MBA – ბიზნეს-განათლების თანამედროვე სტანდარტი
თემურ ხომერიკი, თსუ პროფესორი
ქართული უნივერსიტეტების უმრავლესობაში უკვე მოქმედებს ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში სამაგისტრო პროგრამები, თუმცა მაგისტრატურაში მისაღები ერთიანი გამოცდები ერთი წლით გადაიდო და უნივერსიტეტები თვით აწესებენ ამ პროგრამებზე ჩარიცხვის კრიტერიუმებს. ამასთან, საქართველოში მოქმედ პროგრამებს არ აქვთ სათანადო აკრედიტაცია, სწორედ ამიტომაც ამერიკული და ევროპული ანალოგებისაგან განსხვავებით, ამ სამაგისტრო პროგრამებზე კონკურსი საკმაოდ დაბალია.
მთელ მსოფლიოში ამერიკის უნივერსიტეტების ბიზნეს-სკოლების ასოციაციის (AACSB) მიერ აკრედიტებულია 400-მდე ბიზნეს-სკოლა; დიდი ბრიტანეთის ბიზნეს-სკოლების ასოციაციისა (ABS) და ბრიტანული პროგრამების კურსდამთავრებულთა ასოციაციის (AMBA) მიერ აკრედიტებულია 40-მდე ბრიტანული ბიზნეს-სკოლა; მენეჯმენტის განვითარების ევროპული ფონდის (efmd) მიერ აკრედიტებულია 50-მდე ბიზნეს-სკოლა; ასევე სხვადასხვა ფორმით აღნიშნულ პროგრამებზე აკრედიტაცია მიღებული აქვთ კიდევ 20-მდე ქვეყნის 100-მდე ბიზნეს-სკოლას; იტალიაში, ესპანეთსა და საფრანგეთში ანალოგიური პროგრამების აკრედიტაციას ახდენენ მენეჯმენტის სკოლების გაერთიანებები (ASFOR, AEED, CEM). ევროპაში ლონდონისა (LBS) და ბარსელონას (IESE) ბიზნეს-სკოლების პროგრამები ითვლება ყველაზე მიახლოებულად ამერიკულ MBA-თან.
საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა ბოლონიის პროცესთან მიერთების კვალობაზე სულ უფრო მეტად ინტეგრირებული ხდება ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში. თვით ევროპაში დღითიდღე მატულობს ამერიკულიMBA პროგრამის პოპულარობა. სწავლება ძირითადად მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე, თუმცა მთელ რიგ ქვეყნებში სწავლების ენას ირჩევს სტუდენტი, ამასთან, მეორე კურსიდან მას შეუძლია იგი შეცვალოს. ევროპულ MBA-ზე ჩარიცხვა შედარებით ადვილია, რადგან ყველგან არ მოეთხოვებათ GMAT-ის ჩაბარება, ხოლო ევროპის ბიზენს-სკოლების პირველ ხუთეულში მოსახვედრად საჭირო ქულების რაოდენობა შედარებით ნაკლებია, ვიდრე შესაბამის ამერიკულ პროგრამებზე. აშშ წამყვან უნივერსიტეტებში, როგორც წესი, უშუალოდ მისაღები გამოცდა არ ბარდება, თუმცა მაგისტრების შესარჩევად მიმღებ კომისიაში ანკეტასა და საუნივერსიტეტო განათლების დამადასტურებელ დიპლომთან ერთად, ითხოვენ TOEFL და GMAT ტესტების შედეგებს. ზოგან (მაგალითად, ჰარვარდის ბიზნეს-სკოლა), დამატებით მოითხოვენ ნარკვევებს და სარეკომენდაციო წერილებს. ყურადღება ექცევა კონკურსანტის დიპლომის შემდგომი პრაქტიკული საქმიანობის სფეროს და სტაჟს.
