რამდენიმე წინადადება სავალდებულო სატენდერო შეთავაზების უკეთესი საკანონმდებლო რეგულირებისათვის

ლევან კოკაია – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მოწვეული ლექტორი

შესავალი
სტატია მიმოიხილავს „მეწარმეთა შესახებ“ და „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონებით რეგულირებული აქციათა სატენდერო შეთავაზების მნიშვნელობას და მისი საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ საკუთრების ძირითად უფლებასთან შეუთავსებლობის შესახებ საკითხებს. მეტწილად ყურადღება გამახვილებულია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სავალდებულო სატენდერო შეთავაზების მარეგულირებელ ნორმაზე და მის შინაარსობრივ ურთიერთწინააღმდეგობაზე როგორც ნორმის ცალკეულ ნაწილებთან, აგრეთვე „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირებული ნებაყოფლობითი სატენდერო შეთავაზების შესაბამის მუხლთან და საქართველოს კონსტიტუციასთან. დასასრულს შემოთავაზებული არის რამდენიმე რეკომენდაცია სავალდებულო სატენდერო შეთავაზების უკეთესი საკანონმდებლო რეგულირების უზრუნველსაყოფად.

1.სატენდერო შეთავაზების სავალდებულო სახის ნეგატიური ეფექტი და საქართველოს კონსტიტუციასთან მისი შეუსაბამობა.

1.1 მსხვილ და წვრილ აქციონერთათვის გაუმართლებელი ვალდებულებების დაკისრება:

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 532 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით: „თუ აქციონერი ან შეთანხმების საფუძველზე მოქმედ აქციონერთა ჯგუფი (ამ მუხლის მიზნებისთვის – „მყიდველი“) შეიძენს აქციათა პაკეტს, რის შედეგადაც აკონტროლებს სააქციო საზოგადოების ხმათა საერთო რაოდენობის 1/2-ზე მეტს, იგი ვალდებულია, ამ ფაქტის დადგომიდან არა უგვიანეს 45 დღისა განახორციელოს „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სატენდერო შეთავაზება ყველა დარჩენილი აქციის გამოსყიდვის თაობაზე, ან იმავე ვადაში ჩამოიყვანოს მისი კონტროლის ქვეშ არსებული ხმების საერთო რაოდენობის 1/2-ზე ქვევით. ეს მოთხოვნა არ მოქმედებს, თუ:

ა) სააქციო საზოგადოების ხმათა საერთო რაოდენობის 1/2-ზე მეტი მყიდველის ხელში აღმოჩნდა „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული სატენდერო შეთავაზებით, რომელშიც ის ყველა დარჩენილი აქციის გამოსყიდვას სთავაზობდა სხვა აქციონერებს;
ბ) პირი აღნიშნულ აქციებს ფლობს სხვა პირის ან პირების სასარგებლოდ, მათ შორის, საერთაშორისო დეპოზიტარული ხელწერილების გაცემის მიზნით. ასეთ შემთხვევაში სავალდებულო სატენდერო შეთავაზების ვალდებულება ეკისრება პირს ან შეთანხმების საფუძველზე მოქმედ პირთა ჯგუფს, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს სააქციო საზოგადოების ხმათა საერთო რაოდენობის 1/2-ზე მეტს“.

ციტირებული ნორმა სააქციო საზოგადოების (სს) აქციონერისგან იმპერატიულად მოითხოვს, რომ მან მისი სურვილის მიუხედავად გამოისყიდოს სს-ის სხვა დანარჩენი აქციები. იმ შემთხვევაში, თუ აქციონერის მიერ შეთავაზებული სატენდერო შეთავაზება არ შედგება, მან ასევე მისი სურვილის მიუხედავად უნდა „ჩამოიყვანოს მისი კონტროლის ქვეშ არსებული ხმების საერთო რაოდენობის 1/2-ზე ქვევით“.

