რა შეცვალა ეროვნულმა ბანკმა?
რედაქციისაგან
საერთაშორისო სავალუტო ფონდი მიესალმა საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობას, საქართველოს მთავრობას კი მოუწოდა შეინარჩუნოს ინფლაცია 10 პროცენტზე დაბლა და გაატაროს მკაცრი ფისკალური პოლიტიკა.
საქართველოს ეკონომიკამ, რომელიც საბჭოთა პერიოდში დიდ წილად სუბსიდირებული და ცენტრიდან დაგეგმილი იყო, კრახი განიცადა 1991 წელს მიღებული დამოუკიდებლობის შემდგომ და მას შემდეგ სრულად აღარ აღდგენილა.
პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა 2004 წლის დასაწყისში ვარდების რევოლუციის შემდეგ, ეკონომიკური რეფორმები დაიწყო და რადიკალური შემოტრიალების პროგრამის ფარგლებში მოახდინა სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზაცია და ინვესტორები მოიზიდა.
შედეგად ქვეყნის ეკონომიკაში კაპიტალის შემოდინებათა ტალღა დაიწყო, რამაც ცენტრალური ბანკი აიძულა ლარი გაემყარებინა, რათა ინფლაცია ერთნიშნა მაჩვენებლის ფარგლებში შეენარჩუნებინა.
ეკონომიკა ძალიან კარგად მუშაობს… ვფიქრობ, ძირითადი რისკები ინფლაციური პროცესებია… ფოკუსი უნდა იყოს ინფლაციის 10 პროცენტის დაბლა შენარჩუნება,- აღნიშნა სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსმა მრჩეველმა დევიდ ოუენმა როიტერთან ინტერვიუში.
მან აღნიშნა, რომ გამკაცრებული ფისკალური პოლიტიკის, მათ შორის ფისკალური დეფიციტის შემცირების, და საქართველოს ეროვნული ვალუტის – ლარის – მეტი გამყარების კომბინაცია აუცილებელი იქნება, თუ ინფლაცია აღნიშნულ დონეს გასცდება.
უფრო მკაცრი ფისკალური პოლიტიკა და უფრო ძლიერი ლარი ინფლაციის შემცირებას შეუწყობს ხელს, აღნიშნა დევიდ ოუენმა.
ცენტრალური ბანკის მონაცემებით, აშშ დოლართან მიმართებაში ლარის კურსი 2006 წელს 5 პროცენტით გამყარდა, 2 პროცენტით კი – ჯერჯერობით 2007 წლის განმავლობაში. ოთხშაბათს იგი 1.678-დ გაიყიდა აშშ დოლართან მიმართებაში, რაც 2007 წლის ბიუჯეტისთვის საბაზისოდ აღებულ კურსზე – 1.75-ზე მყარია.
2007 წლის აპრილში წლიური ინფლაცია 8.1 პროცენტი იყო, თუმცა ეს მაჩვენებელი 2006 წელს დაფიქსირებულ 8.1 პროცენტზე ნაკლებია.
კერძო კაპიტალის შემოდინებებმა 2006 წელს დაახლოებით 1 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, წელს კი მოსალოდნელია, რომ კვლავ გაიზრდება და 2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბებს.
ეს შემოდინებები კვლავაც ძლიერია და მოსალოდნელია, რომ წელსაც მნიშნვნელოვანი ოდენობით იქნება, აღნიშნა დევიდ ოუენმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მთავრობამ უნდა განაგრძოს სტრუქტურული რეფორმების გატარება, რათა გაზარდოს ექსპორტი და საქართველოს ძლიერი ზრდა მდგრადი გახადოს.
საქართველოს მთავრობამ თვის დასაწყისში აღნიშნა, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 2007 წელს 12 პროცენტით გაიზრდებოდა.
მშპ-ის ზრდა საქართველოში წელს შეიძლებოდა 10 პროცენტი ან მეტი ყოფილიყო, აღნიშნა დევიდ ოუენმა.
