რეგიონული ეკონომიკური თეორიის გენეზისი
ნ. ორჯონიკიძე, ეკ. მეცნ. კანდიდატი, ლ. ოსაძე, ეკ. მეცნ. კანდიდატი
საზოგადოების განვითარების კვალობაზე, სულ უფრო მეტი ყურადღება ეთმობა საზოგადოებრივი კვლავწარმოების სივრცობრივი ასპექტების გამოკვლევასა და შესწავლას. ეკონომიკური განვითარების სივრცობრივი პრობლემები ჯერ კიდევ ანტიკური ეპოქის უდიდესი მოაზროვნეების – არისტოტელესა და პლატონის, აგრეთვე უტოპიური სოციალიზმის თეორიის ავტორების – თ. მორის, თ. კამპანელას, შ. ფურიესა და რ. ოუენის განსაკუთრებული ყურადღების ობიექტი გახდა, ხოლო მე-17, მე-18 საუკუნეებში ეკონომიკური თეორიის მკვლევარების მუდმივი გამოკვლევის საგნად იქცა. მაგალითისათვის შეიძლება დავასახელოთ ჯ. სტიუარტი, ა. სმიტი და განსაკუთრებით დ. რიკარდო მისი ფარდობითი უპირატესობის თეორიით.
შემდგომ პერიოდში ეკონომიკის სივრცობრივ პრობლემებს, მე-19 საუკუნის ბოლომდე, მეცნიერთა მხრიდან ნაკლები ყურადღება ეთმობა. მხოლოდ მე-19 და მე-20 საუკუნეების მიჯნაზე გამოჩნდა მეცნიერულ ლიტერატურაში ეკონომიკის სივრცობრივი პრობლემებისადმი მიძღვნილი ფუნდამენტური გამოკვლევები (მაგალითად, ი. ტიუნენი, ვ. ლაუნდჰარდი, ა. ვებერი და სხვები).
ამ მიმართულების კვლევაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გერმანელმა ეკონომისტმა ი. ტიუნენმა, რომლის ნაშრომი “იზოლირებული სახელმწიფო გამოცემულ იქნა 1826 წელს. მისი თეორიის – “სოფლის მეურნეობის შტანდორტების – ძირითადი არსი გამოიხატება იმაში, რომ მან დანახარჯებსა და მოგებაზე გავლენის ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად წარმოაჩინა სივრცობრივი ანუ განთავისუფლებული ფაქტორი.
ი. ტიუნენის გამოკვლევები გამოირჩეოდა აბსტრაქციისა და დასმული ამოცანების ზუსტად ფორმულირების მაღალი უნარით. მან “იზოლირებულ სახელმწიფოდ განიხილა ცენტრალური ქალაქი, როგორც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გასაღებისა და სამრეწველო საქონლით უზრუნველყოფის ერთადერთი ბაზარი. პირველად მან შეაფასა მიწის რენტა მათემატიკური მოდელების გამოყენებით და დაასაბუთა სოფლის მეურნეობის დარგების სივრცობრივი განლაგება კონცენტრირებული წრეების (6 წრის) სახით, გასაღების ცენტრის მიმართ მაქსიმალური მოგების მიღებისათვის.
აღსანიშნავია, რომ მან თავად იხილა “ტიუნენის წრეების პრაქტიკული რეალიზაცია კუბაში2.
ეკონომიკის სივრცობრივი განთავსების პრობლემების მკვლევარ მეცნიერთა შორის გამოჩენილი ადგილი უკავია ასევე გერმანელ მეცნიერს ვ. ლაუნდჰარდს, რომელსაც ეკუთნვის “სამრეწველო საწარმოების რაციონალური შტანდორტის თეორია (1882 წ).
