თავისუფალი სავაჭრო პოლიტიკა
მოამზადა ნინო არველაძემ
ევროკავშირისა და საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) ინიციატივით 2007 წლის 31 იანვარს სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” გაიმართა დისკუსია “ევროპულ სამეზობლო პოლიტიკის” შესახებ.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ კომპანია STATOIL-ის ვიცე-პრეზიდენტი, STATOIL-ის ევროკავშირის საქმეთა ოფისის დირექტორი ბრიუსელში, EUGBC-ის დირექტორთა საბჭოს წევრი არვე ტორვიკი, სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში თამარ ბერუჩაშვილი, გერმანიის ელჩი საქართველოში პატრიცია ფლორი, ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე ვანო ნაკაიძე, ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოსა და სომხეთში პერ ეკლუნდი, GEPLAC-ის დირექტორი კახა გოგოლაშვილი, საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ისაკაძე.
სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში თამარ ბერუჩაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და ევროკავშირის სავაჭრო და ბიზნეს ურთიერთობების შესახებ დისკუსია საქართველოში პირველად ჩატარდა და ბიზნესმენთათვის ამგვარ დიალოგში მონაწილეობას ახალი პერსპექტივების შესახებ ინფორმაციის მისაღებად დიდი მნიშვნელობა აქვს.
ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭო არაკომერციული ორგანიზაციაა და მისი მთავარ მიზანია მხარი დაუჭიროს ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავაჭრო და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას, იგი მის წევრ ქვეყნებს საქართველოსა და ევროკავშირში ბიზნესის წარმოებაში უნდა დაეხმაროს, რეკლამა გაუკეთოს და დაიცვასEUGBC-ის წევრების ბიზნესი, ხელი უნდა შეუწყოს საქართველოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების კომპანიებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას.
გთავაზობთ ეკონომიკური პოლიტიკისა და სამართლებრივი საკითხების ქართულ-ევროპული საკონსულტაციო ცენტრის (GEPLAC) დირექტორის კახა გოგოლაშვილის მოხსენებას:
რეგულატიური ჩარჩოს დაახლოება – ვაჭრობისა და ინვესტიციების წახალისების მნიშვნელოვანი ფაქტორი
ევროპული ინტეგრაცია მნიშვნელოვანწილად ეკონომიკურ განზომილებაში მიმდინარეობს. იგი ისეთი ცნებების სამყაროში ჰპოვებს თავის რეალიზაციას, როგორიცაა თავისუფალი ვაჭრობა, საბაჟო კავშირი, ეკონომიკური კავშირი, მონეტარული კავშირი, ერთიანი ბაზარი და ა.შ.
ამ თანამშრომლობის ან დაახლოების ფორმები პარტნიორ ქვეყნებს შორის რეგულატიური და საკანონმდებლო გარემოს დაახლოების სხვადასხვა დონეს მოითხოვს.
გლობალურ კონტექსტში აღნიშნული ჰარმონიზაციის ან დაახლოების ამოცანა ვმო-ს ან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წესების საყოველთაო დანერგვის შედეგად ხორციელდება.
სწორედ ამ ინსტიტუტების დამსახურებაა ის, რომ უმეტესი ქვეყნები პატივს სცემენ და იყენებენ კომერციული, სამრეწველო, სოფლის მეურნეობის, ფინანსური და კარგი მმართველობის საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს. გამონაკლისია მხოლოდ ე.წ. “მარტოდ მოთამაშე” სახელმწიფოები. ამ წესების საშუალებით შესაძლებელი გახდა აღნიშნული ორგანიზაციების წევრებს შორის მინიმალური ინტეგრაციის დონის დაწესება. სტატისტიკა ადასტურებს, რომ სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის დონე უფრო მაღალია იმ ქვეყნებს შორის, რომელთაც შიდა ბაზარზე თამაშის ერთნაირი წესები აქვთ. ეს არა მხოლოდ სასაქონლო ვაჭრობას, არამედ კაპიტალისა და მომსახურების გადაადგილებასაც შეეხება.
