თბილისი-ცხინვალი-მოსკოვი ძალა აღმართს ხნავს
მაია რაზმაძე
დღეს საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის ნახევარია. ძირითადად, ქართული მოსახლეობით დასახლებული ქართული სოფლები. მაგრამ აფხაზეთისგან განსხვავებით ენგურის მსგავსი მკვეთრი საზღვარი აქ არ არსებობს. ოსური ადმინისტრაციის კონტროლის ქვეშ მყოფ ოსურ დასახლებას ქართული მოსდევს, ქართველების კონტროლის ქვეშ არსებულ ტერიტორიებს – ოსური. ეს გაყოფა და ადმინისტრირების ტერიტორიული მონაცვლეობა გარკვეულ დაღს ასვამს ეკონომიკას.
რაც შეეხება ეკონომიკას, ცხინვალის რეგიონის ეკონომიკაზე საუბარი მეტად რთულია, რადგან იგი, ფაქტობრივად, არც არსებობს. წარმოების ძირითადი ობიექტები ცხინვალში იყო თავმოყრილი, ნედლეული კი საქართველოდან შედიოდა. გასაღების მთავარი ბაზარიც ისევ საქართველო და ყოფილი სსრკ-ის რესპუბლიკები იყო. დღეს ყველანაირი კავშირები გაწყვეტილია. არ ფუნქციონირებს რკინიგზა, ძირითადი ტრანსპორტი, რომლითაც ოსური წარმოების მთავარი ხერხემლის – მანქანათმშენებლობის პროდუქციის და ტყვია-თუთიის მადნეულის ექსპორტი ხდებოდა. ასე რომ, რეგიონში თითქმის არაფერი მუშაობს ძველი საწარმოებიდან, თუ არ ჩავთვლით მინანქარსადენების ქარხანას, რომლის გადაკეთების შემდეგ გასაშლელი საწოლების და ჩანგლების გამოშვება დაიწყეს!
იქ, სადაც ქართული იურისდიქცია არ ვრცელდება, სოფლის მეურნეობის სექტორში განკერძოება არ მომხდარა. ოსურ მხარეს კოლმეურნეობების საბჭოური ფორმა აქვს შენარჩუნებული. ცხადია, ამ სფეროდან მათ ბიუჯეტში არც ისე მნიშვნელოვანი თანხები უნდა შედიოდეს. ჯერ კიდევ კომუნისტების დროს სამხრეთ ოსეთი ყოველთვის დოტაციურ ოლქს წარმოადგენდა და საქართველოს მიერ წარმოებულ მთლიან პროდუქციაში მისი წილი მხოლოდ 1%-ს შეადგენდა. დღეს სამხრეთელი ოსების პენსიები და ხელფასები სიმბოლური – 5-10 დოლარია. მაგრამ მიუხედავად გაჭირვებისა, იმის მიუხედავად, რომ იქ თითქმის არაფერი მუშაობს და ინვესტიციების არარსებობის გამო, ახლო პერსპექტივაში ამ თვალსაზრისით სასიკეთო ცვლილებები არც არის მოსალოდნელი, ხალხი, ასე თუ ისე, მაინც ცხოვრობს. რა გზით და რა საშუალებებით? – სწორედ, რომ გზით და გზის წყალობით. დღეს სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეჟიმის ბიუჯეტის მთავარ შემოსავალს სწორედ გზიდან მიღებული თანხები შეადგენს. ტრანზიტის ოფიციალურ გადასახადებთან ერთად არაოფიციალური შემოსავლები და ვაჭრობა წარმოადგენს ოსური მოსახლეობის არსებობის უმთავრეს წყაროს.
