სწრაფი კითხვის პრობლემები
მოამზადა თ. შუდრამ
სულ ახლახან თვლიდნენ, რომ დრო ფულია. მაგრამ ყოველი პროდუქციის რეალური ფასი მისი ნაკლებობით განისაზღვრება. ჩვენ დროის დეფიციტის ეპოქაში ვცხოვრობთ. განვითარებულ ქვეყნებში (განსაკუთრებით იაპონიასა და ამერიკაში) ის იქცა ყველაზე ძვირადღირებულ საქონლად. მისი ყიდვა (დაზოგვის მიზნით) სულ უფრო ძნელი ხდება.
ვარაუდობენ, რომ თუ ასე გაგრძელდა, მალე დროს ისეთივე ფუნქცია და თვისებები ექნება, რაც ფულს, კაპიტალს ჰქონდა მსოფლიოსთვის ათიოდე წლის წინ.
დროის ეფექტური მართვის კლასიკური მეთოდებია შრომის რაციონალიზაცია, კარგი ფიზიკური ტონუსი, დოკუმენტებზე მუშაობის კულტურა, საქმეთა დელეგირება, ორგტექნიკის დანერგვა (დროის ბლოკნოტი, ორგანაიზერი, ელექტრონული დოკუმენტბრუნვა), მიზნის სწორი შერჩევა, სამუშაოთა დაგეგმვა, ძირითადი და მეორეხარისხოვანი საქმის გარჩევა, კარგად მომზადებული თათბირები და მოფიქრებული გადაწყვეტილებები, მტკიცე არა, რომელიც იცავს მენეჯერს პრობლემებისგან, რომელსაც ქმნის ნებისმიერი საზოგადოების ტიპიური ინფორმაციულ-კომუნიკაციური სისტემა.
ამ ჩამონათვალს შეიძლება მივაკუთვნოთ სწრაფი კითხვაც.
საქმიანი ადამიანის სამუშაო დროის მესამედი დოკუმენტების, წიგნების, ჟურნალების, სპეციალური ლიტერატურის წაკითხვას ეთმობა. ეს ნიშნავს, რომ ყოველ სამ წელზე ერთი წელი (სამუშაო საათებში) კითხვაზე მოდის… ინფორმაციული ბუმის პირობებში, ცხადია, ნაბეჭდი პროდუქციის დიდი ნაწილი წაუკითხავი რჩება, ამიტომ მენეჯერმა თავისკენ უნდა მიმართოს მხოლოდ აუცილებელი ინფორმაციული ნაკადი, ამას კი გარკვეული ჩვევები სჭირდება. აქედან ჩნდება სწრაფი კითხვის პრობლემის აქტუალობა.
ვიდრე სწრაფი კითხვის პრობლემებს შევეხებოდეთ, საჭიროა წიგნის, დოკუმენტის დამუშავების ელემენტარული ჩვევები გავიხსენოთ: წაკითხვამდე საჭიროა მასალის გაფილტვრა, თუ რამდენად საჭიროა იგი (სელექტური კითხვა), უნდა გავამახვილოთ ყურადღება, თუ რა ინფორმაცია გვჭირდება წიგნიდან, გადავავლოთ თვალი თავებს, სარჩევს, წინასიტყვაობას, ხოლო საინტერესო თავებში ყურადღება მივაქციოთ პირველ და ბოლო ფრაზებს, ქვესათაურებს, გამოყოფილ სიტყვებს (აზრობრივ მაჩვენებლებს). ჟურნალ-გაზეთებში კი (წიგნებისაგან განსხვავებით) ძირითადი ინფორმაცია ტექსტის დასაწყისშია. მხოლოდ ინფორმაციის გაფილტვრის ჩვევების განმტკიცების შემდეგ აქვს აზრი შემდგომ სწრაფი კითხვის ტრენინგების ეტაპს.
