ახალი ეკონომიკური სკოლა უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე და მსოფლიოს წამყვანი ეკონომისტების საკრებულო თბილისში

რედაქციისაგან
ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკურ საზოგადოებას მეტად მნიშვნელოვანი სტუმრები ჰყავდა. დიდი მოვლენა იყო საქართველოში კატონის ინსტიტუტისა და ახალი ეკონომიკური სკოლის მიერ ორგანიზებული კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობდა მსოფლიოს 20 ქვეყნიდან 140-მდე დელეგატი, მათ შორის, ნობელის პრემიის ლაურეატი ვერნონ სმიტი, თემით – “საკუთრების უფლება და დაბეგვრა”, ასევე, ინსტიტუტის დირექტორი ტომ პალმერი, ახალი ეკონომიკური სკოლის პრეზიდენტი პაატა შეშელიძე, პროფესორი ანდრეი ილარიონოვი, აშშ-ის კერძო საკუთრების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენელი ჯონ სალლივანი, რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკის დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი ჯოომარტ ოტორბაევი და სხვები.
კონფერენციაზე, რომელსაც ამერიკის, კანადისა და ევროპის ექსპერტებთან ერთად ესწრებოდნენ წარმომადგენლები სერბიიდან, რუსეთიდან, ხორვატიიდან, ირანიდან და ერაყიდან, ძირითადად განიხილებოდა თავისუფლების, ვაჭრობისა და მშვიდობის საკითხები. მთავარი თემა იყო ღია ბაზრის შექმნის პრობლემა და თავისუფალი ვაჭრობის, საკუთრების უფლებების დაცვისა და ეკონომიკური გლობალიზაციის აუცილებლობა. ამ თემას შეეხო სტივენსონის ლექცია, რომელმაც განიხილა თავისუფალი ვაჭრობის წარმოშობის გენეზისი და თანამედროვე სავაჭრო პოლიტიკის პრობლემები. ასევე, საუბარი იყო მსოფლიოში მათ მიერ ჩატარებულ ექსპერიმენტზე, ადამიანის ბიზნესქცევისა და საზოგადოების მიმართების ბაზრის თავისუფლების სარგებლის შესახებ, აგრეთვე ლიბერალური ეკონომიკის უპირატესობაზე.
ვინ არის ვერნონ სმიტი — 2002 წლის რიგით ოცდამეთოთხმეტე ნობელის პრემიის ლაურეატი ალტერნატიული საბაზრო მექანიზმების კვლევების სფეროში, ემპირიული ანალიზის ინსტრუმენტად ლაბორატორიული კვლევების გამოყენებისათვის. როგორც ექსპერტები ამბობენ, პრემიის მინიჭების ფაქტი ახალი მეცნიერული დარგების დაბადების ფორმალური აღიარება იყო. ნობელიანტები გახდნენ მეცნიერები, რომლებიც წარმოადგენდნენ ეკონომიკურ ფსიქოლოგიასა და ექსპერიმენტალურ ეკონომიკას. ის არის ლიბერტანანელთა სკოლის წარმომადგენელი და თავისუფალი, ღია ეკონომიკისა და ვაჭრობის აპოლოგეტი.
სმიტი დაიბადა 1927 წლის 1 იანვარს, კანზასის შტატში. მამა რკინიგზის მემანქანე იყო, დედა – დიასახლისი. ისინი ხელმოკლედ ცხოვრობდნენ, ამის გამო ის სწავლობდა სკოლაში, სადაც ერთ ოთახში რამდენიმე კლასს ერთდროულად უტარდებოდა მეცადინეობა, ასევე, 7 წლის ასაკში დაიწყო მუშაობა აფთიაქში და მთელს ქალაქში წამლები დაქონდა, დღეში 50 ცენტად. საღამოობით მეცადინეობდა და ორი წლის შემდეგ შეძლო საშუალო სკოლის გამოცდების ექსტერნად ჩაბარება. 16 წლის ასაკში ბოინგის კონცერნში მუშაობდა და პარალელურად სწავლობდა. ასეთ პარალელურ რეჟიმში დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელი და კანზასისი უნივერსიტეტში მიიწვიეს “შემდგომ ჰარვარდში, 1961-62 წლებში დადის სტენფორდში და სწორედ იქ იწყებს მუშაობას ექსპერიმენტალური ეკონომიკის მეთოდებზე, სადაც უშვებს ბობ ხეზერთან (ანთროპოლოგი) ერთად მონოგრაფიას პლეისტოცენის გაქრობაზე”. მან დაუდო საფუძველი, შეიძლება ითქვას, ექსპერიმენტალურ ეკონომიკას და გამოვიდა ფუნდამენტალური საცნობარო სახელმძღვანელო -Hჰანდბოოკ ოფ Eხპერიმენტალ Eცონომიცს, სადაც არის მასალები ინდვიდუალური ქცევის შესახებ ეკონომიკაში, საბაზრო სტრუქტურების კვლევა, კოორდინაციული თამაშები, ექსპერიმენტალური ვაჭრობები, ფინანსური ბაზრების მოდელები და ა.შ.
