ადამიანური კაპიტალი, როგორც ეროვნული სიმდიდრის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი (საქართველოს მაგალითზე)

იოსებ არჩვაძე

საბაზრო ეკონომიკა მნიშვნელოვნად აფართოებს ეროვნული სიმდიდრის ჩარჩოებს, ავსებს მას ახალი შინაარსით. “ტრადიციულ” მატერიალურ-ნივთობრივი ფორმის მქონე ელემენტებსა და საშინაო ქონებასთან ერთად ეროვნულ ანგარიშთა სისტემის მოითხოვნის შესაბამისად, მასში გათვალისწინებულია ისეთი ელემენტები, როგორიცაა ინფორმაცია, ცოდნის, გამოცდილების, ტექნოლოგიების გამოყენების უფლება, აგრეთვე, ყოველივე ამ დოვლათისა და ინფორმაციული რესურსის ადამიანური გამოყენების უნარი…

დღეს უკვე აღარ არის საიდუმლო, რომ ნებისმიერი ქვეყნის ეროვნული სიმდიდრე მნიშვნელოვნად დამოკიდებულია ადამიანურ ფაქტორზე. უფრო მეტიც, ადამიანური კაპიტალი თავად ხდება ეროვნული სიმდიდრის იმანენტური, ობიექტური და ბევრი ქვეყნისთვის ეროვნული სიმდიდრის მთავარი ელემენტი. რაც უფრო განვითარებულია ეკონომიკა, მით უფრო მაღალია მოცემული საზოგადოების ეროვნულ სიმდიდრეში ადამიანური კაპიტალის წილი, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეროვნულ სიმდიდრეში ადამიანური კაპიტალის წილით შეგვიძლია ვიმსჯელოთ მოცემული საზოგადოების ეკონომიკური განვითარების დონეზე.
კონკრეტულად, როგორ უნდა განვსაზღვროთ ამა თუ იმ ქვეყნის ეროვნული სიმდიდრის ადამიანური კომპონენტი, ადამიანური კაპიტალი?
ადამიანური კაპიტალის შეფასებას ჩვენ უნდა მივუდგეთ სიმდიდრის სხვა კომპონენტების შეფასების ანალოგიურად – მასზე გაღებული ხარჯებისა და მოცემული კონკრეტული მომენტისათვის საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ამასთან, მატერიალურ-ნივთობრივი ფორმის მქონე სიმდიდრის ელემენტებისაგან განსხვავებით, ადამიანური კაპიტალი გაცილებით მაღალმობილურია და ამიტომ მის ფორმირებაზე, მომზადებაზე, სწავლებაზე გაღებულ ხარჯებთან შედარებით შეფასებაში უპირატესობა, ჩვენი აზრით, სწორედ საბაზრო ფასს უნდა მიენიჭოს. ადამიანური კაპიტალი – ეს ფაქტობრივად, კაპიტალიზებული სამუშაო ძალაა, ამ უკანასკნელის კვლავწარმოების ერთი ციკლის განმავლობაში წარმოებული დოვლათის (დამატებული ღირებულების) ჯამური სიდიდე. ამ მოსაზრებას აძლიერებს ის გარემოება, რომ სამუშაო ძალის კვლავწარმოებას, მის ფაქტობრივ ღირებულებას განაპირობებს არა მხოლოდ მოსახლეობის ინდივიდუალური შემოსავლები, არამედ კოლექტიური მოხმარების უდიდესი ნაწილი (პირველ რიგში, სოციალურ-კულტურულ ღონისძიებებზე გაღებული ხარჯები). რაც უფრო მეტი ინვესტიციაა ჩადებული პიროვნების მომზადებაში, მის სწავლებაში, პროფესიულ ფორმირებაში, მით უფრო მაღალია მისი მწარმოებლურობა. ადამიანის, სამუშაო ძალის კვლავწარმოებაზე გაწეული ინდივიდუალური და კოლექტიური (საზოგადოებრივი) დანახარჯები უნდა ჩაითვალოს ადამიანური კაპიტალის კვლავწარმოებაზე გაღებულ ხარჯებად.
