რა კეთდება საქართველოში სტუდენტებისთვის?

რედაქციისაგან

სტუდენტური საკონსულტაციო რეგიონალური პროგრამის ფარგლებში საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრმა” კავკასიამ 18 აპრილს პრეს-კონფერენცია გამართა. სბგც კავკაციის ინიციატივით და აშშ-ის საერთაშორისო სააგენტოს (USAID) მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროექტის დაფინანსებით “სტუდენტური საკონსულტაციო რეგიონალური პროგრამა” ხორციელდება.

პროგრამის ფარგლებში დაარსდა საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრ კავკასიის ბათუმის ფილიალი. ცენტრის დამფუძნებლები არიან: საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრი კავკასია, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა.
პროგრამის მიზანია სტუდენტური საკონსულტაციო მომსახურების გაწევა მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელთათვის და ფერმერთათვის, პრიორიტეტი კი აგრობისნესის და აგროტურიზმის განვიტარება და მომსახურების დონის ამაღლებაა ბიზნესზე ორიენტებული ახალგაზრდების და პროფესორ-მასწავლებლების ჩართვის საფუძველზე.
საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრი კავკაცია ბათუმის ფილიალს დახმარებას 8 თვის განმავლობაში გაუწევს. ამ პერიოდში განხორციელდება 8 სტუდენტური საკონსულტაციო პროექტი: ბიზნეს გეგმები, მარკეტინგული კვლევები, საგრანტო წინადადებების შემუშავება და სერვისის დონის ამაღლების პროექტები. პროექტებს კონკურსის შედეგად არჩეული სტუდენტური საკონსულტაციო ოფიცრების ჯგუფები გაუძღვებიან, რომლებსაც მეთვალყურეობას ფაკულტეტის საკონსულტაციო საბჭო გაუწევს, ის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებით, ადგილობრივი სავაჭრო-სამრეწველო პალატის ექსპერტებით, ადგილობრივი წარმატებული მეწარმეებითა და მოწვეული ექსპერტებითაა დაკომპლექტებული.
პროგრამის დასრულების შემდეგ საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრი კავკასიის ბათუმის ფილიალი დამოუკიდებლად განაგრძობს ეკონომიკურ საქმიანობას, საკონსულტაციო მომსახურებას გაუწევს დაინტერესებულ ბიზნეს-კლიენტებს და გადაამზადებს სტუდენტურ საკონსულტაციო ოფიცრებს.
პროგრამის პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო სამრეწველო პალატა; თელავის რეგიონალური სავაჭრო-სამრეწველო პალატა; ქალაქ ბათუმის მერია; საქართველოს საინვესტიციო სააგენტოს ბიზნეს საინფორმაციო ცენტრი.
პროგრამაში მონაწილე სტუდენტთა რაოდენობა უკვე შერჩეულია. სამეტაპიანი შესარჩევი ტურის შემდეგ შეირჩა 34 სტუდენტი, 30 მათგანი ბაკალავრია, 4 კი მაგისტრი. მათ შესაბამისი ტრეინინგები 8 ძირითად თემაზე ჩაუტარდებათ – სტრატეგიული დაგეგმვა, ფინანსური აღრიცხვა, საგადასახადო საქმე, სტატისტიკა, მარკეტინგის საფუძვლები და პრომოუშენი, ასევე ბაზრის კვლევა, კომუნიკაციის საპრეზენტაციო უნარ-ჩვევები, ბიზნეს დაგეგმარება, საკუთარი ბიზნესის დაწყება და სტიმულირება. ასევე შერჩეულია ის პროფესორ-მასწავლებელებლები, რომლებიც სტუდენტებს რეალურ კონსულტანტებად გადაამზადებენ. მსგავს პროექტებს საქართველოს ბიზნეს განვითრების ცენტრი კავკასია 2004 წლიდან თბილისში წამატებით ახორციელებს. პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს ჩამოაყალიბონ საკუთარი ბიზნესი და სესხები კომერციული ბანკებიდან ან საკრედიტო ორგანიზაციებიდან აიღონ.
პროგრამას ბევრი დადებითი მხარე აქვს – ეს მოდელი ასაქმებს სტუდენტებს, მეწარმეებს ხელს უწყობს არსებული ბიზნესის განვითარებასა და ახალი ბიზნესის წამოწყებაში, ხოლო პროფესორ-მასწავლებლებს საშუალება ეძლევათ სტუდენტები პრაქტიკულ საქმიანობაში იხილონ და პრაქტიკული შემთხვევები უნივერსიტეტებში სასწავლო კურიკულუმად გამოიყენონ.
პროგრამა ფინანსურ დახმარებას დონორი ორგანიზაციებისგან იღებს, მას შემოსავალი მსხვილი კომპანიებისგანაც აქვს, როგორებიცაა “ნესკაფე”, გუდვილი”, “კოკა-კოლა” და სხვა.