უცხოური ინვესტიციების სტიმულირების ძირითადი მიმართულებები და ფორმები

ია ყოლბაია
სტიმულირების პოლიტიკის ძირითად მიზანს წარმოადგენს ინვესტიციური ნაკადების მიმართულების, სიდიდისა და ხასიათის განსაზღვრა. უცხოური კაპიტალის მოზიდვის სტიმულირებას საფუძვლად უდევს პრივატიზაციის პროგრამები, რომლებიც ხორციელდებოდა ქვეყნების სხვადასხვა ჯგუფებში. პრივატიზაციასა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებას შორის არსებობს პირდაპირპროპორციული დამოკიდებულება, კერძოდ:
უცხოელი ინვესტორის მიერ პრივატიზაცია შეიძლება გამოყენებულ იქნეს, როგორც გასაღების ბაზრების გაფართოების საშუალება, მაშინ, როცა სახელმწიფო საკუთრება ინარჩუნებს მონოპოლიურ უფლებას გასაღებაზე სახელმწიფო კომპანიებისათვის;
როგორც უცხოელი, ასევე ადგილობრივი მეწარმისათვის პრივატიზაცია წარმოადგენს ერთ-ერთ მაკროეკონომიკურ ფაქტორს, რომელიც ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატის საფუძველია.
განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში 80-იანი წლების ბოლოსა და 90-იანი წლების დასაწყისში ინტენსიურად მიმდინარეობდა პრივატიზაციის პროცესი, რომელსაც საფუძვლად ედო სახელმწიფო საწამოების ფუნქციონირების დაბალი ეფექტიანობა. სწორედ ამან განაპირობა სახელმწიფო საწარმოების კერძო სექტორის საკუთრებაში გადაცემის პროგრამების შემუშავების აუცილებლობა.
პირდაპირი ინვესტიციების შემოდინების სტიმულირების ძირითად მიმართულებას წარმოადგენს სხვადსხვა სახის შეღავათების დაწესება. ეროვნული რეჟიმის არსებობის დროს, როგორც უცხოელი, ასევე ადგილობრივი ინვესტორი სარგებლობს შეღავათების მიღების ერთნაირი უფლებით. ამასთან, მეწარმეებს შეღავათები უწესდებათ შემდეგი პირობების შესრულებისას:
მოსახლეობის დასაქმების ზრდის ხელშეწყობა;
მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა;
მიმღებ ქვეყანაში სამეცნიერო-კვლევითი და ორგანიზაციულ-საკონსტრუქტორო სამუშაოების განხორციელება;
რეგიონული პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა;
ექსპორტის გაფართოების ხელშეწყობა.
90-იანი წლების შუა პერიოდიდან შეინიშნება ერთგვარი ცვლილებები მიმღები ქვეყნების პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სახელმწიფო პოლიტიკაში. ამასთან დაკავშირებით, შეიძლება გამოვყოთ მოცემული პოლიტიკის სამი ძირითადი მიმართულება:
1. მიმღები ქვეყნის იმიჯის ამაღლება ხორციელდება სარეკლამო ინფორმაციის გავრცელების საფუძველზე, რომელიც მოცემულ ქვეყანას, მის პოტენციურ შესაძლებლობას, მოიზიდოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ა. შ. ახასიათებს. ამისათვის გამოიყენება მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, სპეციალური გამოცემები, ტარდება დისკუსიები და სპეციალური შეხვედრები. ყოველივე ეს უზრუნველყოფს ინვესტირების პირობების ინფორმაციულ გაშუქებას. ეს მიმართულება საჭიროებს მნიშვნელოვან სახსრებს და, როგორც წესი, ხორციელდება სახელმწიფო დონეზე. ხშირად ამისათვის სახელმწიფო ფინანსური საშუალებები არ არის საკმარისი. ასეთ დროს პრიორიტეტი ენიჭება ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ცალკეულ დარგებს;