ადამიანური კაპიტალის გაანგარიშებაში, მთლიანი შიდა პროდუქტის გაანგარიშების მსგავსად, შეიძლება გამოყენებულ იქნას ე.წ. წარმოების, ხარჯებისა და შემოსავლების მეთოდები. ამასთან, ჩვენის აზრით, პირველს, დანარჩენ ორთან შედარებით, აშკარა უპირატესობა უნდა მიენიჭოს.
“ხარჯების მეთოდით” გაანგარიშებული ადამიანური კაპიტალის სიდიდე განისაზღვრება მოცემული თაობის ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის ცოდნის, განათლებისა და კვალიფიკაციის მიღებაზე საზოგადოებისა და შინამეურნეობათა მიერ გაღებული ხარჯების ერთობლიობით. მაგრამ სამუშაო ძალა, მოსახლეობა ხასიათდება მაღალი მობილურობით, რის გამოც ყოველ კონკრეტუ;ლ მომენტში ერთობლივ სამუშაო ძალაში განივთებული ზემოხსენებული ხარჯები, როგორც წესი, არ ემთხვევა შესაბამის ქვეყნისმიერ ხარჯებს.
“შემოსავლების მეთოდით” ადამიანური კაპიტალის სიდიდის გაანგარიშება თავისუფალია ზემოხსენებული მეთოდის ნაკლოვანებისაგან, მაგრამ აქცენტს აკეთებს მხოლოდ ინდივიდუალურ შემოსავლებზე და მასში არ ჩანს ადამიანური კაპიტალის ზრდაზე მოქმედი სხვა ფაქტორები, კერძოდ, საზოგადოებრივი დანახარჯები და კოლექტიური მოხმარების მასშტაბები.
გასათვალისწინებულია ის გარემოებაც, რომ ადამიანური კაპიტალის გაანგარიშების ხარჯების და შემოსავლების მეთოდებით გაანგარიშება გარკვეულ სტატისტიკურ სირთულეებთანაცაა დააკავშირებული: რთულია სტატისტიკურად შესაბამისი ხარჯებისა და შემოსავლების დათვლა, აუცილებელი ხდება წინა წლებში გაწეული ხარჯებისა და მიღებული შემოსავლების ინფლირება მიმდინარე ფასებში, ამასთან, შემოსავლებში ყოველთვის არ აისახება სამუშაო ძალის ფორმირებაზე გაღებული ხარჯები, რადგან მასზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს არაინდივიდუალური (საზოგადოებრივი, საერთაშორისო და ა.შ.) ხარჯები, ასევე თვითმომზადება.
ვფიქრობთ, ადამიანური კაპიტალის ღირებულებითი შეფასება დღეს მოქმედი აღრიცხვიანობის სისტემის პირობებში ყველაზე სრულად შესაძლებელია “წარმოებითი მეთოდით”, როდესაც მისი სიდიდე განისაზღვრება ქვეყანაში სამუშაო ძალის სიდიდით, ამ უკანასკნელის მწარმოებლურობითა და საქმიანობის პოტენციური ხანგრძლიობით. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ნებისმიერი ქვეყნის ადამიანური კაპიტალი მით უფრო მეტია, რაც უფრო: მაღალია შრომის მწარმოებლურობა (1), მრავალრიცხოვანია სამუშაო ძალა (2) და ახალგაზრდაა მოსახლეობა, მათ შორის ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა (3).