დევიდ ოუენი, რომელიც საქართველოში სსფ-ის მისიის სხვა ექსპერტებთან ერთად იმყოფება, აღნიშნა, რომ იგი ოპტიმისტურად უყურებს ქვეყნისათვის შემდეგი 20-მილიონ დოლარიანი ტრანშის გამოყოფის საკითხს.
ჩვენ არ ვხედავთ რაიმე მნიშვნელოვან დაბრკოლებას, რაც ხელს შეგვიშლიდა პროგრამის მეტად პოზიტიურ ნოტაზე დასრულებაში, თქვა ოუენმა.
ფონდმა, რომელიც საქართველოს ყოფილ მთავრობასთან წინააღმდეგობაში იყო, საქართველოსთვის სესხის გამოყოფა დაასრულა და 2004 წლის ივნისში დაამტკიცა სიღარიბის დაძლევისა და ზრდის ახალი 144 მილიონ დოლარიანი სამწლიანი პროგრამა. აქედან ჯერჯერობით გაცემულია დაახლოებით 120 მილიონი დოლარი.
კომერციული ბანკების მიერ საქართველოს ეკონომიკის დაკრედიტების მოცულობა 3.2 მილიარდ ლარს აღემატება
2007 წლის პირველი ოთხი თვის ბოლოს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები 1 მლრდ 178 მლნ ლარით (57.7 პროცენტით) გაიზარდა და 3.2 მლრდ ლარი შეადგინა. მათ შორის, ეროვნული ვალუტით გაცემულმა სესხებმა 57.6 პროცენტით მოიმატა – 807 მლნ ლარამდე, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხები 69.5 პროცენტით არის გაზრდილი – 1.427 მლრდ აშშ დოლარამდე.
რაც შეეხება სესხების სტრუქტურას ეკონომიკის დარგების მიხედვით, 2007 წლის პირველი მაისისათვის კომერციულ ბანკებს უშუალოდ ეკონომიკის სექტორების დასაკრედიტებლად ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 464.4 მლნ ლარის (გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 48 პროცენტით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით – 1.729 მლრდ ლარის (გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 პროცენტით მეტი) მოცულობის სესხები.
საანალიზო პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კომერციული ბანკების მიერ სოფლის მეურნეობის, მეტყევეობისა და თევზჭერის სექტორის დაკრედიტება 96 პროცენტით გაიზარდა და 25.2 მლნ ლარს გადააჭარბა.
მრეწველობის სექტორისათვის გაცემული სესხების ოდენობა 58 პროცენტით გაიზარდა და 429.6 მლნ ლარი შეადგინა, მშენებლობის დაკრედიტება 77 პროცენტით არის გაზრდილი – 259.2 მლნ ლარამდე, ხოლო ვაჭრობის სფეროსათვის გაცემული სესხები მომატებულია 61 პროცენტით და 1 მლრდ 21 მლნ ლარს შეადგენს.
საგულისხმოა, რომ ამავე პერიოდში განათლების სექტორის დაკრედიტება გაიზარდა 63 პროცენტით – 5.7 მლნ ლარამდე, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურებისა – 198 პროცენტით, 18.7 მლნ ლარამდე.
2007 წლის პირველი მაისისათვის გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომერციული ბანკებიდან სასტუმროებისა და რესტორნების ქსელისათვის 77 პროცენტით მეტი სესხი იყო გაცემული და ამ მაჩვენებელმა 42.1 მლნ ლარი შეადგინა.
ამასთან, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორის დაკრედიტება 5 პროცენტით, 44.2 მლნ ლარამდე შემცირდა. კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობის ზრდა განპირობებულია ქვეყანაში საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებითა და ეკონომიკური აქტივობის ამაღლებით, ასევე, მათ მიერ მოზიდული ლიკვიდური სახსრების ოდენობის ზრდითა და ახალი საკრედიტო ხაზების გახსნის შედეგად მიღებული რესურსების მატებით.