2. სახელმწიფოს მიერ უცხოელი ინვესტორებისათვის მომსახურების კომპლექსური პაკეტის გადაცემა, რომელიც ხელს უწყობს მათ ინვესტიციურ საქმიანობას. ძირითადად ესენი კონსულტაციური მომსახურების ხასიათს ატარებენ, რომლებიც უადვილებენ უცხოელ ინვესტორს რეგისტრაციისა და საგადასახადო კონტროლის სხვადასხვა ბიუროკრატიული ეტაპების გავლას. ბუნებრივია, რომ ამგვარ პოლიტიკას, უწინარეს ყოვლისა, საფუძვლად უდევს მიმღები ქვეყნის ეროვნული ინტერესები. აღნიშნული მიმართულება, პირველ მიმართულებასთან ერთად, როგორც წესი, განვითარებადი ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი, სადაც ადმინისტრაციული ფორმალობები და ადეკვატური ინფორმაციის არარსებობა წარმოადგენს უცხოელ ინვესტორთათვის მნიშვნელოვან ფაქტორს;
3. უცხოელი და ადგილობრივი მეწარმეებისათვის ფინანსური, ფისკალური და სხვა შეღავათების მიცემა. საგულისხმოა, რომ ფინანსურ შეღავათებზე ძირითადად განვითარებული ქვეყნები არიან ორიენტირებულნი. მიმღები ქვეყნის ეკონომიის ცალკეული დარგების რეგიონული განვითარების სტიმულირების მიზნით, ფინანსური სუბსიდიები მიეცემათ რეგიონებს, ქალაქებს ან რაიონებს. სუბსიდირების ძირითადი მოთხოვნაა, ფინანსური შეღავათების გამჭვირვალობისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სახსრების დაბრუნების უზრუნველყოფა.
სახელმწიფოს აგრეთვე შეუძლია განახორციელოს ინვესტიციური დაბანდებების დაფინანსება წილობრივი მონაწილეობის საფუძველზე და სესხზე გარანტიის უზრუნველყოფით. ფინანსური შეღავათები საჭიროებენ მნიშვნელოვან ფულად დანახარჯებს, მაშასადამე – დამატებითი ფონდების შექმნას. ამიტომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ეს ფორმა ძირითადად განვითარებულ ქვეყნებში გამოიყენება და იშვიათად მიმართავენ მას განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნები.
განვითარებულ ქვეყნებში აგრეთვე ფართოდ გამოიყენება საგადასახადო შეღავათები. კერძოდ, დაჩქარებული ამორტიზაცია, კორპორაციული გადასახადის განაკვეთის შემცირება. განვითარებად ქვეყნებში ხშირად გამოიყენება საგადასახადო არდადეგები, რომელთა მოქმედების ვადა შეიძლება 1-5 წელს, ხანდახან 10-25 წელს აღწევდეს. სტიმულირების კიდევ ერთი ფორმაა საბაჟო განაკვეთების შემცირება, რომლებიც წესდება 5-10 წლით, ზოგიერთი პროექტისათვის 15-23 წლით.1
განვითარებადი ქვეყნები, როგორც სხვა სახელმწიფოები, ძირითადად ეროვნული რეჟიმის პრინციპს ეყრდნობიან. თუმცა მათ შეუძლიათ განსაკუთრებულად წაახალისონ უცხოური ინვესტიციები, რომლებიც დადებითად მოქმედებენ საგადასახადო ბალანსის მდგომარეობაზე – იმპორტშემცვლელი და ექსპორტზე ორიენტირებული ინვესტიციები, ტურიზმის სფერო. განვითარებად ქვეყნებში ხშირად დამატებითი ან სპეციალური შეღავათები იმ საინვესტიციო პროექტებზე, რომლებსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ ქვეყნის ეროვული ეკონომიკის განვითარებაში, აგრეთვე, პროექტებზე მოწინავე ტექნოლოგიებით, რომლებიც ქვეყანაში არ არსებობს, კაპიტალტევად პროექტებზე, ნაკლებ განვითარებული რეგიონებისა და ეკონომიკის დარგების განვითარებაზე ორიენტირებულ საინვესტიციო პროგრამებზე და სხვ.