ვ. ლაუნდჰარდმა საწარმოთა განთავსების გადამწყვეტ ფაქტორად სატრანსპორტო დანახარჯები განიხილა. იგი მიიჩნევდა, რომ საწარმოო დანახარჯები, განსახილველი ტერიტორიის ყველა ადგილისათვის, არ არის თანაბარი. ამ მიმართულების კვლევისას იგი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ამა თუ იმ სამრეწველო საწარმოს განთავსება ყველაზე ეფექტიანია იმ ადგილზე, რომელიც საწარმოს მუშაობისათვის აუცილებელი ბუნებრივი რეურსების მოპოვების ადგილიდან (მაღაროებიდან) ყველაზე ოპტიმალური მანძილითაა დაშორებული. ოპტიმალური მანძილის ქვეშ კი იგი მოაზრებდა გადასაზიდი ტვირთების წონისა და მანძილის სიშორეს. ამგვარად, საწარმოთა ოპტიმალური განლაგების “წერტილი დიდად არის დამოკიდებული გადასაზიდი ტვირთების წონისა და მანძილის თანაფარდობაზე. ამ ამოცანის ამოხსნისათვის ვ. ლაუნდჰარდმა შეიმუშავა “ლოკაციური სამკუთხედის მეთოდი, რომლის ამოხსნა შეიძლება როგორც გეომეტრიული, ასევე მექანიკური მეთოდებით. წარმოების განთავსებისათვის ყველაზე ოპტიმალური ადგილის ამორჩევა, გეომეტრიული მეთოდის გამოყენებით, შესაძლებელია შემდეგნაირად ლოკაციური სამკუთხედის სამივე გვერდზე იგება მსგავსი სამკუთხედები, მათი გადაკვეთის წერტილი კი წარმოადგენს იმ ოპტიმალურ წერტილს, რა პირობებშიც წარმოების დანახარჯები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი. ნახაზის სახით ეს სქემა შეიძლება ასე წარმოვიდგინოთ:
სადაც, A რკინის მომპოვებელი მაღაროა;
B ნახშირის საბადო;
C ლითონების მოთხოვნის პუნქტი;
MM წარმოების განთავსების ადგილი.
ხოლო მექანიკური გადაწყვეტა კი ძირითადად დამოკიდებულია რკინის, ნახშირისა და ლითონის სიმძიმეზე. ამ პერიოდში ამოცანა იხსნება ძალთა თანაფარდობის მოძებნის მეთოდით. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკურ მეცნიერებაში ვ. ლაუნდჰარდმა ერთ-ერთმა პირველმა გამოიყენა ფიზიკური მოდელები, თეორიული და პრაქტიკული ამოცანების ამოხსნისათვის3.
ზემოაღნიშნული თეორიები დამატებით იქნა განვრცობილი ალფრედ ვებერის მიერ სამრეწველო საწარმოების განლაგების თვალსაზრისით.
ა. ვებერმა ჩამოაყალიბა “მრეწველობის შტანდორტების თეორია, სადაც განსაზღვრა ის ძირითადი ფაქტორები, რომლებიც უმნიშვნელოვანეს ზეგავლენას ახდენენ წარმოებაზე. მან თეორიულ ანალიზში დაამკვიდრა წარმოების განლაგებაზე მოქმედი სხვა ფაქტორებიც, რომლებიც ტრანსპორტირებაზე დანახარჯების გარდა მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენენ წარმოების დანახარჯებზე. კერძოდ, მან დააყენა დანახარჯების ოპტიმიზაციის უფრო ფართო ამოცანები:
1. დანახარჯები ტრანსპორტირებაზე;
2. დანახარჯები შრომით რესურსებზე;
3. აგლომერაცია.
ა. ვებერმა პირველმა შეძლო სამრეწველო საწარმოს განლაგების მრავალფაქტორული თეორიის შექმნა, რაოდენობრივი ანალიზის მეთოდზე დაფუძნებით. მისმა გამოკვლევებმა დიდი სტიმული მისცა განლაგების საერთო თეორიების შემდგომ განვითარებას.
განლაგების თეორია განვრცობილ იქნა ვ. კრისტალერის მიერ, რომელმაც პირველად გაანალიზა დასახლებული პუნქტების ფორმირების სისტემა (ანუ ცენტრალური ადგილები) საბაზრო ურთიერთობების პირობებში. მან ამ თეორიით ახსნა ის, თუ ერთგვარი სახის პროდუქცია და მომსახურება რატომ უნდა იწარმოებოდეს (მიეწოდებოდეს) თითოეულ დასახლებულ პუნქტში (აქ იგულისხმება პირველადი მოთხოვნილების პროდუქცია და მომსახურება), ხოლო სხვა სახის პროდუქცია და მომსახურება (მაგ. ჩვეულებრივი ტანსაცმელი, საყოფაცხოვრებო მომსახურება და სხვა) უნდა იწარმოებოდეს საშუალოდ დასახლებულ ადგილებში და მესამე, ფუფუნების საგნები, თეატრები, მუზეუმები და სხვა უნდა რეალიზდებოდეს და არსებობდეს მხოლოდ დიდ ქალაქებში.
