როგორ მივაღწიოთ სტაბილურ ფასებს ფარმაცევტულ ბაზარზე
მაკა ღანიაშვილი
ბოლო პერიოდში საზოგადოება და მედია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მედიკამენტების ფასების ზრდის ტენდენციას. შინამეურნეობის კვლევები ცხადყოფს, რომ საქართველოში სამედიცინო მომსახურებაში მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხის 50% ფარმაცევტულ პროდუქციაზე მოდის. ჯანდაცვის ეროვნული ანგარიშის მიხედვით კი ეს მაჩვენებელი 40%-ს შეადგენს, მაშინ როცა იგივე მაჩვენებელი OECD-ს ქვეყნებში საშუალოდ 17%-ია. ეს მაჩვენებელი მედიკამენტების მაღალ ფასზე მეტყველებს.
რა არის მიზეზი? არის თუ არა საქართველოს წამლის ბაზარზე მონოპოლია? საითკენ უნდა წავმართოთ პროცესები: ბაზრის რეგულირებისა თუ დერეგულირებისაკენ? უნდა გამარტივდეს თუ არა იმპორტი ბაზარზე კონკურენციის გასაზრდელად? თუ ფასების სტაბილიზაციისათვის უფრო მომგებიანი იქნება ორიენტაცია ადგილობრივი წარმოების განვითარებასა და ექსპორტზე? ამ საკითხებთან დაკავშირებით ორგანიზაციამ “პარტნიორობა სოციალური ინიციატივებისათვის 17 ივნისს საჯარო დისკუსია მოაწყო.
როგორც დისკუსიის გახსნის დროს ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა დევი ხეჩინაშვილმა განაცხადა: “ჩვენ ვიწყებთ საჯარო დისკუსიათა ციკლს, იმ საკითხზე რაც ახლა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოში – ეს არის ცვლილებები ჯანდაცვის სექტორში. ვიწყებთ ისეთი კონკრეტული მიმართულებით, როგორიც ფარმაცევტული ბაზრისMმიწოდების სფეროში არსებული პრობლემები და დერეგულირების საკითხებია. როგორ მიმდინარეობს ის დერეგულირების პროცესები და შემოთავაზებები, რომელიც პარლამენტში უკვე დევს კანონპროექტის სახით? წარმოშობს თუ არა ის რაიმე საფრთხეებს და რა ვითარება გვექნება ამ კანონპროექტის მიღების შემდეგ? ეს არის ის საკითხები, რომელთა შესახებაც ჩვენ დღეს ვისაუბრებთ.
ეკონომიკური კრიზისის ფონზე პოლიტიკურ ამოცანად იქცა ის, რომ მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებაზე ხელი მიუწვდებოდეს. თუ გავითვალისწინებთ, რომ კრიზისის დროს მკვეთრად მცირდება სამედიცინო მომსახურებისათვის მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხის მოცულობა, სახელმწიფო დანახარჯებთან შედარებით, საქართველოს შემთხვევაში წინა პლანზე ორი მნიშვნელოვანი გარემოება გამოდის: სამედიცინო მომსახურების დანახარჯებში მოსახლეობის და სახელმწიფოს მიერ დახარჯული თანხის შეფარდება დაახლოებით ასეთია 80% / 20%; სამედიცინო მომსახურების დაფინანსებისათვის სახელმწიფოს მიერ დახარჯული 20%-ის შემადგენლობაში ფარმაცევტულ პროდუქციაზე თანხის უფრო მცირე წილი მოდის, ვიდრე მოსახლეობის მიერ გაწეულ დანახარჯებში.
ასეთ პირობებში მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების დონის შესანარჩუნებლად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის შესაბამისად მნიშვნელოვანია სამედიცინო მომსახურების ეფექტურობის ამაღლება. საქართველოს შემთხვევაში სახელმწიფოს ამოცანაა ხელი შეუწყოს სამედიცინო მომსახურების ბაზარზე განსხვავებული ფასის მრავალფეროვანი პროდუქტის შემოსვლას.
