გადაწყვეტილებათა მიღების თეორიის” გამოყენებითი ღირებულება და პერსპექტივები

ზალიკო გოგია, სამეცნიერო ხარისხის მაძიებელი

“თეორია პრაქტიკის გარეშე მკვდარია” – ეს უძველესი ფორმულირებაა და ამიტომ ნებისმიერმა მეცნიერებამ და ნებისმიერმა თეორიამ მას პრაქტიკულ-გამოყენებითი სახე უნდა მისცეს. ამ თვალსაზრისით ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, თუ რა პრაქტიკული ღირებულება აქვს “თამაშთა თეორიას” დღევანდელი საქართველოს პირობებში.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, რა უკუგებას გვაძლევს განათლებასა და მეცნიერებაზე დახარჯული სახსრები, რადგან ადრეც და განსაკუთრებით დღევანდელ პირობებში ყველაფერი ეკონომიკით განიზომება. ამიტომ როგორც საბუნებისმეტყველო, ისე ჰუმანიტარული მეცნიერებების განვითარება ამ სავალდებულო კრიტერიუმს უნდა დაემორჩილოს. ეს განსაკუთრებით ითქმის ისეთ ქვეყანაზე, სადაც სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები უაღრესად მწვავედ დგას. შეიძლება ითქვას, რომ თუ არ გვექნება ეროვნული ეკონომიკა, მაშინ ვერც ეროვნულ სახელმწიფოს შევქმნით.
გლობალიზაციამ გამოყენებითი მათემატიკა ეკონომიკის განვითარებისა და მისი სახელმწიფო რეგულირების ერთ-ერთ წამყვან მეცნიერებად აქცია. ვერცერთი ქვეყნის ეკონომიკა ვერ განვითარდება სრულყოფილად შესაბამისი მათემატიკური მოდელირების გარეშე. ჩვენ აქ მარტო მათემატიკური სტატისტიკის გამოყენება, ან ეკონომიკური პროცესების კომპიუტერიზაცია არა გვაქვს მხედველობაში, პირველ რიგში ეკონომიკის ორგანიზაციასა და მართვაში მთელი ქვეყნის მასშტაბით ოპტიმალური მართვის მათემატიკური თეორიის გამოყენება იგულისხმება.
მაგალითად, იაპონიაში ეკონომიკის განვითარების მთავარი ბერკეტი ეკონომიკის სწორი მეცნიერული ორგანიზაცია გახდა, რამაც სტიმული მისცა თვით ტექნიკური მეცნიერების განვითარებასაც.
ეროვნული მეურნეობის სწორი მეცნიერული ორგანიზაციის გარეშე ვერც ჩვენთან შევქმნით ეროვნულ ეკონომიკას. უპირველეს ყოვლისა, კონცეფციის დონეზე უნდა შევქმნათ ეროვნული ეკონომიკის და მასთან ერთად საქართველოს ცალკეული მხარეების რეგიონალურ ეკონომიკათა მათემატიკური მოდელი, სადაც გათვალისწინებული იქნება რეგიონების და ცალკეული დარგების ეკონომიკური კავშირები. კონკრეტულად რისი მიღწევა გვინდა ამით?
ა/ მწარმოებელი ძალების დასაქმების ოპტიმალურ მოდელს მეურნეობის წამყვან დარგებში, ანუ ინვესტიციების ისეთ დარგებში აკუმულირებას, რომლებიც საშუალებას იძლევიან დავასაქმოთ მოსახლეობა არა მყისიერად და არასტაბილურად, არამედ განვითარების ხანგრძლივი პერსპექტივით და სტაბილურად;
ბ/ შრომის იარაღებით უზრუნველყოფის ეფექტური სისტემის შექმნას. მაგალითად, ე.წ. “ლიზინგური ინვესტიციების” მეთოდის ფართოდ დანერგვას როგორც აგრარულ, ასევე სამრეწველო წარმოებაში;
გ/ პროდუქციის ძირითად სახეობებზე ქვეყნის შიგა და გარე ბაზრის კონიუნქტურის მათემატიკურ კვლევას და კვლევის შედეგების პრაქტიკაში გამოყენებისათვის სრულყოფილ მონაცემთა ბაზის შექმნას.