ვ. კრისტალერის თანახმად, მომსახურებისა და გასაღების ზონებს გააჩნიათ ტენდენცია, დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდნენ ექვსქუთხედის სახით (“ფუტკრის ფიჭები), ხოლო მთლიანობაში განსახილველი ეკონომიკური სივრცე იფარება ამგვარი “ფუტკრის ფიჭებით, რაც “კრისტალერის გისოსის სახელით არის ცნობილი. აქედან გამომდინარე კი, პროდუქციის გასაღებისა და ცენტრალურ დასახლებულ პუნქტში საყიდლებისა და მომსახურებისათვის გასავლელი საშუალო მანძილი დადის მინიმუმამდე.
წარმოების განლაგებისა და განსახლების პრობლემებზე გამოკვლევები განსაკუთრებით გააქტიურდა მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში. აღსანიშნავია, რომ გამოკვლევები მიმდინარეობდა რამდენიმე ძირითადი მიმართულებით.
პირველი მიმართულება. ორიენტირებული იყო განლაგების პრობლემის გადაწყვეტის ცდაზე. კერძოდ, კვლევის ობიექტად შეირჩეოდა შედარებით მარტივი სიტუაცია და თავდაპირველად აბსტრაგირებისა და მეორეხარისხოვანი ფაქტორების დადგენის საშუალებით, მიმდინარეობდა მოცემული (საკვლევი) ობიექტის მიმართ რაოდენობრივი ანალიზი, რომელიც სრულდებოდა მათემატიკური ფორმულის გამოყენებით, ამ გეომეტრიული ინსტრუმენტარიუმით საწარმოს განთავსების ოპტიმალური ადგილმდებარეობის დადგენით.
სწორედ ამგვარად იგებოდა ტიუნენისა და ლაუნდჰარდის თეორიები, ხოლო ტიპიურად ახალი მაგალითი – “ჰოტელინგის ფენომენი კი, დაფუძნებული კონკურირებადი საწარმოების ოპტიმალური ქცევის ნორმებზე, რომლებსაც ბაზარზე “სწორხაზოვანი მდგომარეობა უჭირავთ.
მეორე მიმართულება. განეკუთვნება ის მოვლენები, სადაც განლაგების თეორიის ფუძემდებლების შეხედულებები განზოგადებულ იქნა და ჩამოყალიბდა ამ პრობლემის ხედვის დამატებითი დებულებები. მხედველობაში გვაქვს სამრეწველო საწარმოთა განთავსების ცალკეული (იზოლირებულად) განხილვის ტრანსფორმირება ურთიერთდამოკიდებული საწარმოების ანალიზზე. კერძოდ, სოფლის მეურნეობისა და სამრეწველო საწარმოთა განლაგების თეორიების გაერთიანებასა და სივრცობრივ ეკონომიკურ აზროვნებაში ფასების, რენტის, მოთხოვნისა და მიწოდების, აგრეთვე დინამიკის ანალიზის დამკვიდრებაზე6.
ამდენად, სივრცობრივი ეკონომიკური აზრის განვითარება სულ სხვა ეტაპზე ავიდა, რითაც ეკონომიკური მეცნიერების ეს მიმართულება ორიენტირებული გახდა მის წინაშე დასმული პრობლემების კომპლექსურ შესწავლა-გაანალიზებაზე.
აღნიშნული მიმართულების განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტან აგრეთვე გერმანელმა მეცნიერმა – ო. რიტჩელმა, ასევე შვედმა სწავლულმა ტ. ჰალანდელმა. ტ. ჰალანდელის ნაშრომმა – “შრომები განლაგების თეორიაზე (1935წ), ძლიერი სტიმული მისცა განლაგების თეორიის შემდგომ განვითარებას. მისმა დებულებებმა განსაკუთრებული ზეგავლენა იქონიეს ა. ლიოშის, უ. აიზარდისა და სხვათა შეხედულებების ჩამოყალიბებაში.
მესამე მიმართულება. განვითარებას საფუძვლად დაედო ლ. ვალრასის საერთო ეკონომიკური წონასწორობის მოდელი. ამ მიმართულების ჩამოყალიბება ნიშნავდა რეგიონული ეკონომიკური თეორიის ეკონომიკურ მეცნიერებაში ჩართვას.