2009 წლის მარტში პარლამენტს წარედგინა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა “წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ, რომლის მიზანიც მედიკამენტების უსაფრთხოების, კონკურენტული ბაზრის ჩამოყალიბების და პროდუქციის მრავალფეროვნების მიღწევაა. კანონოპროექტი არსებულისაგან განსხვავებულად დაარეგულირებს რამოდენიმე მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის იმპროტთან დაკავშირებულ საქმიანობასაც. დღეისათვის საქართველოს ბაზარზე დაშვებულია დაახლოებით 6000 დასახელების პროდუქტი, მაშინ როდესაც ასორტიმენტის მკვეთრი ზრდის შემთხვევაში მოსალოდნელია ერთი და იმავე ჩვენების მქონე ბევრი პროდუქტის არსებობა, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ფასების დივერსიფიცირებას. ეს გარემოება კი გაზრდის მომხმარებლის არჩევანს.
განვითარებული ქვეყნების ბაზრების კვლევა აჩვენებს, რომ სახელმწიფო პოლიტიკის გამო ყველაზე ხშირად მოთხოვნადი ერთი და იმავე მედიკამენტების ფასებიც სხვადასხვა ქვეყანებში მკვეთრად განსხვავებულია. ამიტომაც, ქართველი მომხმარებლისათვის მნიშვნელოვანია, რომ წამლის იმპორტი ისეთი ქვეყნებიდან განხორციელდეს, სადაც პროდუქტის ფასი მინიმალურია. ამის ხელშესაწყობად საჭიროა სახელმწიფო რეგულირების წესებში ისეთი ცვლილები, რომლებიც ერთის მხრივ არ გაზრდის უხარისხო პროდუქტის წილს ბაზარზე, ხოლო მეორეს მხრივ, შესაძლებლობას მისცემს ბიზნესს დამატებითი დანახარჯების გარეშე დაიწყონ ახალი ბაზრების აქტიური ძიება.
აღასანიშნავია ერთი მწვავე პრობლემაც, რომელიც საქართველოში ყველა სფეროშია და გამონაკლისი არც ჯანდაცვის სფეროა. ეს არის სტატისტიკური მონაცემებისა და ციფრების სიმწირე, რაც ართულებს ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული რეალური სურათის აღქმას. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ საჯარო დისკუსიაზე აზრთა დიდი სხვადასხვაობა გამოიწვია მომხსენებლის მიერ მოყვანილმა, ოფიციალურ წყაროებით გამყარებულმა ციფრებმა. საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული მდგომარეობისა და ტენდენციების შესახებ აუდიტორიას კვლევა წარუდგინა ვახტანგ მეგრელიშვილმა. თანახმად კვლევისა, რომელიც ჯანდაცვის სფეროს 2007 წლის ეროვნულ ანგარიშს ეყრდნობა, 2006 წელს ფარმაცევტულ პროდუქციაზე 468 მილიონი ლარია დახარჯული. აქ იგულისხმება როგორც მედიკამენტები, ასევე სამედიცინო დანიშნულების სხვადასხვა მოწყობილობები. თუმცა, ყველაზე დიდი წილი (462 მილიონი ლარი) მაინც წამლებზე მოდის.
საქართველოში ერთ სულზე მოსახლეზესამედიცინო მომსახურებისთვის ჯამში 338 ლარი იხარჯება. აქედან დაახლოებით 114 ლარი მედიკამენტების ღირებულებაა. ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია. შედეგად, საქართველოს GDP-ში პროცენტულად ყველაზე მეტი თანხა მთლიანი სამედიცინო მომსახურებიდან, ფარმაცევტულ პროდუქციაზე მოდის. ეს მაჩვენებელი საქართველოში ბევრად აღემატება OECD-ის ქვეყნების GDP-ის იმავე მაჩვენებელს.
თუმცა მომხსენებლის მიერ მოყვანილ მონაცემებს არ დაეთანხმა “ავერსის” დამფუძნებელი პაატა კურტანიძე, რომელმაც ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მისი მონაცემებით საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის საცალო ქსელის მოცულობა 300 მილიონია და არა 462. შესაბამისად, ეს 114 ლარიანი მაჩვენებელიც არასწორია. გარდა ამისა, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მთლიანმა მოცულობამაც. კვლევის ავტორის მონაცემებით, ეს რიცხვი დაახლოებით მილიარდნახევარ ლარია (აქედან სამედიცინო მომსახურებისათვის მომხმარებელთა მიერ გადახდილია 1 მილიარდი ლარი, კერძო დასაზღვევო კომპანიების მიერ 129 მილიონი ლარი, ხოლო სახელმწიფოს მიერ მომსახურების პირდაპირ შესყიდვებზე 116 მილიონი ლარი მოდის). პაატა კურტანიძის მიერ დისკუსიაზე მოწოდებული მონაცემებით კი სამედიცინო მომსახურებაზე საქართველოში მხოლოდ 700 მილიონი ლარი იხარჯება.
