ახალქალაქის ფერმერებს მაღალხარისხიანი სათესლე კარტოფილი გადაეცათ

რედაქციისაგან

ახალქალაქი – 19 მაისს ახალქალაქში ჰოლანდიიდან იმპორტირებული 25 ტონა მაღალხარისხიანი E (ელიტა) კლასის “სანტეს” ჯიშის (Sante) სათესლე კარტოფილი გაიგზავნა. სათესლე მასალის იმპორტი USAID-ის სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტის AgVANTAGE-ის დახმარებით განხორციელდა და A კლასის სათესლე კარტოფილის წარმოების მიზნით ადგილობრივ ექვსი წევრისგან შემდგარ “სათესლე კარტოფილის მწარმოებელთა კოოპერატივს” გადაეცა.
აღნიშნული ღონისძიების მიზანია აჩვენოს, თუ რამდენად მომგებიანია ხარისხიანი A კლასის თესლის ქვეყნის შიგნით წარმოება და ხელმისაწვდომი გახადოს ადგილობრივად წარმოებული მაღალი ხარისხის სათესლე კარტოფილი. პროექტ AgVANTAGE-ის სპეციალისტებს გამოცდილებამ უჩვენა, რომ ადგილობრივად წარმოებული A კლასის სათესლე კარტოფილი ჰოლანდიიდან შემოტანილთან შედარებით ორჯერ იაფია. გარდა ამისა, A კლასის სათესლე მასალის გამოყენების შედეგად მოსავალი ორმაგდება.
სათესლე კარტოფილის კოოპერატივისთვის გადაცემით პროექტი AgVANTAGE ასევე ცდილობს ხელი შეუწყოს მსგავსი მცირე კოოპერატივების შექმნას და აჩვენოს ფერმერების ერთად მუშაობის უპირატესობა.
კარტოფილი სამცხე-ჯავახეთის რეგიონისთვის ტრადიციული კულტურაა. თუმცა, მაღალხარისხიანი სათესლე კარტოფილის ნაკლებობა და იმპორტირებულ სათესლე მასალაზე მაღალი ფასი კარტოფილის მწარმოებლებს აიძულებდათ სათესლე მასალად წინა მოსავლიდან გადარჩეული მცირე ზომის კარტოფილი გამოეყენებინათ, რაც კარტოფილის დაავადების რისკს მნიშვნელოვნად ზრდიდა და მოსავალს ერთიორად ამცირებდა. გასული წლის მწირმა მოსავალმა ფერმერების მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა.
შემოტანილი კარტოფილის თესლი კოოპერატივის წევრების მიერ რაიონში არსებულ 7 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე დაითესება. მოსავალი ოქტომბერში მოვა. სათესლე მასალიდან მიღებულ A კლასის თესლს რეგიონის კარტოფილის მწარმოებლები შეიძენენ.
AgVANTAGE-ში იმედოვნებენ, რომ ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს სათესლე მასალის წარმოების განვითარებას საქართველოში და ამავე დროს სტიმულს მისცემს ადგილობრივ ფერმერებს გამოიყენონ მაღალი ხარისხის სათესლე მასალა, რაც დიდი და ხარისხიანი კარტოფილის მოსავლის მიღების გარანტია.