ჩვენი აზრით, თუ მათემატიკა დაგვეხმარება ამ სამი დიდი პრობლემის გადაწყვეტაში, მაშინ იგი თეორიულთან ერთად დიდ გამოყენებით ღირებულებასაც შეიძენს. ეს მარტო ეკონომიკას არ ეხება. ეს გამოიწვევს ქვეყნის დიდ სოციალურ პროგრესსაც და მასთან ერთად დიდი ბიძგი მიეცემა კულტურისა და განათლების განვითარებასაც. ჩვენ მიგვაჩნია, განათლებაში მიმდინარე რეფორმების ბედიც დიდად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ გადავწყვეტთ ამ პრობლემებს.
მათემატიკა დაგვეხმარება, როგორც რენდგენი ისე გააშუქოს და სრული ობიექტური სურათი მოგვცეს ეროვნული ეკონომიკის ყველა მიმართულების შესახებ, მკაცრად დაგვისაბუთოს გადაწყვეტილების სისწორე და მოახდინოს მომავალში მისაღები შედეგის პროგნოზირებაც მკაცრი მათემატიკური მეთოდების საშუალებით. ეს განსაკუთრებით ეხება საბიუჯეტო პოლიტიკას. თვისებრივ ცვლილებებს საბიუჯეტო შემოსავლებში მარტო საბაჟო-საგადასახადო სისტემის სრულყოფით ვერ მივაღწევთ. ასეთი ღონისძიება მხოლოდ დროებით ეფექტს მოგვცემს. მხოლოდ ძლიერი ეროვნული ეკონომიკის შექმნა, ეროვნული წარმოების განვითარება გახდის შესაძლებელს მოვახდინოთ გრძელვადიანი და პროგრესული თვისებრივი გარდაქმნები ეროვნული შემოსავლების და მაშასადამე, სახელმწიფო ბიუჯეტის სრულყოფაში. ეს კი განათლების რეფორმების წარმატების საწინდარია.
შევეცადეთ გარკვეული წინასწარი გათვლები ჩაგვეტარებინა საქართველოს ერთ რომელიმე რეგიონზე, ვთქვათ, კახეთზე. აღმოჩნდა, რომ კახეთში სულ მცირე ათი მომგებიანი დარგია: 1) მემარცვლეობა; 2) მევენახეობა-მეღვინეობა; 3) მესაქონლეობა; 4) მეხილეობა; 5) მებოსტნეობს; 6) ეთერზეთოვანი კულტურების მოყვანა; 7) მეაბრეშუმეობა; 8) მეფუტკრეობა; 9) ტყავის გადამამუშავებელი მრეწველობა; 10) საკონსერვო მრეწველობა.
გათვლების მიხედვით ჩამოთვლილი დარგების ჰარმონიული განვითარებით მარტო კახეთს შეუძლია უახლოეს ორ-სამ წელიწადში სახელმწიფოს მისცეს 2-3 მილიარდი ლარის შემოსავალი, სამჯერ მეტი, ვიდრე დღევანდელი ბიუჯეტია. მაგალითისათვის განვიხილოთ მხოლოდ ორი ამ დარგთაგანი:
მემარცვლეობა: შირაქის, ალაზნის ველის და ივრისპირეთის სახნავ-სათესი მიწის ფართობი დაახლოებით 500000 ჰექტარია. თუ საშუალო მოსავლიანობად ჰექტარზე ავიღებთ 2,5-3 ტონა მარცვლეულს (შირაქის ველი ზოგჯერ 5-6 ტონასაც იძლევა) მივიღებთ 1,25-1,5 მილიონ ტონა მარცვლეულს, რაც მთელი საქართველოს მოსახლეობის სასურსათო და საფურაჟე მოთხოვნილების 80%-ს უდრის. ამ დარგის აღორძინებით გაკეთდება კიდევ ერთი კარგი საქმე – დასაქმდება ადგილობრივი მწარმოებელი ძალების თითქმის ნახევარი, რომლებიც დღეს კახეთის გარეთ არიან გასული სამუშაოს საშოვნელად – ძირითადად რუსეთში.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მიღებული მოსავლის გადამუშავებაც ადგილობრივ პურ-კომბინატებშია შესაძლებელი, რაც საბოლოო პროდუქციის ფასზე იმოქმედებს და სახელმწიფოსათვის უაღრესად რენტაბელური იქნება.
