უდიდესი მათემატიკოსი

რედაქციისაგან

აპრილის ბოლო კვირას თბილისში, გალსა და ნოვოსიბირსკში გამოჩენილი ქართველი მათემატიკოსის ილია ნესტორის ძე ვეკუას დაბადებიდან 100 წლისთავის იუბილეს ზეიმობენ.
ილია ვეკუა 1907 წლის 23 აპრილს ქ. გალის რაიონის პატარა სოფელ შეშელეთში დაიბადა. მისმა შესაძლებობებმა ოჯახს ერთადერთი ძროხის გაყიდვა გადააწყვეტინა, რათა ილია თბილისში უმაღლესი განათლების მისაღებად ჩამოსულიყო. მართალია, მაშინ ერთმა მეზობელმა იხუმრა კიდეც: “გააგზავნეთ, გააგზავნეთ, მაგრამ ყურადღებით იყავით უკან პროფესორად არ დაგიბრუნდეთო”. და მართლაც….
ილია ვეკუა – ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი, მრავალი ქვეყნის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი, ნოვოსიბირსკის უნივერსიტეტის დამფუძვნებელი და მისი პირველი რექტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, ლენინისა და ორი სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, სოციალისტური შრომის გმირი. იგი 70 წლის ასაკში გარდაიცვალა, დაკრძალულია მთაწმინდაზე, გამოჩენილ მწერალთა და სახელმწიფო მოღვაწეთა პანთეონში.
მიმართვა ახალგაზრდებს
ილია ვეკუამ თავისი ცხოვრების ბოლო წელს ახალგაზრდობისადმი მიმართვა დაწერა. დღეს ის ანდერძად მიიჩნევა, იგი განსაკუთრებით საჭირო, მნიშვნელოვანი, აქტუალური და ბრძნულია.
“- ადამიანის ცხოვრებაში ნებისმიერი სფერო, განსაკუთრებით მეცნიერება, თაობის ერთიანობითაა ძლიერი. მეცნიერებაში გათვითცნობიერება შეუძლებელია თუ არ გავივლით ჩვენი მასწავლებლების სკოლას, თუ არ გავითავისებთ მათ იდეებს, მუშაობის მეთოდებს, ნორმებს, მეცნიერების ფასეულობებს. შეუძლებელია ამის გარეშე ახალი თაობის მეცნიერების ისტორიულ ტრადიციებთან შერწყმა.
მეცნიერებაში ჩართულ ახალგაზრდობისადმი მიმართვაში, ვგულისხმობ ქვეყნის ყველა ახალგარზდა ქალსა და ვაჟს, საქართველოს მთელ ახალგაზრდობას, რადგან მენიერებისა და ტექნიკის სამყაროს წინსვლის პროცესში მისი შემქმნელები – მეცნიერები, ლაბორანტები, ტექნიკოსები და მუშები – ისეთ პიროვნებებად ყალიბდებიან, რომლებიც მაღალი სულიერი და ზნეობრივი საწყისებით უნდა გამოირჩეოდნენ. ჩემს მიერ განვლილი ცხოვრება უფლებას მაძლევს თანამედროვე ახალგაზრდობას გაუზიარო ჩემი აზრები და შეხედულებები, რომლებიც მდიდარი ცხოვრებისეული გამოცდილებით შევიძინე.
მეცნიერებს ხშირად ეკითხებიან, თუ რა არის მათი წარმატების საიდუმლო და რა არის საჭირო მეცნიერებაში წარმატების მისაღწევად. თავიდან შეიძლება პასუხი სრულიად ნათელი მოგვეჩვენოს – ბუნებრივი ნიჭი, მოწოდება და შრომისუნარიანობა. თუ ადამიანს ეს თვისებები გააჩნია, ის ყოველთვის მიაღწევს წარმატებას ქვეყანაში არსებობული სასურველი პირობების გამოყენებით. მაგრამ, ადამიანში არსებული ბუნებრივი ნიჭის გამოვლენა არც ისე ადვილია. ამისთვის დრო და დაკვირვებაა საჭირო. ჩვენ ხშირად ვცდებით, როცა ადამიანის შეფასებისას, პიროვნების იმ თვისებებს ვეყრდნობით, რომლებიც ბუნებრივად გვეჩვენება და ნათლად და ადვილად წარმოჩინდებიან. როცა ადამიანი წარმატებულია სწავლასა და ცხოვრებაში, ჩვენ მისი ბრწყინვალე შესაძლებლობები გვაოცებს, ასეთი ადამიანი ადვილად ლახავს სირთულეებს, რადგან მისთვის ყველა კარი, მათ შორის, მეცნიერებაშიც ღიაა. მაგრამ, რაც დრო გადის, მით უფრო ვრწმუნდებით ხალხური სიბრძნის ჭეშმარიტებაში: “რაც ბრწყინავს ყველაფერი ოქრო არ არის. აი, სწორედ ამიტომ ნიჭიერი ახალგარზდობის წინსვლის პროცესში დიდი დაკვირვება გვმართებს.