MBA პროგრამების უმეტესობა მოიცავს სამ ეტაპს: პირველ ეტაპზე წარმოებს ფუნდამენტური მომზადება ძირითად კურსებში (მენეჯმენტი, მარკეტინგი, ფინანასები და ა. შ.), ხოლო მეორე ეტაპზე აქცენტი გადატანილია სპეციალურ სასწავლო კურსებზე; მესამე ეტაპზე კი წარმოებს სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობა და დაცვა. პროგრამის ხანგრძლივობა ამერიკის ბიზნეს-სკოლებში ძირითადად შეადგენს ორ წელს, თუმცა ცალკეულ უნივერსიტეტებში მიღება წარმოებს ორ ნაკადად (შემოდგომასა და ზამთარში) და მეორე ნაკადის სწავლის ხანგრძლივობა წელიწადნახევარია. ევროპულ ბიზნეს-სკოლებში კი გვხვდება ორწლიანი, თორმეტ და თვრამეტთვიანი პროგრამები, ზოგან – უფრო მოკლევადიანი პროგრამებიც (მაგალითად, INSEAD-ის 10-თვიანი სამაგისტრო პროგრამა ზოგად მენეჯმენტში). არსებობს მეორე უკიდურესობაც, როცა ზოგიერთ გერმანულ ბიზნეს-სკოლაში მაგისტრატურაში სწავლა-სტაჟირება გრძელდება 3 – 4 წელი. სტუდენტები თვითონ ირჩევენ სწავლების ინტენსივობის დონეს და მათთვის მისაღებ სწავლების ფორმას. თუმცა მიიჩნევენ, რომ სწავლების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 წელს, რადგან ამ ვადაში მიღებული ცოდნა მოძველდება. თითოეული სამაგისტრო ჯგუფის სწავლებას ბიზნეს-სკოლებში უძღვებიან სათანადო კვალიფიკაციის პროფესორები და მათი რიცხოვნობის ოპტიმალურ თანაფარდობად სტუდენტების რაოდენობასთან 1/10 მიიჩნევა. განსხვავებულია სწავლების ფორმებიც: ზოგან (მაგალითად, ჰარვარდი, სტენფორდი, ვარტონი და სხვ.) უპირატესობა ენიჭება რეალური სიტუაციებისა და პრობლემების გარჩევას, სადაც ლექტორები მხოლოდ უძღვებიან დისკუსიებს, ხოლო მდიდარი პრაქტიკული ბიზნეს-საქმიანობის გამოცდილების გაზიარებით სტუდენტები თვით ახდენენ პრობლემათა ოპტიმალური გადაჭრის გზების ძიებას; სხვა ბიზნეს-სკოლებში (მაგალითად, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, ჩიკაგოს უნივერსიტეტი, სლოუნი, კარნეგი მელონი და სხვ.) კი განსაკუთრებულ ყურაღებას უთმობენ თეორიულ მომზადებასა და ანალიტიკური აზროვნების განვითარებას. ამასთან, დასავლურ უნივერსიტეტებში მკვეთრადაა გამიჯნული სააუდიტორიო და დამოუკიდებელი მომზადების საათები და სტუდენტები სათანადოდ აღჭურვილ ოთახებში დღის განმავლობაში ასრულებენ სხვადასხვა სახის სამუშაოებსა და კვლევებს. საკონტაქტო საათების ოპტიმალურ რაოდენობად მიიჩნევა 720-750 აკადემიური საათი. (საქართველოში 900 აკად. სთ-მდე). ყოველი დისციპლინისთვის იგი შეადგენს არაუმეტეს 3 აკად. სთ-ს კვირაში. ამდენად, თუნდაც ამ კომპონენტებით, ქართული MBA პროგრამების აკრედიტაცია ჯერჯერობით წარმოუდგენელია. აღარაფერს ვამბობთ პროგრამებში მოცემულ სასწავლო დისციპლინებსა და სწავლების მეთოდიკაზე.