ევროკავშირში რეგულატიური დაახლოება, რაც ძირითადად ეროვნული კანონმდებლობის დაახლოების ფორმას ატარებს, მოტივირებულია წევრ ქვეყნებს შორის ე.წ რეგულატიური კონკურენციის თავიდან აცილებით1. �გარემოდაცვითი ან სოციალური დემპინგის” გამოყენებით იმ ქვეყნებს, სადაც შესაბამისი კანონმდებლობა უფრო ნაკლებად მკაცრია, შესაბამისად, შედარებით დაბალი დანახარჯების საშუალებით, შეუძლიათ “არასამართლიანად” მოიპოვონ უპირატესობები საერთაშორისო ვაჭრობაში. ამიტომ ევროკავშირის კანონმდებლობა ხშირად მიმართავს ე.წ. “პროცესზე ორიენტირებულ სტანდარტებს”. იგივე ლოგიკა გამოიყენება სახელმწიფო შესყიდვებისა და სახელმწიფო დახმარების სისტემების მიმართ. სწორედ ამიტომაა, რომ ევროკავშირის GSP+ სქემა მოითხოვს საქართველოსა და 14 დანარჩენი ბენეფიციარისაგან საერთაშორისო შრომის, სოციალური და გარემოდაცვითის კონვენციების სრულ იმპლემენტაციას.
ძალიან მნიშვნელოვანი სხვა მიზეზიც არსებობს, რისთვისაც ევროპის კავშირი “მოითხოვს” პარტნიორ ქვეყანაში ზოგიერთ სფეროში ძალზე მკაცრი წესების დანერგვას. ეს არის მომხმარებელთა დაცვა, სურსათის უვნებლობა, სანიტარული და ფიტოსანიტარული წესები, პროდუქციის უსაფრთხოების სტანდარტები და რეგლამენტები. აღნიშნული პირდაპირ კავშირშია მოქალაქეთა უსაფრთხოებასთან. ის ქვეყნები, რომელთაც აღნიშნულ სფეროებში რეგულატიური კონტროლის მაღალი დონე აქვთ, არ დაუშვებენ დაბალი უვნებლობისა და უსაფრთხოების სტანდარტების მქონე ქვეყნებიდან მათ ბაზარზე პროდუქციის იმპორტს. აღნიშნულ სფეროებში სტანდარტების ამაღლებისათვის გათვალისწინებული კანონმდებლობის დანერგვა ასევე მოითხოვს ხარისხისა და შესაბამისობის შეფასების, სერტიფიცირების ადექვატური სისტემის დანერგვას. შესაბამისობის შეფასების ურთიერთაღიარება ვაჭრობის წახალისების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პირობას წარმოადგენს.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნირობისა და თანამშრომლობის შეთანხმების შესახებ ხელმოწერა მჭიდრო თანამშრომლობის განვითარების პირველი მცდელობა იყო. შეთანხმების სავაჭრო ნაწილი “გატის” დებულებებიდან იღებს სათავეს. შეთანხმება არ იძლევა არავითარ დაპირებას თანამშრომლობის ან ინტეგრაციის უფრო მაღალი დონის თაობაზე, მაგრამ ამავე დროს შეთანხმების კარგად ცნობილი 43-ე მუხლი (საკანონმდებლო დაახლოება) მიზნად ისახავს საქართველოში ევროკავშირის შიდა ბაზართან გარკვეულწილად თავსებადი საკანონმდებლო გარემოს შექმნას. აღნიშნული მუხლი ევროკავშირის Acquis-ის ექსტრაქტს წარმოადგენს და მისი სათანადოდ განხორციელება უზრუნველყოფს ქვეყანაში ევროკავშირის შიდა ბაზრის წესებსა და სტანდარტებთან დაახლოების საკმაოდ მაღალ დონეს. Aასეთი ვითარება შექმნიდა თანამშრომლობისა და ურთიერთგაცვლის საუკეთესო პირობებსა და ბუნებრივად შექმნიდა უფრო მჭიდრო ინტეგრაციისაკენ სწრაფვის ტენდენციას. ევროკავშირის მიერ ასეთი სახის დებულებების ჩართვა შეთანხმებაში უსათუოდ მიანიშნებს ევროკავშირის ფარულ მისწრაფებაზე უფრო ღრმა ურთიერთობებისაკენ, ვიდრე ამას პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება ითვალისწინებს.