ისმის კითხვა: რა არის საჭირო ყოველივე ამის განსახორციელებლად?
ა) თითოეული სოფლის ბაზაზე უნდა დაინერგოს კორპორაციული სისტემა, სახნავ-სათესი მიწების სწორი განაწილება და სახელმწიფოს მხრიდან კრედიტითა და ტექნიკით დახმარება. აქ გვჭირდება სწორედ ლიზინგური ინვესტიციები – იჯარით ტექნიკის (თუნდაც ნახმარის) შემოტანა და აღნიშნულ კორპორაციებზე განაწილება.
თუ ჩავთვლით, რომ ერთი ტონა მარცვლეულის საშუალო ღირებულებაა სულ მცირე 100 დოლარი, მაშინ მხოლოდ მარცვლეულიდან კახეთის რეგიონის შემოსავალი წელიწადში იქნება 125-150 მილიონი დოლარი.
მეაბრეშუმეობა: ეს დარგი დღეს სრულიად განადგურებულია. ცნობილია, რომ XVI საუკუნეში, თეიმურაზ I-ის დროს კახეთში 5000 საპალნემდე აბრეშუმი მოჰყავდათ, საიდანაც ირანის შაჰი ხარკად მხოლოდ მეათედს ითხოვდა.
საბჭოთა კავშირის პერიოდში საქართველოში მზადდებოდა 1,5-2 ათასი ტონა აბრეშუმი. ის სტრატეგიულ ნედლეულად ითვლებოდა, გამოიყენებოდა საავიაციო-საპარაშუტო და კოსმოსურ მრეწველობაში, რადგან ქართული აბრეშუმის სიმტკიცის კოეფიციენტი ფოლადის სიმტკიცის კოეფიციენტის 0,42-ს შეადგენს. ასეთი თვისება მსოფლიოში მხოლოდ სამი ქვეყნის (ჩინეთი, იაპონია და საქართველო) აბრეშუმს გააჩნია. შუა აზიის აბრეშუმი მხოლოდ საფეიქრო მრეწველობაში გამოიყენება.
კახეთში ერთ ოჯახს თავისუფლად შეუძლია მიიღოს 100 კგ აბრეშუმი. მსოფლიო ბაზარზე ერთი კილოგრამი აბრეშუმის ძაფის ფასი სულ მცირე 10 დოლარია. მარტივი გაანგარიშებით, მეაბრეშუმეობას შეუძლია მოგვცეს 500-600 მილიონი დოლარი შემოსავალი წელიწადში. ანალოგიური მდგომარეობაა ყველა დანარჩენ დარგშიც. ჩვენ მოვიყვანეთ მხოლოდ კახეთის მაგალითი, თორემ იგივე მდგომარეობაა ფაქტიურად აღმოსავლეთ, თუ დასავლეთ საქართველოს ნებისმიერ რეგიონში. თავის დროზე ილია ჭავჭავაძე სამეგრელოს საქართველოს ერთ-ერთ უმშვენიერეს მხარეს უწოდებდა თავისი ისტორიულად ტრადიციული სამეურნეო დარგებით, განსაკუთრებით მემარცვლეობით და მესაქონლეობით. ამას ზედ დაერთო სამრეწველო განვითარების შედეგად წარმოშობილი მნიშვნელოვანი სამრეწველო დარგებიც – ჩაის მრეწველობა, მეციტრუსეობა, ქაღალდისა და ხე-ტყის მრეწველობა, მეთევზეობა, სხვადასხვა ტექნიკური კულტურები, დიდი პერსპექტივები აქვს სასურსათო მრეწველობისა და ტურიზმის განვითარებას. აქ საკმარისია გავიხსენოთ ე.წ. “ჰარიმანის გეგმა”, რომელიც ითვალისწინებს 3,5 მილიარდიან ინვესტიციებს სვანეთის მთებისა და ზღვის სანაპირო ზოლის ერთიანი ტურისტული რეგიონის შესაქმნელად საბაგირო გზების და სამთო ტრანსპორტის ერთიანი ინფრასტრუქტურით, რაც როგორც თვითონ იდეის ავტორი აღნიშნავდა, “ახალ შვეიცარიად” გარდაქმნის მთელ ამ რეგიონს. ერთი სიტყვით, არსებობს დიდი პოტენციალი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის, მთავარია, რომ ეს პოტენციალი ავამოქმედოთ.
