2006 წლის მაისში წინა წელთან შედარებით ცხოვრება მეათედით გაძვირდა
რედაქციისაგან
წყარო: სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი
თუ გადავხედავთ წინა წლის შესაბამის პერიოდებს,ნათლად ჩანს, რომ 2006 წლის ივნისშიც სამომხმარებლო ფასების საერთო დონე კვლავ ტრადიციულმა სეზონურობის ფაქტორმა განსაზღვრა. აღნიშნულ პერიოდში სასურსათო საქონლის ფასები, მისი სეზონური ხასიათიდან გამომდინარე, მკვეთრი მერყეობით გამოირჩევა, ხოლო მოსახლეობის მოხმარების სტრუქტურაში, ამ კატეგორიის საქონლის მაღალი წონის გამო (7,7 პროცენტი), პრაქტიკულად, სამომხმარებლო ფასების ინდექსის საერთო დონეს განსაზღვრავს.
ამასთან ერთად, ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე მკაფიოდ გამოიკვეთა ლარის გაცვლითი კურსის გამყარების ტენდენცია (2006 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში გამყარდა 1,3 პროცენტით, ხოლო ექვს თვეში 0,2 პროცენტით), აღნიშნულმა პროცესმა ფასების კლება გამოიწვიასამომხმარებლო კალათის ხანგრძლივი მოხმარების საქონელზე (ანუ მათზე, რომლებზეც ფასი მითითებულია აშშ დოლარებში, ხოლო სავაჭრო ოპერაციები ხორციელდება შესაბამისი კურსით ლარებში); პარალელურად, დადებითი ეფექტი იქონია ფასების საერთო დონის ფორმირებასა და ინფლაციურ მოლოდინზე. მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი შემოსავალს ღებულობს უცხოეთიდან, მათი ახლობლების გადმოგზავნილი ფულით – ტრანსფერებით, რომელიც ძირითადად დოლარებში ხორციელდება. ამ თანხას მოსახლეობის დიდი ნაწილი ახურდავებს ლარებში, რათა სიცოცხლისათვის აუცილებელი ხარჯები დაფარონ. ამიტომ, აქ მოსახლეობა ორმაგად დაზარალებულია: ერთი, ინფლაციის გამო, მეორე, დოლარის გაცვლის კურსის გამო.
ფასები გაიზარდა ხორცსა და ხორცის ნაწარმზე 5,4 პროცენტით (მათ შორის დაკლულ ქათამზე 25,2 პროცენტით, ქათმის ბარკლებზე – 17,8 პროცენტით და საქონლის ხორცზე – 1,6 პროცენტით), თევზეულზე – 11,5 პროცენტით (მათ შორის ახალ თევზზე – 18,1 პროცენტით, ხოლო გაყინულ თევზზე – 5,4 პროცენტით), გაძვირდა ხილი 5,3 პროცენტით, ყველი 7,4 პროცენტით, შაქარი – 0,2 პროცენტით და ა.შ.. როგორც ჩანს, შაქარზე ფასების ზრდის პიკმა მაისის თვეში მიაღწია და ივნისის თვეში მხოლოდ უმნიშვნელო გაძვირება აღინიშნა.
2006 წლის ივნისში, 2005 წლის დეკემბერთან შედარებით, სამომხმარებლო ფასების ინდექსმა 105,6 პროცენტი შეადგინა.
მიმდინარე წლის ექვს თვეში სამომხმარებლო ფასების საერთო დონის 5,6 პროცენტიანი ზრდა ძირითადად განაპირობა სამომხმარებლო ფასების ზრდამ სურსათზე (8,8 პროცენტით), მათ შორის: ბოსტნეულზე – 23,4 პროცენტით, ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე – 17,8 პროცენტით, ხილზე 21,2 პროცენტით, შაქარსა და სხვა საკონდიტრო ნაწარმზე 17,0 პროცენტით.
2006 წლის იანვარ-ივნისში სამომხმარებლო ფასების შემცირება დაფიქსირდა რძე-ყველისა და კვერცხის ჯგუფზე – 11,9 პროცენტით და ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე – 8,6 პროცენტით.
რაც შეეხება სამომხმარებლო კალათის მომსახურების ნაწილს, მიმდინარე წლის ივნისში, 2005 წლის დეკემბერთან შედარებით, ელექტროენერგიისა და ბუნებრივ გაზზე ტარიფების გაძვირებასთან დაკავშირებით, სამომხმარებლო ფასები გაიზარდა საცხოვრებელი სახლის, წყლის, ელექტროენერგიის, აირის და სათბობის სხვა სახეების ჯგუფზე 20,4 პროცენტით, სატრანსპორტო მომსახურებაზე 4,0 პროცენტით, ჯანდაცვაზე – 3,5 პროცენტით, ხოლო სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების მომსახურებაზე – 3,6 პროცენტით.