ევროკავშირთან თანდათანობითი დაახლოების გზები შეიძლება გაანალიზდეს სხვადასხვა ქვეყნებთან მისი თანამშრომლობის მოდელებზე დაკვირვებით:
ისეთ ქვეყანასთან, როგორიც საქართველოა, ევროკავშირს აქვს ვაჭრობაში უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი. რეგულატიური დაახლოების არსებული დაბალი დონის პირობებში საქართველოს სავაჭრო ბრუნვა ევროპის კავშირთან მისი მთლიანი ვაჭრობის 25 პროცენტს აღწევს. ევროკავშირის საგარეო სავაჭრო ბრუნვაში კისაქართველოს წილი 0,07%-ზე დაბალია. საქართველომ ევროკავშირთან კოოპერაციის 70%-იან დონესაც კი რომ მიაღწიოს, იგი მაინც უმნიშვნელო პარტნიორად დარჩება მისთვის. Aასევე გასათვალისწინებელია, რომ GშP+ საქართველოსათვის არ არის “სამუდამო ნაჩუქარი”. მას გააუქმებენ, როგორც კი ქვეყანა ეკონომიკურ სიძნელეებს დააღწევს თავს. სრულიად ბუნებრივია ის, რომ დღეს საქართველოს უფრო სჭირდება ევროპის კავშირთან ინტეგრაცია, ვიდრე ევროპის კავშირს საქართველოსთან. მაგრამ ვითარება შეიცვლება, თუ საქართველო მიაღწევს ეკონომიკური მაჩვენებლების მკვეთრ გაუმჯობესებას და ევროკავშირის სტანდარტებთან მიახლოებას. საჭიროა, რომ საქართველომ გაზარდოს თავისი ეკონომიკური მაჩვენებლებისა და ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების დონე ერთდროულად. ისეთი პატარა ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, ასევე მნიშვნელოვანია რეგიონალური კონტექსტი. შავი ზღვის რეგიონი თანამშრომლობისათვის სულ უფრო ძლიერ ასპარეზად გვევლინება. საქართველოს ინტერესებშია, რომ გაღრმავდეს რეგიონში თანამშრომლობა და მოხდეს ინსტიტუციური ევროპეიზაციის პროცესების დაჩქარება. საქართველო-ევროკავშირის სამოქმედო გეგმაში ხაზგასმულია რეგიონალური თანამშრომლობის აუცილებლობაზე.
თანამშრომლობის სხვა მოდელს წარმოადგენს ბარსელონის პროცესი. (1995). სამხრეთ და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის ქვეყნების უმეტესობას ევროკავშირთან ასოცირებული შეთანხმებებით გაცხადებული თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი აქვს. მაგრამ, ჯერ-ჯერობით ეს რეჟიმები არ ამოქმედებულა. მიუხედავად იმისა, რომ სავაჭრო ბრუნვა ამ ქვეყნებსა და ევროპის კავშირს შორის მეტად მნიშვნელოვანია, მათი რეგულატიური ჩარჩოების განუვითარებლობა და შეუთავსებადობა შეუძლებელს ხდის ინტეგრაციის დაჩქარებას. ამ ვითარებაში ევროპის კავშირისათვის ეკონომიკურად არამიმზიდველია საკუთარი ბაზრის ამ ქვეყნებისათვის სრულად გახსნა.
თურქეთმა ევროპის კავშირთან საბაჟო კავშირი შექმნა (სამრეწველო საქონლის სფეროში). თურქეთი ვალდებული გახდა მოეხდინა თავისი ტექნიკური რეგლამენტებისა და სამრეწველო სტანდარტების ევროკავშირის მოთხოვნებთან ჰარმონიზება, რაც ასევე სრულიად შეესაბამებოდა მის ინტერესებს.
ბოლო მოდელი, რომელიც ეკონომიკური თანამშრომლობის უმაღლეს დონეს ითვალისწინებს (წევრობის გარდა), ევროპის ეკონომიკურ სივრცეში გაერთიანებაა. ამ გაერთიანების წევრებმა ევროპის ეკონომიკური სივრცის შეთანხმების 22 დანართის შესაბამისად ვალდებულება აიღეს თითქმის მთლიანად დანერგონ ევროკავშირის შიდა ბაზრის კანონმდებლობა. ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა ნორვეგია, ისლანდია, ლიხტენშტაინი თითქმის 100%-ით დანერგეს ევროკავშირის Acquis-iIgher rate . ამ ქვეყნებს მთლიანად აქვთ მინიჭებული ოთხი თავისუფლება – სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო და სხვ. სტანდარტების მთლიანად ჰარმონიზაციის პირობებში ისინი (ქვეყნები და ევროკავშირი) მთლიანად ურთიერთცნობენ შესაბამისობის შეფასების წესებს, სერტიფიკატებს, ლიცენზიებსა და ნებართვებს. ამ ქვეყნების სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირთან მათი მთლიანი საგარეო ვაჭრობის მოცულობის 80%-ს აღწევს. რაც შეეხება შვეიცარიას, რომელმაც რეფერნდუმით განაცხადა უარი ერთიან ეკონომიკურ სივრცეში გაერთიანებაზე, ევროპის კავშირთან მისი ორმხრივი შეთანხმებების ბაზა იმდენად ფართო და ღრმაა, რომ მისი ინტეგრაციის დონე ასევე უმაღლეს დონეს უახლოვდება.
