საქართველოს საბანკო სისტემის განვითარების ტენდენციები და ანაბრების დაზღვევის სისტემის აუცილებლობა
გოგი კონტრიძე
საბანკო სისტემა წარმოადგენს მსესხებლებსა და ინვესტორებს შორის ფინანსური შუამავლობის განმახორციელებელ უმნიშვნელოვანეს რგოლს. ამასთან, საბანკო სისტემა განსაკუთრებით მაღალი რისკის მატარებელ ბიზნესია. კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელების სტრუქტურა ხდის მათ მეტად მგრძნობიარეს ლიკვიდობისა და გადახდისუნარიანობის საკითხებისადმი, კონიუნქტურის რყევებისადმი, როგორც ეკონომიკაში მთლიანად, ისე ცალკეულ დარგებში. გარდა ამისა, საბანკო სისტემაში ხშირად ადგილი აქვს ე.წ. “დომინოს ეფექტს”, როცა ერთი ბანკის გაკოტრება ქმნის სხვა ბანკების გაკოტრების რეალურ საშიშროებას, ამან კი, თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს პანიკა და სისტემური საბანკო კრიზისი. ამ დროს მაპროვოცირებელი შეიძლება აღმოჩნდეს ამა თუ იმ ბანკის პრობლემების შესახებ გავრცელებული ჭორიც.
დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ საქართველოში თავი იჩინა მრავალმა პრობლემამ: მას მემკვიდრეობით ერგო სახელმწიფოს რეგულირებადი ეკონომიკისათვის დამახასიათებელი ეკონომიკური სისტემა, მკაცრად რეგლამენტირებული საბანკო და სავალუტო კანონმდებლობა, განუვითარებელი საბანკო სისტემა, ფაქტიურად არ არსებობდა უცხოეთის ბანკებთან პირდაპირი ურთიერთობების გამოცდილება, ნულის ტოლი იყო სავალუტო რეზერვების მარაგი, საკუთარი ვალუტის არარსებობა (სამანეთო სივრცეში ყოფნა ხელს უშლიდა ეფექტიანი ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის გატარებას) ამას შემდგომ დაემატა მულტისავალუტო პრაქტიკა, “ფულის გაცოცხლების” მექანიზმები და ვალუტის “შავი ბაზარი”1.
სოციალისტური სისტემის რღვევამ, არსებული ეკონომიკური კავშირების მოშლამ და ცალკეულ ქვეყნებში სამოქალაქო ომებმა დიდი ზიანი მიაყენა პოსტსოციალისტური ქვეყნების ეკონომიკას. ამ ქვეყნებიდან აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისათვის ეკონომიკის რღვევის პროცესი თუ ძირითადად 1993-94 წლებში დასრულდა (გრაფიკი #1), ყოფილი სსრკ ქვეყნებისათვის იგი 1997-98 წლებამდე გაგრძელდა (გრაფიკი #2)2.განსხვავებული იყო რღვევის მასშტაბებიც: თუ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისათვის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) დონე 1989 წელთან შედარებით მხოლოდ 60-80%-მდე შემცირდა (სერბიისა და ბოსნია-ჰერცოგოვინას გარდა, სადაც სამოქალქო ომი მძვინვარებდა), ყოფილ სსრკ-ს ქვეყნებისათვის იგი 25-60%-მდე დაეცა. ამ ქვეყნებს შორის “რეკორდსმენი” სამწუხაროდ საქართველოა.
შესაბამისი იყო კრიზისიდან გამოსვლის პერიოდიც: პოლონეთმა უკვე 1997 წელს მიაღწია 1989 წლის დონეს, ხოლო დღეისათვის ამ ზღვარს ქვეყნების უმრავლესობამ გადააჭარბა (ალბანეთი, ჩეხეთი, უნგრეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი და სლოვენია), ხოლო ზღვარზე არიან ბულგარეთი და ხორვატია.
ყოფილი სსრკ-ს ქვეყნებისათვის 1989 წლის დონის მიღწევა 2003 წლიდან იწყება (გამონაკლისია უზბეკეთი 2001 წელი). დღეისათვის ეს დონე გადალახული აქვთ სომხეთს, ბელორუსს, ესტონეთს, ყაზახეთს, თურქმენეთს და უზბეკეთს. რაც შეეხება საქართველოს, იგი აქაც “რეკორდსმენია” – მოლდოვასთან ერთად ბოლო ადგილზე იმყოფება და 50%-იან ზღვარზეა.
როგორც ცნობილია, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებისაგან განსხვავებით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისათვის (უნგრეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, ბულგარეთი) დამახასიათებელი იყო ცენტრალიზებული და საბაზრო მართვის პრინციპების შედარებით წარმატებული კომბინირების მცდელობები. ეს მნიშვნელოვნად განაპირობა ჯერ კიდევ 60-იანი წლების შუა პერიოდში განხორციელებულმა რეფორმებმა, როცა დერეგულირებამ და დეცენტრალიზაციამ ოფიციალური მხარდაჭერა პოვა იუგოსლავიაში, უნგრეთში, პოლონეთში. დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან გეოგრაფიული სიახლოვე ასევე გარკვეულწილად განაპირობებდა იმას, რომ სსრკ-ის დაშლის შემდეგ ეს სახელმწიფოები აღმოჩნდნენ საბაზრო გარდაქმნების სათავეში და მიაღწიეს ბევრად მეტ წარმატებებს, ვიდრე სხვა ყოფილმა სოციალისტურმა ქვეყნებმა. ამ პროცესებმა ითამაშეს სწორედ გადამწყვეტი როლი როგორც ყველა საბაზრო პროცესში, ისე საბანკო-საფინანსო სისტემის რეფორმირებაში.
