უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა კატასტროფულად ძვირდება
ნინო არველაძე
საქართველოში უმაღლესი განათლების რეფორმირების ურთულესი სტადია იწყება, იქმნება ახალი კურიკულუმები, მოდულები, პროგრამები და სილაბუსები, იხვეწება ფორმა და შინაარსი ევროპულ სისტემას უახლოვდება, მაგრამ პარალელურად ძვირდება სწავლის საფასური. ESM-ში მაგისტრატურა წლიურად 5000 ევრო ჯდება, კავკასიის უნივერსიტეტში – 12000 აშშ დოლარი, უნივერსიტეტთან არსებულ კავკასიის ბისზნეს სკოლაში – ასევე 12000 აშშ დოლარი, ევროპაში კი – კიდევ უფრო ძვირი. სად არის გამოსავალი იმ ადამიანთათვის, რომლებსაც ამდენის გადახდის საშუალება არა აქვთ? და კიდევ – დაინერგება თუ არა საქართველოში დისტანციური სწავლის მეთოდები, რაც ამ პრობლემის გადაწყვეტისათვის ერთ-ერთი სერიოზული გამოსავალია.
საქართველოში სტუდენტთა უმეტესობა ეკონომისტისა და იურისტის დიპლომისთვის იბრძვის, მაგრამ სამწუხაროდ, კომპანიები და მრეწველები აცხადებენ, რომ ქვეყანაში ამ პროფესიის პროფესიონალი კადრების მოძიება მეტად ძნელია. რა სიახლეებს გვთავაზობს ირლანდიის უმაღლესი საბანკო სკოლა და დაინერგება თუ არა მათ მიერ შემოთავაზებული პროგრამა საქართველოში, მაშინ, როდესაც ვაცხადებთ, რომ პრაქტიკული ბიზნეს-ჩვევებისა და სწორი მენეჯმენტის კულტურის განვითარება ქვეყნის ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი საკითხია. უნივერსიტეტი, სადაც ეკონომიკის ფაკულტეტზე 5500 სტუდენტი სწავლობს, ამ კუთხით სერიოზული ძიების პროცესშია. მრავალი ვარიანტი მუშავდება და მაისში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთ-ერთ საინტერესო ასპექტზე უცხოელ სპეციალისტებთან მსჯელობდნენ.
9 მაისს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში საერთაშორისო საბანკო საბჭოს წარმომადგენელი ვინსენტ ობრაიანი პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი და საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ჯემალ ინაიშვილი და თსუ-ის ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანი ჯამლეტ ჯანჯღავა, ეკონომიკის ფაკულტეტის ხარისხის მართვის უფროსი ემზარ ჯგერენაია და გიორგი რუსიაშვილი.
ჯემალ ინაიშვილმა განაცხადა, რომ დისტანციური სწავლების დანერგვა საქართველოში სპეციალისტების აღზრდის საქმეში დიდი და სასარგებლო სიახლე იქნება, კვალიფიციური კადრების აღზრდას და ეკონომიკის განვითარებას მნიშვნელოვნად დაეხმარება.
