როგორ უნდა ვივარჯიშოთ ბიზნესში?

მოამზადა ნინო არველაძემ

საქართველო რთულად, მაგრამ საბაზრო ეკონომიკის ქვეყანა ხდება და წარსულს ბარდება ძველმოდური მენეჯერები და ბიზნესმენები. ისინი ვერ აღწევენ წარმატებას ახალ სიტუაციაში, არ ესმით მსოფლიო ბაზრის და თავისუფალი ეკონომიკის ენა, რა არის თანამედროვე ბიზნესწარმატებების გასაღები?
რა მიზეზით არის Tiger Woods-ი დიდებული? როგორ გახდა ვორენ ბაფეტი მსოფლიოს პირველი ინვესტორი? ჩვენ ვფიქრობთ, რომ თითოეულ მათგანს საქმის კეთების ბუნებრივი ნიჭი აქვს. ბაფეტმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მასში კაპიტალის ლოკალიზება დაბადებიდანაა ჩადებული. ეს მილიონში ერთი შემთხვევაა – ის ან გაქვს, ან – არა.
ხალხი – ეს რთული ფენომენია. განსაზღვრული სამუშაოსთვის განკუთვნილ ბუნებრივ ნიჭს არავინ ფლობს, რადგან არ არსებობს მიზნობრივი ბუნებრივი ტალანტი (უკაცრავად ვორენ)! არავინ იბადება ინვესტორად, ან ჭადრაკის ოსტატად. დიდების მისაღწევად მხოლოდ მრავალწლიანი არანორმალური შრომა თუ დაგეხმარებათ და არა მხოლოდ ის, არამედ განსაზღვრული ტიპის შრომა, რომელიც მომთხოვნი და მტკივნეულია. სხვათა შორის, ბაფეტი ცნობილია თავისი დისციპლინით, ის საათობით შეისწავლის პოტენციური საინვესტიციო ობიექტების ფინანსურ დოკუმენტებს. თქვენთვის კარგი სიახლეა ის, რომ ბუნებრივი ნიჭის არქონა დაუმარცხებელი ცნება არ არის და დიდების მოსაპოვებელ ბრძოლაში გადამწყვეტ როლს არ თამაშობს. ადამიანს მრავალი შესაძლებლობა აქვს, მათ შორის კი წარმატების მიღწევაა. მეცნიერები უკიდეგანო სივრცეში აკეთებენ აღმოჩენებს. მთავარია, ადამიანი მიხვდეს, რომ ბუნებრივი ნიჭი გონებას, მოტივაციას ან პიროვნულ თვისებებს არ ნიშნავს. ის თანდაყოლილი თვისებაა, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს ვაკეთოთ სპეციფიური რამ განსაკუთრებულად კარგად.
საინტერესოა, როგორ მივიდნენ მეცნიერები იმ დასკვნამდე, რომ წარმატების მისაღწევად ბუნებრივი ნიჭი მთავარი ატრიბუტი არ არის. ცდის პირველ ეტაპზე ადამიანები უფრო სწრაფად ითვისებენ სიახლეებს, შემდეგ – შედარებით ნელა, ხოლო გარკვეული დროის შემდეგ კი საერთოდ წყვეტენ განვითარებას, მცირე ნაწილი კი წლების მანძილზე ვითარდება და დიდებისკენ გზას იკვლევს. კითხვა შემდეგნაირად უნდა დაისვას – როგორ ახერხებს ადამიანთა გარკვეული ნაწილი უკეთესობისკენ მუდმივად სვლას? მსოფლიოს მეცნიერებმა 1993 წლიდან დაიწყეს სპორტსმენებზე, მუსიკოსებსა და მოჭადრაკეებზე ორიენტებული გამოკვლევების ჩატარება, მაგრამ დამატებით იკვლევდნენ ბიზნესმენებსაც.