აღნიშნულ დასკვნას საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ ყოველი კონკრეტული პერიოდისათვის ადამიანური კაპიტალი ყალიბდება დასაქმებულთა რაოდენობის, მათი მწარმოებლურობისა და აღნიშნული თაობის ეკონომიკურად აქტიური საქმიანობის ხანგრძლიობის წარმოებით, ანუ ყოველი კონკრეტული წლის ადამიანურ კაპიტალად უნდა მივიჩნიოთ ამ წლის ეკონომიკურად აქტიური დასაქმებული მოსახლეობის ნამრავლი შრომის მწარმოებლურობაზე, იმ სხვაობაზე, რომელიც მიიღება მოსახლეობის საშუალო ასაკსა და შრომისუნარიანი ასაკის ზედა ზღვარს შორის.
Wp = Pa x Lp x (Am A0),
სადაც
Wp – ადამიანური კაპიტალი;
Pa – ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა;
Lp – შრომის მწარმოებლურობა;
Am – ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის ზღვრული ასაკი (65 წელი);
A0 – მოსახლეობის საშუალო ასაკი.
აღნიშნული განტოლება შეიძლება შემდეგნაირადაც ჩაიწეროს:
ჭპ (ადამიანური კაპიტალი) = GDP (მთლიანი შიდა პროდუქტი) x A (ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის შრომითი საქმიანობის პოტენციური ხანგრძლიობა).
ბუნებრივია, GDP = Pa x Lp, xolo A = Am – A0.
განვიხილოთ კონკრეტული მაგალითი.
საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 2005 წელს შეადგენდა 11622 მლნ. ლარს, ეროვნულ მეურნეობაში დასაქმებულთა რაოდენობა – 1744.6 მლნ. კაცს, შრომის მწარმოებლურობა ერთ დასაქმებულზე – 6662 ლარს.
2005 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო ასაკი იყო 37,6 წელი, ანუ საპენსიო ასაკამდე მას “რჩებოდა” 27.4 წელი. შესაბამისად, საქართველოს ადამიანური კაპიტალის ღირებულება 2005 წელს შეადგენდა:
6662 (ლარი) x 1744.6 (ათასი კაცი) x 27.6 (წელი) = 320.782 (მლნ. ლარი), ანუ დაახლოებით 180 მლრდ. აშშ დოლარს.
ბოლო წლებში არახელსაყრელი დემოგრაფიული ვითარების გამო ყოველ ორ წელიწადში საქართველოს მოსახლეობა თითო წლით ბერდება1. შესაბამისად, სხვა თანაბარ პირობებში მოსახლეობის ერთი წლით დაბერება ამცირებს საქართველოს ადამიანური კაპიტალის ღირებულებას დაახლოებით 14.0 მლრდ. ლარით, ანუ 8 მლრდ. აშშ დოლარით. საქართველოსთან შედარებით მოსახლეობის საშუალო ასაკი სომხეთში 3,5 წლით ნაკლებია, ხოლო აზერბაიჯანში – 5,8 წლით, ანუ სომხეთისნაირი დემოგრაფიული სტრუქტურის შემთხვევაში საქართველო შეძლებდა მოსახლეობის იმავე რაოდენობაზე ჰქონოდა ფაქტობრივთან შედარებით დაახლოებით 15 პროცენტით მეტი, ხოლო აზერბაიჯანის მსგავსი დემოგრაფიული სტრუქტურის შემთხვევაში 25 პროცენტით მეტი ადამიანური კაპიტალი.
