ელექტროენერგიის ახალი ტარიფების მიზანშეწონილობის საკითხი
მაკა გუდიაშვილი, ნანა სამსონია
საბაზრო ეკონომიკა ხასითდება ფასების ლიბერალიზაციით, სადაც ფასწარმოქმნა ხორციელდება თავისუფალი ფასებითა და ტარიფებით, ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე. კერძო პირებს ჯანსაღი კონკურენცია აიძულებს, ეძებონ პროდუქციის (მომსახურების) თვითღირებულების შემცირების გზები, რაც საშუალებას აძლევს, მყიდველს მიაწოდონ პროდუქცია კონკურენტებზე უფრო იაფად, სწრაფად და ეფექტიანად.
ელექტროენერგეტიკული დარგის რესტრუქტურიზაციისა და საკუთრების მრავალფეროვნების დამკვიდრების მიზანი იყო ჯანსაღი კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბება, სადაც ყოველთვის მოგებულია მომხმარებელი. ელექტროენერგეტიკული დარგი მიეკუთვნება ბუნებრივ მონოპოლიას, სადაც ადგილი აქვს რეგულირებად ფასებს სახელმწიფოს მხრიდან სპეციალური მარეგულირებელი ორგანოს – “საქართველოს ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის” (სემეკის) მეშვეობით, რომელიც დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს ობიექტური ანალიტიკური პროცესის შემდეგ. დადგენილი ელექტროენერგიის ტარიფი უნდა შეესაბამებოდეს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და მომხმარებლების შემოსავლების მსყიდველობით უნარს.
რესტრუქტურიზაციის პროცესის დაწყებიდან 15 წლის შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ბუნებრივი მონოპოლია გვევლინება ჯანსაღი კონკურენციის შემაფერხებელად, რადგან სახეზე გვაქვს ელექტროენერგიის ფასების პერიოდული მატება, რითაც ზარალდება მომხმარებელი. საქართველოს ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ მიღებული Uელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფები წარმოდგენილია შემდეგ დადგენილებებში: #4.1998წ. 11 აგვისტო; #1.1999წ. 31 მაისი; #8.2000წ. 31 აგვისტო; #12.2001წ. 14 ნოემბერი; #12.2002წ. 15 ნოემბერი.; #14.2003წ. 15 აგვისტო და ბოლო #18.2006წ. 15 მაისის დადგენილება, რომელზეც შევაჩერებთ ყურადღებას და სადაც ტარიფების ზრდა დასაბუთებულია იმპორტირებული სათბობის მკვეთრი გაძვირებით.
უნდა აღინიშნოს პროდუქციის (მომსახურების) ელასტიკურობა-არაელასტიკურობის საკითხი. არსებობს პროდუქცია, სადაც ფასის ცვლილება გავლენას ვერ ახდენს მოხმარების რაოდენობაზე, რადგანაც ეს არის სასიცოცხლო მნიშვნელობის შეუცვლელი პროდუქცია და მომხმარებელი იძულებულია, შეიძინოს იგი ნებისმიერი ფასის შემთხვევაში. ასეთ პროდუქციას (მომსახურებას) მიეკუთვნება ელექტროენერგიაც, რადგან იგი პრაქტიკულად შეუცვლელია.
რესტრუქტურიზაციის დაწყებამდე, სახელმწიფო მონოპოლიის პირობებში, სახელმწიფო ზრუნავდა ტარიფის შემცირებაზე. იქნებ ჯობდა სახელმწიფო მონოპოლია? სემეკი ანგარიშვალდებულად არ თვლის თავს მომხმარებლების წინაშე? მართალია, სემეკის ფუნქცია არ არის სოციალური ამოცანების გადაწყვეტა, მაგრამ ხშირად ხდება ელექტროენერგიის ტარიფის შედარება ამერიკისა და ევროპის ანალოგიურ მაჩვენებლებთან, სადაც არ არის ხაზგასმული მათი შემოსავლები, ზრდასრული დასაქმებული ადამიანის საშუალო წლიური შემოსავალი 30000 $ ბევრად აღემატება საქართველოს ზრდასრული დასაქმებული ადამიანის საშუალო წლიურ შემოსავალს – 1 800 ლარს (1000$).
საქართველოს მეურნეობის სხვადასხვა დარგებსა და სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა შრომის საათობრივი ანაზღაურება 2004 წლის მონაცემებით შეადგენს 0,90 ლარს, [1] (250 სამუშაო დღე x 8 სთ) x 0,90 ლარი = 1800 ლარი წელიწადში. არსებული ტარიფის პირობებში, ელექტროენერგიის ეკონომიურად ხარჯვის შემთხვევაში, წლიურად გადახდილი 300 ლარი საქართველოს ზრდასრული დასაქმებული ადამიანის საშუალო წლიური შემოსავლის 17%-ს შეადგენს.
არალოგიკურია მოხმარებული ელექტროენერგიისა და ფასის თანაფარდობა. როგორც ცნობილია, რაც უფრო მეტ პროდუქციას ყიდულობს მყიდველი და “ამდიდრებს” გამყიდველს, შესაბამისად მეტია მისთვის ფასდაკლება და სტიმული ეძლევა მეტი პროდუქციის შეძენისათვის. ზემოაღნიშნული დადგენილების თანახმად, ის მყიდველი, რომელიც უფრო მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს, ძვირს გადაიხდის, ანუ მეტად “დაისჯება” და ყველანაირად ეცდება, შეამციროს მოხმარება, რაც მკაცრად ეწინააღმდეგება თავისუფალი ბაზრის კანონებს.