სტატისტიკურად დამტკიცებულია, რომ ინვესტიციებისა და სავაჭრო ბრუნვის დონე მაღალია იმ ქვეყნებსა და სუბიექტებს შორის, რომლებსაც: ა) ერთმანეთთან ინვესტიციებისა და საქონლის მოპყრობის საუკეთესო და არადისკრიმინაციული რეჟიმი აქვთ; ბ) მსგავსი წესები და სტანდარტები გააჩნიათ. ეს ბოლო თეზა იმ ლოგიკას ეფუძვნება, რომ ბიზნესი და განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესი ცდილობს იქ დამკვიდრდეს, სადაც უფრო მეგობრული და ნაცნობი წესებია.
მსოფლიოს ორი უდიდესი კონკურენტი სავაჭრო სუბიექტი – ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობს ასევე მოახდინოს სტანდარტების ჰარმონიზაცია. აშშ-ის სისტემა უფრო “მსუბუქია” იმ თვალსაზრისით, რომ ნაკლებად რეგულირებადია, მაგრამ ის არ არის ადვილად შეღწევადი ბაზარი, რადგანაც გამოირჩევა ძალზე მკაცრი საკონკურენციო კანანმდებლობით და მაღალი დონისა და დახვეწილი მოთხოვნით.
ცნობილია, რომ “ევროკავშირის შიდა ბაზრის კანონმდებლობასთან ქვეყნის კანონმდებლობის დაახლოება მნიშვნელოვან დანახარჯებთანაა დაკავშირებული.”. საქართველო არ არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სახელმწიფო და შეუძლია ჰარმონიზაციის დონე შეარჩიოს იმის მიხედვით, თუ რა უფრო შეესაბამება მის მიზნებსა და მას შემდეგ, რაც რეალურად შეაფასებს დაკავშირებული ხარჯების ეფექტიანობას. რეგულატიური ეფექტის შეფასების პრაქტიკის დანერგვა მნიშვნელოვნად გაამარტივებდა ამ ამოცანას3.
ბარსელონის პროცესის მონაწილე ქვეყნების გამოცდილებამ ცხადყო, რომ არსებობს დილემა, თუ რეგულატიური ჩარჩოს დაახლოების რა გზა აირჩიოს კონკრეტულმა სახელმწიფომ – მთლიანად ეკონომიკის დარგების რეგულატიური სტანდარტების ჰარმონიზაცია, თუ ცალკეული ვიწრო სექტორებისა, რომლებიც მიმდინარე ეტაპზე არსებულ კომერციულ ინტერესს განასახიერებენ?
რეგულატიური სისტემის ისეთ სფეროში დაახლოებამ, რომელიც ქვეყნისათვის შედარებითი უპირატესობის მატარებელია (მაგალითად, სასურსათო პროდუქცია, ევროკავშირში ყველაზე “ჩაკეტილი” დარგი), სერიოზული მუშაობის შედეგად შესაძლოა რეალური გახადოს აღნიშნული დარგის პროდუქციის ევროკავშირის შიდა ბაზარზე შეღწევის პერსპექტივა. კარგადაა ცნობილი, რომ ქართული ღვინის ევროკავშირის ბაზარზე შეღწევის დამაბრკოლებელ ძირითად ფაქტორს არა საბაჟო განაკვეთი, არამედ არასატარიფო ბარიერები წარმოადგენს – გეოგრაფიული გადასახადები, სტანდარტები, შესაბამისობის შეფასება ან სერტიცირების ცნობა. ამ პრობლემების გადაწყვეტა შესაძლებელს გახდიდა საქართველოს ღვინის იმპორტის ევროკავშირის ბაზარზე საგრძნობლად გაზრდას.