მთავარი სამი თვისების გათვალისწინებაა: ნიჭი, შრომისუნარიანობა და არჩეული პროფესიისადმი სიყვარული. ჩვენი გამოჩენილი აკადემიკოსი ნიკო მუსხელიშვილი ამ სამი თვისებიდან არჩეული პროფესიისადმი სიყვარულს გამოყოფდა და მას მეცნიერებაში წარმატების მიღწევის მთავარ გასაღებად მიიჩნევდა. რაც დრო გადის, მით უფრო ვრწმუნდები დიდი ქართველი აკადემიკოსის მოსაზრების სისწორეში.
სამწუხაროდ, მხოლოდ მეცნიერების შესწავლა ზნეობრივი თვისებების განვითარების შესაძლებლობას ვერ იძლევა. ცხოვრება ადამიანს თითქმის ყოველდღე აცდუნებს, რაც ბუნებრივიცაა, მაგრამ მეცნიერება, ისევე როგორც, ადამიანის მოღვაწეობის სხვა სფერო, ღალატს ვერ იტანს. ამიტომ, წარმატებას აღწევს ის, ვინც თავის დროს სამუშაოდ და არასამუშაოდ არ ყოფს, ვინც თავისი არსებობის აზრს იმ საქმეში ხედავს, რომელსაც ემსახურება. ყველა საქმე მიმზიდველი ხდება, თუ მასში შემოქმედებითობის ელემენტს ჩავდებთ და ყველა სხვა ინტერესზე მაღლა დავაყენებთ. მხოლოდ ის აღწევს ნამდვილ წარმატებას, ვინც შეძლებს მამაცურად შეინარჩუნოს თავისი იდეალის, ოცნებისა და არჩეული პროფესიისადმი ერთგულება და ამის შემდეგ ცხოვრების სხვა დანარჩენი მხარეები თანდათანობით ისე კარგად ეწყობა, რომ ახალგაზრდობაში ამას ვერც წარმოიდგენთ. მაგრამ, ამისთვის საჭიროა დრო და თვითდისციპლინა, ასევე იმის ცოდნა, თუ როგორ უნდა ვმართოთ ჩვენი ნება და სურვილები, ობიექტურად შევაფასოთ ჩვენი შესაძლებლობები.
მეცნიერული შემოქმედების პროცესი ყველა მეცნიერისთვის არც ისე ადვილია. ის დაძაბულობითა და დრამატული განცდებითაა აღსავსე. ზოგჯერ ხდება, რომ დამწყებ მეცნიერს თავისი შემოქმედება უშედეგოდ ეჩვენება და ეს გარემოება ადამიანისთვის რთულად გადასატანია, მაგრამ, ეს მუდმივი განცდების მიზეზი არ უნდა გახდეს. ნამდვილი შემოქმედი პრობლემის გადასაჭრელად მართებულ გზას ყოველთვის პოულობს.
ნამდვილი მეცნიერული შემოქმედებისათვის ოპტიმიზმი აუცილებელი იარაღია. ამიტომ ოპტიმისტობა მეცნიერისთვის პირდაპირი ვალდებულებაა და მან წარმატების მიღწევის რწმენა არასოდეს უნდა დაკარგოს.
მინდა ახალგაზრდა თაობას შევახსენო, რომ მეცნიერება, უპირველეს ყოვლისა, საქმისადმი უანგარო მსახურებაა და მისი ეთიკური მხარე კვლევების კონკრეტულ შედეგებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია.
თქვენი ილია ვეკუა, 1977 წლის 5 მაისი.