1974 წლიდან, 26 წელი მან არიზონას უნივერსიტეტში გაატარა, შემდეგ გადავიდა ჯორჯ მაზონის სახელობის უნივერსიტეტში, სადაც დამუშავებული ეკონომიკური პრობლემებისათვის მან ნობელის პრემია მიიღო.
თბილისში მისი ლექცია სწორედ ამ ექსპერიმენტებს ეხებოდა ვაჭრობისა და რესურსგანაწილების დარგში, განვითარების სხვადასხვა დონისა და სიმდიდრის ქვეყნების ეკონომიკების ურთიერთმიმართებას და თავისუფალი ვაჭრობის როლს.
ნობელიანტი ძალიან ახალგაზრდად გამოიყურებოდა თავის ჭაღარა პარიკში და შეიძლება, ვერც გეცნოთ, თუ არ გეტყოდნენ, რომ ეს სმიტია. მან ვრცლად ილაპარაკა თავის ესპერიმენტზე, რომელიც ძირითადად ეხებოდა ადამიანურ ფსიქოლოგიას, თავისუფალი ვაჭრობისა და ღია ეკონომიკის მიმართ შიშს. ეს მეტად მნიშვნელოვანია დღეს საქაერთველოში, რადგან აქ ეს შიში სერიოზულადაა, ყოველ წუთს გაიგონებთ “იყიდება საქართველო”, “არ გაყიდოთ, სტრატეგიული ობიექტია”, “შემოიღეთ დიდი საბაჟო გადასახადები, რომ დავიცვათ ბაზარი” და სხვა ამისთანები. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ჩვენ მენტალურად გეგმური ეკონომიკის ტყვეობაში ვართ და ამდენად, მისი ლექცია და იმ კვლევების შინარსი სერიოზული და მნიშვნელოვანი იყო.
დაუფარავად გითხრათ, ბედნიერია ჩვენი თაობა, რადგან მიეცა საშუალება, მისთვის ესმინა. დიდი მადლობა ამისათვის კატონის ინსტიტუტს და ახალ ეკონომიკურ სკოლა – საქართველოს.
რას წარმოადგენსკატონის ინსტიტუტი? – ის დაარსდა 1977 წელს, ედვარდ კრეინომის მიერ. ეს არის კერძო, არაკომერციული კვლევითი ორგანიზაცია. ინსტიტუტმა თავისი სახელწოდება XVIII საუკუნეში “კატონის წერილები”-დან მიიღო, ჯონ ტრემჩარდისა და ტომას გორდონის მიერ დაწერილი წერილებით, რომელიც პოლიტიკურ თავისუფლებას ეხებოდა. ამ წერილების სერია ქვეყნდებოდა “კატონის” ხელმოწერით – კატონ უმცროსის პატივსაცემად, რომელიც იცავდა რომის რესპუბლიკას იული ცეზარის ხელისუფლებისაგან. “კატონის წერილებმა” დიდი გავლენა მოახდინეს ფილოსოფიური იდეების ჩამოყალიბებაში, რომელიც საფუძვლად დაედო ამერიკულ რევოლუციას. იცავს რა ამერიკის ტრადიციულ პრინციპებს- ორგანული მმართველობა, პიროვნული თავისუფლება, თავისუფალი ქვეყანა და ბაზარი, კატონის ინსტიტუტი მიისწრაფვის, გააფართოვოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური დისკუსიების ჩარჩოები და ამ პრობლემებში ჩართოს საგანმანათლებლო საზოგადოების ფენები. კატონის ინსტიტუტი ახორციელებს პუბლიკაციების პროგრამებს, რომლებიც პოლიტიკური საკითხების მთლიან სპექტრს მოიცავენ. ინსტიტუტში მუდმივად ტარდება ფორუმები და კონფერენციები, რომლებიც პოლიტიკურ პრობლემებს ეხება; ამასთან ერთად, კატონის ინსტიტუტმა ჩაატარა რიგი კონფერენციებისა ლონდონში, მოსკოვში, შანხაისა და მექსიკაში.