საქართველოში 1995 წლიდან დაწყებულმა საბანკო სისტემის განვითარების მნიშვნელოვანმა ეტაპმა, რომელიც ხორციელდებოდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკისა და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტების მხარდაჭერით, თავისი შედეგი გამოიღო. რეფორმა ითვალისწინებდა ბანკების ლიცენზირებისა და ზედამხედველობის დახვეწას და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი აღრიცხვის, ზედამხედველობისა და რეგულირების ეტაპობრივად დანერგვას უწყობდა ხელს. ექსპერტთა აზრით, საქართველოში ყველაზე წინ რეფორმებისა და ინსტიტუციონალური ჩამოყალიბების თვალთაზრისით, კომერციული ბანკები წავიდნენ3. ექსპერტების შეფასებითვე, ბანკები მოგვევლინენ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის და დსთ-ს ქვეყნებში მიმდინარე რეფორმების მთავარ მონაწილეებად4.
რაც შეეხება თანამედროვე დამოუკიდებელ საქართველოს საბანკო სისტემას, იგი საკმაოდ მაღალი ტემპებით ვითარდება. 2005 წლის განმავლობაში მთლიანი აქტივების მოცულობა 849 მლნ. ლარით, ანუ 50%-ით გაიზარდა და 1,699 მლნ. ლარიდან 2,548 მლნ. ლარს მიაღწია. საბანკო აქტივების ზრდის ტემპი ბოლო წლების განმავლობაში საშუალოდ 20-25%-ის ფარგლებშია. ასეთი მაღალი ტემპის გამო მისი შეფარდება მშპ-სთან მნიშვნელოვნად იზრდებოდა (მშპ-ს შედარებით ნაკლები პროცენტით ზრდის გამო) და 2005 წლის ბოლოს 17%-დან 23%-მდე გაიზარდა5 (გრაფიკი #3).
ზრდის ასეთი დინამიური მაჩვენებლების მიუხედავად, საბანკო აქტივების მშპ-სთან შეფარდების 23%-იანი მაჩვენებელი მეტყველებს სწორედ საბანკო სისტემის ჯერ კიდევ მცირე მასშტაბებზე. როგორც ცნობილია, მისი დონე განვითარებულ ქვეყნებში 200-300%-ის ფარგლებშია. საინტერესოა, რომ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალი ბალტიისპირეთის ქვეყნებშია (ლატვია 107%, ესტონეთი 94%, ლიტვა 47%). დანარჩენ რესპუბლიკებში ეს მაჩვენებელი 10%-დან (ტაჯიკეთი) 45%-მდე (რუსეთი) მერყეობს6.
იზრდებოდა ბანკების მთლიანი კაპიტალი (ყოველწლიურად 15-17%), რომლის მოცულობა 2005 წლის განმავლობაში 107 მლნ. ლარით, ანუ 29%-ით გაიზარდა და 373 მლნ. ლარიდან 479 მლნ. ლარს მიაღწია, თუმცა ეს მაჩვენებელი ბევრად ჩამორჩებოდა საბანკო აქტივების ზრდის ტემპს, რითაც კლების ტენდენციით ხასიათდება საბანკო კაპიტალის აქტივებთან შედარების მაჩვენებელი, რომელიც 34%-დან (1999 წ.) 18%-მდე (2005 წ.) შემცირდა. მნიშვნელოვანია საკრედიტო დაბანდების ზრდის ტემპი, რომლითაც ქართული საბანკო სისტემა ხასიათდება. მარტო 2005 წლის განმავლობაში მისი მთლიანი მოცულობა 748 მლნ. ლარით, ანუ 83%-ით გაიზარდა და 900 მლნ. ლარიდან 1,649 მლნ. ლარს მიაღწია. საგულისხმოა, რომ საკრედიტო დაბანდების ზრდის ტემპი ბოლო წლების განმავლობაში სისტემატურად 50%-ზე მაღალია. სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ წმინდა სესხების შეფარდება საბანკო აქტივებთან 50%-დან (1999 წ.) 65%-მდე გაიზარდა (2005 წ.).
კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ სესხების ზრდის ტემპები რეგიონების მიხედვთი არა თუ ჩამორჩება, პირიქით, აღემატება მთლიანი საბანკო სისტემის მაჩვენებელს, მაგალითად, ქუთაისში, 2005 წელს კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელი 112%-ით გაიზარდა და 88 მლნ. ლარს მიაღწია, აჭარაში – 50%-ით გაიზარდა და 70 მლნ. ლარი შეადგინა, სამცხე-ჯავახეთში – 158%-ით და 14 მლნ. ლარი შეადგინა, სამეგრელო-ზემო სვანეთში (ფოთის გამოკლებით) – 94%-ით და 17 მლნ. ლარს მიაღწია.
კომერციულ ბანკებთან ერთად მიკროდაკრედიტების საქმეში თავისი წვლილი შეაქვთ საკრედიტო კავშირებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს.
პირველი ლიცენზირებული საკრედიტო კავშირი საქართველოში 2002 წლის ბოლოს ამოქმედდა, ამჟამად საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში 40 ლიცენზირებული საკრედიტო კავშირი ფუნქციონირებს. არ შეიძლება არ აღინიშნოს მათი ჯერ კიდევ დაბალი, მაგრამ მზარდი მაჩვენებლები: მათი მთლიანი აქტივები 2005 წლის განმავლობაში 343 637 ლარით გაიზარდა და 1.912 მლნ. ლარი შეადგინა, საიდანაც 82% (1.573 მლნ. ლარი) წმინდა საკრედიტო დაბანდება იყო. მთლიანი ვალდებულებები 232,054 ლარით გაიზარდა და 1.680 მლნ. ლარი შეადგინა. მთლიანი ვალდებულებების 33% საფინანსო ორგანიზაციებიდან მიღებულ სესხებზე მოდის. ვალდებულებების 63%-ს დეპოზიტები წარმოადგენს, რომელთაგან 59%, ანუ 987 ათასი ლარი, ვადიანი დეპოზიტებია, ხოლო 4%-ს მიმდინარე დეპოზიტები შეადგენს.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციები (“კონსტანტა”, “ფინკა-საქართველო”, “WORLD VISION” და სხვ) საქართველოში 1997 წლიდან მოქმედებენ. ისინი ძირითადად ფუნქციონირებენ ფონდების სახით და დაფუძნებული არიან უცხოური დონორი ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით. ამ ორგანიზაციებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს დაბალი შემოსავლების მქონე ფენებში მცირე მეწარმეობის განვითარებისა და დაკრედიტების საქმეში. 2006 წლის დასაწყისისთვის საქართველოში მოქმედებდა 12 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია. მათი საკრედიტო პორტფელის საერთო მოცულობა 42 მლნ. ლარს უახლოვდება, ხოლო მსესხებელთა რაოდენობა დაახლოებით 38,000-ია. აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის მიკროსაფინანსო ცენტრის მიერ 2004 წელს ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში საქართველოს მიკროსაფინანსო სექტორი ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ სეგმენტად შეფასდა.
