კითხვები იურიდიულ ბიუროს

რედაქციისაგან
1. მაქვს შპს, გარკვეული მიზეზების გამო მინდა მისი ლიკვიდაცია, მაგრამ ამბობენ, რომ ეს შეუძლებელიაო, არცერთი საგადასახადო ორგანო არ აწერს ხელს სალიკვიდაციო ბალანსს. როგორ მოვახდინო ფირმის ლიკვიდაცია?
პასუხი: კითხვაში არ არის მითითებული, თუ რამდენი პარტნიორი ჰყავს თქვენს შპს-ს და თქვენ რამდენი წილის მფლობელი ხართ. მეწარმეთა შესახებ კანონის 14.1.2 მუხლის შესაბამისად. შპს-სა და სს-ში დაუშვებელია საზოგადოების დაშლა ერთი პარტნიორის მიერ. ლიკვიდაცია მოხდება, თუ ამას გადაწყვეტენ ორმოცდაათ პროცენტზე მეტი ხმის უფლების მქონე საწესდებო კაპიტალის მფლობელები. აქედან გამომდინარე, თუ ამ შპს-ს ორი პარტნიორი ჰყავს, საჭიროა ორივე წევრის თანხმობა. თუ პარტნიორთა რაოდენობა ორზე მეტია, უნდა არსებობდეს ორი 50%-ზე მეტი წილის მფლობელი პარტნიორის თანხმობა მაინც. სალიკვიდაციოდ უნდა მოიწვიოთ პარტნიორთა კრება, სადაც დაისმება ლიკვიდაციის საკითხი, შედგება ნოტარიულად დამოწმებული ოქმი. ამის შემდეგ ლიკვიდაცია მოხდება დირექტორთა ერთობლივი ხელმოწერით (ლიკვიდატორების დანიშვნისთანავე დგება ბალანსი, ეცნობება კრედიტორებს, უნდა დამთავრდეს მიმდინარე საქმეები და შესრულდეს ვალდებულებები, თუ დავალიანება დადგინდა, უნდა აღიძრას გაკოტრების საქმე და ამ შემთხვევაში ლიკვიდაცია წარიმართება გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ კანონით. თუ გრძელვადიანი ლიკვიდაციაა, ყოველწლიურად უნდა შედგეს შუალედური ბალანსები. ვალების დაფარვის შემდეგ დარჩენილი ქონება ნაწილდება პარტნიორებს შორის მეწარმეთა შესახებ კანონის 14.3 მუხლის მოთხოვნათა დაცვით), ამის შემდეგ საგადასახადო ორგანო ვალდებულია ამოშალოს საწარმო სამეწარმეო რეესტრიდან.
2. ფირმას – შპს-ს სხვადასხვა მიზეზების გამო დაუგროვდა დღგ-ს საბიუჯეტო დავალიანება – 2200 ლარი, ამავე დროს მოგების გადასახადი ქონდა ზედმეტად გადახდილი 3300 ლარი, საგადასახადომ არ დაადო ამ ჩემს აქტივს(ზედმეტობას) ყადაღა და არ გადაფარა დავალიანება, არამედ პირიქით 2200 ლარს დაარიცხა საურავი ჯარიმა და სანქცია, ხოლო 3300 ლარს არაფერი არ დაარიცხა, თანაც მემუქრება ფირმაზე ყადაღის დადებით. აგვიხსენით როგორ ვიმოქმედოთ ამ შემთხვევაში?
პასუხი: საგადასახადო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, თუ კონკრეტული გადასახადის ან სანქციის გადახდილი თანხა აღემატება დარიცხული გადასახადის ან სანქციის თანხას, გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის, სხვა ვალდებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში საგადასახადო ორგანო ზედმეტად გადახდილ თანხას გადაიტანს სახელმწიფო ხაზინის ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიშზე გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის, სხვა ვალდებული პირის სხვა გადასახადების გადახდის ერთიან ანგარიშებში კალენდარული წლის განმავლობაში, გადასახადის სახეებში მობილიზებული სახსრების ფარგლებში. ამგვარად, თქვენ დღგ-ს გადახდის ვადის დადგომისას შეტყობინება უნდა გაგეგზავნათ საგადასახადო ორგანოსთვის, რომ გსურდათ ზედმეტად გადახდილი მოგების გადასახადის თანხის ჩათვლა დღგ-ს ანგარიშში. ახლა კი უნდა მიმართოთ იმავე შეტყობინებით საგადასახადო ორგანოს, ოღონდ ამ შემთხვევაში ზედმეტად გადახდილი თანხით დაიფარება როგორც დღგ-ს ძირითადი თანხა, ასევე დარიცხული საურავი და ჯარიმა.

კითხვებს უპასუხა საერთაშორისო იურიდიული ბიურო
LBC-ის ადვოკატმა ფიქრია მახარაძემ