აქციონერი, რომელიც აქციათა გამიზნული შესყიდვით გახდა სს-ის ხმათა საერთო რაოდენობის ½-ზე მეტის მესაკუთრე, მისი სურვილის მიუხედავად განხორციელებული სატენდერო შეთავაზების წარუმატებლად დასრულების შედეგად, ასევე მისი სურვილის საწინააღმდეგოდ კვლავ ახალი ვალდებულების წინაშე დგება – მან უნდა გაასხვისოს აქციათა ის რაოდენობა, რომელიც მას ხმების ½-ზე მეტის განკარგვის უფლებას წაართმევს.

საკითხის მსგავსი ფორმით რეგულირება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციით დაცულ საკუთრების უფლებასთან. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მიხედვით:

„1. საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

2. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი.

3. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან“.

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის განსახილველი ნორმა არც მისი შინაარსიდან და არც მისი გამოყენების პრაქტიკის შედეგებიდან გამომდინარე არ იძლევა იმის წინაპირობას, რომ აქციონერის დავალდებულება „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებით“ გამოიხატებოდეს. მით უფრო, რომ განსახილველი მუხლი არ ადგენს საზოგადოებრივი საჭიროების „აუცილებლობის“ მინიმალურ კრიტერიუმსაც კი.

ნორმის საქართველოს კონსტიტუციასთან არსებულ წინააღმდეგობასთან ერთად აღსანიშნავია, რომ სააქციო საზოგადოებათა ფუნქციონირების ჩვეულებრივ შემთხვევას წარმოადგენს პარტნიორთა სიმრავლე საზოგადოებაში. პარტნიორთა სიმრავლე, როგორც ერთ-ერთი კრიტერიუმი დიდწილად განასხვავებს სააქციო საზოგადოებას შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისაგან. განსახილველი ნორმა კი არსებული შინაარსით ერთგვარად ზღუდავს მრავალი პარტნიორისგან დაკომპლექტებული სააქციო საზოგადოების არსს.

1.2 საკუთრების უფლების შეზღუდვის არაპროპორციული ზომა:

ხაზგასასმელია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის განსახილველი მუხლის მე-3 ნაწილი: „ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატენდერო შეთავაზების დასრულებამდე მყიდველს არა აქვს მისი კონტროლის ქვეშ არსებული, 50%-ზე მეტი ხმების საერთო კრებაზე გამოყენების უფლება“.