ევროპული სამეზობლო პოლიტიკა (ესპ) საქართველოს სთავაზობს ევროკავშირთან განავითაროს უფრო მჭიდრო სავაჭრო ურითიერთობები, ვიდრე ეს პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებითაა გათვალისწინებული. ესპ, როგორც პოლიტიკური ჩარჩო, ასოცირებული შეთანხმების ფარგლებსაც კი სცდება და ქვეყანას ევროპის ერთიან ეკონომიკურ სივრცეში გაერთიანებას სთავაზობს. ბუნებრივია, როგორც ევროპული პროექტი � ესპ სამოქმედო გეგმის მეშვეობით ქვეყანას რეგულატიური რეფორმის გატარებას კარნახობს. ამ მიმართულებით რეფორმის ძირითადი სამიზნეებია საბაჟო სფერო, სტანდარტიზაციის, სერტიფიკაციის და აკრედიტაციის სისტემები, ასევე ვეტერინარული და ფიტოსანიტარული, სურსათის უვნებლობის სტანდარტები. ასევე მნიშვნელოვნად არის მიჩნეული კონკურენციის დაცვის პოლიტიკა. ამ სფეროებში შესაბამისმა რეფორმამ ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს ვაჭრობის განვითარებას ევროპის კავშირთან. რეფორმის წარმატება ასევე იმოქმედებს ევროკავშირის ინსტიტუტებზე, რათა საქართველოსთან უფრო ხელსაყრელი სავაჭრო რეჟიმი დამყარდეს.
ბოლოს, აუცილებელია მხედველობაში ვიქონიოთ ის ფაქტი, რომ ევროპული სამეზობლო პოლიტიკის წარმატება ზოგადად ისეთ კერძო “ქეისებზეა” დამოკიდებული, როგორიცაა საქართველოს, უკრაინის ან მაროკოს მაგალითი. ევროკავშირი ამ პოლიტიკას მეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და როგორც ჩანს, მნიშვნელოვან ზღვარს გაავლებს იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც წარმატებით ასრულებენ სამოქმედო გეგმით ნაკისრ ვალდებულებებს და მეორეს მხრივ, არ უთმობენ მას სათანადო ყურადღებას. ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მეტი დახმარება და მხარდაჭერა მივიღოთ დასახული მიზნის მისაღწევად.
2004 წლის 1 მაისს ევროპის კავშირის გაფართოებამ კავშირის პოლიტიკაში, გეოგრაფიასა და ეკონომიკაში ისტორიული ცვლილებები გამოიწვია. რის შედეგადაც გაძლიერდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობა. ევროკავშირსა და საქართველოს თანამშრომლობის ფონზე ახლო ურთიერთობების განვითარების საშუალება ეძლევა, რაც ეკონომიკურ ინტეგრაციასა და პოლიტიკურ თანამშრომლობას ითვალისწინებს. ევროპის კავშირი და საქართველო ამ შემთხვევის გამოყენებას ურთიერთობების ზრდის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის მიღწევის მიზნით აპირებენ. ამგვარი მიდგომა პარტნიორობას, ერთიან საკუთრებასა და დიფერენციაციას ეყრდნობა.
ევროპის სამეზობლო პოლიტიკა ამბიციურ მიზნებს ისახავს, რაც საზიარო ღირებულებებზე ვალდებულებებს, პოლიტიკური, ეკონომიკური და ინსტიტუციონალური რეფორმების ეფექტურ განხორციელებაზეა დამყარებული.
საქართველოს ევროკავშირთან პოლიტიკური უსაფრთხოების, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა ეძლევა, მას შეუძლია გააფართოვოს რეგიონალური და სასაზღვრო თანამშრომლობა, გაინაწილოს კონფლიქტების პრევენციისა და მათი გადაწყვეტის საკითხებში პასუხისმგებლობა.
ევროკავშირი მიესალმება საქართველოს მზადყოფნას გააძლიეროს სამოქმედო გეგმაში შესულ ყველა დარგში თანამშრომლობა. ურთიერთობის ამბიციის დონე საერთო ღირებულებების მიმართ საქართველოს ვალდებულებების ხარისხსა და სახელმწიფოს უნარზე იქნება დამოკიდებული, კერძოდ, როგორ დანერგავს ერთობლივად შეთანხმებულ პრიორიტეტებს, რომლებიც საერთაშორისო და ევროპულ ნორმებსა და პრინციპებთან იქნება ჰარმონიზებული. ურთიერთობაში მიღწეული პროგრესი სრულად დაადასტურებს აღებული ვალდებულებების მიმართ საქართველოს მცდელობებსა და კონკრეტულ შედეგებს.
