საერთაშორისო საბანკო ანგარიშსწორების წესი იცვლება

რედაქციისაგან
საერთაშორისო ან სავალუტო ანგარიშსწორება საერთაშორისო ვაჭრობის ხერხემალია, ხოლო ანგარიშსწორების სქემაში წამყვანი ადგილი საერთაშორისო აკრედიტივს უჭირავს. საერთაშორისო აკრედიტივი რეგულირდება საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ მიღებული და დადგენილი წესებით. ეს წესები, დღემდე მე-500 ბროშურად იწოდებოდა (ucp500) და ის მთელს მსოფლიოში აკრედიტივით ანგარიშსწორების დროს ბანკებს, იმპორტიორებს და ექსპორტიორებს შორის ურთიერთობას არეგულირებდა. ბოლო 15 წლის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა საერთაშორისო სავალუტო ურთიერთობასა და ვაჭრობაში.
ამიტომაც გასულ წელს საერთაშორისო სავაჭრო პალატამ შექნა სპეციალური ჯგუფი, რომელმაც გადაამუშავა ადრე მომქმედი წესები და მიიღეს ახალი ვარიანტი, რომელსაც ეწოდება ბროშურა 600 (ucp600), ეს წესები ძალაში შედის 2007 წლის 1 ივლისს. 39 ძირითადი მუხლის მნიშვნელოვანი ნაწილი შეიცვალა და მომავალი თვიდან საბანკო სივრცეში ახალი თამაშის წესები იწყება.
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის დახმარებით თბილისში ბანკირებისა და სპეციალისტებისათვის ამ საკითხზე სამუშაო სემინარი მოეწყო, რომელსაც უძღვებოდნენ ამ ბანკის წარმომადგენლები და ბატონი ვინსენტ ობრაიანი – ის დუბლინის საერთაშორისო ვაჭრობის დაფინანსების ინსტიტუტის დირექტორი და ამ დარგში მსოფლიოში აღიარებული სპეციალისტია.
ინტერვიუ ვინსენტ ობრაიანთან:
– პირველ რიგში, გთხოვთ გვესაუბროთ თქვენი მისიის შესახებ საქართველოში
– ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ნებით ვარ. გასული წლის გადაწყვეტილებით, 1 ივლისიდან ძალაში შევა უცპ600. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი რეგიონის საბანკო სფეროში ცოდნასა და უნარ-ჩვევებს ამაღლებს. საქართველო ბანკისთვის ნამდვილად მნნიშვნელოვანი ქვეყანაა და ის ამ მხრივ მესამე ადგილზეა რუსეთისა და ყაზახეთის შემდეგ. მე საქართველოში დაახლოებით 30 ბანკირს ჩავუტარე პრაქტიკული ტრენინგები, ვუხსნიდი მათ ახალ წესებს. აი, ჩემი აქ ყოფნის მიზანი.
– რამ გამოიწვია წესების შეცვლის აუცილებლობა?
– წესები ყოველ ათ წელიწადში ერთხელ უნდა შეიცვალოს, რადგან დროის ამ მონაკვეთში იცვლება ბიზნესი, ტრანსპორტირება, ექსპორტი, იმპორტი და საბანკო სექტორი. ბიზნესის წესები კი ყველასთვის ერთნაირი უნდა იყოს. ამიტომ გახდა აუცილებელი უცპ600-ი, რომელსაც 2007 წლის 1 ივლისიდან მთელი მსოფლიო დაემორჩილება.