, რომ ძლიერი სტიქია მნიშვნელოვან დანაკარგს მოიტანს და გალფის სანაპიროზე მდებარე გადამამუშავებელ მოწყობილობებსაც მწყობრიდან გამოიყვანს.
OPEჩ-ი: სტაბილურობის მოლოდინში 60 დოლარი
უკანასკნელი 6 წლის მანძილზე რუსეთი OPEC-ის მოქმედების გამო დიდ მოგებაშია. ნავთობისა და ბუნებრივი აირის ექსპორტის შემოსავალი 600 მლრდ დოლარს აღწევს, მაგრამ რუსეთის როლი დასასრულს უახლოვდება, მან საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს, გახდება თუ არა “დიდი რვიანის” წევრი ქვეყანა. თუმცა რუსეთი დიდი ქვეყანაა და შეუძლია, თავის თავს ნეიტრალურობის უფლებაც მისცეს.
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ნავთობის ფასი 18 დოლარიდან თითქმის 70 დოლარამდე გაიზარდა ერთ ბარელზე, OPEC-მა სერიოზული ცვლილებები განიცადა, განსაკუთრებით, ფასების აგრესიულ პოლიტიკაში ისეთი ქვეყნებისგან, როგორიცაა ვენესუელა და არაბული სამყაროს სახელმწიფოები. 1990-იანი წლების შემდეგ სათავეებში პრაგმატული ლიდერები მოვიდნენ, ამიტომ არავინ დაიხევს უკან აშშ-ის გამო და ნავთობის დაბალი ფასის შენარჩუნებასაც არავინ ეცდება. თუმცა ბოლო დროს OPEC-ი ნავთობს აძვირებს, მაგრამ კარგად აქვს გათავისებული, რომ ამ მოქმედებამ ბაზარზე მოთხოვნის დონე არ უნდა შეამციროს.
გავრცელებული მოსაზრების თანახმად, ნავთობის საშუალო ფასი ერთ ბარელზე 55-60 აშშ დოლარია. ეს ციფრები საუდის არაბეთის მინისტრმა შექმნილ სიტუაციაზე კომენტარის გასაკეთებლად გამოიყენა. OPEC-ი ნავთობის საშუალო ფასის შენარჩუნებას ქვემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო ეცდება:
ბოლო ხანებში ნათელი გახდა, რომ 55-60 დოლარი ბარელ ნავთობზე ეკონომიკისათვის პრობლემებს არ ქმნის, ხოლო 70 დოლარი ერთ ბარელ ნავთობზე უკვე ნამდვილ პრობლემებს წარმოშობს;
55-60 დოლარიანი ნავთობი ბაზარზე მოთხოვნას არ შეამცირებს და ალტერნატიული საწვავის ძიებასაც არავინ ეცდება;
აღნიშნული ციფრი “პოლიტიკურად უსაფრთხოა”, ციფრის ზრდისას კი OPEC-ზე პოლიტიკური რეპრესიის საშიშროებაც იზრდება;
ამ ციფრით ორგანიზაციას სტაბილურობის გარანტია აქვს.
ახალი გარიგება
ნავთობის საშუალო ფასის შენარჩუნების საკითხში მთავარი მოწინააღმდეგეები კარტელის წევრი ქვეყნები არიან, რომლებსაც მოთხოვნის გაზრდის შემთხვევაში საკმარისი ნავთობის წარმოება არ შეუძლიათ. ერთი სიტყვით, მათ ნავთობის დიდი მარაგი არ გააჩნიათ.