ადამიანი წუთში საშუალოდ 200-მდე სიტყვას კითხულობს, სტუდენტები, მენეჯერები, რომელთაც ტექსტთან ყოველდღიური შეხება აქვთ – 300 სიტყვამდე. ამ სიჩქარის ჩამოყალიბება სკოლის წლებში იწყება და შემდგომ თითქმის არ იცვლება. თუ გავითვალისწინებთ, რომ კითხვის მაქსიმალური სიჩქარეა 1200 სიტყვა წუთში (ნაპოლეონი, პრეზიდენტი კენედი), კარგად ჩანს გამოუყენებელი რეზერვები. სწრაფი კითხვის შესწავლისას ერთდროულად გამომუშავდება მნიშვნელოვან ფრაზებზე კონცენტრაციისა და აზრის სწრაფი გაგების უნარი.
შეიძლება დამოუკიდებლად, სპეციალური კურსებისა და ლიტერატურის გარეშე ავითვისოთ სწრაფი კითხვის ხელოვნება? შეიძლება, თუ 1-2 თვის განმავლობაში რეგულარულად, ყოველდღე ივარჯიშებთ.
ტრენინგების დაწყებამდე უნდა შეაფასოთ თქვენი სიჩქარე. ამისთვის საჭიროა ყურადღებით (ისე, რომ გაიგოთ შინაარსი) და ერთდროულად, მაქსიმალურ ტემპში, წაიკითხოთ საერთო ხასიათის (პოპულარული) ტექსტი. კითხვის წინ მოამზადეთ წამმზომი (საათი). თქვენი სიჩქარის შეფასება შეიძლება შემდეგი ცხრილით:
200 სიტყვამდე წუთში – ძალიან ნელი;
300 სიტყვამდე წუთში – ნელი;
400 სიტყვამდე წუთში – საშუალო;
600 სიტყვამდე წუთში – სწრაფი.
სწრაფი კითხვის ტრენინგების ნაწილი ითვალისწინებს სკოლაში ჩამოყალიბებული კითხვის მავნე ჩვევების გადალახვას, მეორე ნაწილი კი- კითხვის მეთოდიკის გაუმჯობესებას.
1. კითხვის დაბალი სიჩქარის ერთ-ერთი მიზეზია წინა სტრიქონზე (უკან) დაბრუნება (ეგრეთ წოდებული რეგრესია), თითქოსდა გაუგებარი შინაარსის გამო. ამ მავნე ჩვევის დასაძლევად ვარჯიშობენ ქაღალდის ფურცლით, რომელიც ფარავს ზედა, უკვე წაკითხულ სტრიქონს.
2. შემდეგი მავნე ჩვევაა ეგრეთ წოდებული ვოკალიზაცია – უხმოდ ტექსტის მოსმენა-გამეორება ტუჩების, ენის, ყელის იოგების უმნიშვნელო მოძრაობით. ტრენინგისთვის საჭიროა ყურადღების კონცენტრაცია ტექსტზე და არა სიტყვაზე. საჭიროა კითხვა ერთდროულად რაიმე რითმის (მაგალითად, – … ან .. – ..) ფანქრით მაგიდაზე კაკუნით. ვოკალიზაციის, ფარული არტიკულაციის შემთხვევაში ტექსტს ვერ წაიკითხავთ (ან რითმი შეგეშლებათ).
3. კითხვის ტექნიკის შესწავლას მეცნიერული საფუძველი აქვს. ეს მეთოდიკა საშუალებას გვაძლევს, შევასრულოთ მაგალითად, თვალის მოძრაობის ფოტოგრაფია, სტრიქონზე მზერის ყოველი შეჩერების (და უკან დაბრუნების) გრაფიკული ფიქსაცია, ერთდროულად დროის ჩანიშვნა და ა.შ. კვლევის პროცესში გამოირკვა, რომ ჩვეულებრივი (ვიწრო კუთხით) კითხვისას თვალის მოძრაობა საშუალოდ წამში 4-ჯერ ჩერდება. ასე რომ, ყოველ სტრიქონში რამდენიმე ნახტომი – ფიქსაცია გვაქვს. თვალის მოძრაობის გაჩერებაზე საკმაოდ დიდი დრო (95%) მოდის. ეს არ ხდება პერიფერიული ხედვისას (ფართო კუთხე), როცა ერთდროულად რამდენიმე სიტყვას აღვიქვამთ. ხედვის ფართო კუთხეზე გადასვლა შეიძლება ასეთი ვარჯიშით:
0 9 8 7 6 5 4 3 2 1 2 3 4 5 6 7 8 9 0
თუ მზერას გავამახვილებთ ცენტრში 1-ზე, შევამჩნევთ, რომ ერთდროულად (ორივე მხარეს) ვხედავთ მხოლოდ რამდენიმე ციფრს. შემდეგ ორივე მხარეს სუფთა ფურცლის დაფარებით (დაახლოებით 5-ზე) ივარჯიშეთ ხედვის კუთხის გაზრდაში, ვიდრე ფურცლის გადაადგილებით მაქსიმალურ კუთხეს (0) არ მიაღწევთ.