ერგნეთი თანამედროვე ქართულ ეკონომიკაში და არა მხოლოდ ეკონომიკაში კარგა ხანია ყბადაღებულ თემად იქცა. ბევრი საუბრობს კონტრაბანდის იმ მნიშვნელოვან წილზე, რომელიც ცხინვალის მხრიდან მოედინება და სერიოზულად ურტყამს ჩვენს ისედაც მორყეულ ეკონომიკას, მაგრამ პრობლემა პრობლემადვე რჩება. ოსური მოსახლეობა მშვენივრად სარგებლობს არსებული სიტუაციით – ქართველების მხრიდან პოლიტიკური ნების არქონით თუ ეკონომიკური ინტერესების არსებობით და ქართველებთან ვაჭრობით მიღებული მოგებით გადის ფონს. ერგნეთის ბაზრობა უზარმაზარი ტერიტორიაა, დაახლოებით ლილოს ბაზრობის ზომის, და პირობითად სამ ნაწილად არის დაყოფილი: სურსათის, საწვავის და ავტონაწილებით ვაჭრობის ობიექტებად. სწორედ ერგნეთიდან შემოდის საწვავი, რუსული წარმოების სიგარეტი, ხორბალი, თხევადი გაზი და სასურსათო პროდუქცია, რომელიც იაფია და ხარისხით თურქულ, აზიურ პროდუქციასთან შედარებით უკეთესიცაა.
საქართველოს ტერიტორიაზე დღეს ტვირთის გადატანა გადაულახავ სირთულეს რომ არ წარმოადგენს, ეს ყველასათვის კარგად ცნობილია. საწვავი, უკანონოდ, თუნდაც ცისტერნებით გადაიტანე – გარკვეული თანხის გაღების შემთხვევაში ბარიერი იხსნება, რაც ყველას ინტერესშია, ვინც ტრასებს აკონტროლებს. მაკონტროლებლებს რამდენიმე თვის წინ საგანგებო ლეგიონი შეემატა. რა შეიცვალა მათი გამოჩენის შემდეგ?
პაატა აბუთიძე, საგანგებო ლეგიონის კონტრაბანდის სამმართველოს უფროსი: “ჩვენი მუშაობის შედეგად მსხვილი ტვირთების გადაადგილებამ ნელ-ნელა იკლო. ცისტერნებით საწვავის თბილისში შემოტანა, პრაქტიკულად, აღარ ხდება. დიდტონაჟიანი სატრანსპორტო საშუალებებით აღარც სხვა ტვირთები შემოდის. ახლა, ძირითადად, მიკროავტობუსებსა და მსუბუქ ავტომანქანებზე არიან გადართულნი, მაგრამ პრობლემებს მათაც ვუქმნით, ვინც ინტენსიურად მოძრაობს – ვაფიქსირებთ. ისე კი იმდენი მეორეხარისხოვანი, შემოვლითი გზა არსებობს, ყველა რომ გადაიკეტოს, 1000-1200 კაცი არ იქნება საკმარისი. გარდა ამისა, თბილისისკენ მომავალი გზა ხან ქართულ, ხან ოსურ სოფლებს გაივლის, რამდენჯერმე უკონტროლო ზონაში ხვდება და იქ მარტო ორი-სამი თანამშრომლის გაშვება სახიფათოა, მით უმეტეს, რომ არც შეიარაღება გვაქვს, არც სხვა ეკიპირება, რაც გამართულ ანტიკონტრაბანდულ სამსახურს უნდა ჰქონდეს”.