პირველი და მთავარი დასკვნის მიხედვით, შრომის გარეშე დიდებას ვერავინ აღწევს. სასიამოვნოა იმაზე ფიქრი, რომ თუ შენ იმ სფეროს იპოვნი, რომელშიც დიდი ნიჭი დაბადებიდან დაგყვა, წარმატებული ერთ დღეში გახდები, მაგრამ რეალურად წარმატების მიღწევა გამოცდილებისა და ვარჯიშის გარეშე შეუსრულებელი ამოცანაა. გამოკვლევამ აჩვენა, რომ ყველაზე ნიჭიერ ადამიანებსაც კი მსოფლიო კლასის მისაღწევად დაახლოებით ათწლიანი შრომა ჭირდებათ, მკვლევარებმა ამ მონაკვეთს ათწლიანი წესი უწოდეს. მაგრამ, რა შეიძლება ითქვას ბობი ფიშერზე, რომელიც ჭადრაკის დიდი ოსტატი 16 წლის ასაკში გახდა? წესი ამ შემთხვევაშიც არ ირღვევა – ფიშერი ცხრა წლის მანძილზე თავდაუზოგავად მეცადინეობდა და ვარჯიშობდა. მკვლევარი მეცნიერები აცხადებენ, რომ “10 – წლიანი წესი” წარმატების მისაღწევად მინიმუმია და არა საშუალო დროის მონაკვეთი. ბევრ სფეროში (მუსიკა, ლიტერატურა, მხატვრობა) ადამიანებს ზენიტის მისაღწევად 20-30 წელი სჭირდებათ.
ასე რომ, დიდება უბრალოდ არავის ეძლევა, ის უზარმაზარ მძიმე შრომას მოითხოვს, მაგრამ ესეც არ არის საკმარისი. უამრავი ადამიანი დეკადების განმავლობაში თავდაუზოგავად შრომობს, მაგრამ მათთვის დიდება და წარმატება მაინც ხელმიუწვდომელია. რა აკლიათ მათ? ნებისმიერ სფეროში წარმატებას ისეთი ადამიანები აღწევენ, რომლებიც, მკვლევართა ტერმინს თუ გამოვიყენებთ, “საგანგებოდ ვარჯიშობენ. მაგალითად, კალათისთვის ბურთის უბრალოდ სროლა საგანგებო ვარჯიში არ არის, მაგრამ თუ ამ საქმეს ყოველდღიურად რამდენიმე საათს დაუთმობთ, მაშინ კალათბურთში წარმატების იმედიც უნდა გვქონდეს. რა თქმა უნდა, საუბარი მხოლოდ სპორტსმენებზე არ გვაქვს. მკვლევარებმა შეისწავლეს ერთ-ერთი მუსიკალური სასწავლებლის 20 წლის მევიოლინეოები, რომლებსაც შეფასება კონსერვატორიის ლექტორებმა მისცეს. აღმოჩნდა, რომ საუკეთესო ჯგუფში მუსიკოსებს მუსიკისთვის საკუთარი ცხოვრებიდან საშუალოდ 10 000 საათი ჰქონდათ დათმობილი, მომდევნოს – 7 500, ბოლოს კი – 5 000 საათი. იგივე შეიძლება ითქვას ქირურგების, სადაზღვევო სამსახურების წარმომადგენლებისა და ნებისმიერი სპორტის მიმდევრების შესახებ. რაც მეტია საგანგებო ვარჯიში, მით უფრო მეტია პროფესიონალიზმის დონე, ამ უკანასკნელს კი წარმატებისკენ მივყავართ.