ნებისმიერი სოციალური წყობილების დროს წარმოება შედგება სამი კომპონენტისაგან: ა) მწარმოებელი ძალა, ბ) შრომის იარაღები და გ) შრომის ობიექტი. სამივე ამ კომპონენტს შორის ჰარმონიული ურთიერთობა ანუ გარკვეული ორგანული ურთიერთკავშირი თუ არ დამყარდა, არავითარი წარმოება არ განვითარდება. ასეთი ჰარმონიული ურთიერთკავშირის დამყარებაში, ანუ სტაბილური სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მიღწევაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ეროვნული შემოსავლების განაწილებას. შემოსავლების განაწილება კი ემორჩილება ბუნებისა და საზოგადოების საყოველთაო კანონს.
1897 წელს იტალიელმა ეკონომისტმა და სოციოლოგმა ვილფრედო პერეტომ (1848-1923წწ.) დაადგინა საზოგადოებისა და სხვადასხვა ქვეყანაში შემოსავლების განაწილების კანონი. მიღებულ კანონზომიერებაზე დაყრდნობით, მან წამოაყენა ეკონომიკური და სოციალური ხასიათის მნიშვნელოვანი დასკვნები.
პარეტომ შეისწავლა სხვადასხვა ქვეყანაში შემოსავლების განაწილების სტატისტიკური მონაცემები, მონაცემებზე დაყრდნობით შეადგინა რიცხვითი მწკრივები, საიდანაც შეამჩნია თუ საზოგადოების რა ნაწილს ჰქონდა მოცემულ ფიქსირებულ შემოსავალზე არანაკლები შემოსავალი. შემდეგ მან ააგო ასეთი სახის განაწილების მწკრივების გრაფიკები, სადაც აბსცისთა ღერძს შეესაბამება შემოსავლები. ხოლო ორდინატთა ღერძს – იმ ადამიანთა რაოდენობა, რომელთა შემოსავალიც არანაკლებია მოცემულ შემოსავალზე პარეტომ შეამჩნია, რომ უმეტეს შემთხვევაში ასეთ გრაფიკებს ჰქონდა ჰიპერბოლის ფორმა, რომლის განტოლებას ზოგადად შემდეგი სახე აქვს:

სწორედ ასეთი სახით ხმარობენ მას პრაქტიკაში. სხვადასხვა ქვეყანაში შემოსავლების შესახებ ინფორმაციას იღებენ საგადასახადო სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე და რადგან ა-ზე მცირე შემოსავლის მქონე ადამიანები არ იხდიან საშემოსავლო გადასახადს, ამიტომ პარეტოს მრუდი არ კევთს x=a წრფეს, ე.ი. საზოგადოების იმ ნაწილის შესახებ, ვისაც საკმაოდ მცირე შემოსავალი აქვს, პარეტოს მეთოდის დახმარებით, ვერავითარი ეკონომიკური და სოციალური ხასიათის დასკვნებს ვერ გამოვიტანთ.
პარეტოს მრუდის განტოლება შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ლოგარითმებშიც:
Ig y=Ig A-Ig x.