ევროკავშირ-საქართველოს სამოქმედო გეგმის ძირითადი ასპექტებიდან გამომდინარე, პროცესის პირველ საფეხურს სწორედ ეს სამოქმედო გეგმა წარმოადგენს. ევროკავშირ-საქართველოს სამოქმედო გეგმა პოლიტიკური დოკუმენტია, მასში საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის სტრატეგიული მიზნებია დაგეგმილი და ხუთ წელიწადზეა გაწერილი. მისი განხორციელება PCA-ის უზრუნველყოფას, თანამშრომლობის ახალი კავშირების დამყარებას და საქართველოს მიზანს – ევროპის ეკონომიკასა და სოციალურ სტუქტურებში ქვეყნის ინტეგრაციას დაეხმარება.
სამოქმედო გეგმა მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს ევროკავშირთან საქართველოს კანონმდებლობის, ნორმებისა და სტანდარტების მიახლოების საკითხში. ამ კონტექსტში, სამოქმედო გეგმა შექმნის ეკონომიკის ინტეგრაციის სოლიდურ საფუძველს, რომელიც ეკონომიკისა და სავაჭრო ურთიერთობების წესების მიღებასა და განხორციელებაზე, ასევე, რეგულაციებზე, სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზე, ინვესტიციებსა და განვითარებაზე იქნება დამყარებული. ის დადებითად იმოქმედებს პოლიტიკის განხორციელებასა და დაგეგმვაზე, გრძელვადიანი მიზნების დასახვით ხელს შეუწყობს ეკონომიკის ზრდას, სოციალურ ერთობას, სიღარიბესთან ბრძოლასა და გარემოს დაცვას.
სამოქმედო გეგმის ძირითადი ასპექტები:
ევროპის სამეზობლო პოლიტიკა პარტნიორებს ახალ პერსპექტივებს მრავალ სფეროში სთავაზობს. მნიშვნელოვანია სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები, ინვესტიციების მოზიდვის და ქვეყნის ეკონომიკურად განვითარების მიზნით ვაჭრობისთვის ბარიერების მოხსნა. სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და გარემოს დაცვის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებას. სამხრეთ კავკასიასთან პარტნიორობის პარალელურად, უნდა გაღრმავდეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობა შავი ზღვის სივრცეში, მათ შორის, უნდა გაძლიერდეს რეგიონული ეკონომიკის თანამშრომლობა ბალტიის, შავი და კასპიის ზღვის რეგიონებში.
საქართველოს შესაძლებლობა ეძლევა კავშირები დაამყაროს კულტურის, განათლების, გარემოს დაცვისა და მეცნიერების სფეროებში.
სამოქმედო გეგმაში დიდი ადგილი ეთმობა სასამართლო სისტემის, პენიტენციალური სისტემის, დემოკრატიული ინსტიტუტის, ადამიანთა უფლებების და თავისუფლების პრობლემების მოგვარებას.
მნიშვნელოვანია ბიზნესის, საინვესტიციო გარემოს, პრივატიზაციის პროცესის და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები: უნდა გაუმჯობესდეს და განვითარდეს ბიზნესგარემო, კერძოდ, ბიზნესის წამოწყების პირობები, უნდა მოგვარდეს მუშახელის დაქირავებისა და სამსახურიდან დათხოვნის, საკუთრების რეგისტრაციის, კრედიტის მიღების, ინვესტორთა დაცვის, კონტაქტების გაძლიერების და ბიზნესის დახურვის საკითხები. საქართველოს საბაჟო კოდექსი ევროკავშირისა და საერთაშორისო სტანდარტებთან უნდა იყოს ჰარმონიზებული, მან საბაჟო პროცედურები უნდა გაამარტივოს. უნდა ჩამოყალიბდეს იმპორტისა და ექსპორტის რეგულაციებისა და პროცედურების საკონსულტაციოსაინფორმაციო მექანიზმი.
სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებულია საბაჟო ადმინისტრაციის უნარიანობის გაძლიერება, რაც საბაჟო წესებისა და ტარიფების ტრანსფერულორობის ზრდას, რისკების კონტროლსა და სისუფთავის კონტროლის პრინციპების დანერგვას გულისხმობს.
უნდა გაგრძელდეს საგადასახადო ადმინისტრაციის გამარტივება, კომპიუტერიზაცია და მოდერნიზაცია. 2009 წლისთვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბოლო ხანს მიღებული ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელება და პრივატიზაციის პროცესის გაგრძელება.
სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს საქართველოს ეკონომიკის განვითარებისათვის დახმარებას, ხოლო სიღარიბესთან ბრძოლა და სოციალური ერთობა ეკონომიკის კანონმდებლობისა და ადმინისტრაციული პრაქტიკის შესაბამისობას გულისხმობს. სავალუტო და ფისკალური პოლიტიკის სრულყოფილად გატარებამ მაკროეკონომიკური სტაბილურობა უნდა უზრუნველყოს, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობით უნდა მოხდეს. ეფექტური მენეჯმენტის სისტემები უნდა ჩამოყალიბდეს საკანონმდებლო, სოცუზრუნველყოფისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროებში, და ადამიანური რესურსების განვითარების მიზნით უნდა გაგრძელდეს განათლების რეფორმა, გაუმჯობესდეს სტატისტიკის ხარისხი. უნდა გაღრმავდეს ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები, რაც ევროკავშირსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შემოღების შესაძლებლობას გულისხმობს. ამ კონტექსტში საბჭო დააკვირდება რეგიონალურ სავაჭრო ურთიერთობებსა და ეკონომიკის ინტეგრაციის ასპექტებს.
სამოქმედო გეგმაში ხაზგასმულია საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის შესახებ და გათვალისწინებულია ევროპის კავშირის ტრანსპორტისა და ენერგეტიკის ქსელის შექმნა, რათა “ბაქოს ინიციატივის” ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნეს ევროკავშირის, შავი ზღვის სახელმწიფოებისა და კასპიის რეგიონის ეფექტური თანამშრომლობა.
როგორც, სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ თამარ ბერუჩაშვილმა აღნიშნა, საქართველოსა და ევროკავშირის სავაჭრო და ბიზნეს ურთიერთობების შესახებ დისკუსია პირველად ჩატარდა და საქართველოს ბიზნესმენთათვის ამ დიალოგში მონაწილეობას დიდი მნიშვნელობა აქვს. მან ისაუბრა ევროპულ სამეზობლო პოლიტიკაზე და აღნიშნა, რომ ის საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის ახალ პერსპექტივებს სთავაზობს, რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანია. სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ მართალია, ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმა 5 წელიწადზეა გათვლილი, მაგრამ საქართველოს მთავრობა მის 3 წელიწადში შესრულების ვალდებულებას იღებს.
თამარ ბერუჩაშვილმა აღნიშნა, რომ სამოქმედო გეგმა დაეხმარება პარტნიორობის და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების განხორციელებას, დააჩქარებს საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის ნორმებთან და სტანდარტებთან დაახლოებას და შექმნის მტკიცე საფუძველს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურის სფეროებში ურთიერთოებების შემდგომი განვითარებისთვის. მან მოკლედ მიმოიხილა შეთანხმებული სამოქმედო გეგმა და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი თემა ევროკავშირის ბაზარზე დამკვიდრებაა.
სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ევროპის საინვესტიციო ბანკთან თანამშრომლობის პერსპექტივებზე, რომლის მანდატი საქართველოზე ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში გავრცელდა და 2007-2013 წლებს მოიცავს. ბანკი ხელს უწყობს ტრანსევროპული ქსელის განვითარებას, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი დააფინანსებს გზების, პორტებისა და აეროპორტების მშენებლობასა და რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ პროექტებს. ევროპის საინვესტიციო ბანკის საფინანსო პოლიტიკა სახელმწიფო და კერძო სექტორებისთვის გრძელვადიანი სესხების გაცემას ითვალისწინებს. თამარ ბერუჩაშვილმა სამოქმედო გეგმის ჩადებულ თითქმის ყველა საკითხზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო-ევროკავშირის ბიზნეს საბჭო დიალოგს ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში გააგრძელებს. ეს დადებითად აისახება ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომ განვითარებაზე, რომელშიც აქტიურად ჩაებმება საქართველოს მთავრობა.