მაგრამ როგორ უნდა უნდა ავხსნათ შემდეგი მოვლენა: ორი ათლეტი ერთნაირად მძიმედ შრომობდა, მაგრამ თამაშის ბოლო წუთებში ერთ-ერთი მეორეს ჯობნის და საუკეთესო თამაშს აჩვენებს. მკვლევარები ყურადღებას იმ შესაძლებლობების მქონე ბავშვებზეც აკეთებენ, რომლებსაც ადრეული ასაკიდან შეუძლიათ საუბარი, კითხვა ან მუსიკის დაკვრა. მაგრამ, აღნიშნული შემთხვევების შესწავლისას, ცხადი ხდება, რომ ბავშვების აქტიურობაში მშობლებს დიდი წვლილი მიუძღვით და ადრეულ ასაკში შესაძლებლობების გამომჟღავნება წარმატებული მომავლის გარანტიას არ იძლევა, უფრო მეტიც, დიდ წარმატებას ის ადამიანები აღწევენ, რომლებიც ადრეული ასაკიდან საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირებას არ აკეთებენ. რა თქმა უნდა, გავლენას გონებრივი და ფიზიკური მონაცემებიც ახდენს. მკვლევარები აცხადებენ, რომ ზოგიერთი ჭადრაკის ოსტატის ინტელექტუალური კოეფიციენტი 90- ია.
შეგვიძლია კიდევ ერთი მაგალითის განხილვა, კერძოდ, მე-20 საუკუნის უდიდესი ორატორის უინსტონ ჩერჩილის შემთხვევა, იგი საკუთარ გამოსვლებზე მუდმივად ვარჯიშობდა. ვლადიმერ ჰოროუვიცი კი აცხადებდა, რომ ერთი დღის ვარჯიშის გაცდენაც კი მასზე უარყოფითად აისახებოდა, ორი დღის ვარჯიშის გაცდენას მისი ცოლიც ამჩნევდა, სამი დღისას – კი მთელი მსოფლიო. მას ვარჯიშისა და პრაქტიკის დემონს უწოდებდნენ. იგივე შეიძლება ითქვას, ცნობილ მუსიკოს ლუჩიანო პავაროტიზეც. ბევრი ცნობილი ათლეტი ლეგენდარული სასტიკი დისციპლინისა და ვარჯიშის წყალობით ხდება. ცნობილი კალათბურთელის, მაიკლ ჯორდანის ვარჯიში დასჯილი გუნდისას აჭარბებდა. ტაიგურ ვუდსის მაგალითი კი ყველაზე თვალნათლივ გვიჩვენებს ვარჯიშის წვლილს დიდი წარმატების გზაზე. მამამისმა მას გოლფის თამაში 18 თვიდან დააწყებინა და ინტენსიური ვარჯიშის წყალობით ვუდსი აშშ-ის მოყვარულთა ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული გახდა. ის საათობით ვარჯიშობდა და მუდამ მონაცემების გაუმჯობესებას ცდილობდა.
ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ჩნდება ერთი პრობლემა: როგორ უნდა ვივარჯიშოთ ბიზნესში? კომპანიის ხელმძღვანელობა კომპანიის სტრატეგიის ღრმა ცოდნას, მოქნილობას, ბაზრის ცვალებადობის შეგრძნებას მოითხოვს. ამ ყველაფრის უკეთ შესწავლა და ცოდნის გაღრმავება ძნელი არ არის. ამ ცოდნით შეიარაღებულნი, ინფორმაციას ღრმად სწვდებიან, დიდხანს “ინახავენ და ახალი ინფორმაციის მოძიებას ცდილობენ. ამრიგად ისინი გონებასა და ალღოს ავარჯიშებენ. სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი ბიზნესის განვითარებას კი არ ცდილობს, არამედ ელოდება, თუ როდის მოხდება ეს თავისთავად.
ბევრი ადამიანისთვის მძიმე შრომა ძალიან ძნელია, მისკენ მიმავალი გზა უამრავი დაბრკოლებითა და ტკივილითაა სავსე. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დიდების მიღწევა ადვილად შესაძლებელი რომ ყოფილიყო, მაშინ ის არც იშვიათობა გახდებოდა. მაგრამ მაინც არსებობს ადამიანებში მუხტი, რომელიც მათ “საგანგებო ვარჯიშისკენ უბიძგებს.
დიდების მიღწევა შეუძლებელი არ არის, ნებისმიერს შეუძლია წარმატებული იყოს საათობით ვარჯიშის ხარჯზე და ამით დატკბეს.