ეკონომიკური თეორიის ანალიზში პრინციპულად განსხვავებული წერტილოვანი და სივრცობრივი მიდგომების გასაგებად, ძალზედ მნიშვნელოვანია პროდუქციის გასაღების ბაზარზე მოთხოვნისა და მიწოდების, აგრეთვე ფასწარმოქმნის მექანიზმების ანალიზი.
წარმოების სპეციალიზაციისა და რეგიონთაშორისი სავაჭრო ურთიერთობების შესახებ ნოვატორული თეორიული იდეებისა და დებულებების განვითარება დაიწყო ჯერ კიდევ საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ჩარჩოებში. ეს აიხსნება იმით, რომ საერთაშორისო და რეგიონთაშორის ვაჭრობას, აგრეთვე ამა თუ იმ ქვეყნისა და რეგიონის სპეციალიზაციას შორის შეიძლება ბევრი მსგავსი პარალელის გავლება. მაგალითად, ცნებებში, ფაქტორებში, პრობლემებისა და მეთოდოლოგიის ანალიზში.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამ მიმართულების განვითარებას საფუძველი დაუდო დ. რიკარდომ, რომელმაც დაამუშავა კონცეფცია ცნობილი “ფარდობითი უპირატესობის თეორიის სახელწოდებით. “ამ უპირატესობის ანალიზს ემყარება მისი დასკვნა, რომ: ამა თუ იმ ქვეყანას შეუძლია საქონლის იმპორტირება სხვა ქვეყნიდან, თუ იმპორტიორს, ექსპორტიორთან შედარებით, შეუძლია აწარმოოს იგი ნაკლები დანახარჯებით.
დ. რიკარდო საერთაშორისო ვაჭრობაში შესაძლებლად თვლიდა ამ პროცესში მონაწილე ნებისმიერი მხარისათვის გამორჩენის (მოგების) მიღებას.
ამასთან, მისი წინამორბედი ა. სმიტი ასაბუთებდა თითოეული რეგიონის ამა თუ იმ საქონლის (რომლის წარმოებაში მას გააჩნია აბსოლუტური უპირატესობა, ანუ მცირე დანახარჯები) წარმოებასა და რეალიზაციაში სპეციალიზების აუცილებლობას, ხოლო დ. რიკარდო ამ მხრივ უფრო შორს წავიდა და დაასაბუთა “ფარდობით თეორიის უპირატესობა “აბსოლუტურზე.
ამ მიმართულების ანალიზისას აკადემიკოსი ა. გრანბერგი აღნიშნავს: სამწუხაროა ის, რომ უამრავი ფაქტი არსებობს იმისა, რომ ეკონომიკური აზროვნება სმიტისეული შეხედულებებისაგან უფრო იხრება, ვიდრე რიკარდოსეულ დებულებებზე.
მე-20 საუკუნის 30-იან წლებში შვედმა ეკონომისტებმა ხეკშერმა და ილინმა განავითარეს საერთაშორისო (რეგიონთაშორისი) შრომის დანაწილების თეორია. მათ, ძირითადად, ურთიერთდამოკიდებულ ფაქტორთა სისტემის ანალიზში დაამკვიდრეს წარმოების შემდეგი ფაქტორების კვლევა (შრომა, კაპიტალი, მიწა და ა. შ.). მათი თეორიის ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ რეგიონებმა ექსპორტში ინტენსიური მოხმარების პროდუქცია უნდა გაიტანონ, ხოლო იმპორტის სახით შემოიტანონ დეფიციტური სახის საქონელი.
სივრცობრივი ეკონომიკის კვლევაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის გერმანელ მეცნიერს ა. ლიოშს. 1940 წელს გამოიცა მისი ნაშრომი “მეურნეობის სივრცობრივი ორგანიზაცია.
ამ ნაშრომში მან განაზოგადა წარმოებისა და მოსახლეობის განახლების არსებული თეორიები, წამოაყენა რაიონების ოპტიმალური კონფიგურაციის იდეა და ააგო ტერიტორიული დარაიონების აბსტრაქტული მოდელი. საბოლოო ჯამში კი შემოგვთავაზა ეკონომიკური ლანდშაფტის ახალი კონცეფცია.