ლოგარითმულ საკოორდინატო სიბრტყეზე ამ მრუდს შეესაბამება წრფე – კუთხოვანი კოეფიციენტით. -ს უწოდებენ შემოსავლების განაწილების ფუნქციის ელასტიკურობას (მგრძნობიარეობას) და იგი ტოლია: =-dlgy/dlgx, ე.ი. არის Y რაოდენობის ადამიანის ელასტიკურობა X რაოდენობის შემოსავლების მიმართ. ვთქვათ, =1,5. ეს ნიშნავს, რომ თუ 10000$ შემოსავლის მქონე მოსახლეობას გავუდიდებთ ხელფასს 11000$-მდე, მაშინ იმ მოსახლეობის წილობრივი რაოდენობა, რომლებსაც უკვე აქვთ 11000$ და მეტი შემოსავალი, 15%-ით ნაკლები იქნება იმ მოსახლეობის წილობრივ რაოდენობაზე, რომელთა შემოსავალი მერყეობს 10000$ და 11000$-ს შორის. ეს ნიშნავს, რომ როდესაც გადავდივართ დაბალი შემოსავლებიდან მაღალზე, მაღალი შემოსავლების მქონე ოჯახების რაოდენობა მცირდება.
აქედან გამომდინარეობს, რომ იმ მოსახლეობის რაოდენობა, რომელთა შემოსავალი დაბალი იყო, მცირდება შემდეგი სიდიდით:
dy/y=-A–1dx/AX-=-x-1dx=-dx/x,
მივიღეთ:
dy/y=-dx/x.
პარეტომ მის მიერ მიღებული კანონზომიერება შეამოწმა ინგლისის, პრუსიის, საქსონიის, იტალიის, პერუსა და სხვა ქვეყნების სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით და დაასკვნა მისი უნივერსალობა. მან სხვადასხვა ქვეყნისა და სხვადასხვა პერიოდების შემოსავლების მონაცემების საფუძველზე დაადგინა, რომ 1,2<<1,9.
თანამედროვე ამერიკელი ეკონომისტი ჰაროლდ დევისი ასეთ ინტერპრეტაციას აძლევს პარეტოს კანონს:
ა) თუ პარეტოს ფორმულაში მონაწილე – კოეფიციენტი ახლოსაა 1,5-თან, მაშინ ასეთ საზოგადოებაში სოციალური თანასწორობაა ანუ საზოგადოებას ჰყავს მძლავრი ფენა, ანუ "Thegzeat middle class-, რაც აუცილებელი წინაპირობაა ნებისმიერი საზოგადოებისა და ნებისმიერი ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის. ამოცანაც იმაში მდგომარეობს, რომ გარკვეული სოციალური დაგეგმარებით შეიქმნა ეს ე.წ. "დიდი საშუალო კლასი";
ბ) თუ – კოეფიციენტი ნაკლებია 1,5-ზე, მაშინ საზოგადოებას ემუქრება სოციალური სიდუხჭირე და ფაშიზმი. საზოგადოების შეძლებული ფენა ცდილობს გააძლიეროს თავისი ძალაუფლება დაბალ სოციალურ ფენებზე და დაამყაროს არადემოკრატიული საზოგადოებრივი წყობა რომელიმე ფორმით.
გ) თუ – კოეფიციენტი მეტია 1,5-ზე, მაშინ საზოგადოებაში მოსალოდნელია სოციალური რევოლუცია. როცა საზოგადოებაში შემოსავლების განაწილების უთანაბრობა მატულობს, ხალხში იზრდება უკმაყოფილება და ამან შეიძლება რევოლუცია გამოიწვიოს. ასეთი განაწილება ქმნის მცირე რაოდენობის შეძლებულ ფენას და დიდი რაოდენობის ღატაკ ფენას.
შემოსავლების განაწილების მსგავსად ჰიპერბოლის ფორმა აქვს აგრეთვე საზოგადოებაში სულიერი სიმდიდრის (ნიჭი, სილამაზე, სიკეთე, ფიზიკური ძალა და სხვა) განაწილების ფუნქციასაც:
Q=Bq-b
სადაც B და b რაიმე მუდმივი რიცხვებია; q – სულიერი სიმდიდრე; Q – მოსახლეობის რაოდენობა.
