იყიდის თუ არა “საქართველოს ბანკი” “ბანკ რესპუბლიკას”

მოამზადა ნინო არველაძემ

საქართველოს საბანკო სივრცეში მომხდარი უპრეცენდენტო მოვლენის გამო “საქართველოს ბანკი” #1 ბანკი მას შემდეგ გახდა, რაც მან აქციები ლონდონის ბირჟაზე გაიტანა. ეს უდაოდ დიდი წარმატებაა, რაც სექტორში გარკვეულ ცვლილებებს შეიტანს. როგორ გახდა ბანკი წარმატებული, გეგმავს თუ არა ის სხვა მსხვილი ბანკის შესყიდვას და არის თუ არა ბაზარი ყოველთვის მართალი? აღნიშნულ საკითხებზე საუბრობს “საქართველოს ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ბატონი ვლადიმერ გურგენიძე.

– ბატონო ლადო, კონკრეტულად აქციების რა მოცულობა გქონდათ ლონდონის ბირჟაზე და რამდენის გატანას გეგმავთ მომავალში?
– აქციების მოცულობის გაზრდას არ ვაპირებთ, რადგან ამის საჭიროებას ჯერ ვერ ვხედავთ. უნდა ვთქვა, რომ მოთხოვნა მიწოდებას ხუთჯერ აღემატებოდა.
– რამ განაპირობა მოთხოვნის მაღალი დონე?
– მეუხერხულება ამის თქმა, მაგრამ ეს ჩვენმა კარგმა მუშაობამ განაპირობა.
– მენეჯმენტის ფაქტორზეა საუბარი?
– საქართველოს ბანკი მომგებიანი და სწრაფად მზარდია.
– ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის აპირებს ერთ-ერთი დიდი ბანკის “გადაყლაპვას”, სავარაუდოდ ეს ბანკი “რესპუბლიკაა”.
– ბანკი “რესპუბლიკა” გამორიცხულია, “სოსიეტე ჟენერალმა” ის უკვე შეიძინა.
– საერთოდ, რამდენად მართებულია ეს ინფორმაცია?
– ცალსახად არ ვადასტურებ ბანკ “რესპუბლიკა”-ზე გავრცელებულ ინფორმაციას.
– ნიშნავს თუ არა ეს, რომ საუბარი სხვა ბანკზეა?
– საერთოდ ბევრ მოლაპარაკებას ვაწარმოებთ საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც, ეს ჩვენი დამახასიათებელი თვისებაა.
– “საქართველოს ბანკი” #1 ბანკი გახდა საქართველოში, ამ ფაქტის შემდეგ საუბრობენ, რომ ერთ-ერთ მსხვილ ბანკს სერიოზული ლიკვიდურობის პრობლემა აქვს. როგორ ფიქრობთ, რამდენად გაიზრდება საქართველოში ინვესტიციების მოცულობა, თუნდაც ფრანგების დაინტერესების შედეგად? ლონდონში თქვენი გახმაურებული საქმიანობით რამდენად დავაინტერესებთ ჩვენ უცხოელ ინვესტორებს საქართველოთი?
– რა თქმა უნდა, საქართველოს მიმართ ინტერესი გაიზრდება, სექტორი მზარდი და მომგებიანია, ის წელიწადში 50%-ით იზრდება, რაც, ბუნებრივია, ინტერესს იწვევს.
– რამდენად მოგწონთ ლარის კურსი? მიიჩნევთ თუ არა, რომ ეს ოქროს შუალედია?
– მომწონს ნებისმიერი კურსი, რომელსაც ბაზარი ადგენს.
– თქვენი აზრით, ბაზარი თავისუფალია?
– ის იმდენად თავისუფალია, რამდენადაც შეიძლება ეს პატარა ქვეყანაში იყოს ღია ეკონომიკის გამო.
– ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ლარის კურსი საკმაოდ დიდ პრობლემებს უქმნის ექსპორტს, მით უმეტეს, რომ ჯართიც მცირდება.
– ჩემი შეხედულება ყოველთვის ერთია – ბაზარი მართალია.
– ბაზარი მართალია, მაგრამ მიუხედავად ამისა, არსებობს მისი მმართველი ძალა, ამ შემთხვევაში ეროვნული ბანკი.
– მოთამაშესაც გააჩნია.