კონტრაბანდული ტვირთების აღრიცხვა კიდევ ერთ სერიოზულ პრობლემას უკავშირდება, რაც ერთი შეხედვით, თითქოს სასაცილოდ გამოიყურება ალოგიკურობის გამო. საქმე ის გახლავთ, თუ პიროვნება განაცხადებს, რომ ტვირთი მისი რაოდენობის მიუხედავად, ბაზრობაზე შეიძინა და სახლში მიაქვს, იქ კონტრაბანდაზე საუბარი წყდება. ნათელია, რომ ეს პროდუქცია ოსეთში არ დამზადებულა, იქ რუსეთიდან საზღვრის გადალახვის შედეგად მოხვდა, მაგრამ იმის დასაბუთება, რომ იგი საბაჟო წესების დარღვევითაა შემოტანილი, ვერ ხერხდება. ერთადერთი თეორიული გზა არსებობს. პიროვნებას ვისაც ტვირთი შემოაქვს, უნდა ჰქონდეს რუსეთში მიღებული ამ პროდუქციის შესყიდვის საბუთები. საბუთი, რომ გადმოლახა საზღვარი და აგრეთვე უნდა დაარღვიოს მარშრუტი ცხინვალი-კარალეთი-გორი-ტყვიავი, რომელიც რუსეთიდან შემოსული ტვირთებისათვის პრეზიდენტის ბრძანებულებით არის დადგენილი. ამასთან ერთად, უნდა გამოიჩინოს “კეთილი ნება” და ყველა ეს საბუთი წარუდგინოს ქართველ მაკონტროლებლებს, ვის იმედად ყოფნაც ფუჭ ოცნებაშიც წარმოუდგენელია. ცხადია, ამდენი საბუთის წარდგენას და ხაფანგში თავის გაყოფას ურჩევნია განაცხადოს, რომ პროდუქცია ერგნეთში შეიძინა და საწინააღმდეგოს ვერც ვერავინ დაუმტკიცებს.
პაატა აბუთიძე: “როგორ დავუმტკიცოთ, რომ საზღვარი გადმოლახა, როცა საზღვართან არც ჩვენი მესაზღვრე და მებაჟეა და ვერც ტერიტორიას ვაკონტროლებთ. საბაჟო წესების დარღვევის, ანუ სისხლის სამართლის დანაშაულის დაფიქსირება ამ რეგიონში, პრაქტიკულად, შეუძლებელია”.
და მაინც, საქართველოში შემოსული კონტრაბანდის რა წილი მოდის ცხინვალის რეგიონზე?
პაატა აბუთიძე: “ამის თქმა ძალიან ძნელია. მუშაობა რომ დავიწყეთ, ერგნეთის ბაზრობა ჩქეფდა. დღეს ვაჭრობის ობიექტებმა უფრო ცხინვალისკენ, ჯავისკენ გადაინაცვლა. ერგნეთზე აღარ მოდის ის დატვირთვა, რაც შარშან იყო. დიდი ტვირთების მოძრაობა საგრძნობლად შემცირდა. რაც შეეხება ადგილობრივ მანქანებს, მოძრაობენ და ამის აკრძალვას ვერც შევძლებთ. ძნელი სათქმელია რა რაოდენობის კონტრაბანდაა საქართველოში და უფრო რთულია იმის განსაზღვრა, აქედან რა წილი მოდის ცხინვალის რეგიონიდან შემოსულ კონტრაბანდაზე”.
თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის პირობებში წარმოების ამუშავება სერიოზული ინვესტირების გადაიარაღებისა და რეორგანიზაციის გარეშე წარმოუდგენელია. საერთოდ, კონფლიქტის ზონის ეკონომიკა იმ პოლიტიკური ვითარებით განისაზღვრება, რომელიც ამ რეგიონშია შექმნილი. ამ რეგიონებზე საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული არც ერთი სახელმწიფოს იურისდიქცია არ ვრცელდება, რაც ნიშნავს რომ იქ საიმედო და სანდო კანონმდებლობა არ არსებობს, რომელიც პოტენციურ ინვესტორს ნდობას აღუძრავს.