ფიქსაციის წინააღმდეგ საჭიროა, აგრეთვე, ყოველი სტრიქონის მეორე – მესამე (და არა პირველი სიტყვიდან) წაკითხვა.
4. საშუალო სირთულის (პოპულარული) ტექსტის წაკითხვა 10 წუთის განმავლობაში. მეორე დღეს, ამავე დროში, ეცადეთ უფრო მეტი მოცულობის ტექსტი წაიკითხოთ.
5. ჩაწერეთ მაგნიტოფონზე ტექსტი ჩვეულებრივზე 1,5-ჯერ მეტი ტემპით (სიმჭიდროვით). პრაქტიკულად ეს ნიშნავს 400-სიტყვიანი პოპულარული ხასიათის ტექსტის ისე ჩაწერას, რომ მან 1 წუთზე მეტი დრო არ დაიკავოს. ასეთი დაჩქარებული ტექსტების რეგულარული მოსმენით მსმენელი ეჩვევა სწრაფ აზროვნებას. როგორც ჩანს, ეს ტრენინგი ვრცელდება სტუდენტებზეც, რომლებიც სწრაფად მოსაუბრე ლექტორს უსმენენ.
6. ფანქრით გაავლეთ ვერტიკალური ხაზი გაზეთის, წიგნის ტექსტის შუაში და წაკითხვისას მასზე გაამახვილეთ მზერა.
7. ამ ვარჯიშების შემდეგ შეიძლება გადასვლა სლალომის მეთოდით კითხვაზე (მზერა მარცხენა ზედა კუთხიდან გადადის მომდევნო სტრიქონის მარჯვენა კუთხეში, შემდეგ ისევ მარცხნივ და ა.შ.), ხოლო ვერტიკალურად სრიალის მეთოდი (3000 სიტყვა წუთში) გამოიყენება ალფავიტური სატელეფონო ცნობარებში, ლექსიკონებში, კომპიუტერის ეკრანზე სიებში ძიებისას.
ასეთი ტრენინგებით შეიძლება კითხვის სიჩქარის 2-3-ჯერ გაზრდა (ე.ი 400-600 სიტყვამდე) 1-2 თვის განმავლობაში. საქმიანი ადამიანების 90 პროცენტისათვის ეს ტრენინგები რეალურია.
ამჟამად ცდილობენ სპეციალური პროგრამების საშუალებით ტრენინგების კომპიუტერის ეკრანზე იმიტაციას.
სწრაფი კითხვის კურსების ბუმმა უცხოეთში ისე გაიარა, რომ ჩვენთან არც კი დაწყებულა. ამჟამად უცხოელ ექსპერტთა ნაწილი სკეპტიკურადაა განწყობილი ტრენინგების ხანგრძლივი, მუდმივი ეფექტის მიმართ. ისინი თვლიან, რომ მათ მხოლოდ დროებითი ეფექტი მოაქვს (ისევე, როგორც კომპიუტერის და უცხო ენის კურსებს მუდმივი ტრენინგის გარეშე) და კითხვის სიჩქარე, როგორც წესი, ძველ, ინდივიდუალურ მონაცემებს უბრუნდება.