საბანკო აქტივების სტრუქტურის ცვლილების ანალიზი გვიჩვენებს, რომ საბანკო აქტივებში სესხების წილის მნიშვნელოვანი ზრდა ძირითადად მოხდა ლიკვიდური აქტივების (ფულადი სახსრები) შემცირების ხარჯზე (გრაფიკი #4), რაც ერთის მხრივ ბანკების მიერ ფულადი სახსრების რაციონალურ გამოყენებაზე, მეორეს მხრივ, ბანკებში მოზიდული რესურსების დეფიციტზე, ხოლო მესამეს მხრივ ბანკებში ლიკვიდობის რისკის ზრდაზე მიგვანიშნებს.
მნიშვნელოვანი ხარისხობრივი ცვლილებებია კომერციული ბანკების მოზიდული სახსრების სტრუქტურაში. თუ გადავხედავთ მოზიდული სახსრების მოცულობრივ ცვლილებებს, თვალში საცემია არასაბანკო დეპოზიტების (იურიდიული და ფიზიკური პირების მიმდინარე და ვადიანი დეპოზიტები) სტაბილური ზრდა ყოველწლიურად 30-40%-ის ფარგლებში (გამონაკლისია 2003 წლის ბოლო, რაც ცნობილი პოლიტიკური მოვლენებითაა გამოწვეული).
2005 წლის ბოლოს დაფიქსირდა საბანკო დეპოზიტის მნიშვნელოვანი ზრდა (216 მლნ. ლარით). მეტად სახარბიელო ტენდენციაა ნასესხები სახსრების, ძირითადად საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ ქართულ ბანკებზე გახსნილი საკრედიტო ხაზების სახით, რომელიც ყოველწლიურად იზრდება (ბოლო 3 წლის განმავლობაში 28%, 40% და 50%-ით). თუმცა აღნიშნული ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც შიდა ბაზარზე მოზიდული არასაბანკო დეპოზიტების უპირატესი ზრდაა (გრაფიკი #5).
დადებითია ტენდენცია, რომელიც 2000 წლიდან ვითარდება საქართველოს საბანკო სისტემაში, ესაა სესხების რეზერვების მთლიან სესხებთან შედარების მაჩვენებლის (გვიჩვენებს საკრედიტო დაბანდებათა ხარისხს, რომელიც მით უფრო ჯანსაღია, რაც უფრო ახლოსაა 2%-იან ზღვართან) შემცირების პროცესი 2001 – 8.8%, 2002 – 6.6%, 2003 – 6,9%, 2004 – 6.7%, 2005 – 4,7%.
ბოლო პერიოდში ჩამოყალიბდა მნიშვნელოვანი ტენდენცია: 2005 წელს, წინა წელთან შედარებით, ბანკების ფულადი სახსრების (ნაშთები სალაროში და საკორესპონდენტო ანგარიშებზე) შეფარდება აქტივებთან შემცირდა 31%-დან 24%-მდე, მთლიან ვალდებულებეთან – 39%-დან 30%-მდე, არასაბანკო დეპოზიტებთან – 54%-დან 47%-მდე (გრაფიკი #6).
ასევე, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რისკები გაიზარდა აქტივების ზრდასთან შედარებით არაადეკვატური კაპიტალიზაციის გამო, კერძოდ: კაპიტალის შეფარდება აქტივებთან 2004 წელთან შედარებით 2005 წელს შემცირდა 22%-დან 19%-მდე, შეფარდება ვალდებულებებთან – 28%-დან 23%-მდე, არასაბანკო დეპოზიტებთან 38-დან 37%-მდე (გრაფიკი #7)
საბანკო სისტემის აქტივების, საკრედიტო და მომსახურების ოპერაციების ზრდასთან ერთად მნიშვნელოვნად იზრდებოდა ბანკების შემოსავლიანობა და მოგება. თუკი 1999 წელს სისტემაში დაფიქსირდა 13,5 მლნ. ლარის წმინდა მოგება და მთლიანი 9 მლნ-იანი ზარალით დაამთავრა წელი 14-მა ბანკმა, 2005 წლის საბანკო სისტემის წმინდა მოგებამ შეადგინა 61,8 მლნ. ლარი და ზარალით წელი დაამთავრა 3-მა ბანკმა (საერთო ზარალი 1,5 მლნ. ლარი).
საბანკო სისტემის მიერ 2005 წელს მიღებულ იქნა 396 მლნ. ლარის პროცენტული და 223 მლნ. ლარის არაპროცენტული შემოსავლები. თანდათან იცვლება მათი ხვედრითი წილები მთლიან შემოსავლებში – თუკი 2000 წელს პროცენტულ შემოსავლებზე მოდიოდა მთლიანი შემოსავლების 60%, 2005 წლის ბოლოსთვის მან 64%-ს მიაღწია მაღალი კონკურენცია, ახალი ტექნოლოგიების ათვისება და ქსელის გაფართოება მნიშვნელოვნად ზრდის ბანკების დანახარჯებს, ასე მაგალითად 2000 წელთან შედარებით პროცენტული ხარჯები 28-დან 64 მლნ-მდე, არაპროცენტული ხარჯები 60-დან 220 მლნ-მდე, ხოლო აპარატის შენახვის ხარჯი 26-დან 75 მლნ ლარამდე გაიზარდა. არსებული ტენდენციები უზრუნველყოფენ იმას, რომ საოპერაციო მოგების მთლიან შემოსავლებთან შეფარდების მაჩვენებელი ბოლო წლების მანძილზე სტაბილურად 26-32%-ის ფარგლებშია.