ამგვარად, განვითარებულ ქვეყნებში პრევალირებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტიმულირების ფინანსური შეღავათების ფორმა, ხოლო განვითარებად ქვეყნებში – საგადასახადო სტიმულების ფორმა. უფრო ხშირად გამოიყენება შეღავათიანი საბაჟო გადასახადები იმპორტირებად საწარმოო მოწყობილობებზე (რაც განვითარებულ ქვეყნებში ითვლება ნაკლებეფექტიან ხერხად), მოგებაზე კორპორაციული გადასახადის განაკვეთის შემცირება, საგადასახადო არდადეგების გატარება.
გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში გამოიყენება სტიმულირების შემდეგი მეთოდები: კორპორაციულ შემოსავალზე სტანდარტული საგადასახადო განაკვეთის დონის შემცირება; საგადასახადო არდადეგების გატარება; ბაჟის შეღავათიანი განაკვეთები გამოყენებულ ნედლეულზე ან მოწყობილობებზე, ზოგიერთ ქვეყანაში გამოიყენება ეგრეთ წოდებული საგადასახადო სტაბილიზაციის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საგადასახადო განაკვეთების სტაბილურობას დადგენილი ვადის განმავლობაში. ამგვარი სისტემა მოქმედებს ამა თუ იმ ქვეყანაში ფინანსური და სამართლებრივი არასტაბილურობის დროს.
მთლიანობაში, შეღავათები, ძირითადად საგადასახადო, ატარებენ ინდივიდუალურ ხასიათს. მათი გამოყენება დამოკიდებულია საექსპორტო სპეციალიზაციის ან დარგის ხასიათზე. დარგობრივ ჭრილში პრიორიტეტულად ითვლება მეცნიერება და ტექნოტევადი დარგები.
ცხადია, რომ ინვესტიციური სტიმულების ეფექტიანობა ხშირად დავის საგანი ხდება. უცხოელი ინვესტორის გადაწყვეტილება კაპიტალის დაბანდების შესახებ დამოკიდებულია მთელ რიგ ფაქტორზე, რომელთა შორის შეიძლება ითქვას, რომ საგადასახადო შეღავათები არ არის უმთავრესი ფაქტორი. გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ბუნებრივი რესურსების არსებობას, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტაბილურობას, ადმინისტაციული და სამართლებრივი სისტემის ტრანსპარენტულობას, მხარდაჭერის ინსტიტუტების – საბანკო, სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურის სხვა სფეროების ადეკვატურობას, კაპიტალის გადაგზავნის თავისუფლებას, სამუშაო ძალის კვალიფიკაციისა და ღირებულების დონეს. თუ ეს ფაქტორები ხელსაყრელია და ქვეყნის საგადასახადო სისტემა შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, მაშინ ამ შემთხვევაში საგადასახადო სტიმულებმა შეიძლება ითამაშოს ყველაზე უფრო ეფექტიანი როლი კაპიტალის დაბანდებაზე საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
საგადასახადო შეღავათები სადავო საკითხია იმ თვალსაზრისითაც, რომ ისინი შეიძლება სრულებით არ აინტერესებდეს ინვესტორს. მაგრამ საგადასახადო შეღავათები მნიშვნელოვანია მიმღები ქვეყნის ეროვნული ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილისათვის, ვინაიდან, ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მიმღებ ქვეყანაში დაბეგვრის შედეგად, განისაზღვრება სწორედ საგადასახადო ბაზის მოცულობით.
განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნები, უცხოური ინვისტიციების სტიმულირების პოლიტიკის განხორციელების პროცესში, ხშირად ეყრდნობიან საგადასახადო სტიმულებს. ამგვარი ზომების მიზანია ეკონომიკის რესტრუქტურიზაციის, ეკონომიკის ზრდის, საგარეო ფინანსური რესურსების შემოდინების ხელშეწყობა. ყველაზე უფრო ფართოდ გავრცელებულ საგადასახადო შეღავათებს მიეკუთვნებიან: საგადასახადო არდადეგები; საინვესტიციო ფასდაკლება; საგადასახადო კრედიტი; დაჩქარებული ამორტიზაცია; ინვესტიციური სუბსიდები; ირიბი დაბეგვრის შეღავათები, კერძოდ, საბაჟო გადასახადის განაკვეთის დაწევა.
ყველაზე პოპულარული საგადასახადო შეღავათი – საგადასახადო არდადეგები, გულისხმობს რამდენიმე წლის მანძილზე გადასახადიდან განთავისუფლებას პირველი მოგების გამოცხადების მომენტიდან.
სხვადასხვა ქვეყანაში საგადასახადო არდადეგების პირობები და ვადები არაერთგვაროვანია. როგორც წესი, მათი ხანგრძლივობა 2-დან 10 წლამდე ვადით განისაზღვრება.
მაგალითად, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საგადასახადო არდადეგების რეჟიმით შეუძლიათ ისარგებლონ მხოლოდ იმ სამრეწველო კომპანიებმა, რომელთაც გააჩნიათ სახელმწიფო ლიცენზია და რომლებიც აკმაყოფილებენ შესაბამისად შემუშავებული კრიტერიუმებს.
ხშირად სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლებები ერთდროულად იყენებენ საგადასახადო არდადეგებისა და საგადასახადო განაკვეთების დაწევის სისტემას. კორეის რესპუბლიკის ახალი კანონმდებლობის შესაბამისად, საგადასახადო არდადეგების ხანგრძლივობა შეადგენს 8-10 წელიწადს. ამასთან, საგადასახადო შეღავათის 8 წლის მინიჭების შემთხვევაში, შეღავათი განისაზღვრება შემდეგნაირად: პირველი ხუთი წლის მანძილზე ფირმა მთლიანად თავისუფლდება კორპორაციული მოგების გადასახადისაგან, შემდგომი სამი წლის მანძილზე ფირმა იხდის მოქმედი კორპორაციული გადასახადის 50%-ს. აღნიშნული შეღავათი ვრცელდება არა მარტო კორპორაციული გადასახადის, არამედ გადასახადების სხვა სახეების მიმართ, კერძოდ, ინდივიდუალურ საშემოსავლო გადასახადზე, დივიდენდებიდან გადასახადზე.
ინვესტიციური ფასადაკლება და საგადასახადო კრედიტი, საგადასახადო არდადეგებთან შედარებით, ფლობენ უპირატესობებს, ვინაიდან, წარმოადგენენ უფრო ქმედით ინსტრუმენტებს ამა თუ იმ ფორმით კაპიტალის მოზიდვისათვის. შემოსავლები მათი გამოყენებისას ატარებენ უფრო ტრანსპარენტულ ხასიათს, მათი გაკონტროლება უფრო ადვილია.
ყველაზე უფრო მარტივი და ეფექტიანია საგადასახადო კრედიტის ფორმა. თუ საგადასახადო კრედიტის თანხა განსაზღვრულია, მაშინ იგი გადაირიცხება სპეციალურ საგადასახადო ანგარიშზე. კომპანია, რომელიც მიიღებს ამგვარ შეღავათს, ჩაითვლება ჩვეულებრივ გადამხდელად, მაშასადამე, დაექვემდებარება დაბეგვრის ყველა მოქმედ პირობასა და წესს. ერთადერთი განმასხვავებელი ნიშანი ასეთი კომპანიისა იმაშია, რომ შემოსავლების დაბეგვრის პასუხისმგებლობა უზრუნველყოფილი იქნება იმ კრედიტების ხარჯზე, რომლებიც ბრუნდება საგადასახადო ანგარიშიდან მანამ, სანამ ბალანსის სალდო ნულს არ გაუტოლდება. ამის შემდეგ საგადასახადო ანგარიში იხურება განსაზღვრული პერიოდით, ხოლო გამოუყენებელი საგადასახადო კრედიტის თანხები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს. თუ ცნობილია საგადასახადო კრედიტის თანხები, რომლებიც შეეთავაზებათ პრიორიტეტულ საწარმოებს, მაშინ შეიძლება ჩართულნი იყნენ ბალანსში, როგორც საგადასახადო გასავლები და დაექვემდებარონ იგივე შემოწმებას, როგორსაც გასავლების სხვა ფორმები. ეს განსაზღვრავს ტრანსპარენტულობის მაღალ ხარისხს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საგადასახადო კრედიტი მოგების გადასახადიდან კომპანიის ინვესტიციური ხარჯების ნაწილის გამოქვითვაა, შესაძლოა, იმ პირობით, რომ ეს კრედიტი გამოყენებული იქნება შემდგომი კაპიტალდაბანდებებისათვის.