ოფიციალური ქართული მხარე მიიჩნევს, რომ ცხინვალის რეგიონში ეკონომიკური აქტივობის ერთადერთი და ყველაზე სერიოზული შესაძლებლობა საერთაშორისო ორგანიზაციების დონორული საქმიანობაა. ბოლო წლებში ამ რეგიონში ყველაზე აქტიურად ევროკომისია მუშაობს, რომელმაც უკვე განახორციელა 3,5 მლნ. ევროს ოდენობის პროგრამა. ამჟამად მეორე პროგრამა მიმდინარეობს, რომელიც 1,5 მლნ. ევროთი განისაზღვრება. უკვე მიღებულია გადაწყვეტილება მესამე პროგრამაზე 2,5 მლნ. ევროს ოდენობით. ეს პროგრამები, ძირითადად, სოციალური და კულტურული ობიექტების, საცხოვრებელი სახლების აღდგენაზეა ორიენტირებული.
ირაკლი მაჭავარიანი, საქართველოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკური პრობლემებისა და კონფლიქტების მოწესრიგების საქმეში: “ევროკომისიის მიერ განხორციელებული პროგრამების საზღვრებში ვცდილობთ პროექტების შერჩევა ისე მოხდეს, რომ გვერდი ავუაროთ იმ ხელოვნურ საზღვრებს, რომელიც რეგიონში არსებობს. გვინდა, ეკონომიკური თვალსაზრისით მაქსიმალური ინტეგრირება მოვახდინოთ, ისეთი ობიექტები აღვადგინოთ, რომელსაც ორივე მხარისათვის აქვს მნიშვნელობა. მაგალითად, ცხინვალის წყალსადენი, რომლის რეაბილიტაციაც ევრო კომისიის პირველი პროგრამის ფარგლებში მოხდა, ჩვენი კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე მოემართება და ამით სარგებლობს როგორც ცხინვალი, ისე ქართული სოფლებიც. მოხდა კავკასიის ჯებირის აღდგენაც, რომლის მეშვეობითაც 5 ჰექტარი მიწა ირწყვება როგორც ქართულ ისე ოსურ სოფლებში. გეგმაშია კეხვის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციაც. იქ გამომუშავებული ელექტროენერგია ქართულ სოფლებთან ერთად ქალაქ ცხინვალსაც გაუნაწილდება. მიმდინარე პროგრამაში დიდი ადგილი უკავია რეგიონის ელექტრომომარაგების პროექტს, რომელიც “ვარდნილჰესს” და ცხინვალის ენერგოკომპანიას შორის დადებული ხელშეკრულებით უნდა განხორციელდეს და რომლის შედეგად რეგიონი ყოველთვიურად 10,5 მლნ. კილოვატსაათ ენერგიას მიიღებს. ოსური ენერგოგამანაწილებელი კომპანია არა მარტო ოსური ადმინისტრაციის ტერიტორიის მოსახლეობას, არამედ, ქართულ სოფლებსაც ემსახურება. მიმდინარე პროექტი გორი – ცხინვალის რკინიგზის რეაბილიტაციასაც ითვალისწინებს. მატარებელი დღეს სოფელ ნიქოზამდე დადის, ცხინვალამდე 3 კმ-ის დაშორებით. შესაძლებელია, მალე ელექტრომატარებელმა გორსა და ცხინვალს შორის იაროს.
ამ რეგიონის მდებარეობა ისეთია, რომ მისი მოწყვეტა დანარჩენი საქართველოსაგან უკიდურესად განწყობილ სეპარატისტსაც გაუჭირდება. როგორი დიდიც უნდა იყოს ცხინვალის სეპარატისტულად განწყობილი წრეების ორიენტაცია ჩრდილოეთისკენ, მაინც არ შეუძლიათ იმის უარყოფა, რომ მათ საქართველოს დანარჩენ ნაწილთან ეკონომიკური კავშირი და ინტეგრაცია სჭირდებათ.
დონორული პროგრამების განხორციელება ჩვენი სერიოზული კოზირია, რასაც ევროკომისია საქართველოს მთავრობის მეშვეობით ახდენს, რადგან ეს ტერიტორია საქართველოს შემადგენელი ნაწილია. ეს ერთ-ერთი საშუალებაა ამ რეგიონის არაქართული, ანუ ოსური მოსახლეობისთვის საქართველოს მოქალაქეობა მიმზიდველი გავხადოთ და ამას შესაძლებლობების ფარგლებში ვაკეთებთ კიდეც”.