2007 წლის იანვარ-აპრილში უცხოეთიდან გადმორიცხული სწრაფი ფულადი გზავნილები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 58 პროცენტით გაიზარდა
2007 წლის იანვარ-აპრილში უცხოეთიდან საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული ანგარიშსწორების სხვადასხვა სისტემების (ვესტერნ იუნიონი, მანიგრამი, ანელიკი, კავკასუს ექსპრესი და სხვ.) საშუალებით 219 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა. ეს მონაცემი 2006 წლის იანვარ-აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელს 80.7 მლნ აშშ დოლარით (58 პროცენტით) აღემატება.
2007 წლის აპრილში საბანკო არხებით უცხოეთიდან საქართველოში განხორციელებული სწრაფი ფულადი გზავნილების მოცულობამ 55.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (36.8 მლნ აშშ დოლარი) 50 პროცენტით მეტია.
ფულადი გზავნილების გეოგრაფიულ სტრუქტურას, 2007 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში უცხოური არხებით შემოსული თანხებიდან ყველაზე მეტი – 139 მლნ აშშ დოლარი (გადმორიცხული მთლიანი თანხის მოცულობის 63 პროცენტი) რუსეთის ფედერაციიდან, 24.6 მლნ აშშ დოლარი (11 პროცენტი) ამერიკის შეერთებული შტატებიდან, 10 მლნ აშშ დოლარი ავსტრიიდან (4.6 პროცენტი), 6.3 მლნ აშშ დოლარი (2.9 პროცენტი) ესპანეთიდან, 6 მლნ აშშ დოლარი (2.8 პროცენტი) საბერძნეთიდან, 6 მლნ აშშ დოლარი (2.8 პროცენტი) უკრაინიდან და 4.9 მლნ აშშ დოლარი (2.2 პროცენტი) თურქეთიდან გადმოირიცხა.
2006 წლის იანვარ-აპრილთან შედარებით, 2007 წლის ანალოგიურ პერიოდში 49.5 მლნ აშშ დოლარით (55.5 პროცენტით) გაიზარდა რუსეთიდან სწრაფი ფულადი გზავნილების ოდენობა.
2007 წლის იანვარ-აპრილში ელექტრონული ანგარიშსწორების სისტემების მეშვეობით საქართველოდან უცხოეთში გადარიცხულია 23.5 მლნ აშშ დოლარი, რაც 15.1 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია 2006 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემზე. საქართველოს მოქალაქეების მიერ გადარიცხული თანხების დიდი წილი – 10.9 მლნ აშშ დოლარი (გადარიცხული მთლიანი თანხის მოცულობის 46 პროცენტი) რუსეთზე მოდის, მეორე პოზიციაზეა უკრაინა, სადაც 2.9 მლნ აშშ დოლარი (12.4 პროცენტი) გადაიგზავნა, შემდეგ ადგილებზეა: თურქეთი – 1.2 მლნ აშშ დოლარით (5 პროცენტი), აზერბაიჯანი – 1.1 მლნ აშშ დოლარისა (4.8 პროცენტი) და გერმანია 0.7 მლნ აშშ დოლარის (3 პროცენტი) გზავნილებით.
საქართველოს საბანკო ბაზარზე უკრაინული პრივატბანკი შემოდის
სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში უკრაინული პრივატბანკის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ალექსანდრე დუბილეტმა და ქართული ტაობანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ვლადიმერ უგულავამ მოაწერეს ხელი შეთანხმებას პრივატბანკის მიერ ტაობანკის აქციების საკონტროლო პაკეტის (75 პროცენტის) ყიდვის შესახებ.
ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი გიორგი არველაძე, სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში კახა ბენდუქიძე და სოფლის მეურნეობის მინისტრი პეტრე ცისკარიშვილი. ასევე საქართველოს საქმიანი წრეების წარმომადგენლები.
შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ გაიმართა ბრიფინგი პრესისათვის.
პრივატბანკის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის ალექსანდრე დუბილეტის განცხადებით, პრივატბანკის შემოსვლა მნიშვნელოვანია არა მარტო საქართველოს საფინანსო სექტორის განვითარებისათვის, არამედ მცირე ბიზნესისათვისაც, რადგან, მისი თქმით, ეკონომიკის აღნიშნული სექტორი უკრაინული ბანკის ინტერესის არეალში შედის.