საინვენსტიციო ფასდაკლებების სისტემა და დაბალი საგადასახადო განაკვეთების ფორმით გამოყენება საგადასახადო კრედიტის პრაქტიკის ანალოგიურია და მას გააჩნია ადეკვატური ეფექტი. ერთადერთი არსებითი განსხვავება შემდეგში მდგომარეობს: თუ კორპორაციულ გადასახადს რამდენიმე განაკვეთი აქვს, მაშინ საჭიროა ინვესტიციური ფასდაკლებების რაოდენობა განისაზღვროს აბსოლუტურ გამოსახულებაში და არა იმ საგადასახადო განაკვეთის ფორმით, რომლითაც დგინდება ფასდაკლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, დასაწესებელი საგადასახადო კრედიტის თანხა არ იქნება დამოკიდებული საგადასახადო განაკვეთზე.
საგადასახადო ფასდაკლების მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ სინგაპურის პრაქტიკა, სადაც პრიორიტეტული ფორმები ღებულობენ შეღავათებს საქმიანობის გაფართოებისა და განვითარებისათვის, კორპორაციული გადასახადის 13%-მდე შემცირების ხარჯზე 10 წლის მანძილზე და ამ პერიოდის გახანგრძლივების შესაძლებლობით. სინგაპურის პრაქტიკის კიდევ ერთი მაგალითია ინვესტორის განთავისუფლება შემოსავლების დაბეგვრისაგან პროპორციული თანხით, არა უმეტეს 50%-სა საწარმოო მოწყობილობებში ახალ კაპიტალდაბანდებათა სიდიდისა.
საინვესტიციო ფასადაკლებების კიდევ ერთი ნაირსახეობაა კორპორაციული გადასახადის შემცირება იმ სხვაობის ნახევრით, რომელიც დაფიქსირდება მიმდინარე წელს სამეცნიერო-კვლევით და ორგანიზაციულ-საკონსტრუქტორო სამუშაოებზე დანახარჯებსა და წინა ორი წლის მანძილზე სამეცნიერო გამოკვლევების საშუალო დანახარჯებს შორის. მაგალითად, ესპანეთში მოქმედებს მუდმივი საგადასახადო კრედიტი 20-%-ის ზომით, მეწარმეთა სამეცნიერო-კვლევით და ორგანიზაციულ-საკონსტრუქტორო სამუშაოებზე.
სტიმულების კიდევ ერთ ფორმას წარმოადგენს დაჩქარებული ამორტიზაცია. ეს არის ოპერაცია, რომლის დროსაც მოგების ნაწილი ხვდება საწარმოო დანახარჯებში და თავისუფლდება გადასახადისაგან. მაგალითად, გერმანიაში საწარმოო ნაგებობების ამორტიზაციის ყოველწლიური ნორმები შეადგენს 10%-ს სამსახურის პირველი ოთხი წლის მანძილზე. 5%-ს შემდგომი სამი წლის და 2,5%-ს შემდეგი 18 წლის მანძილზე. განსაკუთრებით შეღავათიანი ნორმები მოქმედებენ ეკონომიკის ცალკეული სექტორების ძირითადი აქტივების მიმართ (თვითმფრინავები, საცხოვრებელი ფონდები, მცირე და საშუალო საწარმოების ძირითადი ფონდები, ჰოსპიტლები).
