რედაქტორისგან
ჯემალ ინაიშვილი
მიიწურა 2006 წელი, რომელმაც კიდევ უფრო დაგვაახლოვა ევროპასა და ევროპულ ბაზართან. გასულ წელს რუსეთის ემბარგოს გამო შექმნილი ყველა პრობლემა სწრაფი ტემპებით უბიძგებს საბოლო ჯამში ქართულ ბიზნესს დასავლეთისაკენ. ლოჯისტიკაში, მარკეტინგში, მენეჯმენტსა თუ ინოვაციების დანერგვისა და სტანდარტების გადმოღების მიმართულებით მარტო ამ წელიწადში წინ დიდი ნაბიჯები გადაიდგა.
ალბათ, ამის ლოგიკური გაგრძელება იყო ქართული ფირმის, უფრო სწორედ ბანკის მსოფლიოს უდიდეს პლატფორმაზე – ლონდონის ბირჟაზე გასვლა. არა მგონია, ვინმემ თვითკმაყოფილებაში ჩამითვალოს, მაგრამ ამისი ნათელი დასტურია სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრების წლიური შემაჯამებელი შეკრებაც. (გვ.18) ამ შეხვედრაზე ჩვენ ყველა პრობლემა განვიხილეთ და არც იმის ილუზია გვაქვს, რომ უახლოეს ორ-სამ წელიწადში რუსეთის ბაზრის სრული ჩანაცვლება მოხდება და ისიც, რომ საქართველოს ბიზნესისათვის ადვილი იქნება დასავლეთის ეკონომიკურ სივრცეში შეჭრა, ასევე ისიც, რომ ეს ტრანსფორმაცია იაფი დაუჯდება ქართულ წარმოებას. მაგრამ ეს ადრე თუ გვიან მოხდებოდა და რაც უფრო ადრე გავყვებით ბალტისპირეთის, თუ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების კვალს, მით ადრე მივაღწევთ სასურველ მიზანს – ევროპაში სრულ ინტეგრაციას და ამ ბაზრის მოთხოვნათა შესაბამისად ქართული პროდუქციის წარმოების ზრდას.
ზემოაღნიშნული უფრო აქტუალურს ხდის ჩვენთვის მსოფლიო ეკონომიკის პრობლემების ანალიზს. ცხადზე უცხადესია, რომ ჩვენს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები მთლიანადაა დამოკიდებული იმ ტენდენციებზე, რაც იქ მიმდინარეობს, სავალუტო კურსების (კონკრეტულად დოლარის პოზიციების შესუსტების), თუ სანედლეულო ბაზრის ფასებზე. ამიტომ, ამ ნომერში ვრცელი ადგილი დაუთმეთ 2007 წლის მსოფლიო ეკონომიკის პრობლემებს და ის გავხადეთ მთავარი თემა. ეჭვგარეშეა, თქვენ გაინტერესებთ საწვავზე თუ სხვა ძირითად პროდუქტებზე მოსალოდნელი ფასები. იმედია, ჩვენი ექსპერტების დასკვნები დაგეხმარებათ მომავალ წელს სწორად წარმართოთ და დაგეგმოთ თქვენი ბიზნესსაქმიანობა (გვ.8).
საქართველოს საფინანსო სექტორს სერიოზული გამოცოცხლება დაეტყო და ამიტომ საჭიროდ ჩავთვალეთ დავბრუნებოდით ამ თემას. მართალია, ის ჯერ კიდევ საკმაოდ შორსაა ცივილური ფორმისგან. იქ მიმდინარე პროცესები იანვრის მზიან, მაგრამ სუსხიან ამინდს მოგვაგონებს, მაგრამ ფაქტი ერთია – მსოფლიოს წამყვანი ინვესტორები დაინტერესდნენ საქართველოში ინვესტირებით სასტუმროების ბიზნესში, საბანკო სფეროში და ეს 2006 წელს ჩვენი საგადამხდელო ბალანსის სიმყარის საფუძველი იყო. მართალია, საგარეო ვაჭრობის ბალანსის 70%-იანი დეფიციტი სერიოზული თავსატეხია, მაგრამ ამ პერიოდში კაპიტალის შემოდინებამ ეს გადაფარა. ამასთან არ გვავიწყდება ძირითადი პრობლემები საექსპორტო პოტენციალთან დაკავშირებით, ვუმასპინძლეთ სერიოზულ ფრანგ ინვესტორთა ჯგუფს და ღვინის სფეროში მსოფლიო დონის ექსპერტებთან ერთად ჩავატარეთ სემინარი ქართველი ბიზნესმენებისათვის. გთავაზობთ მეტად საინტერესო მასალას მსოფლიო ღვინის ბიზნესის ტენდენციებზე და პრობლემებზე, ასევე საქართველოს შესაძლებლობებზე უცხოელი ექსპერტების შეხედულებებს (გვ.20).
ნათლად გამოიკვეთა, რომ ბაზრის გეოგრაფიის შეცვლის და ინვესტიციების მოზიდვისათვის გასაკეთებელი ბევრია, მაგრამ ასევე აშკარაა სერიოზული და სოლიდური ბიზნესის საქართველოს ბაზრით დაინტერესება.
ტრადიციულად გთავაზობთ მსოფლიო და საქართველოს ბაზრის მიმოხილვას და მეცნიერების რუბრიკაში ქართველ მოღვაწეთა საინტერესო ნაშრომებს.
არ შეგვიძლია ცალკე არ აღვნიშნოთ ივანე ჯავახიშვილის 130 წლის იუბილე, ამასთან დაკავშირებით უნივერსიტეტში გამართული საზეიმო ღონისძიებები. რადგან დღეს, როცა უმაღლესი სასწავლებლების რეფორმირება და მათ შორის უნივერსიტეტისა, მეტად გადამწყვეტ სტადიაშია, არ იქნებოდა უპრიანი კიდევ ერთხელ გაგვეხსენებინა ჩვენი საამაყო წინაპრების დოქტრინები ეროვნული განათლების სისტემის შესახებ (გვ.43).
ბოლოს, მინდა გულწრფელად გისურვოთ ბედნიერი შობა-ახალი წელი და მომავალ წლამდე საუკეთესო სურვილებით დაგემშვიდობოთ.