თბოელექტროსადგურებსა და, შესაბამისად, გენერაციის ნაწილში ელექტროენერგიის ტარიფების ზრდა გამართლებულია გარკვეული ფაქტორებით. ბუნებრივი გაზის (1000 მ3) მიწოდების გაძვირებამ (180-დან 240 ლარამდე) [2] თბოელექტროსადგურებში გამოიწვია გამომუშავებული ელექტროენერგიის გაძვირება, რადგანაც პროდუქციის (ელექტროენერგიის) თვითღირებულების სტრუქტურაში სათბობზე დანახარჯების ხვედრით წილად მოდის საერთო დანახარჯების 70-75%,[3] რაც შესაბამისად იწვევს ელექტროენერგიის სარეალიზაციო ფასის ზრდას.
გაურკვეველია სადისტრიბუციო ენერგოკომპანიებისათვის განაწილების ტარიფების ზრდის მოტივი, რადგანაც აღნიშნული საწარმო, როგორც ცნობილია, ბუნებრივ გაზს არ იყენებს, მხოლოდ ანაწილებს ელექტროენერგიას მომხმარებლებს შორის ადგილობრივი გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით. როგორც ცნობილია, გამანაწილებელი ენერგოკომპანია “თელასის” განაწილების საშუალო შეწონილი ტარიფი 7,207 თეთრი/კვტ.სთ (დღგ-ს გარეშე, 8,5 დღგ-თი) გაანგარიშებული იყო დანახარჯების, წმინდა მოგებისა და გადასახადების თანაფარდობის მიხედვით. როგორც ცნობილია, “თელასს” ძირითად საშუალებებში ინვესტირება 2000 წლის შემდეგ აღარ განუხორციელებია, წლიურ მიმდინარე დანახარჯებს მნიშვნელოვანი ცვლილება არ განუცდია, რაც შეეხება გადასახადებს, წინა დადგენილების შემდეგ საგადასახადო კოდექსი შეიცვალა (დეკემბერი, 2004წ.), მაგრამ ადგილი ჰქონდა გადასახადების სახეობებისა და განაკვეთების მნიშვნელოვან შემცირებას, რასაც ტარიფის არათუ მატება, არამედ კლება უნდა გამოეწვია. ე.ი. “თელასისთვის” დადგენილი განაწილების საშუალო შეწონილი ტარიფის (7,89 თეთრი/კვტსთ დღგ-ს გარეშე, 9,31 დღგ-თი) მიხედვით გაიზარდა მოგების წილი, რაც ეწინააღმდეგება “ტარიფების დადგენის წესებსა და მეთოდოლოგიას”, რომლის მიხედვითაც სადისტრიბუციო ენერგოკომპანიების ფონდამოგების დონე არ უნდა აღემატებოდეს 20%-ს. ამავე დროს, ქალაქ თბილისის მომხმარებლებს მოუწევთ დამატებით 20 მლნ ლარის გადახდა.
მიუხედავად იმისა, რომ ქ. თბილისში სამომხმარებლო ტარიფის 70% ენერგოკომპანია “თელასის” წილად მოდის, მას ახლო წარსულში (თებერვალი, 2005წ) მაინც ჰქონდა განაწილების ტარიფის 11,140 თეთრი/კვტსთ-მდე (დღგ-ს გარეშე) გაზრდის მცდელობა, რის მიზანშეწონილობაც საქართველოს ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ არ ცნო და #3/1 24. 02. 2005 გადაწყვეტილებით მას უარი ეთქვა.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მისასალმებელია ენერგეტიკულ დარგში 2006 – 2015 წლებში გასატარებელი ღონისძიებები, რომელიც წარმოდგენილია სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს მიერ შემუშავებულ დოკუმენტში “საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები”, სადაც განსაზღვრულია მომავალში განსახორციელებელი შემდეგი ამოცანები: ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორებში ბაზრის ახალი მოდელის დანერგვა და ეტაპობრივი დერეგულირება, ელექტროენერგიის ბაზარზე ელექტროენერგიის საბითუმო გამყიდველებსა და მყიდველებს შორის პირდაპირი ხელშეკრულებების გაფორმების სისტემაზე გადასვლა, ახალი სატარიფო პოლიტიკის შემუშავება, რომელიც უნდა იცავდეს მომხმარებელს მონოპოლიური ფასებისაგან. ახალი სატარიფო მეთოდოლოგია უნდა ითვალისწინებდეს სეზონურ ტარიფებს; პიკური დატვირთვის (სადღეღამისო) ტარიფებს; ბიჯურ (მოხმარების მოცულობაზე დამოკიდებულ) ტარიფებს; გრძელვადიან, წინასწარ დაფიქსირებულ და ზღვრულ ტარიფებს, რომელიც საბოლოოდ უზრუნველყოფს დარგის ეკონომიკურ მდგრადობას და ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნას. [4]