საქართველოში სადაზღვევო საქმიანობის წარმოების თავისებურებანი

მოამზადა თათა თორიამ
საქართველოში სადაზღვევო და დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობის განსახორციელებლად, პირველ რიგში, საჭიროა დაზღვევის შესაბამისი სახეობის განხორციელებაზე ლიცენზიის აღება.
სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზია შეიძლება გაიცეს მხოლოდ იმ იურიდიულ პირზე, რომლის მიზანია განახორციელოს დაზღვევასთან დაკავშირებული საქმიანობა.
ლიცენზია გაიცემა პირადი, ქონებისა და პასუხისმგებლობის დაზღვევის როგორც ნებაყოფლობით, ისე სავალდებულო ფორმით განხორციელებაზე, აგრეთვე გადაზღვევაზე. ლიცენზიაში ასევე მითითებული უნდა იყოს დაზღვევის სახეობა, რომლის განხორცილების უფლებაც აქვს მზღვეველს.
სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზია გაიცემა კონკრეტულ მზღვეველზე. მისი გადაცემა სხვა იურიდულ პირზე დაუშვებელია. ლიცენზია უვადოა და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედებს. იურიდიული პირი მზღვეველის (გადამზღვეველის), სადაზღვევო ბროკერის სტატუსს და სადაზღვევო საქმიანობის განხორციელებისუფლებას მხოლოდ ლიცენზიის მიღების შემდეგ იძენს.
ლიცენზირება არ სჭირდება სადაზღვევო აგენტის საქმიანობას, აგრეთვე სადაზღვევო რისკის, ზარალის მოცულობისა და შემთხვევის უტყუარობის შეფასებასთან დაკავშირებულ საქმიანობას, დაზღვევის სფეროში საკონსულტაციო და კვლევით მომსახურებას.
მზღვეველის, როგორც ორგანიზაციის, რეგისტრაცია საქართველოში იურიდული პირის რეგისტრაციისთვის დადგენილი წესით ხორციელდება. სადაზღვევო ორგანიზაციის ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმად კი მხოლოდ შეზღუდული პასუხისმგებლობის და სააქციო საზოგადოებებია დაშვებული. საბიუჯეტო ორგანიზაციას სადაზღვევო ორგანიზაციის დაფუძნება ეკრძალება.
მზღვეველზე ლიცენზია გაიცემა განცხადების საფუძველზე, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს:
1. სადამფუძნებლო დოკუმენტის ასლები;
2. სახელმწიფო რეგისტრაციის დოკუმენტის ასლი, რომლის შესაბამისადაც მზღვეველი არის იურიდიული პირი;
3. ცნობები შევსებული საწესდებო კაპიტალის შესახებ;
4. მონაცემები ხელმძღვანელი პირების შესახებ;
5. ბიზნეს-გეგმა, პირობები დაზღვევის სახეობათა მიხედვით, დაზღვევის ხელშეკრულება (დაზღვევის მოწმობა, პოლისები, სერთიფიკატები და სადაზღვევო ტარიფები);
6. სალიცენზიო მოსაკრებლების გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის მქონე იურიდიული პირის რეორგანიზაციის შემთხვევაში მისი უფლება ლიცენზიაზე გადადის ამ უკანასკნელის სამართალმემკვიდრეზე, რომელიც ძველის ნაცვლად შესაბამის ლიცენზიას მიიღებს. განცხადებას ლიცენზიის შეცვლის შესახებ თან ერთვის: იურიდიული პირის რეორგანიზაციის გადაწყვეტილება; მზღვეველის სამართალმემკვიდრის სახელმწიფო რეგისტრაციის დოკუმენტის ასლი.
მზღვეველის ფინანსური სამყაროს უზრნველყოფის საფუძველია მისი საწესდებო კაპიტალის, სადაზღვევო რეზერვებისა და გადაზღვევის არსებობა (გადაზღვევა – ოპერაცია ორ სადაზღვევო კომანიას შორის, რომლის დროსაც დაზღვევის (გადაზღვევის) ხელშეკრულებით ერთ-ერთი მხარე თავის თავზე იღებს რისკის ნაწილს სადაზღვევო პრემიის გადახდის სანაცვლოდ).
მზღვეველი და სადაზღვევო ბროკერი ვალდებულნი არიან დაიცვან საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ დაწესებული შემდეგი ეკონომიკური ლიმიტები:
1. ლიცენზიის აღებისას საწესდებო კაპიტალის მინიმალური ოდენობა ( მათ შორის ფულადი ფორმით);
2. სადაზღვევო რეზერვებისა და ფონდების შექმნის წესი;
3. სადაზღვევო რეზერვებისა და ფონდების განთავსებისა და ინვესტირების წესი;
4. აქტივებსა და აღებულ სადაზღვევო ვალდებულებებს შორის ზღვრული თანაფარდობა;
5. მოზიდულ ფინანსურ საშუალებებსა და საკუთარ კაპიტალს შორის ზღვრული თანაფარდობა.