XXI საუკუნეში გლობალიზაციის პროცესებმა და ინფორმაციული საზოგადოების ჩამოყალიბებამ ხელი შეუწყო კვალიფიციური მენეჯერების მომზადებისადმი ერთიანი საერთაშორისო სტანდარტების ფორმირებას. ევროპასა და ამერიკაში შეინიშნება MBA პროგრამების აკრედიტაციისადმი ინტეგრაციული მიდგომა და ბრიუსელში მდებარე მენეჯმენტის განვითარების ევროპული ფონდის შტაბ-ბინაში ბიზნეს-ადმინისტრირების პროგრამების აკრედიტაციისათვის გამოიყენება ამერიკული ასოციაციების მსგავსი კრიტერიუმები. ევროკავშირის მასშტაბით აკრედიტაციის სტანდარტებით რეგულირდება ბიზნეს-განათლების შემდეგი სფეროები: შეფასება (assesment), სწავლების მეთოდიკა (delivery), სტუდენტების შესვლა (entrance), მარკეტინგი (Marketing), პოლიტიკა (policy), რესურსები (resounces), შედეგები (results), სტატუსი (status). მიუხედავად სისტემური მიდგომისა, აკრედიტაციის ეროვნული სისტემების ფარგლებში, თვით განვითარებულ ქვეყნებშიც დღემდე ვერ იქნა მიღწეული ერთიანი სტანდარტის დამკვიდრება და აკადემიური ცოდნის მენეჯერის პრაქტიკულ უნარ-ჩვევებთან შესატყვისობა. ჯერ კიდევ 1992 წელს ამერიკის უნივერსიტეტების ბიზნეს-სკოლების ასოციაციამ (AACSB) მოახდინა აკრედიტაციის პროცედურებისა და სტანდარტების მორიგი რევიზია და დასაბამი დაუდო ბიზნეს-განათლებაში მომხმარებელთა (სტუდენტთა) ინტერესების დაკმაყოფილებისკენ საგანმანათლებლო პროგრამების ორიენტაციას (mission oriented approach). მიუხედავად სწავლების ერთიანი საბაზო პრინციპების ჩამოყალიბებისა, დილემად იქცა გლობალური, ორგანიზაციული და ეროვნული კულტურების ურთიერთმიმართება, რადგან მომავალი მენეჯერების მომზადება უნდა წარმართულიყო ერთიან საფუძველზე, ხოლო შედეგად ისინი მზად უნდა ყოფილიყვნენ თავიანთ ქვეყნებში წარმატებული მოღვაწეობისთვის. უკანასკნელ პერიოდში ამერიკელები ეწევიან ბიზნეს-განათლების საკუთარი სისტემის ექსპანსიას და თავიანთი ბიზნეს-სკოლების ასოციაციას უწოდეს საერთაშორისო (AACSB International), რითაც ხაზი გაუსვეს ამერიკული ბიზნეს-განათლების სისტემის შემდგომ გლობალიზაციას. უკვე აკრედიტაციას აწარმოებენ ამერიკისა და კანადის გარეთ მდებარე ბიზნეს-სკოლებშიც (პირველ რიგში, ევროპაში, ჩინეთსა და ლათინურ ამერიკაში).
2003 წელს ზემოაღნიშნულს შედეგად მოჰყვა ასოციაციის მიერ ბიზნეს-სკოლების აკრედიტაციის ახალი საერთაშორისო სტანდარტის შემოღება. ყურადღება გადატანილი იქნა სწავლების შედეგებზე, რომლის მისაღწევად თითოეული უმაღლესი სკოლა თავისი პროფესურისა და სტუდენტების შესაძლებლობათა გათვალისწინებით განსხვავებულად აყალიბებს სტანდარტების გამოყენების პროცედურებს და ადგენს განსხვავებულ მისიასა და მიდგომებს. ამასთან მისიის ფორმულირება აღარ უნდა ატარებდეს ტრაფარეტის სახეს – განისაზღვრა სწავლებისადმი სტრატეგიული მიდგომის კომპონენტები და პროცედურები. ზოგადი ორიენტირების საფუძველზე თითოეულ ბიზნეს-სკოლას მოეთხოვება მოქმედებათა გეგმის (action items) შედგენა და საჭიროების მიხედვით კორექტირება.