ვინსენტ ობრაიანმა განსაკუთრებით დეტალურად ირლანდიურ გამოცდილებაზე ისაუბრა. ეს ქვეყანა სულ რამდენიმე წელიწადში მსოფლიოში წამყვანი განთლების კერა გახდა. ამასთან, ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ირლანდიაში სტუდენტს ცხოვრება, ევროპის ბევრ ქვეყანასთან შედარებით, უფრო იაფი უჯდება, მაგრამ დასწრებული სასწავლებლის დამთავრება მაინც საკმაოდ ძვირია. ამიტომ გახდა დისტანციური სწავლების ფორმა მეტად პოპულარული. ელექტრონულ სკოლაზე საუბრისას ვინსენტ ობრაიანმა მაგალითისათვის მშობლიური ირლანდია მოიყვანა და განაცხადა, რომ 20 წლის წინ ირლანდია ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანა იყო, ახლა კი მნიშვნელოვანი გარდაქმნების წყალობით, ის დასავლეთ ევროპის ერთ-ერთი მდიდარი და წარმატებული ქვეყანაა. გარდაქმნისას ირლანდიამ ორიენტირად ადამიანური კაპიტალი – ახალგაზრდა თაობის აღზრდა და საერთაშორისო ბიზნესის ვაჭრობა აირჩია, რომლის შედეგადაც 4 მლნ მოსახლეობიანმა ირლანდიამ შეძლო 145 მლრდ დოლარიანი ექსპორტის წარმოება. ქვეყნის ეკონომიკური წარმატების ძირითადი კვანძი ადამიანური კაპიტალია, ირლანდიას სერიოზული პრობლემები ჰქონდა მეზობელ გაერთიანებულ სამეფოსთან. ამიტომ რთული იყო დივერსიფიკაციის მოხდენა, რათა ირლანდია დამოკიდებული არ ყოფილიყო მხოლოდ დიდი ბრიტანეთის ბაზარზე. ამისთვის გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდა მომზადებული და უნარ-ჩვევებით გამყარებული მენეჯმენტი და სწავლება. კრიზისს კი მხოლოდ უარყოფითი მხარე არ აქვს.
ქვეყნის ვაჭრობაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ირლანდიის სავაჭრო-სამრეწველო პალატა, რომელიც მრავალ ახალგაზრდას საერთაშორისო ბიზნესსა და ვაჭრობაში საკუთარი ადგილის დამკვიდრებაში ეხმარება. 1995 წელს ირლანდიის მთავრობამ საერთაშორისო ვაჭრობის სკოლა ჩამოაყალიბა, ხოლო 2002 წელს საფუძველი ჩაეყარა ბიზნესის ელექტრონული მეთოდით სწავლების სკოლას, რომელიც წარმატებით სარგებლობს და მსოფლიოს მრავალ ქვეყანასთან თანამშრომლობს. მისი დაფუძვნებისთვის თანხები მოზიდული იყო ირლანდიის მთავრობისგან, მაგრამ ის ძირითადად ევროკავშირის დახმარებით შეიქმნა. ქვეყნის ექსპორტის შემოსავლის 80% იმ უცხოურ პირდაპირ ინვესტიციებზე მოდის, რომლებიც ირლანდიაში კვალიფიციური ადამიანების წყალობით განხორციელდა, მათ ბიზნესის წარმატებულად მართვა შეეძლოთ. ირლანდიის უმაღლეს ბიზნეს-სკოლაში მხოლოდ ერთი სპეციალობა ისწავლება – საერთაშორისო ვაჭრობისა და ექსპორტის მენეჯმენტი. სკოლის პროგრამა დისტანციურ სწავლებას ითვალისწინებს, იგი ოთხ საფეხურს მოიცავს. სტუდენტები CD-ების, აუდიო და ვიდეო საშუალებებით კითხულობენ წიგნებს, ეცნობიან გრაფიკებს, ანუ დისტანციური მეთოდით სწავლობენ საერთაშორისო ვაჭრობას. საერთაშორისო ბიზნესთან დაკავშირებული მთავარი პრაქტიკული საგნების საშუალებით სტუდენტები შეისწავლიან საექსპორტო მარკეტინგს – ბაზრის მოძიებას, ბაზარზე შესვლასა და დამკვიდრებას. ერთ-ერთი პრაქტიკული საგანი საბაჟო პროცედურებს ეხება. ესენია: საექსპორტო პროცედურები, დოკუმენტები, გადაზიდვების ორგანიზება, შეფუთვა, მიღება, შემდეგია მოძიებულ ბაზარზე საექსპორტო ბიზნესის დაფინანსების საკითხი, ხოლო საბოლოოა ელექტრონული ბიზნესი – როგორ უნდა მოხდეს ინტერნეტის საშუალებით საჭირო ინფორმაციის