საგადასახადო სტიმულების სხვა ფორმებთან შედარებით, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით, დაჩქარებულ ამორტიზაციას გააჩნია ორი უპირატესობა:
უფრო იაფი ჯდება, ვიდრე შემოსავლები, რომლებზეც ადრე უარი ითქვა და რაც ნაწილობრივ იფარებოდა აქტივების მოქმედების ღირებულებით;
თუ დაჩქარებული ამორტიზაციის ნორმები წესდება დროებით, მაშინ მან შეიძლება მოკლევადიან პერიოდში სტიმული მისცეს კაპიტალდაბანდებებს, ვინაიდან ინვესტორები დააბანდებენ კაპიტალს იმ მოტივით, რომ მომავალში მიიღონ ეფექტი.
ინვესტიციური ფასდაკლებებისა და საგადასახადო კრედიტის ერთ-ერთი ნაირსახეობაა ინვესტიციური სუბსიდიები. თუმცა მათი მიცემა ერთობ პრობლემატურია, ვინაიდან ახასიათებთ რისკის ფაქტორი საბიუჯეტო შემოუბების თვალსაზრისით. ინვესტიციური სუბსიდიები მოიცავენ საბიუჯეტო გასავლებს, უმთავრესად საგადასახადო განაკვეთების შემცირების ფორმით. მაგალითად, სინგაპურში სუბსიდირება გამოიყენება ინოვაციების განვითარებაზე გაწეული პირდაპირი დანახარჯების 30-50%-ით დაფარვის მიზნით.
არაპირდაპირი გადასახადების სტიმულირება ხორციელდება კაპიტალტევადი საქონლისა და ნედლეულის დღგ-ს დაბეგვრის გამორიცხვის ფორმით, აგრეთვე უბაჟო შემოტანის სისტემის შემოღებით. შეღავათები არაპირისპირ გადასახადებთან მიმართებაში გამოიყენება ექსპორტის სტიმულირებისათვის და სამართლებრივი თვალსაზრისით ითვლება ყველაზე მისაღებად.
ზემოაღნიშნული სტიმულის სხვა ფორმაა საბაჟო გადასახადის განაების ლიკვიდაცია ან შემცირება. მაგალითად, ავსტრიაში ინვესტორთათვის მოქმედებს იმ საქონლის უბაჟო იმპორტის რეჟიმი, რომელიც ქვეყანაში არ იწრმოება, აგრეთვე ბაჟის, აქციისა და იმპორტული საქონლის გაყიდვიდან სხვა გადასახადების დაბრუნება, თუ იმპორტი გამიზნულია გადამუშავებისა და რეექსპორტისათვის.
უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მეორე და მესამე ჯგუფს შეადგენენ ფინანსური და სხვა შეღავათები. ჩვენ მათგან მხოლოდ რამდენიმეს განვიხილავთ, რომლებიც ყველაზე ხშირად გვხვდება ამა თუ იმ ქვეყანაში.
განვითარებად ქვეყნებში ფართო გავრცელება პოვა დასახული მიზნების შესასრულებლად ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის პროგრამების შემუშავებამ. განვიხილოთ ორი ქვეყნის – მექსიკისა და კორეის რესპუბლიკის პრაქტიკა, რომლებიც მიეკუთვნებიან ახალი ინდუსტრიული ეკონომიკის ქვეყნების ჯგუფს.
2000 წლის მონაცემებით, მექსიკაში მოქმედებდა ინვესტიციების მოზიდვის სტიმულირების ორი პროგრამა: საექსპორტოდ განკუთვნილი პროდუქციის საწარმოებლად იმპორტირებული საქონლის დროებითი ხელშეწყობა და ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიის ხელშეწყობა.
