საქართველო-ევროპის ბიზნეს საბჭო

რედაქციისაგან

საქართველო-ევროპის ბიზნესსაბჭოს პრეზენტაცია მოხდა თბილისში (ამ საბჭოზე დეტალურად ჩვენს წინა ნომერში, ბატონ კოტე ზალდასტანიშვილთან ინტერვიუში ვწერდით).

რუსეთის ეკონომიკურმა ემბარგომ, რომელიც პირველ რიგში ქართველების ეროვნულ სიამაყეს – ღვინოს შეეხო, ბევრი სერიოზულად დააფიქრა. რუსეთის ბაზარზე ღვინის ექსპორტს საქართველოს ბიუჯეტში მნიშვნელოვანი შემოსავალი შემოჰქონდა და, ბუნებრივია, საქართველოს მშპ-ზე ეს ცვლილება უარყოფითად აისახება, ამიტომ საჭიროა კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება. რა ნაბიჯები უნდა გადადგან ქართველმა ბიზნესმენებმა ქართული ღვინის ექსპორტზე გასატანად და საით უნდა გვქონდეს სწორება. ექსპერტთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის გადაწყვეტილებამ, ანიშენკოს სურვილის მიუხედავად, ქართულ ღვინოს მსოფლიოში დიდი რეკლამა გაუკეთა. დაინტერესებულია თუ არა საქართველოს ამ პრობლემით ევროკავშირი და ვინ დალევს ქართულ ღვინოს?
15 ივნისს “თი-ბი-სი ბანკის” სათაო ოფისში, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღვინით ვაჭრობით შესახებ ორმხრივ ხელშეკრულებაზე კონსულტაციების დაწყებასთან დაკავშირებით, ევროკავშირ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს დამფუძნებელმა წევრებმა – bp (Brithish Petroleum)-მა, ბორჯომმა, STATOIL-მა და WISSOL-მა მიღება გამართეს, სადაც თითქმის ყველა ცნობილი ქართული ღვინის ფირმა იყო წარმოდგენილი.
თამარ ბერუჩაშვილი: – 12 ივნისს ევროპისა და საქართველოს ექსპერტთა შორის დაიწყო აქტიური კონსულტაციები სამომავლო ღვინის ორმხრივი ხელშეკრულების დადების თაობაზე. მსგავსი ხელშეკრულებები რიგ ქვეყნებთანაა დადებული: ავსტრალია, ჩილე, სამხრეთ აფრიკა. იმის გამო, რომ დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, მწვავედ დადგა ბაზრების დერეგულირების საკითხი, საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირს კონსულტაციების გამართვა სთხოვა. ღვინის სექტორის შესახებ აზრთა გაზიარებამ წარმატებით ჩაიარა, დაისახა სამომავლო გეგმები, თუ რა უნდა გაკეთდეს ეტაპობრივად ხელშეკრულების გასაფორმებლად, რომელიც საშუალებას მოგვცემს ექსპორტი უფრო აქტიური გავხადოთ, დეტალურად გავიცნოთ ევროკავშირის ბაზარზე არსებული ყველა მოთხოვნა და გავაცნოთ მათ ჩვენი განძი. ზოგადად, ეს ბიზნესკავშირების გააქტიურებას ითვალისწინებს, ასევე ქართული საექსპორტო პოტენციალისა და წარმოების წარდგენას ევროკავშირის მხარისათვის, ყველა იმ წესის, მოთხოვნისა და ნორმის გაცნობასა და დანერგვას საქართველოში, რომელთა გარეშეც ურთიერთობების შემდგომი გაგრძელება წარმოუდგენელია. ეს, რა თქმა უნდა, ხანგრძლივი პროცესია, რადგან ევროკავშირი საკმაოდ რთული ბაზარია. ნამდვილად საინტერესო ამოცანაა, თუ როგორ უნდა ვიმუშაოთ სტაბილურ, პროგნოზირებად, მაგრამ რთულ ბაზარზე.
– თქვენი აზრით, არსებულ სიტუაციაში ღვინის ქართულ წარმოებას შეუძლია ევროკავშირის მკაცრი მოთხოვნების დაკმაყოფილება?
– შეუძლია, რადგან ექსპორტი უკვე არის, იდგმება პატარა ნაბიჯები, მაგრამ პოზიტიურია ექსპორტის ზრდის დინამიკა. მნიშვნელოვანია კომპანიების მარკეტინგის სტრატეგია, საუბარი არ არის იმაზე, რომ კონკრეტულმა კომპანიებმა მხოლოდ თავის თავს გაუწიონ რეკლამა, პირველ რიგში, ხელისუფლებამ უნდა გაუწიოს რეკლამა ქართულ პროდუქტს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ღვინოს.
