პაატა გუგუშვილი ქართული ეკონომიკური მეცნიერების პატრიარქი
ქართველი მკითხველისათვის გამოქვეყნდა მეტად საინტერესო წიგნი – “პაატა გუგუშვილი”. იგი ეძღვნება ქართული ეკონომიკური მეცნიერების პატრიარქის, საქართველოს ფარგლებს გარეთაც კარგად ცნობილი მოღვაწის, ქართველი ერის ჭეშმარიტად სასიქადულო შვილის, აკადემიკოს პაატა გუგუშვილის დაბადების 100 წლისთავს.
უბადლო ნიჭიერებასთან ერთად უშრეტმა ენერგიამ, უდიდესმა ნებისყოფამ და დაუოკებელმა მიზანსწრაფვამ შეაძლებინა ამ ფართო დიაპაზონის მკვლევარს ეროვნული ეკონომიკური მეცნიერების ახალ, მანამდე მიუღწეველ მწვერვალამდე აყვანა. ეს ბუმბერაზი მეცნიერი საოცრად წინდახედული აღმოჩნდა თავისი ძირითადი საკვლევი პრობლემების არჩევაში. მისი გამოკვლევები არამცთუ მორალურად არ გაცვეთილა, არამედ პირიქით, თითქმის ყველა მათგანი დღევანდელი თვალსაწიერიდან განსაკუთრებული სიძლიერით, სიმძაფრით წარმოჩინდება. ეს მეცნიერების ნამდვილი რაინდი ამ წიგნში წარმოდგენილია თავისი მრავალფეროვნებით: პაატა გუგუშვილი, უწინარეს ყოვლისა, როგორც სწავლული ეკონომისტი, შემდეგ – როგორც ისტორიკოსი, სოციოლოგი, დემოგრაფი, ჟურნალისტი, ლექსიკოლოგი, ბიბლიოფილი, პოლიგრაფისტი და არქეოგრაფი. დიდი კონსტანტინე გამსახურდია წერს: “ეკონომიკური მეცნიერების დარგში ნამდვილად სისტემური კვლევა-ძიების ტრადიცია დააფუძვნა პაატა გუგუშვილმა, რომელმაც თავისი მრავალი სქელტანიანი ტომებით, დიდმნიშველოვანი საკითხების წამოყენებითა და გაშუქებით სწავლულ ეკონომისტთა ახალი კადრების აღზრდით, მეცნიერული ტერმინოლოგიის შემუშავებითა და სხვ. შექმნა ეკონომისტთა ქართული სკოლა”.
წიგნის პირველი ნაწილი ამ უდიდესი პიროვნების ცხოვრებასა და მრავალმხრივ მეცნიერულ მოღვაწეობას წარმოაჩენს, მეორე ნაწილში გამოქვეყნებულია ბატონი პაატას კოლეგების, მოწაფეების, მეგობრებისა და ახლობლების მოგონებები.
კრებული შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა ბატონი პაატას მოწაფემ, დემოგრაფმა იზოლდა აბაშიძემ.
წიგნის რედაქტორია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი, პროფესორი ლეო ჩიქავა.