ციტირებული ნორმა ასევე წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციით დაცულ საკუთრების უფლებასთან. კერძოდ, სს-ის აქციონერის საკუთრების უფლების აქტიური რეალიზების ერთადერთი საშუალება არის აქციონერთა საერთო კრებაზე ხმის უფლებით სარგებლობა, რაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სს-ის მართვას გულისხმობს. თუ კანონი აქციონერს არ უტოვებს არჩევანის უფლებას და ავალდებულებს აქციათა შესყიდვას სავალდებულო სატენდერო შეთავაზების გზით და ამავდროულად, თუ ამ შეთავაზების განხორციელებიდან 45 დღის ვადაში სს-ის მართვისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია აქციონერთა საერთო კრების ჩატარება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება, გამოდის, რომ სს-ის წინაშე არსებული ბიზნეს ინტერესების მნიშვნელოვანების მიუხედავად, კომპანიის მმართველი პარტნიორი მოკლებული იქნება შესაძლებლობას, რომ იძულების წესით და სს-ის ინტერესების საზიანოდ თავი შეიკავოს აღნიშნული მოქმედების შესრულებისაგან. ასეთმა იძულებითმა უმოქმედობამ ყოველ კონკრეტულ ვითარებაში შესაძლოა ძალიან დიდი ზიანი მოუტანოს ამა-თუ იმ კომპანიის ფუნქციონირებას. გარდა ამისა საყურადღებოა ისიც, რომ (როგორც ზემოთ იყო აღნიშნული) შესაძლოა სავალდებულო სატენდერო შეთავაზება წარუმატებელი აღმოჩნდეს და შესაბამისად, ამით მხოლოდ აქციონერი და სს ზარალდება. ციტირებული ნორმის საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამობაზე ისიც უსვამს ხაზს, რომ არც მოცემულ ვითარებაში არსად არ ვლინდება ის გარემოება, რომ აქციონერის მიერ სავალდებულო სატენდერო შეთავაზების პროცედურის დასრულებამდე საკუთარი ხმის უფლების განკარგვის მკაცრი შეზღუდვა საზოგადოებრივი საჭიროების აუცილებლობით იყოს განპირობებული. ასეთი ვითარებით მხოლოდ აქციონერი ზარალდება, რომელსაც მის საკუთრებაში არსებული აქციებიდან გამომდინარე არამატერიალური ქონებრივი უფლებების განკარგვის შესაძლებლობა დროის გარკვეულ მონაკვეთში შეზღუდული აქვს. აღნიშნული შეზღუდვა წვრილ აქციონერთა ინტერესების დაცვით ნაკარნახევი არ არის. იმ შემთხვევაში, თუ კანონის მსგავსი სახის აკრძალვა იმ შესაძლო რისკის საპირისპიროდ არის შემუშავებული, რომ ხმის უფლების განკარგვის დროს აქციონერმა შეთავაზებული სატენდერო შეთავაზებით არ დაწიოს აქციის ფასი, ეს რისკი თავის თავშივე უგულებელყოფილია, ვინაიდან განსახილველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით: „შეთავაზებული გამოსასყიდი ფასი უნდა დაადგინოს აუდიტორმა ან საბროკერო კომპანიამ. შეთავაზებული გამოსასყიდი ფასი თითოეული კლასის აქციისათვის არ უნდა იყოს იმ უმაღლეს ფასზე ნაკლები, რომელიც გამოსყიდვის განმახორციელებელმა აქციონერმა ბოლო 6 თვის განმავლობაში გადაიხადა საზოგადოების ამ კლასის აქციაში. აუდიტორმა ან საბროკერო კომპანიამ უნდა შეადგინოს ანგარიში, რომელშიც მითითებული იქნება დოკუმენტურად დადასტურებული გარემოებები, რომელთა საფუძველზედაც შეთავაზებული გამოსასყიდი ფასი დადგინდა. აუდიტორის ან საბროკერო კომპანიის ხარჯებს ანაზღაურებს მყიდველი. იგი ასევე ვალდებულია, თავის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია აქციების ყიდვის თაობაზე მიაწოდოს აუდიტორს ან საბროკერო კომპანიას. აუდიტორი ან საბროკერო კომპანია მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს იმ ზიანისთვის, რომელიც მან მიაყენა აქციონერს დაუდევრობით ან განზრახ არასწორი შეფასებით”. აქედან გამომდინარე, რაც არ უნდა მავნე ზრახვა შეიძლებოდა მსხვილ აქციონერს მოცემულ ვითარებაში ჰქონოდა, მას ციტირებული ნორმის დანაწესი ამის შესაძლებლობას მაინც არ აძლევს. შედეგად, ნებისმიერ შემთხვევაში, სს-ის მნიშვნელოვანი ინტერესების მიუხედავად, პასუხგაუცემელი რჩება კითხვა იმის შესახებ, თუ რატომ უნდა შეეზღუდოს აქციონერს საკუთარი ხმის განკარგვის კონსტიტუციური უფლება.

2. დაურეგულირებელი და ურთიერთწინააღმდეგობრივი დებულებები.

