რედაქტორისაგან

ჯემალ ინაიშვილი
სრულდება წელი და იმატა სუსხმა როგორც გარეთ ქუჩებში, ისე დიდ მეზობელთან ურთიერთობაში. ეკონომიკას სასწრაფო წესით უწევს ბევრი მიმართულებით სხვა რელსებზე გადალაგება და ეს ძირითადად საექსპორტო წარმოებას, ტრანსფერების ნაკადებსა და სოფლის მეურნეობას ეხება. ბუნებრივია, ამიტომ 2007 წელი განსაკუთრებული იქნება არა მარტო ეკონომიკისათვის, არამედ, გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, მთელი სახელმწიფოებრიობისათვისაც. ამდენად ქვეყნის მთავარი ეკონომიკური კანონის – ბიუჯეტის მნიშვნელობა შეუფასებელია, რადგან ის არის ეკონომიკური პრიორიტეტების სარკე. ჩვენ უკვე მეორე ნომერია დიდ ადგილს ვუთმობთ 2007 წლის ბიუჯეტის პროექტს. შეიძლება მკითხველს ამ თემით თავი მოვაბეზრეთ, მაგრამ მიგვაჩნია, რომ საჯაროობა და ტრანსფერულობა ამ საკითხის გადაწყვეტას მხოლოდ წაადგება – უფრო მეტი სპეციალისტი და მთლიანად ხალხი ჩაერთვება ამ საქმეში.
ვაგრძელებთ ადგილობრივი ბიუჯეტის პრობლემებზე მსჯელობას პროფესორ მ. ჯიბუტის სტატიაში (გვ–) და ამასთანავე მთლიანად საბიუჯეტო კანონის შუქ – ჩრდილებზე (გვ–). ბუნებრივია, ჩვენს ვებგვერდის ფორუმის მეშვეობით ყველა აზრის მოსმენა ჩვენთვის ძალიან საინტერესო იქნება, მათგან მნიშვნელოვანი შეიძლება პარლამენტში მსჯელობის საგანი გახდეს.
ეკონომიკის ტრანსფორმაციის კუთხით მეტად საინტერესოა საფინანსო ბაზრის ფორმირების პრობლემები საქართველოში. ეს დღეს მეტად მნიშვნელოვანია, როცა უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა – ქართული ბანკი გავიდა ლონდონის ბირჟის რინგზე. ამ კოტირების დაწყებით საქართველოს ეკონომიკის სფეროში ახალი ერა იწყება. საფინანსო ბაზრის ჩამოყალიბების და ახლებური მენეჯმენტის, ასევე მსოფლიო ტენდენციებზე არის მსჯელობა სტატიაში, სადაც საფინანსო და სავალუტო ბაზრის პრობლემები ერთ კონტექსშია გადმოცემული და სერიოზული დისკუსია იწყება საფონდო-სავალუტო ბაზრის პრობლემებზე (გვ–).
დღეს, როცა რუსეთი ენერგეტიკული, უფრო სწორედ გაზის კარტელის შექმნით და მონოპოლიური ფასებით ემუქრება არა მარტო საქართველოს, არამედ ევროპასაც, რომელსაც უკვე 2007 წლიდან 290 დოლარად შესთავაზა გაზი, მეტად მნიშვნელოვანია ვიმსჯელოთ მსოფლიოს ტენდენციებზე, რუსეთის პოლიტიკაზე მსოფლიოს მასშტაბით და ამ კონტექსტში განვჭვრიტოთ საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების პრობლემები. ამ საკითხის გარკვეულ ასპექტებზე ზაფხულში, გაზეთ 24 საათში ჩემს სტატიაში ვილაპარაკეთ, მაგრამ მიზანშეწონილად ჩავთვალეთ შეცვლილი გარემოებების გამო ისევ დავბრუნებოდით ამ საკითხს (გვ–)
ისევ ვაგრძელებთ საექსპორტო პოტენციალის თემას და კვლავ შემოგთავაზებთ ჩაის წარმოების პრობლემებსა და მეტად მნიშვნელოვან თემაზე – ადამიანურ რესურსებზე დისკუსიას (გვ-. Gვ–)
დღეს საქართველოს ეკონომიკური ზრდის ფლაგმანი ხდება მშენებლობა, სადაც ბევრ მნიშვნელოვან ძვრებთან და მოცულობის ზრდასთან ერთად ასევე გარკვეული პრობლემებია. ამდენად ჩავთვალეთ, რომ პოლემიკა ამ მიმართულებით უსათუოდ დააინტერესებს ჩვენს მკითხველს (გვ-).
ამ ნომერში, შემოგთავაზებთ მილტონ ფრიდმანის მოგონებას, რადგან ის იმ დონის ეკონომისტებს განეკუთვნებოდა, რომლებიც ხშირად ეკონომიკაში აზროვნებას ცვლიან და არა მარტო ჩიკაგოს სკოლას, არამედ მთელ ეკონომიკურ სამყაროს მოსავენ დიდების შარავანდედით. მისი ნოემბერში გარდაცვალება ეკონომისტთა სამყაროში მეტად მნიშვნელოვანი მოვლენა იყო და მინდა გამოგიტყდეთ, მეტად მტკივნეულიც.
მადლობა ჩვენს ერთგულ მკითხველს, რომ არ იშურებს დროს და ნერვებს ეკონომიკის მკაცრ და სერიოზულ თემებზე იმსჯელოს ჩვენთან ერთად. ეკონომიკა ახლა მნიშვნელოვანია, რადგან, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დღეს აქ ფრონტის ხაზი გადის.