რეცენზია სახელმძღვანელოზე – “მაკროეკონომიკსი” ა.სილაგაძე, ე.მექვაბრიშვილი, ჯ.კახნიაშვილი. თ სუ-ის გამოცემა 2006 წ.
პროფესორი ემზარ ჯგერენაია
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე, როგორც მთლიანად უნივერსიტეტში, მეტად ფუნდამენტალური, რთული და საჭირო გარდაქმნები მიმდინარეობს. თავიდან იწერება კურიკულუმები, სასწავლო პროგრამები და სილაბუსები.
ბოლონიის პრპრინციპების მოთხოვნების შესაბამისად ვცდილობთ გარდაიქმნას მთლიანად სასწავლო პროცესი და ეს უკვე არავისთვის არ არის ახალი. უბრალოდ ახლა იმიტომ გამახსენდა, რომ ამ პროცესში მეტად რთული ეტაპია ქართულ ენაზე სახელმძღვანელოების სიმცირე და მათი ადეკვატურობა იმ მოთხოვნებთან, რასაც ეს პროცესი აყენებს. ბევრი რამის გადაფასება და განახლება ხდება და ასეთ ფონზე აღნიშნული სახელმძღვანელო მეტად საჭირო იყო სტუდენტებისათვის.
სახელმძღვანელოში, წამყვან მსოფლიო მეცნიერების (სამუელსონის, მაკკონელის, ფიშერის, მენქიუს) ნააზრევზე დაყრდნობით მეტად, ლაკონურად და რაფინირებულად, სტუდენტისათვის, განსაკუთრებით ბაკალავრისთვის გასაგებ ენაზეა გადმოცემული -შემოსავლის განაწილების უთანასწორობისა და სიღარიბის, შრომის ბაზარის, მომხმარებელთა საბაზრო პირობებში ქცევის და თანამედროვე პირობებში მოთხოვნა-მიწოდებისა და ბაზრის კავშირის საკითხები. განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ინვესტიციების ცნების აღქმას და ადგილობრივი ეკონომიკის მაგალითებზე დაყრდნობით წარმოების პროცესების მართვის საკითხებს. ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო სახელმწიფო ხარჯების საკითხის მიმართ ახლებური დამოკიდებულება, რადგან 2007 წელს ეს გადამწყვეტი საკითხია. საქართველოს წინაშე რთული ამოცანა დგას – შეინარჩუნოს ეკონომიკის ზრდის ტემპი და შეამციროს სახელმწიფო ხარჯები. ამასთან დაკავშირებით ალბათ, ბევრი საინტერესო საკითხი მოიძებნება ამ სახელმძღვანელოში და არა მარტო სტუდენტებისათვის.
საინტერესოა თვით წიგნის სტრუქტურა, რომელიც გათვლილია 15-კვირიანი მეცადინეობისათვის და მთლიანად ეტევა ერთ სემესტრში. ვფიქრობთ, ეს მეტად მნიშვნელოვანია ბოლონიის პრინციპებიდან გამომდინარე და სტუდენტებისათვის აღქმის კუთხით წიგნი უდავოდ საჭირო შენაძენია ეკონომიკური ბიბლიოეთიკისათვს.