2.1 სატენდერო შეთავაზების განუხორციელებლობის შედეგები:

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის განსახილველი მუხლი არ განსაზღვრავს იმ შემთხვევას, თუ იურიდიული პასუხისმგებლობის რა სახე დადგებოდა ისეთ შემთხვევაში, როდესაც სს-ის ½-ზე მეტი ხმის უფლების მქონე აქციონერი არ განახორციელებს სავალდებულო სატენდერო შეთავაზებას, რაც წვრილი აქციონერის ინტერესის დაცვის საგანს წარმოადგენს. შესაძლოა, რომ ნორმის არსებული რედაქციით რეგულირება მრავალი წვრილი აქციონერისთვის მომგებიანიც კი იყოს, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, წვრილ აქციონერებს მხოლოდ ფორმალურად გააჩნიათ შესაბამისი მსხვილი აქციონერის მიმართ მოთხოვნის უფლება, მაგრამ პრაქტიკულად, აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შედეგად არ დგება არავითარი სახის იურიდიული პასუხისმგებლობა და შესაბამსიად, მოთხოვნის წაყენებაც ნაკლებად პერსპექტიულია. სატენდერო შეთავაზების განუხორციელებლობის შედეგების შესახებ საკითხი მოწესრიგებული არ არის არც „მეწარმეთა შესახებ“ და არც „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონებით.

შინაარსობრივად ურთიერთწინააღმდეგობრივია განსახილველი ნორმის პირველი ნაწილის პირველი წინადადება, ამავე ნაწილის მეორე წინადადების „ა“ ქვეპუნქტთან. „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით: „ეს მოთხოვნა არ მოქმედებს, თუ: ა) სააქციო საზოგადოების ხმათა საერთო რაოდენობის 1/2-ზე მეტი მყიდველის ხელში აღმოჩნდა „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული სატენდერო შეთავაზებით, რომელშიც ის ყველა დარჩენილი აქციის გამოსყიდვას სთავაზობდა სხვა აქციონერებს“. როგორც ნორმის საწყისშია (არასაგამონაკლისო წესით სატენდერო შეთავაზების სავალდებულოდ გამოცხადების ზოგადი წესი) მითითებული, აქციონერი ვალდებულია „განახორციელოს „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სატენდერო შეთავაზება ყველა დარჩენილი აქციის გამოსყიდვის თაობაზე”. კერძოდ, ერთის მხრივ ნებისმიერ შემთხვევაში აქციონერმა სავალდებულო სატენდერო შეთავაზება „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით უნდა განახორციელოს, მეორეს მხრივ კი აქციონერი აღარ არის ვალდებული განახორციელოს შეთავაზება, თუ მან აღნიშნული უკვე განახორციელა.“

ურთიერთწინააღმდეგობა ვლინდება იმაში, რომ თუ მუხლის არასაგამონაკლისო ზოგად წესში კანონი აქციონერს წარუმატებელი შეთავაზების შემთხვევაში ავალდებულებს, რომ მან 45 დღის ვადაში „ჩამოიყვანოს მისი კონტროლის ქვეშ არსებული ხმების საერთო რაოდენობის 1/2-ზე ქვევით“, ამავდროულად, იმავე მუხლის იმავე ნაწილით კანონი აღნიშნული ვალდებულების შესრულებისგან ათავისუფლებს აქციონერს. ურთიერთწინააღმდეგობა ქმნის გაუგებარ ვითარებას როგორც მსხვილი, ასევე წვრილი აქციონერებისათვის, ასევე მან შესაძლოა სირთულეები შეუქმნას შესაბამისი საქმის განმხილველ მოსამართლეს.

2.2 პასუხგაუცემელი კითხვა – სავალდებულო თუ ნებაყოფლობითი შეთავაზება?