სამწუხაროდ, საქართველოში ამგვარ მიდგომას გამორიცხავს ინსტიტუციური ბერკეტები, რადგან სპეციალობათა სტანდარტები არაა დადგენილი, ხოლო როგორც პროფესორის, ასევე სტუდენტის აკადემიური თავისუფლებები ატარებს ფორმალურ ხასიათს. ეს ვლინდება როგორც უნივერსიტეტებში ჩარიცხვის, ასევე სტუდენტების მიერ სპეციალობათა არჩევის, საკუთარი (ინდივიდუალური) სასწავლო გეგმის შედგენის და აკადემიური ხარისხისა და პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭების პროცედურებში. ასევე არაა დაცული ბიზნეს-განათლების პროცესში უშუალოდ ბიზნეს-დისციპლინებსა და სხვა საუნივერსიტეტო საგნებს შორის თანაფარდობა (50%-იანი ზღვარი). მენეჯმენტს, მარკეტინგს, ოპერაციათა მართვას, სტრატეგიულ მართვას, ფინანსურ მენეჯმენტს და სხვა ბიზნეს-დისციპლინებს სემესტრულად ეთმობა იმდენივე დრო, რაც ზოგადეკონომიკურ თეორიულ საგნებს, შედეგად კურსდამთავრებულები, ხშირ შემთხვევებში, ვერ აკმაყოფილებენ მინიჭებული პროფესიული კვალიფიკაციის სტანდარტებს.
უკანასკნელ პერიოდში გამოიკვეთა MBA საგანმანათლებლო პროგრამებისთვის დამახასიათებელი შემდეგი საერთო ნიშნები: სტუდენტების სასტარტო მომზადების თანაბარი დონე (სადაც საჭიროა გამოიყენება წინასწარი მომზადება- პრერექუისიტე); სწავლების პირველი წლის სავალდებულო წესით დათმობა ზოგადმენეჯერული დისციპლინებისთვის; სასწავლო პროგრამების პრაგმატულობა – არასაჭირო საგნები პროგრამებში არ შეიტანება, ხოლო მომიჯნავე საგნებში ყურადღება გამახვილებულია სპეციალური კვალიფიკაციისთვის საჭირო ასპექტებზე; დისციპლინების ინტეგრირებულად სწავლების მაღალი სამეცნიერო-მეთოდური დონე; სპეციალიზაციის შესაძლებლობა არჩევითი კურსებით სტუდენტების ინდივიდუალური სასწავლო გეგმების დაკომპლექტებით; წმინდა თეორიულ სწავლებაზე უარის თქმა და აქტიური მეთოდების გამოყენება მენეჯერული უნარების განვითარებისათვის; ერთობლივი პროგრამებით მრავალპროფილური (ორი და მეტი სპეციალობის მიჯნაზე) მომზადების შესაძლებლობა და ა.შ. ამის საფუძველზე MBA პროგრამების კურსდამთავრებულებს უყალიბდებათ: ლიდერობის უნარ-ჩვევები; ფუნდამენტური ცოდნის ინტეგრაციით მულტიდისციპლინური მიდგომა კონკრეტული სიტუაციების ანალიზისას; ცვალებად გარემოში ადაპტაციის უნარი; ინოვაციური აზროვნება და სხვა მეწარმული უნარები. ისინი, როგორც წესი, კარგად უნდა იყენებდნენ მენეჯმენტის ინფორმაციულ ტექნოლოგიებს და მოდელირების თანამედროვე აპარატს.
სამაგისტრო პროგრამების აკრედიტაციისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პროფესორ-მასწავლებლებით სასწავლო პროცესის უზრუნველყოფის საკითხს. შეიცვალა ტრადიციული მიდგომა, როცა ყურადღება გადატანილი იყო მაღალი სამეცნიერო კვალიფიკაციის მქონე საშტატო პერსონალის არსებობაზე და ამჟამად უმთავრესია სწავლების პროცესის უშუალო მონაწილეები, მიხედავად იმისა, რა სახის კონტრაქტითაა იგი დაკავშირებული მოცემულ უმაღლეს სკოლასთან. ამ მხრივ საკმაოდ მოქნილია საქართველოს კანონით უმაღლესი განათლების შესახებ დადგენილი ნორმა, რომლის მიხედვით უმაღლეს სასწავლებელს შეუძლია არა მხოლოდ გარედან კონტრაქტის წესით საჭირო ლექტორთა, არამედ მთელი პროგრამის განმახორციელებელი გუნდისა და პროგრამის ხელმძღვანელის მოწვევა. ერთადერთი შეზღუდვაა ის, რომ კანონით პროგრამის ხელმძღვანელობა მხოლოდ სრული პროფესორის პრეროგატივაა და მოცემული მიმართულებით მისი არარსებობისას დაიშვება ამ მიმართულების ასოცირებული პროფესორის მიერ მისი შესრულება.