რაც შეეხება პროდუქციის ფასს – სხვადასხვა ბაზარზე მას სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს – წარმოების ფასის განსხვავება, რომელიც დაკავშირებულია ბაზრის მოცულობასთან, მომხმარებელთა რაოდენობასა და მსყიდველობითუნარიანობასთან; მნიშვნელოვანია ასევე დისტრიბუციის ეტაპზე დამატებული თანხა, საცალო ქსელში დამატებული თანხა და გადასახადის ტვირთი. ეს მაჩვენებლები ყველა ქვეყანაში განსხვავებულია და თითოეული მათგანი მეტნაკლებად მნიშვნელოვან როლს ასრულებს მედიკამენტის საბოლოო ფასის დადგენაში.
როგორ #3 ცხრილიდან ჩანს საბითუმო რეალიზატორს (დისტრიბუციის თანხას) მედიკამენტების ფასის საბოლოო დადგენაში საქართველოში 25% უკავია. ეს ძალიან დიდი მაჩვენებელია ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით.
ალბათ აქედან გამომდინარე ჩნდება ჩვენს ქვეყანაში ფარმაცევტული ბაზრის მონოპოლიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით უამრავი ეჭვი და შეკითხვა. ლოგიკურია, რომ თუ წამლის საბოლოო ფასის ფორმირებაში დისტრიბუციის თანხას 25% უკავია, ფასების განუხრელ მატებაშიც დისტრიბუტორები დავადანაშაულოთ. რა ხდება რეალურად? არის თუ არა მედიკამენტების ქართული ბაზარი მონოპოლიური? როგორც კვლევის ავტორი თავის მოხსენებაში აღნიშნავს “საქართველოს ბაზარზე რეალურად დღეს მონოპოლია არ არსებობს. “პე-ეს-პე-სა და “ავერსს აქვთ, შესაბამისად, 25% და 33%-იანი წილი, მაგრამ იმისათვის, რომ ესა თუ ის კომპანია მონოპოლისტად ჩაეითვალოს, იგი სულ მცირე 50%-იან წილს მაინც უნდა ფლობდეს. საქართველოში კი, ბაზრის მნიშვნელოვანი წილი მცირე კომპანიებს უკავია.
მონოპოლისტის სტატუსის განსაზღვრას არ ეთანხმება ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ბაზარი მონოპოლიზებულია: “თითქმის არც ერთ ქვეყანაში, გარდა “ესენგეს ზოგიერთი ქვეყნისა, განსაზღვრული არ არის, ის თუ ბაზრის რამდენ პროცენტს უნდა ფლობდე იმისათვის, რომ შენ მონოპოლიასტად ჩაითვალო. შეიძლება 90 ან სულაც 100%-იან წილს ფლობდე, მაგრამ მთავარია შენ დომინანტის მდგომარეობას ბოროტად იყენებ თუ არა? აი, ეს არის მნიშვნელოვანი. Dვიღაცამ უნდა დაამტკიცოს – ვიყენებთ თუ არა ბოროტად მე ჩემს მდგომარეობას. იმისათვის კი, რომ დაამტკიცოთ ბაზარზე კარტერული შეთანხმებებისა და მონოპოლიური ფასების არსებობა, საჭიროა ღრმა კვლევა. მე ასეთი კვლევა საქართველოს ფარმაცევტულ ბაზართან დაკავშირებით არ მინახავს. აქედან გამომდინარე არ შეიძლება იმის მტკიცება, რომ დღეს ჩვენს ფარმაცევტულ ბაზარზე მონოპოლიური მდგომარეობაა.