მიუხედავად იმისა, თუ რა მეთოდით ხდება ადამიანური კაპიტალის განსაზღვრა, არსებობს კანონზომიერება: ადამიანური კაპიტალის ზრდა წინ უსწრებს ეროვნული სიმდიდრის სხვა ელემენტების (ბუნებრივი სიმდიდრის, დაგროვილი ქონების ელემენტების) ზრდას (1) და რაც უფრო მაღალგანვითარებულია ქვეყანა, მით უფრო მაღალი ხვედრითი წილი უკავია მასში ადამიანურ სიმდიდრეს (2). ასე მაგალითად, XXI საუკუნის დასაწყისში საქართველოს ეროვნულ სიმდიდრეში ადამიანური კაპიტალის წილად მოდიოდა მთელი ეროვნული სიმდიდრის მხოლოდ 30 პროცენტი, მაშინ როდესაც ეს მაჩვენებელი აშშ-ში 77 პროცენტი იყო, რუსეთში – 50 პროცენტი, ოპეკ-ის ქვეყნებში – 46 პროცენტი…2
საქართველოს ეროვნულ სიმდიდრეში ადამიანური კაპიტალის შედარებით დაბალი წილი შეიძლება აიხსნას არა ბუნებრივი რესურსების სიუხვით, არამედ ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკაში შექმნილი სირთულეებით და ყველაზე კვალიფიციური და რეპროდუქციული უნარის მქონე სამუშაო ძალის ქვეყნიდან ინტენსიური გადინებით. მეოცე საუკუნის ბოლო ათწლეულში ქვეყანაში განვითარებული კარგად ცნობილი მოვლენების გამო თუ საქართველოს მთელი ეროვნული სიმდიდრე შემცირდა 40,2 პროცენტით, მისი მატერიალურ-ნივთობრივი ფორმის მქონე ნაწილი (ეროვნული ქონება) შემცირდა 41,7 პროცენტით, ბუნებრივი სიმდიდრე – მხოლოდ 4,0 პროცენტით, ადამიანური სიმდიდრე კი- 61,7 პროცენტით, ანუ 2,6-ჯერ. ადამიანური კაპიტალის წილი ამ ხნის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ეროვნულ სიმდიდრეში შემცირდა 46-დან 30 პროცენტამდე.4 საქართველოში, ისევე როგორც დამოუკიდებლობამოპოვებულ სახელმწიფოთა უმრავლესობაში, 1990-იანი წლების დასაწყისიდან ფართო ხასიათი მიიღო ეკონომიკურმა მიგრაციამ. მაგალითად, საქართველოდან გასულთა არანაკლებ 2/3 შრომითი მიგრანტი იყო. ასეთთა შორის მაღალი იყო როგორც განათლების საერთო დონე, ისე შრომითი უნარ-ჩვევები და კვალიფიკაცია. უმაღლესი განათლების მქონეთა რაოდენობა შრომით მიგრანტებში დაახლოებით 1,4-ჯერ, ხოლო 20-50-წლიანი მიგრანტებისა – 2,1-ჯერ აღემატებოდა შესაბამისი ცენზის მქონეთა წილს საქართველოს მთელ მოსახლეობაში. ამასთან, ბოლო წლებში ეკონომიკური ზრდისა და სტაბილურობის კვალობაზე შეინიშნება პოზიტიური ტენდენცია: ჩვენი შეფასებით, 2006 წლისათვის 2000 წელთან შედარებით, საქართველოს მატერიალურ-ნივთობრივი სიმდიდრე (ეროვნული ქონება) გაიზარდა დაახლოებით 15 პროცენტით, ხოლო ადამიანური კაპიტალი – არანაკლებ 25 პროცენტით.
ადამიანური კაპიტალის უპირატესი ზრდა ეროვნული სიმდიდრის სხვა ელემენტებთან შედარებით, თავის მხრივ, დღის წესრიგში აყენებს ეროვნული სიმდიდრის კვლავწარმოების ციკლის ხანგრძლივობის განსაზღვრის ახალ პარადიგმაზე გადაყვანის საკითხსაც. მას შემდეგ, რაც დამკვიდრდა ტერმინი – ეროვნული სიმდიდრე (XIX ს. დასაწყისი), მეცნიერთა უმრავლესობა ეყრდნობოდა მოსაზრებას, რომ ეროვნული სიმდიდრის სასიცოცხლო ციკლი ახლოს უნდა იყოს ძირითადი კაპიტალის კვლავწარმოების ციკლთან.