რაც შეეხება საბანკო სისტემის მდგომარეობის ისეთ მნიშვნელოვან ხარისხობრივ მაჩვენებლებს, როგორიცაა ღOA (აქტივების მომგებიანობა) და ღOE (კაპიტალის მომგებიანობა), მათი ზრდის ტენდენციაც დამაიმედებელია: თუკი ღOA-ს მაჩვენებელი 2000-2001 წლებში შესაბამისად 0,5% და 1,6% იყო, 2005 წელს იგი 2,4%-დან 3,1%-მდე გაიზარდა, რაც შეეხება ღOE-ს აქ შესაბამისი წლების მიხედვით შემდეგი სურათია 1,5% და 5,0%, 10,0% და 14,9%.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტენდენცია, რომელიც ჩამოყალიბდა ქართულ საბანკო ბაზარზე, ესაა საბანკო კონცენტრაციის ზრდა. თუკი ექვსი უდიდესი ბანკი 1999 წლის ბოლოს მთლიანი აქტივების 57%-ს ფლობდა, 2005 წლის ბოლოს ეს მაჩვენებელი 87%-მდე გაიზარდა (“პირველ ექვსეულში” დღეისთვის შედის “თი-ბი-სი ბანკი”, “საქართველოს ბანკი”, “გაერთიანებული ქართული ბანკი”, “პროკრედიტბანკი”, “ბანკი ქართუ” და “ბანკი რესპუბლიკა”). საკრედიტო დაბანდების კუთხით “პირველი ექვსეულის” წილი 1999 წლიდან 2005 წლამდე 61%-დან 90%-მდე გაიზარდა, ხოლო ფიზიკური პირების ანაბრები 79%-დან 91%-მდე. ანუ დღეისათვის ქართული ბანკების ექვსი უდიდესი ბანკი ფლობს მთლიანი საბანკო აქტივების 87%-ს, საკრედიტო დაბანდების 90%-ს და ფიზიკური პირების ანაბრების 91%-ს. ამასთან, საბანკო კონცენტრაციის ზრდა პროგრესირებადი ტენდენციაა და იგი მიდის იმ პროცესის გაგრძელებისკენ, რასაც ბანკების შერწყმა-გაერთიანება ჰქვია.
ამ პროცესს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს უკანასაკნელ პერიოდში უცხოური საბანკო კაპიტალის ახალი ტალღის შემოსვლა. უკვე “ტრადიციულ” უცხოელ ინვესტორთა რიცხვს (EBRD, IFC, DEG, “prokreditholdingi”, “Internationale Projekt Consult (IPC) GmbH”, გერმანული ბანკი “კომერცბანკი”) 2005 წელს შეემატა ისეთი მნიშვნელოვანი საფინანსო ინსტიტუტები, როგორიცაა რუსული “ვნეშტორგბანკი”, ყაზახური “ტურან ალემი”, სომხურ-ამერიკული “კასკად კაპიტალ ჰოლდინგი”, ავსტრიული Bank Austria Creditanstalt და სხვა. სერიოზულ დაინტერესებას გამოხატავს ფრანგული SOCIETE GENERALE.
2005 წლის ბოლოსთვის მოქმედი 19 კომერციული ბანკიდან კომერციული ბანკების კაპიტალში უცხოური ინვესტიციების მონაწილეობით 10 კომერციული ბანკი ფუნქციონირებდა. ამ უკანასკნელთა ხვედრითი წილი საბანკო სექტორის მთლიან აქტივებში 76%-ია. აღნიშნული ბანკების კაპიტალის 50%-ზე მეტს უცხოელები ფლობენ. 2005 წლის განმავლობაში საქართველოს რეზიდენტი კომერციული ბანკების კაპიტალში უცხოური ინვესტიციების წილი საბანკო სექტორის მთლიანი კაპიტალის მოცულობაში 33%-დან 50%-მდე გაიზარდა და 111,6 მლნ. ლარი შეადგინა. მათ შორის, 31% საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებზე მოდის. სავარაუდოა, რომ ეს დონე შემდგომშიც გაიზრდება და პერსპექტივაში შესაძლოა ისეთ კონცენტრაციას მიაღწიოს, როგორიც ცენტრალურსა და აღმოსავლეთ ევროპაში შეინიშნება – 60-80%-ს.
ცხადია, აღნიშნული მომენტები კიდევ უფრო გაზრდის საბანკო კონკურენციას, რაც საბოლოო ჯამში საბანკო პროდუქტების კიდევ უფრო მრავალფეროვანი პალიტრის შექმნას და მათზე ფასების სტაბილიზაციას გამოიწვევს.