ორი წლის წინ ქალაქ ცხინვალში, სადაც ოსური მხარის იურისდიქცია ვრცელდება “ყაზბეგის” კერძოდ კი, გოგი თოფაძის მიერ ჩადებული ინვესტიციით ლუდის ქარხანა ამოქმედდა. ქარხნის გადაიარაღებაში საკმაო თანხა ჩაიდო. შეიქმნა ერთობლივი საწარმო, სადაც ადგილობრივი ოსური მოსახლეობა – 600 ადამიანი დასაქმდა.
ირაკლი მაჭავარიანი: “ხვალ რომ პოლიტიკური ვითარება შეიცვალოს, ურთიერთობა გაფუჭდეს და “ყაზბეგმა” ვეღარ მოახერხოს საწარმოს პატრონობა, მუშაობა შეწყდება. ბუნებრივია, ეს 600 ადამიანი, ვისაც სამსახური და მუდმივი შემოსავალი გაუჩნდა, არ იქნებოდა დაინტერესებული ვითარების დაძაბვით, რაც კარგი საშუალებაა ეს ხალხი დავაინტერესოთ და მათთვის საქართველოს მოქალაქეობა საჭირო და სასურველი გავხადოთ. ეკონომიკური დაინტერესება ინტეგრაციის ერთ-ერთი მთავარი და მძლავრი მექანიზმია. საქართველო დღეს ეკონომიკურად ძლიერი და გამართული რომ იყოს, იმ პრობლემების დიდი ნაწილი, რომელიც სეპარატისტულ რეგიონებში გვაქვს, საერთოდ არ იარსებებდა”.
ავთანდილ გოგიძე, პარლამენტის ცხინვალის რეგიონის პრობლემების შემსწავლელი დროებითი კომისია: “მძლავრი ეკონომიკური ნაბიჯი იქაური მოსახლეობისათვის გრანტების და სესხების გაცემა იქნება, რომ ადგილზე წარმოება განვითარდეს – იქნება ეს ხილის გადამამუშავებელი პატარა ქარხნები, წვენების, კონცენტრატების, ჩირის თუ ბოსტნეულის კონსერვების წარმოება. დღეს იქ ხალხს არა აქვს საშუალება, რომ დანადგარები შეიძინოს და ამ საქმეს შესაძლებელი სახსრებით შეეჭიდოს. გრანტები სწორედ აქეთ უნდა იყოს მიმართული. რეგიონში მცირე წარმოება რომ განვითარდეს, ოსურ მოსახლეობას დავასაქმებთ. ამ გზით იქაური მოსახლეობის 80-90% შეგვიძლია შემოვაბრუნოთ. მათ რუსეთისკენ ყურება იმიტომ დაიწყეს, რომ იქ ფულის შოვნა შეიძლება, ჩვენ პენსიას და ხელფასს დღესაც ვერ ვარიგებთ”.
ირაკლი მაჭავარიანი: “ქართული კაპიტალის და ინვესტიციების შესვლა ცხინვალის რეგიონში მეტად მნიშვნელოვანი გზა და გამოსავალია, მაგრამ გარკვეულ რისკთან არის დაკავშირებული. ცხინვალი და ოსური სოფლები ფორმალურად საქართველოს ტერიტორიაა, მაგრამ ჩვენი იურისდიქცია, კონტროლი იქ არ ვრცელდება. აქედან გამომდინარე ვერავის აიძულებ და დაავალებ ინვესტიცია ჩადოს. თოფაძემ პატრიოტული ნაბიჯი გადადგა და პირადი რისკი გაწია. თეორიულად, საქართველოს ბიუჯეტიდანაც შეიძლება რაღაცის გაკეთება, მაგრამ რეალურად ამის შესაძლებლობა ძალზე ცოტაა”.