– რომ არა რუსული ემბარგო ქართულ ღვინოზე, იქნებოდა თუ არა იგივე ამოცანები დასახული და იგივე ნაბიჯები გადადგმული?
– ყველაფერ ნეგატიურში ალბათ პოზიტიურიც არსებობს. რუსული ემბარგო შეიძლება გამოღვიძების მუხტად მივიჩნიოთ. რაც ხდებოდა, იმის გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. მიუხედავად იმისა, რომ რუსული ბაზარი თავისი სიდიდით, ხასიათითა და რეგულირების გამო ბევრ რამეს აიტანს, ქართული ღვინო არ არის იმდენი, რომ მან ამ გაუგებრობაში პრესტიჟი დაკარგოს. მნიშვნელოვანია არსებული მომენტის ჩვენს სასარგებლოდ გამოყენება და ქართული ღვინისთვის რეალური ამოცანების დასახვა. პირველ რიგში, ხარისხზე უნდა ვიზრუნოთ. ქართული ღვინისა და ვაზის საკითხში მთავარი თემა გეოგრაფიული აღნიშვნებით განსაზღვრული ღვინოების ჯიშების დაცვაა, ანუ ადგილწარმოშობის ღვინოების შენარჩუნება. ეს ევროპულ მიდგომებშიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა, რადგან მათ უკან ღვინის დიდი ტრადიციისა და კულტურის მქონე ქვეყნები დგანან. მოლაპარაკებისას ჩვენი თემები ავსტრალიის თემებისგან განსხვავდება, რომლებიც სავაჭრო ნიშნებს იცავენ. რა თქმა უნდა, მოგვიწევს ფალსიფიკაციის წინააღმდეგ ბრძოლაც. ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი დროს მოითხოვს და შედეგი მყისიერი არ იქნება, მაგრამ ამ პროცესში ჩართვის გარეშე ქართულ ღვინოს სერიოზული მომავალი არ ექნება.
– რა მოცულობის ღვინის ექსპორტი უნდა განახორციელოს საქართველომ ევროკავშირის ქვეყნებში?
– საქართველოს უნდა ჰქონდეს ძალიან მოკრძალებული ნიშა. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ბაზარი დღეს გადატვირთულია, მნიშვნელოვანი თემაა განებივრებული ევროპელი მომხმარებლისათვის ახალი ღვინის სახეობები, რომლებიც მის მოთხოვნას დააკმაყოფილებენ.
– უამრავი ღონისძიება ტარდება ევროპაში ჩვენი ღვინის ექსპორტისათვის, მაგრამ არის თუ არა პროგრამაში რუსული ბაზრის დაბრუნება, სადაც დიდი რაოდენობით ქართული ღვინო იყიდებოდა და, შესაბამისად, ქართული ეკონომიკა სარგებელს ნახულობდა?
– ეს პოლიტიკური თემაა, მაგრამ არავინ ამტკიცებს, რომ ქართული ღვინო შორს არის ფალსიფიკაციისგან, თუმცა გადაწყვეტილება პოლიტიკური იყო და ვფიქრობ, რუსული ბაზრის დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილებაც პოლიტიკური იქნება.
ბადრი ჯაფარიძე – ბორჯომის გენერალური დირექტორი:
– ამ ღონისძიების მიზანია, ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა შეისწავლონ ქართული ღვინის მწარმოებლები და მათი პროდუქცია, რათა დაიწყოს აქტიური მუშაობა ქართული ღვინის გასაცნობად ევროკავშირის ქვეყნებში.
– ქართულ ღვინოს ევროკავშირის ბაზარზე გასვლის რამდენად დიდი შანსი აქვს?
– ქართულ ღვინოს ყველა შესაძლებლობა აქვს, რომ ევროკავშირის ბაზარზე გარკვეული ნიშა დაიკავოს, მაგრამ ამის მისაღწევად საჭიროა, ქართველმა მწარმოებლებმა ზუსტად იცოდნენ ამ ბაზრის მოთხოვნები, კონკურენციის დონე, სად შეიძლება იყოს ქართული ღვინის ნიშა და ა.შ
– რამდენი ღვინის მწარმოებელი გვყავს საქართველოში?
– წარმომადგენლები საკმარისი რაოდენობით არიან, მაგრამ მნიშვნელოვანია ხარისხიანი ღვინის წარმომადგენლები.