საქართველოში ფულად-საკრედიტო სისტემის ინსტიტუციონალური ჩამოყალიბების, მაკროეკონომიკური გარემოს სტაბილიზაციის, კომერციული ბანკების წარმოშობისა და განვითარების, საბანკო რეფორმის ჩატარების სხვადასხვა ეტაპების შედეგად ფინანსურ სისტემაში ჩამოყალიბდა დადებითი ტენდენცია, რომელთაგან აღსანიშნავია, რომ: 1) სახეზეა ეკონომიკის სტაბილიზაციისა და ფულად-საკრედიტო და საბიუჯეტო-საგადასახადო სისტემების თანმიმდევრული ერთიანი პოლიტიკის განხორციელების სრულყოფის ტენდენციები, 2) ფულის რაციონალური მიწოდების საფუძველზე შესაძლებელი გახდა ინფლაციური პროცესების მართვა და შენარჩუნებულ იქნა სხვა ვალუტების მიმართ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობა, 3) მნიშვნელოვანი წარმატებებია მიღწეული ბანკების კონსოლიდაციისა და გამსხვილების საქმეში, რაც ბანკებს შორის კონკურენციის გაზრდასთან ერთად მნიშვნელოვნად განაპირობა მინიმალური საწესდებო კაპიტალის ეტაპობრივმა გაზრდამ, 4) სტაბილურმა გაცვლითმა კურსმა, საბანკო სისტემისადმი მოსახლეობის ნდობის უმნიშვნელო ამაღლებამაც დადებითი ზეგავლენა მოახდინა დეპოზიტებისა და საკრედიტო დაბანდებების ზრდაზე, 5) შეიქმნა კომერციული ბანკების ზედამხედველობის და რეგულირების მოქნილი სისტემა; 6) შეიქმნა საბუღალტრო აღრიცხვის, აუდიტისა და ინფორმაციის გაჭვირვალობის ქმედითი სისტემა; 7) ახალი საბანკო ტექნოლოგიებისა და უახლესი მომსახურების დანერგვით ქართული ბანკები მომხმარებლებს სთავაზობს საბანკო მომსახურების თითქმის სრულ სპექტრს, 8) საბანკო სისტემაში თავი მოიყარა კვალიფიციურმა კადრებმა, რომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე ბანკებში სულ უფრო მეტი თანხები იხარჯება, 9) ქართული ბანკების სახით ქვეყანაში ჩამოყალიბდა მნიშვნელოვანი ფინანსური ინსტიტუტები, 10) საბანკო ბაზარზე შეიქმნა კონკურენციის მაღალი დონე.
თუმცა დადებით ტენდენციებთან ერთად არ შეიძლება არ ითქვას იმ ნაკლოვანებებზე, რომელიც ჯერ კიდევ ახასიათებს საქართველოს საბანკო სისტემას: 1) მიუხედავად ზრდის მაღალი მაჩვენებლებისა, საბანკო სისტემის მასშტაბები ჯერ კიდევ მცირეა, 2) ბანკების საკრედიტო პორტფელის და დეპოზიტების უდიდესი ნაწილი უცხოურ ვალუტაშია დენომინირებული, 3) არსებობს დეპოზიტების არადამაკმაყოფილებელი დივერვისფიკაცია (მისი დამოკიდებულება 2-3 დიდ ბანკზე), 4) საბანკო სისტემის გარეთ ფულის ბრუნვის ჯერ კიდევ მაღალი მაჩვენებელი, 5) ბანკების კაპიტალიზაციის არასათანადო დონე, 6) ბანკებში არსებული რისკების ჯერ კიდევ მაღალი დონე.
საქართველოს საბანკო სისტემის განვითარების დადებითი ტენდენციების ფონზე მნიშვნელოვანია მისი რესურსების უმნიშვნელოვანესი წყაროს, დეპოზიტების ბაზრის ანალიზი და განვითარების ტენდენციები, მით უმეტეს, რომ დეპოზიტების, განსაკუთრებით მოსახლეობის ანაბრების საკითხი, ცდება “ვიწრო საბანკო” ინტერესებს და უფრო სოციალურ-ეკონომიკურ ჭრილში უნდა განვიხილოთ.
საქართველოში უკანასკნელ პერიოდში საკმაოდ მაღალი ტემპით ხასიათდება დეპოზიტების ზრდის ტემპი. თუკი 1995 წლის ბოლოს მოსახლეობიდან და იურიდიული პირებიდან მოზიდული სახსრები მხოლოდ 79 მლნ. ლარს შეადგენდა, 2005 წლის ბოლოს ამ მაჩვენებელმა 1,175 მლნ. ლარს მიაღწია (გრაფიკი #8). შთამბეჭდავია მათი ზრდის ტემპი. განსაკუთრებული ზრდაა დაფიქსირებული ბოლო 2 წლის განმავლობაში, როცა დეპოზიტების მოცულობა თითქმის გაორმაგდა. მნიშვნელოვანია ასევე ამ მაჩვენებლის შეფარდება ნომინალურ მშპ-სთან, რომელმაც 3%-დან (1995 წ.) 11%-ს მიაღწია (2005 წ.).
მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება დეპოზიტების სტრუქტურაში ვალუტების მიხედვით ბოლო ორი წლის განმავლობაში, როცა განსაკუთრებით გაიზარდა დეპოზიტები ლარში (როგორც მიმდინარე, ისე ვადიან ანგარიშებზე). სწორედ ამის გამო 2003 წლის ბოლოს თითქმის შეჩერდა დოლარიზაციის მაჩვენებლის ზრდა (გრაფიკი #9) და 2004-2005 წლებში უკვე ამ მაჩვენებელმა შემცირება დაიწყო (2002 – 85%, 2003 – 86%, 2004 – 81%, 2005 – 75%).
რაც შეეხება ვადიან დეპოზიტებს, ამ მხრივაც მნიშვნელოვანი ცვლილებებია დეპოზიტების სტრუქტურაში, კერძოდ თუკი უცხოურ ვალუტაში ვადიანი დეპოზიტები სტაბილურად იზრდებოდა ყოველწლიურად საშუალოდ 30-40%-ით, ლარში ვადიან დეპოზიტებზე ბოლო ორ წელში მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა (2004 – 160%, 2005 – 157%) და მისმა მოცულობამ 2005 წლის ბოლოს 70 მლნ. ლარს მიაღწია (ვალუტაში 558 მლნ. ლარი).
დადებითი ტენდენციის კიდევ უფრო თვალსაჩინო სურათს გვიჩვენებს დეპოზიტების კლასიფიკაცია ანაბრების სახელშეკრულებო თანხების მიხედვით, რომლის მიხედვით იზრდება ყველა ტიპის მეანაბრეთა როგორც რაოდენობა, ასევე მათი ანაბრების მოცულობაც. სწორედ აღნიშნული ტენდენცია განაპირობებს იმ ფაქტს, რომ თუკი 2002 წელს გახსნილი ერთი ანაბარის საშუალო მოცულობა შეადგენდა 27,800 ლარს, ამ მაჩვენებელმა სტაბილურად შემცირება დაიწყო: 2003 – 14,600 ლარი, 2004 – 11,500 ლარი, 2005 – 10,800 ლარი. ამ ტენდენციის ჩამოყალიბებას ასევე მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ბოლო წლებში სახელმწიფო დაწესებულების თანამშრომლების სეხელფასო-საბარათე სისტემებზე გადასვლამაც. თუმცა ეს პროცესი საშუალო და მსხვილ კერძო კომპანიებში ბოლო ხუთი წელია აქტიურად ვითარდება.