ამდენად, ლექტორთა შემადგენლობა ახალი კლასიფიკაციით იყოფა მონაწილეებად (პარტიციპატივე) და ხელისშემწყობებად (supportive). აქ არაარსებითია ძირითადი აკადემიური შტატისაა (full-time faculty member) თუ შემთავსებელი (part-time faculty member) ესა თუ ის პროფესორი, არამედ მთავარია რა დატვირთვით მონაწილეობს სასწავლო პროცესის ორგანიზაციისა და წარმართვის საქმეში. ყურადღება ექცევა პროგრამაში მონაწილე ლექტორთა სტატუსს: აკადემიური კვალიფიკაციის მქონეა (აკადემიური დოქტორი), თუ პროფესიული კვალიფიკაციის მატარებელი. აუცილებელი მოთხოვნაა სამაგისტრო პროგრამაში მონაწილე პროფესორ-მასწავლებელთა არანაკლებ 50%-ს ქონდეს შესაბამისი სფეროს აკადემიური დოქტორის ხარისხი, ხოლო პროფესიული კვალიფიკაციის მქონეებს – მინიმუმ მაგისტრის აკადემიური ხარისხი. მიღებულია წარმატებულ პრაქტიკოს მენეჯერთა ერთჯერადი მიწვევებიც საჯარო ლექციების წასაკითხად. ყველა პროფესორ-მასწავლებლის კვალიფიკაცია ფასდება მათი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის გამოცდილებით და აღიარებული გამოკვლევებით (სამეცნიერო ანგარიშები და მონოგრაფიები, სახელმძღვანელოები და სტატიები, პრაქტიკული კვლევები და სასწავლო-მეთოდური მასალები, სიმპოზიუმებზე გამოსვლები და ა.შ.).
ბიზნეს-განათლების ევროპულ სივრცეში საგანმანათლებლო სტანდარტები კიდევ უფრო მკაცრია და ზემოაღნიშნულთან ერთად EQUIS აკრედიტაციის სისტემის შეფასებები ეხება სწავლების ინტერნაციონალიზაციის დონეს, ბიზნესთან პრაქტიკულ კავშირს, პროფესორთა და ადმინისტრაციული კადრების აკადემიურ დონეს, განვითარების შესაძლებლობებს და სხვ. აკრედიტაციის პროცესს ართულებს ის ბიუროკრატული ბარიერები, რაც ახლავს ბიზნეს სკოლების სამაგისტრო პროგრამების შეფასებაც. იგი მოითხოვს სკურპულოზურ მუშაობას და საკმაო რესურსებს. თუმცა საერთაშორისო აღიარების გარეშე შეუძლებელია საქართველოში ბიზნეს-განათლების სისტემის შემდგომი სრულყოფა. ბიზნეს-სკოლების აკრედიტაციის პროცესში განსაკუთრებული როლი ენიჭება ხარისხის უზრუნველყოფის სისტემას, რადგან ხარისხის ტოტალური მართვა-კონტროლი და თვითშეფასების მოქმედი წესი უზრუნველყოფს MBA სტანდარტების შენარჩუნებას. ამ შემთხვევაში აქცენტი კეთდება როგორც პროგრამის მიზადასახულობაზე, ასევე მისი რეალიზაციის პროცესზე. აღნიშნულისთვის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურები ახდენენ პროგრამების პრეზერნტაცია-შეფასებას, აწყობენ სტუდენტთა და პროფესორთა გამოკითხვებს, ეწვიან შუალედური შეფასებების მონიტორინგს, წარმართავენ სწავლების ახალი სტანდარტების იმპლემენტაცია-შენარჩუნების პროცესს და სხვ.