დღეს უფულო და ეკონომიურად გაჭირვებული სამაჩაბლოს ტერიტორიაზე მოსახლე ოსები საქართველოსკენ მობრუნებას დიდ რუსულ სივრცეში გაერთიანებას და უკეთეს ცხოვრებას ამჯობინებენ. სამწუხაროდ არც ჩვენ დიდ ჩრდილოელ მეზობელს ულხინს მაინცდამაინც ეკონომიკურად, თორემ რა ვითარება იქნებოდა მაშინ, არც ისე რთული წარმოსადგენია. რუსეთის პოტენციალი ჩვენსას მკვეთრად აღემატება და უშუალო დაფინანსებას და ინვესტირებას თუ არ ახდენენ “დიდსულოვანი ჩრდილოელები” “ქართველებისგან ჩაგრულ” სამხრეთელ ოსებს ისეთ გარემოს მაინც უქმნიან, რომ იარსებონ და დარწმუნებულნი იყვნენ, რომ სული სწორედ მათით უდგათ. ამის მშვენიერი გამოვლინება საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემოღება გახდა, რომლითაც რუსეთმა საქართველო დასაჯა, მასზე ეკონომიკური ბერკეტი აამოქმედა, სეპარატისტული რეგიონებისადმი კი ლმობიერება გამოიჩინა და დაუფარავად გამოაცხადა, რომ ისინი “მისიანები” არიან და მათ საერთო ქართულ სივრცეში არ აღიქვამს.
რუსეთისკენ დაუოკებელ ლტოლვას ისიც აძლიერებს, რომ სეპარატისტულ რეგიონებში საბჭოური მენტალიტეტის გადმონაშთები საკმაოდ ძლიერია. ისინი თვითიზოლაციის გამო მეტად ჩამორჩნენ იმ რეფორმებსა და გარდაქმნებს, რაც ბოლო წლებში საბჭოურ სივრცეში მოხდა. იქ მძლავრად მუსირებს აზრი, რომ რუსეთი ყველაფერს გაუკეთებს და ის მათი ერთადერთი ხსნაა.
ბუნებრივია, ჩვენ ტერიტორიაზე მოსახლე ოსების ამგვარი ორიენტაცია აღიზიანებს ქართველებს. მაგრამ დღეს ჩვენთან ერთად შიმშილსა და გაჭირვებაში ყოფნის გარდა საინტერესო ყოფის შეთავაზება მათთვის, ფაქტობრივად, არ შეგვიძლია.
ხშირად ისმის კითხვა – უნდა გამოვიყენოთ თუ არა ეკონომიკური ბერკეტები, მით უფრო, რომ გაეროს წესდების VII თავში მითითებულია, რომ ეკონომიკური სანქციების და ბლოკადის გამოყენება შესაძლებელია. ეს არის მექანიზმი, რომლის საშუალებითაც სეპარატისტული რეჟიმი იზოლაციაში მოხვდა და იძულებული გახდება გადახედოს თავის მიდგომებს.
როგორც აღვნიშნეთ, ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის ბიუჯეტს, ძირითადად, გზიდან, ტრანზიტული ტვირთების გადასახადებიდან შემოსული თანხები ავსებს. ერთი შეხედვით, თითქოს იოლია, მათ ეს წყარო გადაუკეტო და რუსეთს მოსთხოვო ტვირთები ყაზბეგის მიმართულებით, ლარსისი გამშვვბი პუნქტის გავლით გამოუშვას. მაგრამ რეალურად რამდენად არის ეს შესაძლებელი, სხვა საკითხია.
ერთაედრთი კანონიერი გამშვები პუნქტი საქართველო-რუსეთს შორის ლარსის გამშვები პუნქტია. იგი ორმხრივი შეთანხმებითაა დაფიქსირებული. რაც შეეხება როკისა და ფსოუს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებს, მათ შესახებ რუსეთის მხარეს საქართველოს მხარესთან შეთანხმებაზე ხელი არა აქვს მოწერილი ანუ მოძრაობა როკის გვირაბისა და ფსოუს გავლით, ფაქტობრივად, საერთაშორისო სამართლის ნორმებს, ეწინააღმდეგება.