ექსპერტების შეფასებებს ეთანხმება “ავერსის დამფუძნებელი პაატა კურტანიძე: “დღეს პირველად მოვისმინე და ძალიან გამიხარდა, რომ საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე ვინმეს არ აქვს მონოპოლიური წილი. ხოლო თუ რომელიმე კომპანია ბაზრის დიდ პროცენტს ფლობს, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი კომპანია, “ავერსი”, 15 წელია არსებობს და 15 წელია ვშრომობთ დღე-ღამეში 25 საათი. და ის, რომ ჩვენ გვქონდეს ყველაზე დიდი წილი ბაზარზე ნამდვილად არ არის გასაკვირი. თუმცა თუ ეს წილი 2006 წელს იყო 33%, 2008 წელს უკვე არის 22%. რადგან ბაზარი არის მაქსიმალურად გახსნილი და თუ 2006 წელს იყო 32 იმპორტიორი, 2008 წელს მათი რაოდენობა უკვე 156-ია. ამდენ კომპანიას შემოაქვს დღეს საქართველოში წამალი და რახან “ავერსსა” და “პე-ეს-პე”-ს ბევრი აფთიაქი აქვთ, ყველას გონია, რომ მარტო ჩვენ შემოგვაქვს მედიკამენტები და სხვა არავის. გარდა ამისა, ჩვენ არ გვაქვს ექსკლუზიური კონტრაქტები მწარმოებლებთან, იმისათვის რომ ამა თუ იმ წამლის შემოტანისას ვფლობდეთ ექსკლუზიურ უფლებას ამ წამლის საქართველოში რეალიზაციაზე. ასე რომ, ბაზარი არის ღია და ნებისმიერს შეუძლია შემოიტანოს ეს წამლები.
“წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონპროექტის მიზანია მოწოდების დერეგულირებით გააუმჯობესოს ვითარება ფარმაცევტულ ბაზარზე. თუმცა მაქსიმალური დერეგულირების მომხრე ყველა არ არის. დისკუსიაზე სამედიცინო მომსახურების რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენელი დერეგულირების პროცესის მოწინააღმდეგედ გამოვიდა და აღნიშნა, რომ რეგულირება ყველა დარგისათვის აუცილებელია, განსაკუთრებით კი ისეთი სფეროსათვის, როგორც ფარმაცევტული ბაზარია, რადგან ის პირდაპირ გავლენას ახდენს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. აღსანიშნავია ერთი გარემოებაც – დასავლეთის ქვეყნებში გამოყენებული რეგულირების პრაქტიკასთან შედარებით, ქართული ფარმაცევტული ბაზარი არსებული მდგომარეობითაც უფრო თავისუფალია. მაგალითად, სახელმწიფო არ ახორციელებს პროდუქციის ფასისა და სარეცეპტო ნომენკლატურის გაცემის რეგულირებას; გარდა ამისა, წარმოების და რეალიზაციის სავალდებულო სტანდარტები მნიშვნელოვნად რბილია დასავლურ ანალოგებთან შედარებით და ამასთანავე, ფარმაცევტული პროდუქცია გათავისუფლებულია მოგების გადასახადისაგან. ასეთ პირობებში კი ჩნდება კითხვა – როგორ შევძლებთ ჩვენ მნიშვნელოვანი დერეგულირების პირობებში საქართველოში იმ რისკების მართვას რომელიც ამ პროცესებს თან ახლავს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც საჯარო დისკუსიაზე წამოიჭრა მედიკამენტების ადგილობრივი წარმოება და მისი საექსპორტო პოტენციალია.
პარლამენტის წევრი კახა ოქრიაშვილი: “ჩემი აზრით, ჩვენ, პირველ რიში, იმაზე უნდა ვიზრუნოთ, თუ როგორ განვავითაროთ ადგილობრივი წარმოება. მაგალითად, სლოვენია, რომელსაც ყავს 2 მილიონიანი მოსახლეობა და საქართველოზე ბევრად პატარაა, ახორციელებს 2 მილიარდი დოლარის ექსპოტს მედიკამენტების ბაზარზე. მას აქვს წამლის მწარმოებელი 2 ქარხანა და ისინი ისეთსავე ფუნცქციას ასრულებენ სლოვენიისათვის, როგორსაც ენერგოკომპანიები რუსეთისათვის. შარშან საქართველოს ადგილობრივი წარმოების წამლის ექსპორტი 6 მილიონი დოლარი იყო. იმედი მაქვს, რომ ეს ციფრი მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. დღეს, როდესაც ექსპორტ-იმპორტის კალათა ქვეყანაში სავალალო მდგომარეობაშია, პირველ რიგში ამაზე უნდა ვიფიქროთ. გარდა ამისა, როცა ვასუბრობთ იმაზეც, რომ არ უნდა გაიზარდოს მედიკამენტრების ფასი და ვეძებთ გზებს ხელმისაწვდომი ფასების შესანარჩუნებლად, გადამწყვეტი მნიშვნელობა ადგილობრივ წარმოებას უნდა მივანიჭოთ. რადგან OECD-ის წამლები, რომელზეც მოდის ჩვენი იმპორტის უმეტესი წილი, არის ყველაზე ძვირადღირებული წამლები, იმპორტის გამარტივების შემთხვევაში კი ევროკავშირიდან და OECD-ის ქვეყნებიდან შემოსულიDძვირადღირებული წამლების წილი გაიზრდება ბაზარზე, ხელმისაწვდომი მედიკამენტების რაოდენობა კი შემცირდება. მე ვფიქრობ რომ, ასეთ შემთხვევაში, ქვეყანაში სავალალო მდგომარეობა შეიქმნება.”