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა გიორგი არველაძემ საბანკო სექტორს საქართველოს ეკონომიკის ყველაზე სწრაფად განვითარებადი დარგი უწოდა.
საქართველოს საბანკო სისტემაში უკვე წარმოადგენილია საქართველოს ყველა უმსხვილესი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორი ქვეყანა. ორი წლის წინ კი საქართველოს საბანკო სექტორში 700 მილიონი აშშ დოლარის განთავსებას ვერავინ წარმოიდგენდა, – განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ. მისი თქმით, არა მხოლოდ საქართველოში შემოდიან უცხოური ბანკები, არამედ სახეზეა სხვა ტენდენციაც, ქართული ბანკები გადიან უცხოეთის ბაზრებზე – საქართველოს ბანკმა უკრაინაში შეიძინა ადგილობრივი ბანკი, თიბისი ბანკმა კი აზერბაიჯანული ბანკი იყიდა.
პრივატბანკი 15 წლის წინ დაარსდა. ის უკრაინის უმსხვილესი ბანკია, რომლის აქტივებიც 1 აპრილის მდგომარეობით 8 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს. პრივატბანკს ფილიალი აქვს კვიპროსზე, ასევე შვილობილი ბანკები – რუსეთსა (მოსკოვპრივატბანკი) და ლატვიაში (პარიტეტ ბანკი).
სემინარი
საქართველოს ეროვნული ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ორგანიზებით ეროვნულ ბანკში მასმედიის წარმომადგენლებისათვის გაიმართა შაბათის ტრადიციული სემინარი თემაზე – ინტეგრაცია სოსიეტე ჟენერალთან.
სემინარი ჩაატარა სააქციო საზოგადოება ბანკი რესპუბლიკას გენერალურმა დირექტორმა ჟილბერ ი-მ.
სემინარზე ჟილბერ ი-მ მიმოიხილა სს ბანკი რესპუბლიკას ამჟამინდელი საფინანსო მდგომარეობა და მომავალ სტრატეგიულ მიმართულებებზე ისაუბრა.
მსოფლიოში საქართველოს საბანკო სისტემა მაღალი რეპუტაციით სარგებლობს, რისი მაგალითიცაა სოსიეტე ჟენერალის გადაწყვეტილება ქართულ ბაზარზე შემოსვლის თაობაზე. სოსიეტე ჟენერალი ქართულ საბანკო ბიზნესში მხოლოდ ექვსი თვეა რაც შემოვიდა, მაგრამ ბანკი რესპუბლიკას მეშვეობით სერიოზულ პროექტებს ახორცილებს. ამ ეტაპზე ფრანგული ჯგუფის სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილი მზარდი ეკონომიკის მქონე განვითარებადი ქვეყნების ბაზრებზე შეღწევაში მდგომარეობს, – აღნიშნა სს ბანკი რესპუბლიკას გენერალურმა დირექტორმა.
სემინარზე ითქვა, რომ სს ბანკი რესპუბლიკა კლიენტებს უნივერსალურ საბანკო მომსახურებას სთავაზობს. ჟილბერ ი-ს განმარტებით, ქართულ საბანკო ბაზარზე სერიოზული კონკურენციაა. ამჟამად ბანკის სტრატეგია არა პირველობისკენ სწრაფვაში გამოიხატება, არამედ მაღალი ხარისხის პროდუქციისა და მომსახურების დანერგვას, ქსელის გაფართოებას და ამის შედეგად ქართულ ბაზარზე საფუძვლიანად დამკვიდრებას ითვალისწინებს, – აღნიშნა მან.
ჟილბერ ი-მ სს ბანკი რესპუბლიკას საკრედიტო პოლიტიკაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ბანკის ერთ-ერთი მთავარი ორიენტირი იმპორტიორების დაფინანსებაა. ვიმედოვნებ, იმპორტის მხარდაჭერა არა მხოლოდ კორპორაციულ კლიენტებს, არამედ ზოგადად საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს.