ირაკლი მაჭავარიანი: “ეს საკითხი დადგა და განხილულიც იყო კლებანოვის ვიზიტისას ორმხრივი ეკონომიკური კომისიის შეხვედრაზე. სასაზღვრო და საბაჟო გამშვები პუნქტები არ შეიძლება ცალმხრივად იყოს გახსნილი. მაგრამ დღეს არათუ იმაზეა საუბარი, რომ უკანონო სასაზღვრო გამშვები პუნქტები დაიკეტოს, არამედ, მოუნდათ და სავიზო რეჟიმი შემოიღეს. ეს არ არის შემთხვევა, როცა ნეიტრალურად განწყობილ სახელმწიფოსთან გვაქვს საქმე, რომელსაც პრობლემის მოგვარებაში დახმარებას თუ არა, ხელის არშეშლას მაინც სთხოვ. საქმე გვაქვს სახელმწიფოსთან, რომელმაც ეს პრობლემები შექმნა”.
ჩვენი მხრიდან, როკის გამშვები პუნქტის შესახებ საკითხის დასმას რუსეთის მხრიდან გაგება არ მოჰყოლია. თუმცა, ლაპარაკი იმაზე, რომ როკის გვირაბის გავლით ყოველგვარი მოძრაობა შეწყვეტილიყო, არ ყოფილა. განიხილეს თემა როკის გამშვები პუნქტის კანონიერად გაფორმების შესახებ: ჩვენ მიერ შეთავაზებული ერთ-ერთი ვარიანტი ასეთი იყო – თუ ოსურ მხარესთან ვერ შევთანხმდებოდით, ჩვენი შესაბამისი სამსახურები რუსეთის მხარეს დამდგარიყო. როკის ტრასით, როგორც ტრანზიტული გზით არა მარტო ჩიბიროვი და მისი რეჟიმი, არამედ ჩრდილოეთ ოსეთიც სერიოზულად არის დაინტერესებული, რომელთანაც კარგი ურთიერთობები უნდა გამოვიყენოთ, მხოლოდ იმ რეგლამენტით, რაც საერთაშორისო სამართლის ფარგლებში თავსდება. მაგრამ რუსეთი ათასგვარ მიზეზებს იგონებს. იყო მეორე ვარიანტიც: მომხდარიყო შეთანხმება ჩვენსა და ცხინვალის ფაქტობრივ ხელისუფლებას შორის ერთობლივი ძალების შექმნაზე, რომელიც როკის გვირაბთან დადგებოდა და გააკონტროლებდა ტერიტორიას. ეს არ მოხდებოდა იურიდიული დოკუმენტის საფუძველზე. არამედ ოპერატიულად შეთანხმდებოდა კონფლიქტის მოგვარების პროცესში. მაგრამ ოსური მხარე ერთადერთ შემთხვევაში შეიძლება დაითანხმო ამაზე – როცა ის, ვინც საზღვარს იქითაა, დაგვეთანხმება, მაგრამ… რჩება ერთი გზა – ძალიან რადიკალურ ზომებს უნდა მივმართოთ. რადიკალური ზომების აუცილებლობა და შესაძლებლობა კი დღეს ცხინვალთან მიმართებაში არ არსებობს, და თუ ამის შესაძლებლობა გაჩნდება, პირველ რიგში, აფხაზეთისკენ უნდა იყოს მიმართული, რადგან იქაური რეჟიმი გაცილებით დესტრუქციულად ფუნქციონირებს. აფხაზეთში საქართველომ წარმატებებს თუ მიაღწია, დარწმუნებული ვარ, ცხინვალი თვითონ გადმოდგამს შემხვედრ ნაბიჯებს”.