მოპოვება და ბიზნესის წარმოება. დინტანციური კურსის მთავარი მიზანი ქვეყნის ეკონომიკის განვითარება და ექსპორტის საშუალებით ქვეყანაში მყარი ვალუტის შემოდინებაა. სწავლება განსაზღვრული მოდულების მიხედვით მიმდინარეობს. პროგრამის უპირატესობას წარმოადგენს საერთაშორისო ვაჭრობაში პრაქტიკული ცოდნის მიღება, რომელიც აუდიო და ვიდეო საშუალებებით ხორცილედება. სტანდარტის მიღწევის მიზნით, კურსის განმავლობაში განუწყვეტლივ ხდება შეფასება, თუ სტანდარტი მიღწეული არ არის, ხდება საგნის გამეორება. სწავლების ახალი მეთოდის ეფექტურობას სტუდენტთა ის 80% ამტკიცებს, რომლებიც საგნის გამეორებას არ საჭიროებენ და სწავლას აგრძელებენ. პროგრამის შექმნის დროს იქმნება საერთაშორისო ქსელიც, რადგან სკოლას ურთიერთობა აქვს ყველა სტუდენტთან და არა მხოლოდ მათთან, რომლებიც ირლანდიაში სწავლობენ. ვინსენტ ობრაიანმა აღნიშნა, რომ მათი კურსდამთავრებულთა დიდი ნაწილი მსოფლიოს ცნობილ და მსხვილ ბანკებში მუშაობენ. სკოლის მმართველები მიიჩნევენ, რომ ერთ-ერთი ეფექტური გზა პროგრამისათვის ადგილობრივ ბაზრებში ინტეგრაციაა, ამიტომ მისი განხორციელება თბილისის სამაგისტრო პროგრამებში სურთ.
უნივერსიტეტმა სურვილი გამოთქვა უცხოელებთან, საქართველოს საბანკო ასოციაციასთან, ეროვნულ ბანკთან, სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტთან ერთად შექმნას საბანკო აკადემია, სადაც კომბინირებულად იქნება გამოყენებული სწავლების ყველა მეთოდი და მათ შორის, ელექტრონულიც.
როგორ მუშაობს პროგრამა?
ნებისმიერ ადგილობრივ ბაზარზე სტუდენტებს ელექტრონული მხარდაჭერა ირლანდიის სწავლების ხელმძღვანელებისგან აქვთ, მაგრამ მათ ადგილობრივი ხელმძღვანელიც ჰყავთ. ეს არ არის აკადემიური პროგრამა, ეს არის ბიზნესის სფეროში უნარ-ჩვევბის გამოსამუშავებელი პრაქტიკული პროგრამა. მასში სტუდენტები მსოფლიოს 40 ქვეყნიდან არიან ჩართულნი და ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი მსურველი ჰყავს.
უპირატესობები და დაფინანსება
აშშ-ში ერთი წლის სწავლის ღირებულება ბიზნესის სფეროში დაახლოებით 12 000 დოლარი ღირს, ხოლო ვინსენტ ობრაიანის მიერ წარმოდგენილი პროგრამით სწავლების მაქსიმალური ღირებულება 2000 ევროა წელიწადში. თუ კონკურენციის პირობებში სტუდენტი გრანტს მოიპოვებს, მან შეიძლება პროგრამა 50%-იანი შეღავათით გაიაროს. გრანტის ძირითადი დამფინანსებელია ირლანდიული ორგანიზაცია, თუმცა ცალკეულ ქვეყნებში, სადაც პროგრამა წარმატებულად ფუნქციონირებს, დამფინანსებლად ძირითადად თვით უმაღლესი სასწავლებლები არიან. ამ მხრივ აღსანიშნავია ვიეტნამი, სადაც არსებობს დამფინანსებლის ფონდი, ის სწავლის საფასურის 80%-ს აფინანსებს და სტუდენტს მხოლოდ 200 დოლარის გადახდა უწევს. პროგრამის ძირითადი შინაარსის თანახმად, ადგილობრივი მხარე, ამ შემთხვევაში კი უნივერსიტეტი, მზად უნდა იყოს, რათა შესაძლებელი და რეალური გახდეს ადგილობრივი დაფინანსება. ამ საკითხზე საუბრისას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თუ სტუდენტები 50%-იან დაფინანსებას მიიღებენ, შესაძლებელია დანარჩენი 50% ბანკებმა დააფინანსონ, რადგან საქართველოში მრავალი უმაღლესდამთავრებული ადამიანის მიუხედავად, კარგი სპეციალისტის პოვნა მაინც ძნელია, ამიტომ ხშირად მეწარმეები ხელს უწყობენ პროფესიონალთა აღზრდას და აფინანსებენ მათ სწავლებას.