დეტალური ანალიზით ჩანს, რომ ყველაზე მეტად გაიზარდა “წვრილი” (5,000 ლარამდე დეპოზიტების მქონე) მეანაბრეების მაჩვენებლები და თუკი 2003 წელს ისინი შეადგენდნენ მთლიანი მეანაბრეების რაოდენობის 65,6%-ს და მათზე მოდიოდა ანაბრების მთლიანი მოცულობის 5,9%, 2005 წლისათვის ამ პროპორციამ შემდეგი სახე მიიღო: მათზე მოდის მთლიანი მეანაბრეების რაოდენობის 76,1% და ანაბრების მთლიანი მოცულობის 4,6% (გრაფიკი #10).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან შეიძლება დავასკვნათ: 1) სახეზეა საბანკო სისტემისადმი მოსახლეობის ნდობის დაბრუნების ფრთხილი, მაგრამ მზარდი პროცესი, 2) განსაკუთრებით მზარდი ტემპით ხასიათდება “წვრილი მეანაბრეების” მაჩვენებელი, 3) სწორედ “წვრილი მეანაბრეები” წარმოადგენენ ანაბრების დაზღვევის სისტემის ობიექტებს, 4) ამიტომაც არის ანაბრების დაზღვევის სისტემა ფინანსურად “ნაკლებ რისკიანი” და შედეგებით მნიშვნელოვანი (ჩვენს შემთხვევაში თუ დაზღვევას დაექვემდებარება 5,000 ლარამდე ანაბრები, სრულად დაცული აღმოჩნდება არსებული ანაბრების მოცულობის მხოლოდ 5% და მეანაბრეთა 76%), 5) ანაბრების ზრდის დადებით ტენდენციას დამატებით იმპულსს მისცემს ანაბრების დაზღვევის სისტემის დანერგვა.
კიდევ ერთ მნიშვნელოვან მომენტზე შეიძლება გამახვილდეს ყურადღება, ესაა საბანკო არხებს გარეთ არსებული ნაღდი ფულის მასა და მისი შედარება საბანკო არხებში მოქცეულ დეპოზიტებთან. გრაფიკი #11 შემდეგი დასკვნების საშუალებას გვაძლევს: 1) ბანკებში განთავსებული ფული (დეპოზიტები) ბევრად უფრო მაღალი ტემპით იზრდება, ვიდრე საბანკო არხებს გარეთ არსებული; 2) ბანკებში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა მხოლოდ 2001 წელს გაუთანაბრდა ბანკების არხებს გარეთ არსებულ მაჩვენებელს; 3) მიუხედავად ნაკლები ზრდის ტემპისა, საბანკო არხებს გარეთ არსებული თანხების მოცულობა მაინც იზრდება (საშუალოდ 20-30%-ით წლიურად); 4) მიუხედავად ნაკლები ზრდის ტემპისა, საბანკო არხებს გარეთ არსებული თანხების მოცულობა მნიშვნელოვნად დიდია (736 მლნ. ლარი 2005 წლის ბოლოს) და მთლიანი ფულადი მასის 63%-ს შეადგენს; 5) სწორედ ესაა ის ფულადი მასა, რომლის საბანკო არხებში მოქცევის სტიმულირებას უზრუნველყოფს ანაბრების დაზღვევის სისტემა.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბოლო პერიოდში აქტივების სტრუქტურაში ფულადი სახსრებისა და შესაბამისად ლიკვიდობის შემცირების ტენდენცია დაფიქსირდა. ამ მოვლენებმა და რესურსების ნაკლებობამ განაპირობა ის, რომ 2005 წლის ბოლოს შეჩერდა ბოლო წლებში დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთების შემცირების პროცესი და უფრო მეტიც, იგი გაიზარდა კიდეც (გრაფიკი #12). პირველად ბოლო პერიოდის განმავლობაში ბანკებმა, რომლებიც ტრადიციულად წლის დასაწყისში ამცირებდნენ საპროცენტო განაკვეთებს, დაარღვიეს ეს “ტრადიცია” და შეინარჩუნეს საბაზრო ფასები დეპოზიტებზე, ხოლო ბაზრის უმნიშვნელოვანესმა მონაწილემ “თი-ბი-სი ბანკმა”, რომელიც ფიზიკური პირების ანაბრების 33%-ს ფლობს, 2005 წლის გაზაფხულიდან საშუალოდ წლიური 1%-იანი განაკვეთით გაზარდა იგი, ხოლო ვადიანი ანაბრის გახნისთვის აუცილებელი მინიმალური ნაშთი 4,000 აშშ დოლარიდან ჯერ 2,000, ხოლო შემდგომ 1,000 აშშ დოლარამდე შეამცირა. ამის დამადასტურებელია ისიც, რომ მასმედიაში ბანკების რეკლამებში ანაბრების რეკლამების წილი უფრო მნიშვნელოვანი და ინტენსიური გახდა.