პირველი პროგრამა საბოლოო მიზნად ისახავს ექსპორტის სტიმულირებას პროდუქციის იმპორტირების დროებითი სტიმულირების საფუძველზე. იმპორტულ პროდუქციაში იგულისხმება საექსპორტო პროდუქციის დასამზადებლად აუცილებელი ნედლეული და მასალები. ამგვარი საქონლის შეტანა მექსიკაში ხდება ბაჟის გადახდის გარეშე. შეღავათები შეიძლება მიიღონ კომპანიებმა, რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან მექსიკის ტერიტორიაზე და აწარმოებენ საქონელს, რომელიც პირდაპირ ან ირიბად გაიტანება საზღვარგარეთ; აგრეთვე საგარეო ვაჭრობაზე ორიენტირებული ფირმები, რომლებიც მოქმედებენ მოცემული პროგრამის ფარგლებში.
მეორე პროგრამა მოქმედებს ექსპორტზე ორიენტირებულ კომპანიებთან მიმართებაში, აგრეთვე ფიზიკური პირების მიმართ, რომლებიც აწარმოებენ საქონელს და ახორციელებენ ექსპორტს წელიწადში არანაკლებ 2 მილიონი დოლარის მოცულობით; ასევე ფირმების მიმართ, რომლებიც აწარმოებენ საქონელს და ახორციელებენ არაპირდაპირ ექსპორტს, რომელიც გაყიდვების მთლიანი მოცულობის 50%-ის ექვივალენტურია. ზემოჩამოთვლილი კომპანიები თუ აკმაყოფილებენ ყველა კრიტერიუმს, ღებულობენ კომერციული ინფორმაციების ეროვნული სისტემის განკარგვის უფლებას.
არანაკლებ ინტერესს იწვევს სამხრეთ კორეის გამოცდილება, სადაც 1998 წელს შეიმუშავეს უცხოური ინვესტიციების ფორმირების ზონების პროგრამა. პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს მსხვილი საინვესტიციო პროექტების განხორციელებაის, სადაც ლომის წილი უცხოურ კაპიტალზე, ძირითადად, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე მოდის.
ახალი კანონმდებლობის შესაბამისად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მხრდაჭერა და სტიმულირება ხორციელდება ადგილობრივ ხელისუფლებასა და უცხოელ ინვესტორებს შორის მოლაპარაკების სტადიაზე. პროგრამის რეალიზაციის კრიტერიუმს წარმოადგენს კაპიტალდაბანდებების მოცულობა და შესაქმნელი სამუშაო ადგილების რაოდენობა. პრიორიტეტით სარგებლობენ სამრეწველო კომპანიები, აგრეთვე ფირმები, რომლებიც საქმიანობენ მომსახურების სფეროში და ფირმები, რომლებიც მოწინავე ტექნოლოგიებს ნერგავენ, რაც ხელს შეუწყობს ეროვნული ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ზრდას საერთაშორისო ბაზარზე.
ეკონომიკური განვითარების დონის მიხედვით, სხვადასხვა ქვეყანა ახორციელებს უცხოური ინვესტიციების სტიმულირების პოლიტიკას დეპრესიულ რაიონებში. მაგალითად ფილიპინებზე ის კომპანიები, რომლებიც კაპიტალს აბანდებენ ნაკლებად განვითარებულ რეგიონებში, ღებულობენ 100%-იან ფასდაკლებას შემოსავლის გადასახადზე, აგრეთვე – შეღავათებს, რომლებიც ანალოგიურად მიეცემათ პრიორიტეტულ კომპანიებს.
ზემოჩამოთვლილი საგადასახადო, ფინანსური თუ სხვა შეღავათები ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკაზე გარკვეულ პოზიტიურ ზეგავლენას ახდენენ. თუმცა, მიუხედავად ამისა, საქართველოში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტიმულირების პროცესში, პრიორიტეტული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს არა რომელიმე ცალკეულ მასტიმულირებელ ფორმას, არამედ ქვეყანაში ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს ფორმირებას, რომელიც მრავალ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და სოციოკულტურულ ფაქტორზეა დამოკიდებული.