კონფერენციის ფარგლებში უნივერსიტეტის ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანმა აკაკი ცომაიამ, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასა და ახალ ეკონომიკურ სკოლასთან ერთად, მოაწყო ღია ლექციები უნივერსიტეტში სტუდენტებისა და პროფესურისათვის.
27 ოქტომბრის ბოლო შეხვედრაზე მოხსენებით გამოვიდნენ პრეზიდენტის მრჩეველი მარკ ლარიი, ესტონეთის ყოფილი პემიერ-მინისტრი – განათლებით ექიმი და ესტონეთის რეფორმების ავტორი. მან აღნიშნა, რომ რუსეთის ბლოკადა და ეკონომიკური სანქციები ესტონეთის აგრარულმა ქვეყანამ უფრო ადრე გადაიტანა, მაგრამ გარდამავალი და რთული 3-4 წლიანი პერიოდის შემდეგ მთელი მისი საექსპორტო ვექტორი ევროპისკენაა მიმართული და ის დღეს ერთ-ერთი მაღალგანვითარებული ქვეყანაა ევროპაში. მისი აზრით, საქართველომ უნდა მოახდინოს სახელმწიფო ხარჯების შემცირება და პრიორიტეტად ეკონომიკური ზრდა გაიხადოს. ამისათვის აუცილებელია ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილება და კერძო ბიზნესის ხელშეწყობა, როგორც საგადასახადო ტვირთის შემცირების, ისე რეგულირების გამარტივებისა და დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნის კუთხით.
ეს თემა გააგრძელა ბატონმა ანდრეი ილარიონოვმა, რომელიც პუტინის მრჩევლი იყო 5 წლის განმავლობაში და ახლა ვაშინგტონში მუშაობს კატონის ინსტიტუტში (იხ. www.nes.georgia.org). მან მოიყვანა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკის განვითარების დინამიკის ანალიზი, ახსნა, რაში იყო აზიური საოცრებისა თუ ევროპელი ჩემპიონების წარმატების საიდუმლო და სახელმწიფო ხარჯების შემცირებაზე ყველგან გადამწყვეტად საგადასახდო ტვირთის შემსუბუქება და რეგულირების გამარტივება სახელდებოდა, რაც ეკონომიკის ზრდის საფუძველია. ეს იყო წარმატების გასაღები და საქართველოს არ მოუწევს ველოსიპედის გამოგონება, თუ გაიზიარებს მსოფლიო გამოცდილებას.
ეს თემა კახა ბენდუქიძემ გააგრძელა და სრულიად დაეთანხმა მის მეგობრებს, ილაპარაკა ძირითად პრიორიტეტზე მთავრობის რეფორმების, ჯანდაცვისა და სოციალურ საპენსიო სფეროს რეფორმირებაზე, რომელიც ერთ-მილიარდიან ბიუჯეტს არაეფექტიანად განაგებს და სრული რეორგანიზაციის პროექტზე, როგორც საპენსიო სისტემაში, ისე სოციალურ დახმარებებში. მან განაცხადა, რომ მიუხედავად ზოგიერთი დეპუტატის არაკვლიფიციური წინაღმდეგობისა, მთავრობა აპირებს, გააერთიანოს სოციალური გადასახდი 20% და საშემოსავლო 12%, მათი შემცირების გზით, თანდათანობით 12-15 პროცენტამდე, რაც ჯამობრივად იქნება ბიზნესის ხელშეწყობის დიდი წინაპირობა და მეორე მხრივ, ხაზი გაუსვა, რომ უკვე დაიწყო სახელმწიფო ხარჯების შემცირება, კერძოდ, 2007 წლის ბიუჯეტში სამხედრო და პოლიციური ხარჯები გაცილებით ნაკლებია, წინა წლებთან შედარებით.
სტუდენტებისათვის, და არა მარტო მათთვის, ეს სერიოზული კვირეული იყო, რადგან მათ მსოფლიო ეკონომიკის რეალიებიდან დაინახეს საქართველოს ეკონომიკის პრობლემები და აუცილებლობა იმისა, რომ ჩვენ კიდევ ბევრი უნდა ვისწავლოთ დასავლეთიდან და, ალბათ, ბევრი უნდა გავაკეთოთ, რადგან მხოლოდ სურვილი არ კმარა, – განაცხადა ჩვენთან საუბარში დეკანმა აკაკი ცომაიამ.