თუმცა ბანკებისადმი ნდობას მოსახლეობა მეტად ფრთხილად ეკიდება და საიმედო ბანკებს არჩევს, და ეს ბუნებრივიცაა. კერძოდ, ფიზიკური პირების ანაბრების 88% ხუთ ბანკშია თავმოყრილი, მათ შორის “თიბისი ბანკში” – 33%, “საქართველოს ბანკში” – 22%, “პროკრედიტბანკში” – 14%, “გაერთიანებულ ქართულ ბანკში” – 10%, ბანკ “რესპუბლიკაში” – 9%.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შეიძლება გავაკეთოთ შემდეგი დასკვნები: პირველი, ძირითად საბანკო მაჩვენებლებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ტენდენციით დეპოზიტები ხასიათდება; მეორე, ბანკებში განთავსებული ფული (დეპოზიტები) ბევრად უფრო მაღალი ტემპით იზრდება, ვიდრე საბანკო არხებს გარეთ არსებული; მესამე, დეპოზიტების სტრუქტურაში უპირატესი ზრდის ტემპით სალარე დეპოზიტები გამოირჩევა, რის გამოც, ბოლო ორი წელია, კლება დაიწყო დოლარიზაციის მაჩვენებელმა; მეოთხე, სტაბილურად მცირდება ერთ მეანაბრეზე ანაბარის საშუალო მაჩვენებელი, რაც “წვრილი” ანაბრების უფრო მაღალი ზრდის ტენდენციის მაჩვენებელია;^ მეხუთე, სახეზეა საბანკო სისტემისადმი მოსახლეობის ნდობის დაბრუნების ფრთხილი, მაგრამ მზარდი პროცესი; მეექვსე, მიუხედავად ნაკლები ზრდის ტემპისა, საბანკო არხებს გარეთ არსებული თანხების მოცულობა მნიშვნელოვნად დიდია (736 მლნ. ლარი 2005 წლის ბოლოს) და მთლიანი ფულადი მასის 63%-ს შეადგენს; მეშვიდე, სწორედ ესაა ის ფულადი მასა, რომლის საბანკო არხებში მოქცევის სტიმულირებას უზრუნველყოფს ანაბრების დაზღვევის სისტემა.
საბანკო პანიკის აღმკვეთი წინასწარი ღონისძიებები, მათ შორის უმთავრესი ადგილი კი ანაბრების დაზღვევის სისტემებს უკავია, უფრო ნაკლებ დანახარჯებთანაა დაკავშირებული, ვიდრე სისტემურ საბანკო კრიზისის შედეგების გამოსწორების დროს, როცა ქვეყნის ფინანსურ სისტემაზე გადასული სიმძიმე მკვეთრად იზრდება, ვინაიდან ფონდებში აკუმულირებული სახსრები არასაკმარისი ხდება საბანკო სისტემის გადასარჩენად. ანაბრების დაზღვევა ამცირებს დაუსაბუთებელი ჭორების გამო სიცოცხლისუნარიანი ბანკების გაკოტრების რისკს. გარანტირების სისტემის შექმნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს არგუმენტს წარმოადგენს ასევე ე.წ. “არაინფორმირებული” მეანაბრეების, ე.ი. მოსახლეობის, ინტერესთა დაცვა.
წვრილი ანაბრების პრიორიტეტი და იმ მსხვილი ანგარიშების გამორიცხვა, რომელიც კორპორაციებს გააჩნიათ ბანკებში, განისაზღვრება რიგი ურთიერთდაკავშირებული ფაქტორებითა და მიზნებით:
1. ვინაიდან ეროვნული დანაზოგების უმნიშვნელოვანესი ნაწილი მოდის წვრილ მეანაბრეებზე, მათი ანაბრების დაცვა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რათა შენარჩუნებულ იქნეს დაგროვებისა და სოციალური სტაბილურობის საერთო ეროვნული ნორმების მაღალი თუ არა მისაღები დონე მაინც;
2. სწორედ წვრილი მეანაბრეების დიდი რაოდენობა ქმნის საბანკო კრიზისებისა და პანიკის განსაკუთრებულ კრიტიკულ მდგომარეობას ანაბრების მასიური დაკარგვის დროს და ამძაფრებს უკმაყოფილებას, რომლის განეიტრალება მეტად მძიმე საქმეა;
3. ბაზრის დეფექტი (ინფორმაციის ასიმეტრიულობა) განსაკუთრებით რთულად აისახება წვრილი მეანაბრების ქცევაზე, ვინაიდან ისინი ვერ ფლობენ სრულ ინფორმაციას და არ მოქმედებენ რაციონალურობის საკმარისი ხარისხით;
4. მეანაბრეების დაცვა, როგორც წესი, მოითხოვს მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებს, ხშირად საბიუჯეტო სახსრების დანახარჯებსაც, რაც აიძულებს სახელმწიფოს, შეზღუდოს გარანტირებული ანაბრების მაქსიმალური ოდენობა, ხოლო ანაბრების უფრო ფართო არეალის მოცვა მოითხოვდა ასევე ბანკების შენატანების გაზრდასაც საგარანტიო ფონდში.
ამიტომ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მეანაბრეების დაცვის საკითხების გადაწყვეტა დღევანდელი საქართველოსთვის განხილულ უნდა იქნეს, როგორც მთლიანი მაკროეკონომიკური გარდაქმნების შემადგენელი ნაწილი, საბანკო სისტემის მომავალი განვითარებისათვის ახალი იმპულსის მიმცემი და მნიშვნელოვანი სოციალური გარანტიის ბერკეტი.
თუ გავითვალისწინებთ ანაბრების დაზღვევის სისტემის ეფექტს მოსახლეობის ბანკებისადმი ნდობის აღდგენისა და ანაბრების მოზიდვის სტიმულირებაში, ცხადი ხდება, საქართველოში მისი წარმატებით დანერგვის შემთხვევაში, როგორ შეუწყობს ხელს ზემოაღნიშნული დადებითი ტენდენციების განვითარებას.
მიუხედავად იმისა, რომ ანაბრების დაზღვევის კონცეფცია საკმაოდ ნათელი და მარტივია, პრაქტიკაში მისი რეალიზება საკმაოდ რთული პროცესია. ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც ახდენს ამ პროგრამის რეალიზებას, უწევს მის ბუნებასთან დაკავშირებული უამრავი გადაწყვეტილების მიღება. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ უმრავლეს შემთხვევაში ანაბრების დაზღვევის პროგრამები განიხილება, როგორც საბანკო (და არა მარტო) კრიზისების თავიდან აცილების ან მისი რისკის შემცირების სხვა ოფიციალურ ღონისძიებათა დამატებითი ბერკეტი და მექანიზმი. აღნიშნულ “ოფიციალურ ღონისძიებებში” შედის ბანკების ლიცენზირება და ზედამხედველობა მათ საქმიანობაზე, რომელიც მოიცავს პირველ რიგში კომერციული ბანკების მიერ გაწეული რისკების კონტროლს მათი კაპიტალისა და მოზიდულ რესურსებთან მიმართებაში.