აღებული სადაზღვევო ვალდებულებების შესასრულებლად მზღვეველი, სადაზღვევო შენატანების საფუძველზე მოსალოდნელი სადაზღვევო ანაზღაურებისთვის აუცილებელ რეზერვებს ქმნის.
სადაზღვევო რეზერვები, რომელსაც ქმნის მზღვეველი, არ იბეგრება.
რას შეეხება, უცხოელ ფიზიკურ პირს, მოქალაქეობის არმქონე პირს, უცხოურ იურიდიულ პირს (უცხოეთის სადაზღვევო და გადაზღვევის ორგანიზაციების ჩათვლით) მათ უფლება აქვთ იყვნენ საქართველოს დაზღვევისა და გადაზღვევის ორგანიზაციების მონაწილენი. აღნიშნული პირების მონაწილეობა საქართველოს სადაზღვევო და გადაზღვევის ორგანიზაციების საწესდებო კაპიტალში ერთობლივად არ უნდა აღემატებოდეს 49%-ს.
უცხოელი მოქალაქე, საქართველოს ტერიტორიაზე უცხოური კაპიტალით შექმნილი იურიდიული პირი, უცხოური იურიდიული პირის ფილიალი და წარმომადგენლობა, დაზღვევას საქართველოს სადაზღვევო ორგანიზაციებში ქვეყანაში არსებული კანონმდებლობის შესაბამისად აწარმოებს.
უცხოეთის სადაზღვევო ორგანიზაციის, როგორც უშუალო მზღვეველის საქმიანობა საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია. დასაშვებია, მათ მიერ საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო ბროკერის ფუნქციების განხორციელება, მხოლოდ საქართველოს დაზღვევის ორგანიზაციისთვის მის მიერ აღებული რისკის უცხოეთში გადაზღვევის სფეროში.
საქართველოში უცხოელი იურიდიული პირი სადაზღვევო ბროკერის საქმიანობას ახორციელებს ფილიალის ან წარმომადგენლობის საშუალებით, რომელიც სათანადო წესითაა რეგისტრირებული ან უშუალოდ საქართველოს იურიდიულ პირებთან აქვს დადებული ხელშეკრულება.
უცხოელი იურიდული პირის ფილიალს (წარმომადგენლობას), თავისი საქმიანობის მთელ პერიოდში საქართველოს კომერციულ ბანკში დეპოზიტზე უნდა ჰქონდეს განთავსებული ეროვნული ან უცხოური ვალუტა ან სასესხო ფასიანი ქაღალდები.
აღნიშნულ ფილიალებზე (წარმომადგენლობაზე) შესაბამისი სახეობის ლიცენზია განცხადების საფუძველზე გაიცემა. მასში მითითებული უნდა იყოს:
1. დამფუძნებელი სადაზღვევო ან გადაზღვევის ორგანიზაციის სახელწოდება და მისი ადგილსამყოფელი ქვეყნის დასახელება;
2. ფილიალის ადგილსამყოფელი და ინფორმაცია მისი საქმიანობის მასშტაბების შესახებ;
3. ინფორმაცია წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების შესახებ;
4. დამფუძნებელი სადაზღვევო ან გადაზღვევის ორგანიზაციის წესდების ასლი და ფილიალის დებულება;
5. დამფუძნებელი სადაზღვევო ან გადაზღვევის ორგანიზაციის ადგილსამყოფელი ქვეყნის შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ლიცენზიის ასლი;
6. დამფუძნებელი სადაზღვევო ან გადაზღვევის ორგანიზაციის მიერ თავისი ადგილსამყოფელი ქვეყნის ტერიტორიაზე ბოლო 3 წელიწადში განხორციელებული სადაზღვევო საქმიანობის ანგარიში.
ლიცენზიის მიღებაზე განცხადება საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა ერთი თვის განმავლობაში უნდა განიხილოს.
სალიცენზიო მოსაკრებლების განაკვეთები სადაზღვევო და დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობებზე ასეთია:
ა) სიცოცხლის დაზღევა 500 ლ.
ბ) საპენსიო დაზღვევა – 500 ლ.
გ) უბედური შემთხვევისა და ავადმყოფობისგან დაზღვევა – 500 ლ.
დ) სამედიცინო დაზღვევა – 500 ლ.
ე) სახმელეთო-სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევა – 500 ლ.
ვ) საჰაერო-სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევა – 500 ლ.
ზ) საწყლოსნო-სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევა – 500 ლ.
თ) ტვირთების დაზღვევა – 500 ლ.
ი) ფინანსური რისკის დაზღვევა – 500 ლ.
კ) ავტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა – 500 ლ.
ლ) გადამზიდველთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა – 500 ლ.
მ) პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა – 500 ლ.
ნ) ვალდებულებათა შეუსრულებლობაზე პასუხისმგებლობის დაზღვევა – 500ლ.
ო) გადაზღვევა – 500 ლ.
პ) დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობა – 500 ლ.