საქართველოს ბანკი

“საქართველო ბანკის” მოკლე მიმოხილვა
“საქართველოს ბანკი” სააქციო საზოგადოებაა, რომელიც ყოფილი სახელმწიფო ბანკ “ბინსოცბანკის” ბაზისზე 1994 წლის 21 ოქტომბერს ჩამოყალიბდა.
“საქართველოს ბანკს” ორჯერ მიენიჭა საქართველოს საუკეთესო ბანკის ჯილდო.
ბანკის ხედვა – გახდეს საქართველოში აღიარებული საუკეთესო ფინანსური მომსახურების კომპანია.
“საქართველოს ბანკი” საქართველოს წამყვანი უნივერსალური ბანკია, რომელიც კლიენტებს კომერციულ და საინვესტიციო, აქტივების მენეჯმენტის, დაზღვევის, ლიზინგისა და საბარათო მომსახურებებს სთავაზობს. ის ქვეყანაში უმსხვილესი ბანკია, რომელსაც ბაზრის მთლიანი ფასიანი ქაღალდების დაახლოებით 24.0% ეკუთვნის და დაახლოებით 380 000 კლიენტს ემსახურება. ბანკი იყოფა ოთხ სტრატეგიულ ბიზნეს-ერთეულად – საცალო საბანკო (SB), კორპორატიულ და საინვესტიციო საბანკო (CIB), დაზღვევისა და ფასიანი ქაღალდების მენეჯმენტის ერთეულებად. თითოეულ მათგანში საქართველოს ბანკს ბაზარზე #1 ან #2 ადგილი უჭირავს. 2006 წლის I ნახევარში ბანკის ქსელის შემოსავალმა 11 მლნ ლარს გადააჭარბა, ხოლო მისი აქციებისა და მთლიანი ფასიანი ქაღალდების ღირებულება დაახლოებით 107 მლნ ლარი და 609 მლნ ლარი იყო. 2006 წლის ივნისში ბანკის ROAE და ROAA 22.2% და 3.7% იყო.
ბანკის სტრატეგია
შიდა საბანკო ბაზარზე წამყვანი პოზიციის გამყარება;
საბანკო საქმიანობის უფრო მეტად გაფართოება;
სხვა ფინანსური სერვისების გაყიდვის მიზნით პოზიციის გამყარება;
მოახდინოს საქმიანობის დივერსიფიკაცია, მათ შორის საფონდო ბაზისა და სესხის პორთველისა;
რისკის მენეჯმენტის პოლიტიკისა და პროცედურების გაუმჯობესება;
აქტიურად შეუდგეს მგრძნობიარე რეგიონალური გაფართოებისკენ სწრაფვას.

მაღალპროფილური კლიენტები
თბილისის მერია
ათასწლეულის ცვლილებები – საქართველო
თბილისის მეტრო
Pომპეტროლ
ლუკოილი
საქართველოს რკინიგზა
მაგთი GSM
ჯეოსელი
ფოთის პორტი
ბათუმის პორტი

ჟურნალ “საქართველოს ეკონომიკამ” ჩაატარა ექსპერტული გამოკითხვა 2006 წლის ეკონომიკაში წლის ადამიანის გამოსავლენად.
კრიტერიუმები იყო:
თანამედროვე მენეჯმენტის დანერგვა და ზრდის დინამიკა;
საერთაშორისო ბაზარზე საქართველოს ფირმების რეიტინგი;
საქართველოს ეკონომიკაში 2006 წელს შეტანილი წვლილი;
ტექნიკური და ეკონომიკური ნოვაციების დანერგვა ქართულ ბიზნესში;
მოწინავე ადგილი, ლიდერის პოზიცია თავის დარგში;
წლის ადამიანად ეკონომიკაში ერთხმად დასახელდა:
1. ლადო გურგენიძე – “საქართველოს ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე;
2. ოსმან თურანი – ჯეოსელის გენერალური დირექტორი;
3. გოჩა გოგოლაშვილი – ფარმაცეტიული ფირმა პსპ გენერალური დირექტორი
ბანკებს შორის ყველაზე მზარდი ბანკი
1. “საქართველოს ბანკი”
2. “სტანდარტ ბანკი”
3. “სილქროუდ ბანკი”
სადაზღვევო ფირმებში ყველაზე მზარდი:
1. ჯი პი აი ჰოლდინგი
2. ბისიაი
3. ირაო
სავაჭრო ქსელში ყველაზე მზარდი:
1. გუდვილი
2. ჯი ემ სი
3. პოპული
სამშენებლო ფირმებში ყველაზე მზარდი:
1. ცენტრპოინტი
2. იბერია
3. აქსისი