ანაბრების დაზღვევის სისტემის პირდაპირი ფუნქცია და დანიშნულება, რა თქმა უნდა, მეანაბრეთა დაცვაა. წარმოადგენენ რა საბანკო სფეროს მომსახურების მომხმარებლებს, მეანაბრეები ასევე სარგებლობენ სამომხმარებლო ბაზრის სხვა საქონლითა და მომსახურებით. ამ შემთხვევებში არსებობს მათი დანაკარგებისაგან დაცვის აუცილებლობის იდენტური სოციალური და პოლიტიკური მიზეზები. უფრო მეტიც, პოტენტიური მეანაბრისათვის ბევრად ძნელია შეაფასოს კონკრეტული ბანკის საიმედოობა, ვიდრე სხვა, მაგალითად, სამომხმარებლო საქონლის მყიდველისათვის, როცა იგი აფასებს ხარისხს, ვიდრე მიიღებს მისი შეძენის გადაწყვეტილებას. როგორც წესი, მოცემული მომენტისათვის ბანკის ეფექტურად შესაფასებლად აუცილებელი ინფორმაციის მხოლოდ მცირე ნაწილია ხელმისაწვდომი რიგითი მენაბრეებისათვის და რომც გააჩნდეთ მათ მეტი ინფორმაცია, მათთვის ძნელი იქნება ამ ინფორმაციის “გადამუშავება”, ინტერპრეტაცია და სწორი არჩევანის გაკეთება. სწორედ ბაზრის მსგავსი ნაკლოვანების კომპენსირება ხდება საბანკო ზედამხედველობისა და ანაბრების დაზღვევის ღონისძიებებით.
ანაბრების დაზღვევის უპირატესობაა ისიც, რომ იგი ამცირებს სისტემური საბანკო კრიზისის რისკს, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს ანაბრების პანიკურ მასიურ გადინებასთან საიმედო ბანკებიდან და ამით საგადამხდელო სისტემის დანგრევასთან. არგუმენტი იმაში მდგომარეობს, რომ თუ მენაბრეებს ეცოდინებათ, რომ მათ სახსრებს არაფერი არ ემუქრება ანაბრების დაზღვევის სისტემის წყალობით, მათ ნაკლები მოტივაცია ექნებათ იმისა, რომ გაიტანონ ფული ბანკებიდან.
ანაბრების დაზღვევის პროექტები, ისევე როგორც სხვა სახის დაზღვევები, პირდაპირ უკავშირდება “მორალურ რისკს”, რომელიც ათავისუფლებს ეკონომიკურ აგენტებს მათი ქმედებების მოსალოდნელი შედეგებიდან. ამიტომაც ბანკის მეანაბრეებმა შეიძლება ხელი შეუწყონ მორალური რისკის წარმოქმნას, თუკი ანაბრების დაზღვევა ნიშნავს იმას, რომ მეანაბრეები აღარ თვლიან თავიანთ ვალდებულებად შეაფასონ რისკი, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტულ ბანკში ანაბრის შეტანასთან. ასეთ შემთხვევაში მეანაბრეები აირჩევენ ბანკს მათი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინების გარეშე. ეს იმასაც ნიშნავს, რომ ისინი ბანკს აირჩევენ მხოლოდ მათ მიერ შემოთავაზებული საპროცენტო განაკვეთების მიხედვით. შესაბამისად, საბაზრო ძალების ნორმალური ზემოქმედება, რომელიც უზრუნველყოფს გონივრულ ეკონომიკურ მოქმედებას, მცირდება და ნაკლებად საიმედო ბანკებმა შეიძლება მოიზიდონ დამატებით დეპოზიტები. მსგავსი შედეგების თავიდან აცილების სურვილია სწორედ ის ძირითადი მიზეზი, თუ რატომ არ უზრუნველყოფს სხვადასხვა ქვეყნების ანაბრების დაზღვევის სისტემები ნებისმიერი მეანაბრისთვის ასპროცენტიან კომპენსაციას, რაც აიძულებს ყველაზე წვრილ მეანაბრესაც კი, გასწიოს რისკის ნაწილი.
ბანკების უმაღლეს მენეჯმენტს, დირექტორებსა და მსხვილ აქციონერებს ასევე შეუძლიათ ხელი შეუწყონ ანაბრების დაზღვევასთან დაკავშირებული მორალური რისკის ზრდას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა ანაბრებს ერიცხება დიდი პროცენტი. ის ფაქტი, რომ მეანაბრეები არ დაზარალდებიან ბანკის გაკოტრების შემთხვევაში, იმ ადამიანებს, ვინც აკონტროლებს ბანკის საქმიანობას, საშუალებას აძლევს განახორციელონ უფრო რისკიანი საბანკო საქმიანობა. თუმცა მოცემული რისკის ხარისხი ალბათ ბევრად ნაკლები იქნება, თუკი ბანკის ხელმძღვანელობას ეცოდინება, რომ პრობლემები შეექმნებათ ბანკის მდგომარეობის გაუარესების გამო. უფრო მეტიც, ასეთი ქცევის საშიშროება შეიძლება დარეგულირებულ იქნას საბანკო ზედამხედველობის მოთხოვნებით, რომელიც მუდმივად თვალყურს ადევნებს ბანკის სტრატეგიას და ჩაერევა როგორც კი შეამჩნევს “ზედმეტი” რისკის წარმოშობას. უმაღლესი მენეჯმენტის, დირექტორების, ძირითადი აქციონერების და ასევე მათი ოჯახის წევრებისათვის ანაბრების დაზღვევის მექანიზმის გაუვრცელებლობა ასევე პოზიტიურ როლს თამაშობს აღნიშნული რისკის შესამცირებლად.