გრანტი ძირითადად გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვისაა გათვალისწინებული, ხოლო პროგრამა კი მაგისტრანტებზე გათვლილი და ბიზნეს-ჩვევებზე ორიენტირებულია.
ვინსენტ ობრაიანმა აღნიშნა, რომ პროგრამას ქართველი სტუდენტები საქართველოშიც ეუფლებიან. აღსანიშნავია ისიც, რომ კურსდამთავრებულთა 75% ბანკებსა და გადამზიდველ კომპანიებში არიან დასაქმებულნი. საქართველოს გამორჩეულად წარმატებული კურსდამთავრებული კი “საქართველოს ბანკში” საერთაშორისო განყოფილებას ხელძღვანელობს.
პროგრამის ერთ-ერთ უპირატესობად სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ სტუდენტთა საზოგადოების ერთობლიობა სახელდება, ანუ მათ შორის მყარდება კავშირები, რაც მათ მომავალ განვითარებას უწყობს ხელს.
ვინსენტ ობრაიანმა განაცხადა, რომ მან კარგად იცის თსუ-ის ეკონომიკის ფაკულტეტზე მიმდინარე ცვლილებების შესახებ, რომელიც განსაკუთრებით ხარისხის მართვის სფეროში მიმდინარეობს, ამ შემთხვევაში პრაქტიკული ბიზნეს-ჩვევების განვითარება ქვეყნის ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი საკითხია.
ამ იდეას მხარი დაუჭირა თსუ-ს რექტორმა პროფესორმა გია ხუბუამ, რომელიც შეხვდა საინიციატივო ჯგუფს და ჩამოაყალიბა ძირითადი სტრატეგიული მიდგომები – უცხოელ სპეციალისტთა მოწვევა, დაფინანსების კომბინირებული ვარიანტი და ლიტერატურით სტუდენტების უზრუნველყოფის პრობლემის გადაჭრა და ხარისხი,რომელიც აღიარებული იქნება ევროპის შესაბამისი სტრუქტურებისგან. გია ხუბუამ თავის მხრივ, ყოვლგვარი მხარდაჭერა აღუთქვა კონფერენციის მონაწილეებს, რათა ეკონომიკის ფაკულტეტზე მოხდეს სასწავლო პროცესის ძირეული გარდაქმნა, მიუახლოვდეს ევროპულ დონეს და ორიენტირებული იყოს სტუდენტსა და დამსაქმებელზე.
ჯემალ ინაიშვილის განცხადებით, სავაჭრო-სამრეწველო პალატა აპირებს ფაკულტეტს ამ გარდაქმნების პერიოდში სერიოზული მხარდაჭერა აღუთქვას. მათ უკვე დაიწყეს უნივერსიტეტის სტუდენტებზე სტიპენდიების დაწესება, ამუშავებენ გეგმას მათი საწარმოო პრაქტიკის და უცხოური ლიტერატურით მომარაგებაში დახმარების გასაწევად. ამასთან, აპირებენ გახდნენ ამ საბანკო მენეჯმენტის აკადემიის დამფუძნებლები და აქტიური როლი ითამაშონ საერთაშორისო დონის ეკონომიკური განათლების დანერგვაში, რა თქმა უნდა, კვლევით კომპონენტთან ერთად.
“სასწავლო პროცესი პროფესიონალზე და, რა თქმა უნდა, დამსაქმებელზე უნდა იყოს ორიენტირებული – განაცხადა ბატონმა ჯემალმა თსუ-ს პროფესურასთან შეხვედრისას – და ამ საქმეში ჩვენ მზად ვართ გვეერდში დავუდგეთ უნივერსიტეტს”.