ბანკის საკრედიტო პორტფელის სტრუქტურაში განსაკუთრებით აღსანიშნავია ვაჭრობის სექტორისადმი მზარდი ინტერესი. ის, რომ ბანკი თანამშრომლობს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან და რეკონსტრუქციის საკრედიტო დაწესებულებასთან (გერმანია, KFW) ნიშნავს, რომ მის მიერ გაცემული საკრედიტო რესურსები კლიენტებისათვის შეღავათიანი, მიმზიდველი და ხელსაყრელია, – აღნიშნა ჟილბერ ი-მ.
2007 წლის 1 აპრილის მდგომარეობით, ბანკს საქართველოში 25 ფილიალი და სერვისცენტრი აქვს, სადაც დასაქმებულია 500-ზე მეტი თანამშრომელი. მომდევნო ოთხი-ხუთი წლის განმავლობაში დაგეგმილია მათი რაოდენობის 60-დან 80-მდე, ხოლო პერსონალისა – ათასამდე გაზრდა.
სს ბანკი რესპუბლიკა აქციების საკონტროლო პაკეტს, 60 პროცენტს ფლობს ჯგუფი სოსიეტე ჟენერალე, ხოლო 10 პროცენტს განკარგავს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი.
2007 წლის პირველი აპრილის მდგომარეობით, სს ბანკი რესპუბლიკას მთლიანი აქტივების მოცულობა 375.7 მლნ ლარს, ანუ საბანკო სისტემის მთლიანი აქტივების დაახლოებით 8 პროცენტს შეადგენს. საანალიზო პერიოდისთვის, მისი სააქციო კაპიტალის მოცულობა 63.1 მლნ ლარია.
გასული წლის ბოლოს საქართველოს ეროვნულ ბანკში საფუძველი ჩაეყარა ტრადიციას, რომლის მიზანია, საზოგადოება უფრო უკეთ გაეცნოს საქართველოს საბანკო სისტემასა და ეკონომიკის სხვა სექტორებში მიმდინარე პროცესებს. სემინარებს გაუძღვებიან როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის წამყვანი სპეციალისტები, ასევე მოწვეული ქართველი და უცხოელი ექსპერტები.
მსგავსი სემინარები საქართველოს ეროვნულ ბანკში, ტრადიციულად, ყოველ შაბათს იმართება.
საჩუქარი
თბილისის ბანკთაშორისმა სავალუტო ბირჟამ, რომლის დამფუძნებლები არიან საქართველოს ეროვნული ბანკი და საქართველოში მოქმედი 10 კომერციული ბანკი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ზემო აფხაზეთის რეგიონის საჭიროებისათვის სამი ორხიდიანი ავტომანქანა (ჯიპის მარკის) გადასცა. ცერემონია საქართველოს ეროვნული ბანკის შენობის წინ გაიმართა. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს მალხაზ აკიშბაიას ავტომანქანების გასაღებები გადასცა.
ავტომანქანების გადაცემის ცერემონიას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ზურაბ ჯგუბურია, საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია, თბილისის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თედო ჟორჟოლიანი და გენერალური დირექტორი უჩა ხუციშვილი დაესწრნენ.
საგზაო პირობებისა და რელიეფური სპეციფიკის გამო, ზემო აფხაზეთი ერთ-ერთი ყველაზე რთული ზონაა საქართველოში. კოდორის ხეობაში მრავლადაა ისეთი ადგილები, სადაც მძიმე ტექნიკის გამოყენების გარეშე გადაადგილება შეუძლებელია. ამდენად, თბილისის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟის გადაწყვეტილება რეგიონისათვის ორხიდიანი ავტომანქანების შეძენის თაობაზე ზემო აფხაზეთის მოსახლეობას აუცილებლად წაადგება, – განაცხადა ავტომანქანების გადაცემისას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ მალხაზ აკიშბაიამ საქართველოს ეროვნული ბანკისა და თბილისის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟის ხელმძღვანელობას საჩუქრისათვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან ეს პირველი ნაბიჯი არ არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდასაჭერად, მათ უკვე გადმოგვცეს კომპიუტერული ტექნიკა და მიკროავტობუსი, რომლებიც მიზანმიმართულად გამოიყენება.
კონფერენცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად
საქართველოს ეროვნული ბანკი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებენ ნაშრომების მიღებას ეკონომიკაში სტუდენტური კონფერენციის ჩასატარებლად. მისი გამართვის მიზანს ნიჭიერი ახალგაზრდა ეკონომისტების გამოვლენა წარმოადგენს. კონფერენცია ორ ეტაპად ჩატარდება. დასკვნითი ტური საქართველოს ეროვნული ბანკში გაიმართება. გამარჯვებულებს საქართველოს ეროვნული ბანკი სიგელებს, სამახსოვრო პრიზებსა და სხვა წამახალისებელ ჯილდოებს გადასცემს.
ნაშრომებში განხილული საკითხები უშუალო კავშირში უნდა იყოს საქართველოს ეკონომიკის განვითარებასთან. კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა თავიანთი ნაშრომები უნდა წარმოადგინონ შემდეგ საკითხებში:
1. ფულად-საკრედიტო პოლიტიკა
დამოუკიდებელი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა;
ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ტრანსმისიის მექანიზმები;
ინფლაცია და ინფლაციის თარგეთირება;
წონასწორული გაცვლითი კურსი.
2. მაკროეკონომიკური მოდელირება და პროგნოზირება.
3. ფინანსური სტაბილურობა
ფინანსური სექტორის სეგმენტების ანალიზი;
ფინანსური სისტემის რესკების შეფასება.
4. ფისკალური პოლიტიკა და მისი გავლენა ეკონომიკაზე.
5. საქართველოს ეკონომიკის რეალური სექტორი
ეკონომიკური ზრდის საკითხები.
6. საგარეო სექტორი.
საგადასახდელო ბალანსი;
საქართველოს საგარეო კონკურენტუნარიანობა;
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები.
7. მიკროეკონომიკა
საწარმოს ორგანიზაცია;
დარგის ორგანიზაცია.
ნაშრომების წარდგენის ბოლო ვადაა 2007 წლის 4 ივნისი. კონფერენციის ფინალური ეტაპი ჩატარდება 7 ივნისს საქართველოს ეროვნულ ბანკში.
საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი პირები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში საბანკო-საფინანსო სისტემის საქმიანობითა და მონეტარული პოლიტიკის მიმდინარეობით დაინტერესებული სტუდენტებისათვის საჯარო ლექციებს ჩაატარებენ. აღნიშნული პროექტის საფუძველზე, უკვე ჩატარდა ორი ლექცია. უნივერსიტეტის სტუდენტების წინაშე წარსდგნენ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი დავით ამაღლობელი და ბანკის მონეტარული პოლიტიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი არჩილ მესტვირიშვილი.
რეაგირება
საქართველოს საელჩო საფრანგეთში განაგრძობს მუშაობას რუსული კომერციული ბანკების აფხაზეთში უკანონო საქმიანობის საკითხი დასვას ფინანსური ქმედებების ჯგუფის (FATF)-ის წინაშე დასმის თაობაზე. საფრანგეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მამუკა კუდავას წერილში, რომელიც მან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს გაუგზავნა, ნათქვამია, რომ ფრანგული მხარე გაგებით ეკიდება საქართველოს ხელისუფლების წინაშე არსებულ პრობლემას და საჭიროების შემთხვევაში მზად არის მხარი დაგვიჭიროს.
საქართველოს საელჩომ საფრანგეთში კონსულტაცია გამართა საფრანგეთის ფინანსთა, ეკონომიკისა და მრეწველობის სამინისტროს, ხაზინისა და ეკონომიკური პოლიტიკის გენერალური დირექტორატის, საერთაშორისო ფინანსური სისტემის სამსახურის უფროსთან, ბატონ კორსო ბავანიოლისთან, რომელსაც გადაეცა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ბატონ რომან გოცირიძის FATF-ის თავმჯდომარის, ფრანკ სვედლოვისათვის მიწერილი წერილის ასლი. აღნიშნულ წერილში FATF-ის თავმჯდომარეს კიდევ ერთხელ ეცნობა რუსეთის ბანკების მიერ აფხაზეთის ე. წ. საბანკო დაწესებულებებთან უკანონო თანამშრომლობისა და FATF-ის მიერ აღნიშნული საკითხის რუსეთის საბანკო სისტემის უახლოესი შემოწმების პროგრამის დღის წესრიგში შეტანის შესახებ.