ამ საკამათო საკითხზე პასუხის გაცემა მხოლოდ დროს თუ შეუძლია. ერთი რამ კი ნათელია, რომ OPEC-ის წევრ ქვეყნებში, პოლიტიკური ცვლილებებისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მოსახლეობის ზრდის ფონზე, მწარმოებელი ქვეყნები ნავთობისაგან წარსულთან შედარებით დიდ მოგებას იღებენ. ნავთობის ორგანიზაციამ გააკრიტიკა მომხმარებელი ქვეყნების პროექტები, რომლითაც ისინი ალტერნატიული ენერგიის წყაროებს ეძებენ.OPEC-ი ენერგიის ახალი გარიგების წამოწყებას საერთაშორისო მომმარაგებლებთან ცდილობს. ამისთვის მან ზუსტად უნდა იცოდეს ბაზარზე მოთხოვნის დონე და ცდილობს, ფასის მერყეობა მის შემოსავალზე არ აისახოს. გასულ დროს, ნავთობზე ფასების კლებისას, ფასების სტაბილიზაციის მიზნით, სწორედ ის ამცირებდა ნავთობის წარმოებას, ხოლო სხვა მწარმოებლები საპირისპიროდ იქცეოდნენ და მთლიან მოგებას იღებდნენ.
რა თქმა უნდა, ცნობილი არ არის, შეძლებენ თუ არა საუდის არაბეთის ქვეყნები და სხვა მწარმოებლები წარმოების გაზრდასა და ნავთობზე საშუალო ფასების შენარჩუნებას ერთდროულად. თუმცა ცხადია, რომ OPEC-ის წევრი ქვეყნები ახალი გარიგების გაფორმებამდე ამ სურვილით არანთებულნი არ არიან.
რუსეთი და OPEC-ი
ნავთობის ყოველდღიური მოპოვების მოცულობით რუსეთი საუდის არაბეთს უტოლდება, თუმცა დეკლარირების შემდეგ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ უკანასკნელს დღეში 2.0 მლნ ნავთობის რეზერვი აქვს. ნავთობის ფასებზე დიდ გავლენას ახდენს პროდუქტის ის მოცულობა, რომელიც მწარმოებელი ქვეყნებიდან მომხმარებელ ქვეყნებში ექსპორტზე გადის.
მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნა გაზრდილია და რუსეთი დღეში დაახლოებით 7 მლნ ბარელი გადაუმუშავებელი ნავთობის ექსპორტს ახორციელებს. თავდაპირველად, როდესაც ნავთობის ფასი საწყის საშუალო დონეს უბრუნდებოდა, რუსეთზე ხორციელდებოდა გარკვეული ზეწოლა ნავთობის ექსპორტის შემცირების თაობაზე, რასაც პოლიტიკური სარჩული ჰქონდა, მაგრამ 2001 წელს რუსეთმა კონფლიქტისათვის თავის არიდება მოახერხა.
OPEC-ი ახალ გარიგებებს ეძებს, როგორც მომხმარებელ, ისე მწარმოებელ ქვეყნებთან, რუსეთის სიდიდის გამო კი ამ ქვეყნისათვის გვერდის ავლა თითქმის შეუძლებელია. მოკლევადიან მონაკვეთში ეს ჯერ პრობლემებს არ გამოიწვევს, რადგან მოთხოვნა კვლავ მაღალია, რუსეთის საექსპორტო მოგება კი სტაბილური, მიუხედავად შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის არარსებობისა, რომლის შექმნაც მომავალში იგეგმება და ორგანიზაცია, ფასების ერთობლივად გაკონტროლების მიზნით, აუცილებლად მოისურვებს რუსეთთან თანამშრომლობას.
იყო დრო, როდესაც რუსეთი მომგებიან მდგომარეობაში იყო და ორ სკამზე ერთდროულად იჯდა – ის ურთიერთობდა მწარმოებლებთან და მათ პარტნიორ “დიდი რვიანის” ქვეყნებთან, რომლებიც ძირითადად ენერგომატარებლების მომხმარებლები არიან. 1999 წელს რუსეთის არსებობა მხოლოდ ექსპორტიორის რანგში მსოფლიო ბაზარზე ნაკლებად შესამჩნევი იყო, ვიდრე ეს პუტინის პრეზიდენტობის დროსაა, როდესაც მნიშვნელოვნად გაიზარდა ექსპორტის მოგება და გადაუმუშავებელი და გადამუშავებული ნავთობის ექსპორტის მოცულობაც. რუსეთი ყველა ექსპორტიორს აჭარბებს, რომლებიც OPEC-ის წევრები არ არიან ან მის ზეგავლენას განიცდიან.