დისკუსიაზე ფარმაცევტული კომპანიებისა და ექსპერტების შენიშვნებს პასუხობდა სახელმწიფო უწყების წარმომადგენელი. ვახტანგ ლეჟავა, პრემიერ მინისტრის მთავარი მრჩეველი: “პირველ რიგში ჩამოსაყალიბებელია, თუ რა არის ჩვენი ამოცანა და არა მგონია რომ იმ ამოცანას, რომლის განხორციელებაც მთავრობამ დაისახა, რაიმე ხარვეზი ქონდეს. ჩვენი ამოცანაა მინიმალური რისკის ფასად მივცეთ ჩვენს მომხმარებელს მაქსიმალური არჩევანის საშუალება. ვიმეორებ – არა რისკის შემცირების ხარჯზე, არამედ მინიმალური რისკის ფასად მაქსიმალური არჩევანი. შეიძლება ეს სათქმელად უფრო ადვილია, ვიდრე განსახორციელებლად, მაგრამ ჩვენი ამოცანა არის ეს. ჩვენი ამოცანა არ არის, ცალსახად, ექსპორტის ხელშეწყობა ან ხელის შეშლა, ან იმპორის ხელშეწყობა ან ხელის შეშლა. ჩვენი მთავარი სამიზნე არის მომხმარებელი და მისი ინტერესები, რომელსაც მინიმალური რისკის ფასად უნდა ქონდეს მაქსიმალური თავისუფლება არჩევანში.
იმპორტის გამარტივების საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. ახალ კანონპროექტში ჩადებულია მუხლი, რომლის მიხედვითაც საქართველოში OEჩD-ის ქვეყნებიდან შემოსული წამალი უნდა დაიბეგროს 24 საათის განმავლობაში ყოველგვარი დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე. ქართულ ბაზარზე მოქმედი ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლები კი მიესალმებიან ამ მუხლის ჩადებას ახალ კანონპროექტში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ქვეყნები, საიდანაც წამალი გამარტივებული რეჟიმით შემოვა საქართველოში, იმავე პირობებით მიიღებენ საქართველოში წარმოებულ მედიკამენტებსაც.
პრობლემის გადაჭრის გზები და გამოსავალი ყველას სხვადასხვაგვარად ესახება. მთავარი მიზანი კი ჯერ ისევ მიუღწეველია – ფასების შემცირება ფარმაცევტულ ბაზარზე. იქნებ გამოსავალი მართლაც იმპორტის პროცედურების გამარტივებაშია, რადგან ასეთ შემთხვევაში ბაზარი უფრო ღია იქნება, მედიკამენტების ასორტიმენტიც გაიზრდება და ფასებიც მრავალფეროვანი გახდება. მაგრამ თუ იმპორტთან დაკავშირებით საუბარი მხოლოდ მაღალგანვითარებულ ქვეყნებში წარმოებულ მედიკამენტებს შეეხება, ისინი ფასების დაწევას კი არა, პირიქით გაზრდას შეუწყობს ხელს, რადგან OECD-ისა და ევროკავშირის ბაზრებზე ფარმაცევტული პროდუქცია მაღალ ხარისხთან ერთად მაღალი ფასითაც გამოირჩევა. ხოლო თუ შეღავათიან საბაჟო რეჟიმს ნებისმიერი ქვეყნისთვის დავაწესებთ, მაშინ გაიზრდება საქართველოში უხარისხო პროდუქციის შემოსვლის საფრთხე. თუ გამოსავალი მართლაც ადგილობრივი წარმოების განვითარება და ბაზრის ადგილობრივი მედიკამენტებით შევსებაა? იქნებ სახელმწიფოსთვისაც და ფარმაცევტულ ბიზნესში ნებისმიერი მხარისთვისაც, პრიორიტეტული საექსპორტო პოტენციალის გზარდა და ბაზრის ქართული წარმოების პროდუქციით გაჯერება უნდა იყოს?