“რეგიონული ეკონომიკის მეცნიერების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამერიკელმა სწავლულმა უ. აიზარდმა. მისი ინიციატივითა და დიდი მოწადინებით 1954 წელს დაფუძნდა “რეგიონული მეცნიერების საერთაშორისო ასოციაცია, ხოლო 1960 წელს ამ ასოციაციას მიენიჭა საერთაშორისო სტატუსი. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში უ. აიაზარდი გახლდათ ამ ასოციაციის პრეზიდენტი. დაახლოებით 50 წელია, რაც ეს ასოციაცია წარმატებით ფუნქციონირებს. მასში გაერთიანებულნი არიან სერიოზული სამეცნიერო წრეები მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხიდან და რეგულარულად ეწყობა კონფერენციები, სემინარები, სადაც განიხილავენ რეგიონული ეკონომიკური პოლიტიკის აქტუალურ საკითხებს, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით, გამოსცემენ შესაბამის ჟურნალებსა და სასწავლო პროგრამებს, ხელს უწყობენ სხვადასხვა მეცნიერების მონოგრაფიების თარგმნას, გამოცემასა და შესაბამის წრეებში გავრცელებას.
უ. აიზარდის კალამს ეკუთვნის ცნობილი მონოგრაფია – “რეგიონული ანალიზის მეთოდები, რეგიონული მეცნიერების შესავალი. მან რეგიონული მეცნიერების ახალი განსაზღვრება შემოგვთავაზა. მისი აზრით, რეგიონული მეცნიერება უფრო ფართოა, ვიდრე რეგიონული ეკონომიკა. უფრო რეალურია ანალოგი რეგიონულ მეცნიერებასა და გამოყენებით გეოგრაფიას შორის13.
თანამედროვე პირობებში რეგიონულ ეკონომიკურ თეორიაში გამოიკვეთა ახალი მიდგომები, რომლებიც სივრცობრივი ეკონომიკის განვითარებისა და განთავსების პრობლემების გამოკვეთას სხვადასხვა ფუნქციური და მრავალასპექტიანი სისტემის ფარგლებში გვთავაზობენ. ყველაზე ფართო გავრცელება პოვა ამ თეორიების ოთხმა მიმართულებამ:
1. “რეგიონი კვაზისახელმწიფო, რომელიც განიხილავს რეგიონს, როგორც “სახელმწიფოს, ვინაიდან დღეისათვის მსოფლიოს რიგ ქვეყნებში რეგიონებზე დელეგირებულ იქნა ის მნიშვნელოვანი ფუნქციები, რომელთა აღსრულებაზე კონტროლს ისტორიულად ცენტრალური ხელისუფლება ახორციელებდა. ამასთან, ამ რეგიონებში ხდება მნიშვნელოვანი საფინანსო რესურსების აკუმულაცია და მისი განკარგვა. ამდენად, რეგიონები (ეს განსაკუთრებულად ფედერაციული მოწყობის სახელმწიფოებს ეხება) “შეიარაღებულნი არიან ყველა იმ ფუნქციებითა და მექანიზმებით, რაც ნორმალური ქვეყნის ფუნქციონირებისათვისაა საჭირო და, შესაბამისად, რეგიონული ეკონომიკის ეს მიმართულებაც რეგიონს განიხილავს და შეისწავლის, როგორც “კვაზისახელმწიფოს.
2. “რეგიონი – კვაზიკორპორაცია განიხილება როგორც მსხვილი მესაკუთრე სუბიექტი, რომელიც აწარმოებს შესაბამის ეკონომიკურ პოლიტიკას. ამ ასპექტით გაანალიზებისას, რეგიონი წარმოგვიდგება, როგორც მომსახურების, პროდუქციისა და კაპიტალის ბაზარზე კონკურენტული ბრძოლის მონაწილე სუბიექტი და ურთიერთქმედებს ნაციონალურ და ტრანსნაციონალურ კორპორაციებთან.