წერილის თანახმად, გამართული მსჯელობის შედეგად გამოითქვა მოსაზრება, რომ საქართველომ აღნიშნული საკითხი სტრასბურგში ევროპის საბჭოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტის (MONEYVAL) სხდომაზე უნდა დააყენოს. ქართული მხარის ძალისხმევის შედეგად, სხდომის მონაწილეებმა რუსული ბანკების აფხაზეთში უკანონო საქმიანობის საკითხის FATF-ის დონეზე განხილვის გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. რაც შეეხება FATF-ში არსებულ პროცედურას, საერთაშორისო თანამშრომლობის სამეთვალყურეო ჯგუფის (International Cooperation Review Group – ICRG) წინაშე საკითხის დასმის შემთხვევაში დაიწყება გამოძიება, რომლის ფარგლებშიც ექსპერტები ჩავლენ აფხაზეთში დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენელთა და შესაბამისი ბანკების ხელმძღვანელთა დასაკითხად. ქართული მხარის მიერ წამოყენებული ბრალდებების დადასტურების შემთხვევაში კი აფხაზეთს შეიტანენ FATF-ის შავ სიაში, რაც მის იზოლირებას გამოიწვევს. მსგავს პრეცედენტს უკვე ჰქონდა ადგილი ჩრდილოეთ კვიპროსის შემთხვევაში.
ბაზელის კომიტეტი. საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის რეგიონალურ ჯგუფს 2007-2009 წლებში რომან გოცირიძე უხელმძღვანელებს
საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის ამიერკავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებისა და რუსეთის ფედერაციის რეგიონალური ჯგუფის ხელმძღვანელობის უფლებამოსილება სომხეთის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკიდან საქართველოს ეროვნულ ბანკს როტაციის წესით გადაეცა. საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის რეგიონალურ ჯგუფს 2007-2009 წლებში თავმჯდომარეობას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე გაუწევს. შესაბამისად, საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის რეგიონალური ჯგუფის შემდგომი (მე-17) კონფერენცია საქართველოში გაიმართება.
საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის რეგიონალურ ჯგუფში შედიან ამიერკავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებისა და რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკები.
საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის რეგიონალური ჯგუფი იკრიბება ყოველწლიურ კონფერენციაზე, სადაც განიხილება საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის დოკუმენტები და რეკომენდაციები, საბანკო ზედამხედველობის ძირითადი პრინციპების გამოყენების შედეგები. საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის ეგიდით კონფერენციის გამართვა ხელს უწყობს გამოცდილების გაცვლას, სტაბილური საბანკო სისტემის ჩამოყალიბებას, გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ცენტრალური ბანკების საქმიანობის ძირითადი მიმართულებების კოორდინაციას საბანკო ზედამხედველობის სფეროში, ეფექტიანი საბანკო ზედამხედველობის ძირითადი პრინციპების დანერგვას, თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას.
საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის რეგიონალური ჯგუფის საქმიანობის მიზნებია: საბანკო ზედამხედევლობის რეგულირებისა და ზედამხედველობის სფეროში თანამშრომლობის უზრუნველყოფა; საბანკო ზედამხედველობის განმახორციელებელ სტრუქტურებს შორის ინფორმაციის გაცვლის ორგანიზება; საბანკო საქმიანობის სტანდარტების დადგენასთან დაკავშირებით კონსულტაციების გამართვა; ბაზელის კომიტეტის საბანკო ზედამხედველობის ძირითადი პრინციპების მიხედვით საბანკო ზედამხედველობის პოლიტიკის, პრაქტიკისა და პროცედურების წარმართვა.
საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის რეგიონალური ჯგუფის შექმნა განაპირობა საბანკო ზედამხედველობის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის განვითარების მზარდმა აუცილებლობამ.
ამასთან, საერთაშორისო საბანკო ოპერაციებისა და მონაწილე ქვეყნების ბანკებს შორის ურთიერთობის სფეროების გაფართოება, მათ შორის, ტრანს-სასაზღვრო საბანკო დაწესებულებების საქმიანობაზე ეფექტიანი, კონსოლიდირებული ზედამხედველობა, საბანკო ზედამხედველობის განხორციელებაზე უფლებამოსილი ორგანოების წინაშე მდგარი პრობლემური საკითხებისა და ამოცანების მსგავსება უაღრესად მნიშვნელოვანს ხდის რეგიონალური ჯგუფის ფუნქციონირებას.
რეგიონალური ჯგუფის დამფუძნებელი კონფერენცია ჩატარდა 1995 წლის 24-25 ოქტომბერს ერევანში. ექვსი ქვეყნის (სომხეთი, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და თურქმენეთი) ცენტრალური ბანკების წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის რეგიონალური ჯგუფის შექმნის თაობაზე. 1996 წელს შეთანხმებას შეუერთდა აზერბაიჯანი და უზბეკეთი, ხოლო 1997 – წელს რუსეთის ფედერაცია.
საბანკო კანონმდებლობა
2007 წლის პირველი ივნისიდან საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებისათვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ახალი წესი ამოქმედდება. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აღნიშნული ნორმატიული აქტი შეიმუშავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკურ მისიასა და ამერიკის ფედერალური სარეზერვო ფონდის ექსპერტებთან ერთობლივი კონსულტაციებით. დოკუმენტის ძირითადი პრინციპები და პირველადი ვარიანტი განხილულ იქნა კომერციული ბანკებისა და საქართველოს ბანკების ასოციაციის წარმოამადგენლებთან გამართულ შეხვედრებზე.
სარეზერვო მოთხოვნების ახალი წესი ითვალისწინებს უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრების დარეზერვებას საქართველოს ეროვნულ ბანკში აშშ დოლარით, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს საბანკო სისტემის რისკების შემცირებას. ბანკებს ასევე უფლება ეძლევათ, საშუალოდ ორკვირიანი პერიოდულობით დაიცვან ეროვნული ვალუტით მოზიდული სახსრებისათვის დაწესებული სარეზერვო მოთხოვნები საქართველოს ეროვნულ ბანკში არსებულ საკორესპონდენტო ანგარიშებზე, რაც გააუმჯობესებს ბანკების მიერ ლიკვიდობის მართვას.
სარეზერვო მოთხოვნების ახალი წესი სტრუქტურულად უფრო დახვეწილია, მასში გაერთიანებული და დახვეწილია მინიმალური სავალდებულო სარეზერვო მოთხოვნების ეკონომიკური ნორმატივის მარეგულირებელი ადრე მოქმედი რამდენიმე ნორმატიული აქტი. დეტალურად არის აღნუსხული და გაწერილი მინიმალური რეზერვების გაანგარიშების პროცედურები და მეთოდოლოგია. კომერციულ ბანკს შესაბამისი გაანგარიშებისა და საკუთარი სახსრების ეფექტურად გამოყენებისათვის მეტი დრო ეძლევა.
შეიცვალა ასევე მოზიდული სახსრების გაანგარიშების ბაზა, კერძოდ, ამ ბაზიდან ამოღებულ იქნა ბანკთაშორისი დეპოზიტების კატეგორია, რაც ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებასა და ბანკთაშორისი ბაზრის განვითარებას შეუწყობს ხელს.
მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ახალი წესის ამოქმედება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ბანკების მიერ ლიკვიდობის მართვას, გაააქტიურებს ბანკთაშორის ბაზარს, გაზრდის მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობას და შეამცირებს საბანკო სისტემის რისკებს.