სავალდებულო სატენდერო შეთავაზება ნებისმიერ შემთხვევაში „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით უნდა განხორციელდეს. აღნიშნული გამომდინარეობს კვლავ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 532 მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების შინაარისან, სადაც საუბარია იმაზე, რომ შესაბამისი აქციონერი ან შეთანხმების საფუძველზე მოქმედ აქციონერთა ჯგუფი ვალდებულია გარკვეული წინაპირობების არსებობისას განახორციელოს „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სატენდერო შეთავაზება ყველა დარჩენილი აქციის გამოსყიდვის თაობაზე.
„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ საქართველოს კანონის“ მე-15 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით: „პირს, რომელიც აპირებს შეიძინოს ანგარიშვალდებული საწარმოს ფასიანი ქაღალდები იმ რაოდენობით, რომელმაც შეიძლება საწარმოს კონტროლი გამოიწვიოს, შეუძლია ეს გააკეთოს სატენდერო შეთავაზების საშუალებით, რაც ნიშნავს საწარმოს ფასიანი ქაღალდების სწრაფი შეძენის შესახებ განცხადების გაკეთებას საწარმოზე კონტროლის მოპოვების მიზნით, თუ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით სხვა რამ არ არის განსაზღვრული“.

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირებული სატენდერო შეთავაზება სავალდებულო სახის არის, ხოლო „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სატენდერო შეთავაზება კი ნებაყოფლობითია, რადგანაც ეს უკანასკნელი კანონი უთითებს იმაზე, რომ აქციონერს „შეუძლია“ და არა „ვალდებულია“ ეს გააკეთოს სატენდერო შეთავაზების საშუალებით. განსხვავება იმაშია, რომ „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის ციტირებული ნორმის ადრესატი არა ყველა ტიპის საწარმოა, არამედ მხოლოდ ანგარიშვალდებული საწარმოა, რასაც ვერ ვიტყვით „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირებული სატენდერო შეთავაზების ადრესატთა კატეგორიაზე. აღნიშნული განსხვავება კი მხოლოდ ფორმალურ დატვირთვას ატარებს, ვინაიდან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით სავალდებულო სატენდერო შეთავაზების გაკეთება მხოლოდ „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პირობებით შეიძლება, აღნიშნული კანონი კი, თავის მხრივ სატენდერო შეთავაზებას ნებაყოფლობით ინსტიტუტად აღიარებს. აღნიშნული მსჯელობის შედეგად კი შეიძლება იმ დასკვნის გაკეთება, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სატენდერო შეთავაზება ერთდროულად სავალდებულოც არის და ნებაყოფლობითიც, რაც გაუგებარ ვითარებას ქმნის.

დასკვნა

სტატიაში წარმოდგენილი მსჯელობის შედეგად მიზანშეწონილად მივიჩნევ შემდეგს:
• „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სატენდერო შეთავაზების სავალდებულო ხასიათი შესაბამისი საკანონმდებლო ჩასწორებებით ამოღებული უნდა იყოს კანონიდან. აღნიშნული ნორმა შინაარსობრივად არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული საკუთრების ძირითად უფლებას, ამავდროულად, ის ზღუდავს როგორც მსხვილი, ასევე წვრილი აქციონერების სამართლიან ინტერესებს. ამასთან ერთად, ამავე კანონით გათვალისწინებული ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც აქციონერს სავალდებულო სატენდერო შეთავაზების დასრულებამდე უზღუდავს აქციებით თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობებს ასევე ამოღებული უნდა იყოს მისი კონსტიტუციით გათვალისწინებული საკუთრების ძირითადი უფლების შინაარსთან არსებული შეუთავსებლობის გამო.
• იმის გამო, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი სატენდერო შეთავაზების განხორციელების ერთადერთ ლეგიტიმურ საშუალებად
„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურების მეშვეობით განსაზღვრავს, იქმნება დიდი გაუგებრობა, თუ რამდენად სავალდებულო ან ნებაყოფლობით დატვირთვას ატარებს სატენდერო შეთავაზება არა ანგარიშვალდებული საწარმოს შემთხვევაში. შედეგად, მიზანშეწონილია, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონმა ან საერთოდ უარი თქვას სატენდერო შეთავაზების ინსტიტუტზე, ან არაანგარიშვალდებული საწარმოს შემთხვევაში აღარ გააკეთოს მითითება „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პროცედურებზე.