3. “რეგიონი – როგორც ბაზარი. ეს მიდგომა მოიცავს რეგიონს, როგორც გარკვეული საბაზრო არეალის პირობითად განსაზღვრას. ამ შემთხვევაში იგი განიხილება როგორც ბაზარი, რომელიც ხასიათდება ეკონომიკური საქმიანობისათვის დამახასიათებელი მთელი სპექტრით (რეგიონული ნიშან-თვისებების გათვალისწინებით), კერძოდ: პროდუქციისა და მომსახურების წარმოებით, დასაქმებით, საკრედიტო რესურსებით, ფასიანი ქაღალდებით, ინფორმაციის ცოდნით, ბაზრის არსებობით, ანუ საბაზრო ეკონომიკისათვის დამახასიათებელი თითქმის ყველა ინსტიტუტის ფუნქციონირებით.
უნდა აღინიშნოს, რომ რეგიონულ ეკონომიკურ თეორიაში განვითარდა ის კონცეფციები, რომლების საკვლევ ობიექტს კონცეპტუალურად განიხილავდნენ ფიზიკური პროცესების კონტექსტში.
მაგალითად, 1929 წელს ი. რეილიმ წამოაყენა ჰიპოტეზა ორ დასახლებულ პუნქტს შორის ურთიერთქმედების ძალის, მიზიდულობის ძალების ანალოგიურობის შესახებ და ამის ასახსნელად გამოიყენა ი. ნიუტონის ფორმულა: რაც უფრო დიდია საგანი, მით უფრო მეტი ძალით იზიდავს ის ნაკლები სიდიდის საგნებს. საგნის მასად მიჩნეული იყვნენ დასახლებული პუნქტის ადამიანები. ი. რეილის აღნიშნული ფორმულის მოდერნიზება მოგვიანებით მოახდინეს ს. სტიუარტმა და ა. ციპფმა.
4. “რეგიონი – როგორც სოციუმი, ამ თეორიის კვლევის ძირითადი ობიექტი დაკავშირებული სოციალური ცხოვრების კვლავწარმოებისა და განსახლების სისტემის განვითარების პრობლემებით. გამოკვლევები მიმდინარეობს სოციალური ჯგუფების განსაკუთრებული ფუნქციებისა და ინტერესების შესწავლის კონტექსტში და, რა თქმა უნდა, როგორც აკადემიკოსი ა. გრანბერგი აღნიშნავს, იგი სცილდება ეკონომიკური მეცნიერების შესწავლის საგანს.
გ. მიურდალისა და ა. ხირშმანის მიერ შემუშავებულ იქნა რეგიონის კუმულაციური განვითარების თეორია, რომელიც ყურადღებას ამახვილებს ამა თუ იმ რეგიონის ადგილმდებარეობის უკეთეს პირობებზე. აქედან გამომდინარე ასაბუთებს, რომ რეგიონული განვითარების დაუბალანსებლობა გარდაუვალია და შესაბამისად გაიზრდება რეგიონული დიფერენციაციის დონე.
აგრეთვე, აღსანიშნავია ა. მარშალის “რეგიონული საგარეო ეფექტების თეორია. მისი ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ტევად ბაზრებს შეუძლიათ ხელი შეუწყონ მწარმოებლებს შუალედური მოხმარების ნაკეთობების წარმოებაში, რეგიონის ფარგლებში უზრუნველყონ ინფორმაციის ინტენსიურად გაცვლა, რაც, საბოლოო ჯამში, დადებით ეფექტს იწვევს.
განთავსების თეორიის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი იყო ტ. ჰეგერსტრანდის მიერ წამოყენებული თეორია (1953წ.) “ინოვაციური დიფუზიის თეორია. ამ თეორიის მიხედვით ეკონომიკურ-ინოვაციური (პროდუქციის ახალი სახეები, ტექნოლოგიები, ორგანიზაციული გამოცდილება და სხვა) რეგიონების მიხედვით განთავსება შეიძლება მიმდინარეობდეს სამი ძირითადი მიმართულებით, ანუ არსებობს დიფუზიის სამი ფორმა: გაფართოების, გადაადგილების და შერეული.
ინოვაციის დიფუზიის თეორია მეტად მჭიდროდ უკავშირდება “რეგიონული სასიცოცხლო ციკლების თეორიას. ის წარმოების პროცესს განიხილავს რამდენიმე სტადიაზე: ახალი პროდუქციის გამოჩენა, მისი წარმოების გაზრდა, ამ პროდუქციით ბაზრის გაჯერება და მისი წარმოების შემცირება.