ამ ორი კანონზომიერების ანალიზი გვიჩვენებს, რომ საზოგადოებაში სტაბილური სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა, როდესაც სულიერი სიმდიდრის განაწილების კანონი ჰარმონიაშია მატერიალური სიმდიდრის და ძალაუფლების განაწილების კანონთან. რეალობაში ასეთი თანაფარდობის მიღწევა მეტად ძნელია, თუმცა მასთან მიახლოვება უნდა იყოს თავისი ერის და თავისი თავის მოყვარული ხელისუფლების უზენაესი მიზანი. ამიტომაა, რომ ყოველი ნორმალური სახელმწიფოს მთავრობა ცდილობს იყოს სოციალურად ორიენტირებული, ანუ დიდი ილიას სიტყვებს თუ მოვიშველიებთ, იყოს "პატრონი თავისი ერისა". მათემატიკური გათვლებით მიღებული დასკვნები ეხმიანება რუსთაველისებურ ხოტბას დავით აღმაშენებლის მიმართ:
"ყოველთა სწორად წყალობასა, ვითა თოვლსა მოათოვდეს, ობოლ-ქვრივნი დაამდიდრნენ და გლახაკნი არ ითხოვდნენ, ავთა მქმნელნი ააშინეს, კრავნი ცხვართა ვერ უწოვდნენ, შიგან მათთა სიბრძნისათა, თხა და მგელი ერთად ძოვდნენ". ისე, რომ სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობა ისტორიულად ყოველთვის დამახასიათებელი იყო ქართველი ერის პოლიტიკური ელიტისათვის…
ქართული სახელმწიფო ინსტიტუტების ბუნებრივ-ისტორიულმა განვითარებამ წარმოშვა ისეთი პოლიტიკური სისტემა "ოქროვან ხანაში", რომელიც სახელმწიფოს პოლიტიკურ და სამართლებრივ ინტერესებს ყველა სოციალური ფენის ინტერესებზე მაღლა აყენებდა, რადგან იგი იყო ერის თვითშენახვისა და განვითარების წინაპირობა. ამიტომაცაა, რომ დიდი სოციალური აფეთქებები ჩვენი ისტორიისთვის უცნობია. დღევანდელი ჩვენი მდგომარეობაც ითხოვს სახელმწიფო ხელისუფლების ასეთი პრესტიჟისა და განმსაზღვრელი როლის უზრუნველყოფას.
შემოსავლების სწორი განაწილების შემთხვევაში ყველა "კაი ყმა" მზად იქნება თავი გასწიროს სახელმწიფოსათვის. ძველად "ლაშქრად წასვლა და მონა-სპად ყოფნა "ქართველი კაცის ყველაზე დიდი მოვალეობა და უფლებაც იყო. როცა კაცს რაიმე დანაშაულისთვის სჯიდნენ, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სასჯელი სწორედ თემიდან და ლაშქრიდან მოკვეთა იყო.
აქედან გამომდინარე, დიდი და ძლიერი საშუალო კლასის – თანამედროვე სახელმწიფოს ამ უმთავრესი სოციალური ბაზის ფორმირება ახალი ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა და აქაც მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობა. ქართულ კონსერვატიზმს თუ ნეოკონსერვატიზმს ამ მხრივ სამომავლოდ დიდი პოტენციური შესაძლებლობანი აქვს, თუნდაც იმიტომ, რომ მას იდეოლოგებად უკანასკნელი ასწლეულის ორი ყველაზე გამორჩეული ერისკაცი ჰყავს: ილია ჭავჭავაძე და ივანე ჯავახიშვილი. ამ უკანასკნელმა სწორედ იმიტომ დააარსა თბილისის უნივერსიტეტი, რომ ქართველ ინტელიგენციას გზა გაეკვალა ერისა და ქვეყნისათვის.