თუ ბაზარზე მოთხოვნა ან ფასები დაეცემა, რუსეთმა შეიძლება იფიქროს თანამშრომლობაზე ფასების დასარეგულირებლად.
რუსეთის როლი იზრდება
ბოლო ხანებში ნავთობზე ფასების ზრდა ჩინეთსა და ინდოეთში მოთხოვნის ზრდით აიხსნება, თუმცა აშშ-სა და სხვა ქვეყნებში მოთხოვნა შემცირდა.
მონაცემების მიხედვით, მოთხოვნის ზრდა საშუალოდ იქნება – 1.5% წელიწადში: ჩრდილოეთში შენელებული ზრდის ტემპს (+0.3) კომპენსაციას გაუწევს ჩინეთის, ინდოეთისა და აზიის მზარდი მოთხოვნა (3.0-4.0% წელიწადში). მოთხოვნის ზრდას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშიც ელიან – 2.5-3.0% წელიწადში.
ამ მონაცემების შემდეგ მოსალოდნელია, რომ რუსეთიდან კასპიის ზღვის აუზის ნავთობის ექსპორტი წლიურად 3.5%-ით გაიზრდება. ფიქრობენ, რომ რუსეთი, ბოლოს და ბოლოს, მიხედავს კანონმდებლობას, ადმინისტრაციულ მმართველობასა და ინფრასტრუქტურას. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ქვეყნის გეგმებსა და პრიორიტეტებზე პოლიტიკური ფაქტორები დიდ ზეგავლენას ახდენენ და არავინ იცის, რა ბედი ეწევა 2010-2015 წლებისათვის დაგეგმილ ექსპორტის ზრდას. გეგმის მიხედვით მოქმედების შემთხვევაში, 2015 წლისთვის რუსების წილი ბაზარზე 20%-ს გაუტოლდება, OPEC-ის კი 38.5%-მდე შემცირდება. ეს კიდევ ერთი მიზეზია იმისა, რომ რუსეთს ნეიტრალურობის შენარჩუნების უფლება არ მისცენ.
რუსეთის მარაგები
რუსეთის ნავთობის მარაგი 77 მლრდ ბარელს შეადგენს, თუმცა გამოთვლები 3 წლის მანძილზე აღარ გაკეთებულა და ამ საქმეში არც ახალი ტექნოლოგიებია ჩართული. ამბობენ, რომ მისი მარაგი დაახლოებით 150 მლრდ ბარელია.
OPEჩ-ი ნავთობის ფასებთან ერთად იზრდება
კლუბში ამჯერად 13 ქვეყანაა, ნავთობის გლობალური ფასი მომავალშიც გაიზრდება. ნავთობის ექსპორტიორმა ქვეყნებმა ბაზარზე სტაბილურობა უნდა შეინარჩუნონ. კვოტები, წელიწადზე მეტია, უცვლელია. ამ მონაკვეთში კი ფასები თითქმის გაორმაგდა. კარაკასში გამართულ შეხვედრაზე OPEC-მა გადაწყვიტა, საკუთარ რიგებში ბოლივია და ეკვადორი მიიღოს, მაგრამ კვოტების შეუცვლელად.
შეხვედრის ადგილად ვენესუელა შემთხვევით არ შერჩეულა – ყველასთვის ცნობილია პრეზიდენტ ჰუგო ჩავესის აგრესიული მიმართვა აშშ-ის პრეზიდენტისადმი. ჩავესი OPEC-ის წევრ ქვეყნებში ნავთობის სექტორის ნაციონალიზაციის მხურვალე გულშემატკივარია. კარტელმა საკუთარ რიგებში საზეიმოდ მიიღო ბოლივია და ეკვადორი. ჩავესს სხვა გეგმებიც აქვს, მაგრამ მისი როლი OPEC-ში საუდის არაბეთის გაერთიანებული ემირატებისას ჩამოუვარდება, ამ უკანასკნელზე კი აშშ-ს დიდი გავლენა აქვს. ამიტომ დარჩა მიწოდების კვოტები უცვლელი – 28 მლნ ბარელი დღეში.
ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არავისთვის ყოფილა და მას ნავთობის გაიაფებაც კი მოჰყვა, თუმცა აშშ-ში მსუბუქი ნავთობის ფასი ბარელზე კვლავ 70 დოლარს აღემატება. აცხადებენ, რომ ნავთობის უფრო მაღალი ფასიც არ გაუკვირდებათ, რადგან ამ ტენდენციას გეოპოლიტიკური ფაქტორიც ეხმარება და სხვადასხვა სპეკულაციაც. OPEC-ის წევრი ქვეყნების ნავთობის მინისტრების ერთი ნაწილი, ჩვეული მანერით, ჟურნალისტების საწინააღმდეგო მოსაზრებაში დარწმუნებას შეუდგა, სხვები არასაკმარის ნავთობზე ალაპარაკდნენ, კატარის ნავთობის მინისტრმა კი განაცხადა, რომ OPEC-ი სიტუაციის განვითარებას თვალყურს ადევნებს და კარტელის მომავალ სხდომაზე, სექტემბერში, შესაძლოა, კვოტების საკითხი კვლავ აქტუალური გახდეს.
ბაზარზე დომინირებს ირანის პროგრამის გარშემო ატეხილი აურზაური და ნავთობ-სპეკულიანტების მოქმედებები, მაგრამ საშუალოვადიან გარდაქმნაში მათ დიდი მნიშვნელობა არ ენიჭებათ.
მთავარია, ახალი წევრების მიღებით, კარტელის ნავთობის მიწოდების წილი ბაზარზე დღევანდელი 41%-დან 43%-მდე გაიზარდოს. ექსპერტთა პროგნოზების თანახმად, 2010 წლისათვის ნავთობის ყოველი მეორე ბარელი OPEC-ის იქნება. ამ ოთხწლიან მონაკვეთში ორგანიზაცია მარაგის გასამმაგებას გეგმავს, რათა 2010 წლისათვის დღიურმა მიწოდებამ 34 მლნ ბარელს მიაღწიოს. შესაბამისად, შემცირდება სხვა ექსპორტიორების წილი ბაზარზე, მათ რიცხვში რუსეთი და ნორვეგიაც შედიან.
აზერბაიჯანის სექტორის კასპიის ზღვაში მოპოვებულმა 600 000 ბარელმა ნავობმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის 1768 კილომეტრიან ნავთობსადენში გაიარა, შემდეგ ტანკერზე დაიტვირთა და გეზი ევროპისაკენ აიღო. ეს სასიამოვნო სიახლეა და, რაც მთავარია, იმ ათასობით ადამიანის მრავალთვიანი შრომის შედეგია, რომლებსაც აზერბაიჯანში, თურქეთსა და საქართველოში მთავრობა, კომპანიები და სხვადასხვა ორგანიზაციები ხელმძღვანელობდნენ. ყველა ასპექტის გათვალისწინებით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი ნამდვილად მსოფლიო მნიშვნელობის პროექტია და მასში ჩართულ ყველა მონაწილეს უფლება აქვს, ერთობლივი მიღწევებით იამაყოს. მაგრამ არის კიდევ ერთი, რამაც საქართველო, რომელსაც არ გააჩნია ნავთობის საბადოები, მსოფლიო ნავთობის ბიზნესში სანავთობო ქვეყნად გახადა და ასევე, ნავთობისათვის ომის მონაწილედ აქცია.
შეჯამების მაგივრად, ყოველივე ზემოთ თქმულიდან შეიძლება ზუსტად ვივარაუდოთ, 2006 წლის ბოლომდე ნავთობზე ფასები იქნება: ამერიკულ ლაითზე” 70-85 დოლარი ბარელზე: ბრენტზე 68-80; ურალუსზე 66-75; ოპეკის კალათაზე 62-68; ერთი ტონა ბენზინის ევროპული სტანდარტის ფასი ფასების ამპლიტუდა იქნება 740-900 დოლარი ტონაზე.