დიდი ხნის განმავლობაში ეს სავსებით ლოგიკური იყო, რადგან ეროვნული სიმდიდრის სტრუქტურაში მხედველობაში არ მიიღებოდა ადამიანური კაპიტალი და შესაბამისად, სიმდიდრის უდიდესი ნაწილი ძირითად კაპიტალზე (მატერიალურ-ნივთობრივი ფორმის მქონე ქონებაზე) მოდიოდა. სოციალისტურ პოლიტიკურ ეკონომიაში ისიც კი იყო დასაბუთებული, რომ საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნებში პერიოდულად (8-11-წლიანი ინტერვალით) მიმდინარე ეკონომიკური კრიზისები უკავშირდებოდა ძირითადი კაპიტალის და, შესაბამისად, ეროვნული სიმდიდრის განახლებას. შემდგომში (XX საუკუნის II ნახევრიდან) ეკონომიკურმა კრიზისებმა მიიღო ასინქრონული ხასიათი, მათი ციკლი და სიღრმე შემცირდა, პერიოდულობა – გაიზარდა, რის გამოც ფუნქციური კავშირი ძირითადი კაპიტალის ელემენტების განახლებასა და ეკონომიკურ კრიზისს შორის შესუსტდა. XX საუკუნის ბოლოს ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებამ, ინტერნეტმა, გლობალიზაციამ კიდევ უფრო გაზარდა სიმდიდრის კვლავწარმოებაში “ახალი ეკონომიკების” და მათი მოძრაობაში მომყვანი სამუშაო ძალის როლი, არსებითი გავლენა მოახდინა ამ უკანასკნელის კვლავწარმოების ციკლზე. შრომითი აქტიურობის ერთი თაობის მანძილზე სამუშაო ძალა რამდენჯერმე ასწრებს თვისებრივ განახლებას, რაც პირდაპირ აისახება მის ღირებულებაზე და ადამიანურ კაპიტალზე, როგორც ერთობლივი სამუშაო ძალის კაპიტალიზაციის ინტეგრირებულ მაჩვენებელზე. ადამიანური კაპიტალი დღეს უკვე, როგორც ზემოთ მოტანილი ცხრილიდან ჩანს, მსოფლიოში ეროვნული სიმდიდრის თითქმის ორ მესამედს შეადგენს, საქართველოში კი აშკარად იკვეთება მისი წინმსწრები ზრდა სიმდიდრის სხვა ელემენტებთან შედარებით. ამიტომ, ეროვნული სიმდიდრის კვლავწარმოების ციკლის განსაზღვრას საფუძვლად შეიძლება დაედოს არა სიმდიდრის მატერიალურ-ნივთობრივი ელემენტების ფიზიკური განახლების, არამედ სიმდიდრის ყველაზე სწრაფად მზარდი და მაღალი წილის5 მქონე ადამიანური კაპიტალის სასიცოცხლო ციკლი, ფაქტობრივად, მოსახლეობის, საზოგადოების თაობათა კვლავწარმოების პერიოდი.6 შესაბამისად, ეკონომისტებმა, სტატისტიკოსებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ ისეთ ასპექტებს, როგორიცაა ადამიანთა ცალკეული თაობის ეკონომიკური აქტივობის ხანგრძლივობა, “ტრადიციული” და “ახალი ეკონომიკების” გავლენა ეროვნული სიმდიდრის ფორმირებაზე, ამ უკანასკნელის ძირითადი ელემენტების ზრდის ფაქტორული ანალიზი და ა.შ. ამგვარ კვლევებს არ შეიძლება ჰქონდეთ მხოლოდ წმინდა თეორიული დატვირთვა – მიღებული შედეგების გამოყენება შესაძლებელი იქნება ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის, უსაფრთხოებისა და რიგი სხვა, აღმშენებლობით დაკავებული სახელმწიფოსათვის უაღრესად საჭირო მიმართულებებით.