საყოველთაოდ აღიარებული “ზრდის პოლუსის თეორია აძლიერებს ვ. კრისტალერის “ცენტრალური ადგილების თეორიას, იყენებს რა ანალიზში თანამედროვე ეკონომიკური თეორიის ისეთ მიღწევებს, როგორიცაა ვ. ლეონტიევის “დანახარჯები – გამოშვების მეთოდი, ხოლო მეორე მხრივ, ის მჭიდროდ უკავშირდება ნ. კოლოსოვსკის თეორიას “საწარმოო-ტერიტორიული კომპლექსებისა და ენერგოსაწარმოო ციკლების შესახებ.
რეგიონული ეკონომიკური მეცნიერების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ფრანგმა ეკონომისტმა ფ. პერრუმ, რომლის “ზრდის პოლუსების თეორიის ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ იგი წინა პლანზე აყენებს ეკონომიკის დარგობრივ სტრუქტურასა და პირველ რიგში, წამყვან დარგებს, სადაც ახალი სახის პროდუქცია და მომსახურება იქნება.
ამ თეორიის გაგრძელებად შეიძლება ჩაითვალოს ჟ. ბუდვილის თეორია, რომელმაც ზრდის პოლუსის მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნია და განიხილა არა მარტო წამყვანი დარგების ერთობლიობა, არამედ კონკრეტული ტერიტორიები, რომლებიც ქვეყნის ან რეგიონის ეკონომიკაში ასრულებენ პროგრესისა და ინოვაციის ფუნქციას.
ჰ. ლასუენმა ეკონომიკური ზრდის პოლუსები სამ ასპექტში განიხილა: პირველი – რეგიონის საწარმოო კომპლექსი, მეორე – საერთო ეროვნული მოთხოვნა, რაც რეგიონის საექსპორტო პოტენციალის ზრდას აძლევს სტიმულს და მესამე – ზრდის იმპულსები გადაეცემა მეორეხარისხოვან დარგებს.
ზრდის პოლუსების თეორია აგრეთვე განავრცო ჰ. პოტიემ, რომლის ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ზრდის პოლუსებს შორის განლაგებული ტერიტორიები უზრუნველყოფილნი არიან სატრანსპორტო კავშირებით, ტვირთნაკადებით, ინოვაციის გავრცელებით და სხვა. ამგვარი დადებითი პროცესები განვითარების უდიდეს იმპულსებს აძლევენ ამ ტერიტორიებს. ამდენად, ეს ტერიტორიები ჰ. პოტიემ წარმოაჩინა “განვითარების ღერძების სახით.
ამ მიმართულების კვლევაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს მ. ბანდმანმა და მის მიერ ჩამოყალიბებული ნოვოსიბირსკის სკოლის წარმომადგენლებმა. მათ შეიმუშავეს “ტერიტორიულ-საწარმოო კომპლექსის (ტსკ) განვითარების თეორია, სადაც გამოყენებულია ტსკ-ს სტრუქტურის განლაგებისა და დინამიკის მათემატიკური მოდელები.
მიუხედავად იმისა, რომ რეგიონული ეკონომიკური პრობლემების გამოკვლევის საკმაოდ ფართო სპექტრის მეთოდები და მიდგომებია ჩამოყალიბებული, რეგიონული გამოკვლევები დიდი ხნის განმავლობაში რჩებოდა ეკონომიკური ანალიზის ძირითადი მიმართულებებიდან “მოწყვეტილად. მაგალითად, ამერიკელი მეცნიერი ჰ. კრუგმანი მიიჩნევს, რომ “ეკონომისტები თავს არიდებდნენ ეკონომიკური განვითარების რეგიონული ასპექტების ანლიზს, ვინაიდან იცოდნენ, რომ მათ არ ხელეწიფებათ რაიმე საშუალებებით ამის მოდელირება.
ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოების განვითარების კვალობაზე სულ უფრო აქტუალური ხდება რეგიონული ეკონომიკური თეორიის პრობლემების შესწავლა-გაანალიზება. ეს მიმართულება გახდა განსაკუთრებით პრიორიტეტული. ბუნებრივია, რომ რეგიონული ეკონომიკური თეორიის გენეზისი თავის გავლენას ახდენდა ამ მიმართულების ქართველი მკვლევრების შეხედულებების ჩამოყალიბებაზე, რაც, საბოლოო ჯამში, მათ შრომებსა და მიღებულ შედეგებში პოვებდა ასახვას.